შოუბიზნესი

ბედინა: ვერ ვიტან, როცა რამეზე მეუბნებიან, გააკეთეო

№16

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 28.04

ბედინა
დაკოპირებულია

ბედინას "უცნობი მხარე"👇

– ვინ არის ბედინა?

ბედინა: ერთი თბილისელი, უბრალო ადამიანი, ლექსებისა და რეპის მწერალი.

– როგორია თქვენთვის საოცნებო ცხოვრება?

– ჩემთვის საოცნებო ცხოვრებაა, როცა სამშობლო ბედნიერია. ბედნიერება არ არის ერთი ადამიანის ხვედრი. როცა ყველა ცუდად არის, შენ როგორ იქნები ბედნიერი?! ყველა იყოს კარგად და მე ვიქნები ცუდად (იცინის). რა ვქნა, ქრისტიანი ვარ.

– ოდესმე გიკეთებიათ საქმე, რომელიც ძალიან არ გიყვარდათ, მაგრამ საჭირო იყო?

– ძალიან ბევრჯერ მიკეთებია საქმე, რომელიც არ მიყვარდა, უფრო მეტიც, ვერ ვიტანდი, მაგრამ ასე სჭირდებოდა ოჯახს, სამშობლოსა და შემოქმედებას, რომელსაც მე ვქმნი. მეუბნებიან ხოლმე, შენ რეპერი ხარ და შენი საქმე აკეთეო. ვაკეთებ ჩემს საქმეს, მაგრამ არის სხვა საქმეებიც, რომლის გაკეთებაც შემიძლია და უფრო მეტიც, არ შემიძლია, რომ არ გავაკეთო. ამ ყველაფრისგან ენერგეტიკულ ბონუსებს ვიღებ იმისთვის, რომ ჯანმრთელი ვიყო და ჯანმრთელი რეპი შევქმნა.

– რამდენად ემოციური და გულჩვილი ადამიანი ხართ?

– ემოციური ვარ, მაგრამ ჩემს ემოციებს ვმალავ. შეიძლება, ღიმილით ან შეიძლება მწარე ცრემლებით გამოვხატო. გულჩვილი – ეს სიტყვა საერთოდ რას ნიშნავს, დღემდე ვერ გავიგე (იცინის).

– მაგალითად, ყველას ტკივილი მიგაქვთ გულთან ახლოს?

– არა, სხვათა შორის. ყველაფერი უფლის ნებაა და ყველა ადამიანს თავისი პროგრამა უწერია. თუ გადასარჩენია, უფალი გადაარჩენს, თუ არა და უფალი ჩაიბარებს (იცინის). კი, ადამიანს შეგიძლია, ადამიანის დახმარება, მაგრამ ისიც ხომ გაგვიგია „ვისაც ჩავაცვი, იმან გამხადაო“. ამის მიუხედავად, სიკეთეს ვთესავ ისე, რომ მოსავალს არ ველოდები. რაც შემიძლია, გავაკეთებ, დახმარება თუ შემიძლია, დავეხმარები, მაგრამ არის რაღაც, რაც მხოლოდ უფლის ხელშია და ადამიანის ჩარევა ზედმეტია. კაცია და გუნება, ადამიანი ან მიიღებს შენგან დახმარებას, ან, თუ უნდა, ადგება და მტკვარში გადახტება, ამას ვერ გაიგებ.

– ემოციას რატომ მალავთ?

– ემოციას მოჰყვება აგრესია. როგორღაც უნდა დავმალოთ და სხვას არ დავანახვოთ, რაც ჩვენშია. თავისებურად მკვლელები ვართ, ჩვენი ემოციებით, ჩვენი სიმართლის აფიშირებით, ამიტომ ამ ყველაფერს ჩვენში ვმალავთ. შენი პრობლემა შენი პირადია და არავის აინტერესებს, რადგან ყველას თავისი აქვს. თუმცა, ყველა პრობლემაში ინახება შენიღბული წარმატება. ეს გვახსოვდეს. ისე კი, შენი პრობლემა შეინახე ბალიშის ქვეშ და როცა გარეთ გამოხვალ, გაიღიმე.

– გიოცნებიათ, რომ მსოფლიოს მასშტაბით ყოფილიყავით ძალიან ცნობილი და წარმატებული ადამიანი?

– რა თქმა უნდა, კი. ოღონდ მუსიკის განხრით არა, ალბათ, კოსმოსის, კოსმოსში გაფრენით.

– რას გააკეთებდით, ლატარიაში რომ ბევრი მილიონი მოიგოთ?

– გარკვეულ თანხას გადავურიცხავდი მოხუცთა სახლებს. საქართველოს ბუნების დაცვასა და აგრონომიის განვითარებაში ჩავდებდი თანხას. ვინც მოწყალებას ითხოვს, დავეხმარები. წყალი თუ სწყურია, მივუტან, თუ შია, ლუკმას მივაწვდი, მაგრამ ფულით არ დავეხმარები. ბევრი ფული რომ მქონდეს, საქართველოს დაკარგულ მიწებში გადავიხდიდი და დავუბრუნებდი ჩვენი ქვეყნის შვილებს.

– წარსულიდან რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე მცდარ ნაბიჯად?

– დროის დაკარგვა. თავის დროზე არ ვისწავლე ის, რასაც დღეს ვსწავლობ. ის, რაც ცხოვრების ბოლომდე გამოგადგება იმისთვის, რომ შენმა დათესილმა გაიხაროს, ამოვიდეს, სწორად გაიზარდოს, ჯანმრთელი და ნაყოფიერი გახდეს.

– ყველაზე უხერხული შემთხვევა, რომელიც თავს გადაგხდენიათ...

– ქუჩაში შემხვდა ვიღაც და მითხრა, უი, მე შენ მკვდარი მეგონე და ცოცხალი ყოფილხარო (იცინის). მე ქუჩაში ხშირად დავდივარ, არ გადავაადგილდები მანქანით და დაბურული შუშებით, მოვდივარ ჯიბეებში ხელჩაწყობილი ასეთ რამეს მეუბნებიან (იცინის). შენს სიმღერებზე ვარ გაზრდილი, მიხარია, ცოცხალი ყოფილხარო. ხომ გაგიგიათ ის ცრურწმენა, როცა გეუბნებიან, რომ მკვდარი ეგონეთ, ესე იგი, სინამდვილეში დიდხანს იცოცხლებო. ჰოდა, იმედია, ასე იქნება (იცინის).

– ოდესმე რამე მოგიპარავთ?

– უფ, რამდენიც გინდა. მაგალითად, ნაყინი კომუნისტების დროს. თანამედროვე ნაყინებს ნუ შეადარებთ იმ ნაყინს. სახლში რომ გაიგებდნენ, ფულს მატანდნენ მაღაზიაში. კარგად ბრძანდებოდეთ– მეთქი, ვპასუხობდი. ამას სპორტული ინტერესი ჰქვია, რას ჰქვია ფული მიიტანე?! (იცინის) დანარჩენს აღარ ვიტყვი, თორემ ორივეს დაგვიჭერენ (იცინის).

– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?

– გამარჯვება ჩემს საკუთარ ვნებებზე გამარჯვებაა. როცა რაღაც მინდა და საკუთარ თავს ვეუბნები, გინდა, მაგრამ არ მოგიხდება (იცინის). ნებისყოფა – ეს არის გამარჯვება.

მარცხი, ჩემი ოჯახის წევრებისა და მეგობრების დაკარგვა, ვინც დღეს ცოცხალი აღარ არის.

– რა გსმენიათ საკუთარ თავზე, კარგი თუ ცუდი, რაც გამორჩეულად დაგამახსოვრდათ?

– ჭორები – რამდენიც გინდა. მეცინება ხოლმე. ზოგჯერ მეგობრები მეუბნებიან, შენზე ისეთი რაღაც თქვეს, სიცილით მოვკვდით, მაგრამ ბოლოს მაინც ვიჩხუბეთო (იცინის). როდესაც ცნობადი ხარ და უამრავ ადამიანს უყვარხარ, დაგიგებენ ხაფანგს, ჭორს გაგივრცელებენ, ცინიზმიც მოდის. არ ვაქცევ ყურადღებას, მეცინება ხოლმე. ადამიანთა ნაწილისგან იგრძნობა უარყოფითი აურა, რომელსაც საკუთარი ფარით უნდა დახვდე და გაუღიმო. შენი ღიმილით ისინი წააგებენ. ის დაბოღმილი, შენ გამარჯვებული დარჩები.

კარგი უამრავი ყოფილა და წინაც ბევრი კარგი ამბავია.

– რას აკეთებთ სიამოვნებით და რისი კეთება არ გიყვართ?

– ვერ ვიტან, როცა რამეზე მეუბნებიან, გააკეთეო. რაღაცნაირად, მიბრძანებენ. მოდი რა იმღერე, უთქვამთ ბევრ სიტუაციაში. უკაცრავად, როცა მინდა და მემღერება, ავდეგი და ვიმღერებ. ჯერ ეგ ერთი, არ ვმღერი, რეპერი ვარ, ვლაპარაკობ, ვრეპავ. დაძალება არ მიყვარს არაფერში. არ მიყვარს, როცა ვინმე ჩემს საქმეში ერევა.

მიყვარს ჩემი საქმის კეთება, იქნება ეს რეპი თუ ზოგადად, ხელოვნება. მიყვარს გაზაფხულზე ბუნებაში გასვლა, გასხვლა, ზამთრის შემდეგ, რაღაცების შეკეთება და ასე შემდეგ. ვიღაც-ვიღაცები მოდიან, ვიღაცები მიდიან. ანუ, ზედმეტი ადამიანებისგან, ენერგოვამპირებისგან გათავისუფლებაც კარგია და ეს პროცესიც მიყვარს (იცინის).

– რისი შიში გაქვთ?

– საკუთარი თავის, რომ რამე ისეთი არ გავაკეთო, რითაც ვინმეს გავანაწყენებ, პირველ რიგში, უფალს. მეშინია, რომ ჩემი საქციელის გამო, ვინმეს რამე ცუდი არ დაემართოს. სხვა შიშებს შიშად არ აღვიქვამ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა