ბექა ბროლაძე: ამერიკაში, რაზეც ბავშვობიდან ვოცნებობდი, თბილისი მენატრებოდა
ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 14.04

მოგზაურობა, მთელი თავისი ახალი ემოციებით, თავგადასავლებით, სიახლეების გაცნობითა და საოცარი შთაბეჭდილებებით, ყველას ძალიან უყვარს და მათ შორის მომღერალ ბექა ბროლაძესაც, რომელიც, ფაქტობრივად, თვითმფრინავში ცხოვრობს.
ბექა ბროლაძე: მოგზაურობა ჩემთვის ყველაზე დიდი რელაქსია. ამ დროს აბსოლუტურად ვეთიშები რეალობას, ვივიწყებ ყველანაირ პრობლემას და მაქსიმალურ სიამოვნებას ვიღებ. სამსახურიც ისეთი მაქვს, რომ ძალიან ხშირად მიწევს გასვლა სხვადასხვა ქვეყანაში. საქმეებს რომ დავასრულებ, დასვენებასაც არაჩვეულებრივად ვასწრებ. ამ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოგონებებია, სხვა ყველაფერი წარმავალია და ამიტომ უნდა შეეცადო, მეტი დასამახსოვრებელი წუთები დაგრჩეს.
– რა სიხშირით მოგზაურობ?
– სამსახურიდან გამომდინარე, თვეში, მინიმუმ, ერთხელ მაინც მიწევს რომელიღაც ევროპულ ქალაქში გაფრენა. თუმცა, არა მხოლოდ ევროპაში. შემოდგომაზე ამერიკაში ვიყავი, თვე-ნახევრის განმავლობაში. ვეგასში გვქონდა სამსახურებრივი საქმე. ნიუ-იორკი იყო ჩემი ბავშვობისდროინდელი ოცნება, რომელიც როგორც იქნა, ამიხდა და სამი კვირა იქ გავატარე. ეს ფანტასტიკური მოგზაურობა იყო. აპრილის ბოლოს კიდევ მიწევს ერთი თვით ამერიკაში წასვლა და ჩემს ტკბილ მოგონებებს კიდევ ბევრს დავამატებ (იცინის).
– ამაზე მეტი მოვყვეთ, თუმცა, მანამდე, ალბათ, ყველას დააინტერესებს, რა სფეროში მუშაობ?
– ორი წელია, დავასრულე საბანკო სისტემაში მუშაობა, ამოვწურე ჩემი თავი და გადავწყვიტე, წინ წავსულიყავი. ახლა ერთ-ერთ ძალიან საინტერესო კომპანიაში ვმუშაობ მარკეტინგის კუთხით, ბევრი პასუხისმგებლობა მაკისრია და საქმეებიდან გამომდინარე, ხშირად მიწევს სხვადასხვა ქვეყანაში წასვლა. თუ, მაგალითად, საქმისთვის ერთი კვირა მჭირდება, იქვე ვამატებ გარკვეულ დროს დასვენებისთვისაც.
– დავუბრუნდეთ ამერიკულ და ვეგასურ თავგადასავლებს...
– რადგან ამერიკა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, ძალიან გამიხარდა, რომ ამ ქვეყანაში მომიწია წასვლა. 2 ოქტომბერს მაქვს დაბადების დღე, პირველში გავფრინდი და 2 ოქტომბრის საღამოს, უკვე ჩემს დაბადების დღეზე, ლოს-ანჯელესში, ბევერლი ჰილზზე ერთ-ერთ სასტუმროს (სადაც დავბინავდი) ბარში ვიჯექი. საკმაოდ უჩვეულო იყო ეს ყველაფერი. როგორც წესი, ჩემს დაბადების დღეზე სულ რაღაც ხდება – სიმღერის პრემიერა, კლიპის პრემიერა და ასე შემდეგ, აქედან გამომდინარე, ყოველთვის ქაოსი და ბევრი ხალხია. ბოლო დაბადების დღეზე კი ვისკით ხელში ვიჯექი ბარში. ერთ-ერთმა თანამშრომელმა გაიგო, რომ დაბადების დღე მქონდა და მაფინზე ანთებული სანთლით მომილოცეს (იცინის). თან ვმუშაობდი, თან საოცრად ვგრძნობდი თავს. არაჩვეულებრივი საღამო იყო ბევერლი ჰილზის ხედებით. ლოს-ანჯელესი საოცარი ქალაქია.
ძალიან საინტერესო გამოცდილება მივიღე – „უნივერსალ ფიქჩერსის“ სტუდიაში ვიყავი, სადაც შეგიძლია, ნახო, როგორ იღებენ „ჰოლივუდურ“ ფილმებს. ვარსკვლავების ავენიუზე გავიარე და მართლა საოცარი მოგონებები დამრჩა. შემდეგ იყო ვეგასი. ყველა ადამიანს ვუსურვებ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოსცადოს იმ საოცრების ხილვა, რაც იქ ხდება და ბოლოს – ნიუ-იორკი, სადაც ცათამბჯენების სიგიჟე და თვითმფრინავის ტური, რომელიც მთელ ქალაქს გათვალიერებინებს, საოცრება იყო, ნამდვილი ფოიერვერკი. ევროპა ხომ გამორჩეულია თავისი ისტორიით, კულტურით, რესტორნით, კლუბით, გართობით, შოპინგით, მაგრამ ამერიკა მართლა აღმოჩენა იყო ჩემთვის. ადრე იყო საუბარი, რომ ცოტა დიდი ხნით წავსულიყავი იქ, სხვა კუთხით, მაგრამ იმდენად მიყვარს ჩემი ქვეყანა და თბილისი, რომ ამერიკაში, რომელზეც ბავშვობიდანვე ვოცნებობდი, თბილისზე ვფიქრობდი, მალე დაბრუნება მინდოდა, მაგრამ თვე-ნახევარი უცებ გავიდა და ძალიან დიდი ნოსტალგია დამიტოვა. ამიტომ ძალიან მიხარია, რომ მალე ისევ ვესტუმრები.
– კიდევ რომელმა ქვეყანამ დაგიტოვა განსაკუთრებული შთაბეჭდილება?
– ბოლოს მონაკოში, საფრანგეთში ვიყავი. ევროპის მასშტაბით სად არ ვყოფილვარ, მაგრამ მონაკოდან ახლახან ჩამოვფრინდი და საოცრად აღფრთოვანებული ვარ. იქ საერთოდ სხვა დონეზეა ცხოვრება: უსაფრთხოება, ყველაფერი, რაც ადამიანს მშვიდი და წარმატებული ცხოვრებისთვის სჭირდება. ფასებზე საუბარს აღარ დავიწყებ, ეს არის ნამდვილი ფუფუნება. ცოტა გაკვირვებული ვიყავი, ადამიანები საოცრად ცხოვრობენ. ახალ წელს პარიზში შევხვდი და იქაურობაც კარგად გავიცანი, ყველაფერი იდეალური იყო, მაგრამ მონაკოში გატარებული ათი დღე აღმოჩენა იყო – გარშემო ყველა საოცრად პოზიტიური და ბედნიერია, თუმცა, ეს, ზოგადად, ასეთი განწყობა მთელს ევროპაში იგრძნობა, ჩვენგან განსხვავებით. ჩვენთან უფრო მოწყენილია საზოგადოება, თუმცა იმედი მაქვს, რომ ეს ნელ-ნელა შეიცვლება.
– მონაკოში მოგზაურობა საკმაოდ ძვირად ღირებული სიამოვნებაცაა...
– მონაკო საკმაოდ ძვირად ღირებულია, კი ბატონო, მაგრამ სიამოვნებისთვის ღირს (იცინის). ყველაფერი კარგი ხომ ძვირია. საუკეთესო თუ გინდა, უნდა გადაიხადო, თუ ვერ იხდი, მაშინ სხვა ქალაქში უნდა წახვიდე სამოგზაუროდ.
– განსაკუთრებით რომელ ქვეყანაში მოიხიბლე გოგონებით?
– საოცარი გოგონები ჰყავთ მონაკოში. გარშემო ულამაზესი ქალბატონები დადიან. ამაზე, რა თქმა უნდა, ცხოვრების დონეც ახდენს გავლენას – კარგად რომ გაცვია, მოვლილი ხარ, ლამაზად დავარცხნილი, კარგი სუნამო გასხია, ბუნებრივია, ლამაზად გამოიყურები. მოკლედ, გარშემო იმდენი გამორჩეული გარეგნობის მქონე ქალბატონი იყო, პირველყოფილივით ვათვალიერებდი, საიდან მოვიდნენ-მეთქი (იცინის). ზოგადად, ამ კუთხით, საფრანგეთს გამოვარჩევდი. ფრანგი ქალი ჩემთვის განსაკუთრებულია, ისეთი, შინაგან აფეთქებებს რომ იწვევს. თუმცა, ქართველ ქალი იყო, არის და იქნება სილამაზის ლეგენდა. ქართველ ქალს ყოველთვის პირველ ადგილზე დავაყენებ და მის შემდეგ ფრანგებს.
– საერთო ჯამში თუ შევაფასებთ, ფაქტობრივად, ნახევრად თვითმფრინავში ცხოვრობ.
– ამას თამამად ვამბობ, ნახევრად მართლა თვითმფრინავში ვცხოვრობ (იცინის). რაც არ უნდა გიყვარდეს მოგზაურობა, ეს ერთგვარი სტრესიცაა. მინიმუმ, წნევის ცვალებადობა რომ ავიღოთ, რაც ჩემზე ძალიან მოქმედებს და პატარა პრობლემაც გახდა, მაგრამ ჯერ ახალგაზრდა და ჯანმრთელი ვარ და ვუმკლავდები (იცინის). მახსოვს, ფრენის გამო თავიდან ეიფორია მქონდა ხოლმე და ახლა სადმე რომ მივფრინავ, დაახლოებით, იგივე შეგრძნება მაქვს, რაც ტაქსის გამოძახებისას (იცინის). მგონი, იქაც უკვე მცნობენ და ლამისაა ბორტგამცილებლობა შემომთავაზონ (იცინის).
– საკმაოდ ხანგრძლივი მოგზაურობები ურთიერთობებში ხელისშემშლელი არ არის?
– აი, აქ პრობლემა მაქვს (იცინის). სამწუხაროდ, ამ ეპატზე არ ვარ ურთიერთობაში. ჩემი ცხოვრება ისე წარიმართა, რომ პროცესები დაჩქარდა და სამსახურსა და კარიერაზე ვარ გადართული. ახლა ორ ახალ სიმღერაზე ვმუშაობ. კლიპის გადაღებას ვგეგმავთ, პლუს სამსახური, მოგზაურობა, ამას ემატება ჩემი კერძო ბიზნესი და რომელ პირად ურთიერთობაზეა საუბარი (იცინის). ჩემთვის ეს ძალიან განსაკუთრებულია და იმისთვის, რომ ადამიანი პირად ურთიერთობაში იყოს, სხვანაირი ყურადღებაა საჭირო, რისი დროც ჯერჯერობით არ მაქვს. ურთიერთობებს რა დალევს, მაგრამ ეს არ არის სტაბილური ტიპის ურთიერთობები. ცოტა გული მწყდება, მაგრამ ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე ასეა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან