ბარბარა სამხარაძე: პირად ცხოვრებაში სიახლე მაქვს და ძალიან ბედნიერი ვარ
ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00 06.01
ბარბარა სამხარაძისთვის წლევანდელი წელი განსაკუთერებული იყო, მიზეზებს ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ. უნიჭიერეს მომღერალთან საუბარი მისი ახალი ნამუშევრით დავიწყეთ.
ბარბარა სამხარაძე: სიმართლე რომ ვთქვა, ახალმა სიმღერამ – It’s over – არ მოიტანა ისეთი შედეგი, როგორსაც ველოდი. იქიდან გამომდინარე, რომ მე წინა სიმღერა – Ocean side, რომელმაც ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, სახლში ჩავწერე, მეგონა, ახალი სტუდიური ნამუშევარი, რომელსაც ძალიან დიდი ენერგია დავახარჯე, კიდევ უფრო დიდ შედეგს მოიტანდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ჩვენი მოლოდინები ყოველთვის არ მართლდება. სამწუხაროა, მაგრამ ეს დანებების უფლებას არ მაძლევს.
– როგორ შეიქმნა ეს სიმღერა?
– ჩემი ახალი სიმღერა რეალურ ისტორიას ემყარება. მისი ტექსტი ჩემს შინაგან ბრძოლებს ასახავს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპის დასასრულს და ახლის დასაწყისს აღნიშნავს.
– „ფეისბუქზე“ წერდი კიდეც, რომ 25 წელს ყოველთვის განსაკუთრებით ელოდი. როგორი აღმოჩნდა ის?
– ნამდვილად ასეა. შეგნებული ასაკიდან მოყოლებული, ველოდი, როდის გავხდებოდი 25 წლის. მგონია, რომ ეს არის ასაკი, როცა შესაძლებლობები უკვე შენს ხელშია და ისინი მაქსიმალურად უნდა გამოიყენო. ამ ასაკში თუ რამეს ვერ გააკეთებ, სხვას ვეღარ დააბრალებ, უკვე ყველაფერი შენზეა დამოკიდებული. საბედნიეროდ, წელს ბევრი კარგი მოხდა ჩემს ცხოვრებაში. თუნდაც ის, რომ ვაკეთებ ბენდს და წინ მნიშვნელოვანი გეგმები გვაქვს.
– კიდევ რას გულისხმობ?
– თუნდაც, წონით იმ მოცემულობამდე მივედი, როგორიც ჩემი თავი არც მახსოვს. საკუთარი თავი თავიდან ბოლომდე შევიყვარე. თავი აღვიქვი, როგორც გოგო და არა, როგორც ბავშვი. როგორც მენტალურად, ისე ფიზიკურად ყველაფერი დალაგდა.
– ჯერ კიდევ კლებაზე ხარ ორიენტირებული თუ უკვე შენარჩუნებაზე?
– სიმართლე რომ ვთქვა, ამ მხრივ, ემოციურ დონეზე ყველაფერი გამინულდა. აღარც კლებაზე ვარ ორიენტირებული და აღარც შენარჩუნებაზე, მთავარია, ჩემს სხეულს მოვუსმინო. როცა ვხვდები, რომ დანაყრებული ვარ, მეტს აღარ ვჭამ. ისე არ არის, რომ მოთხოვნილება ქრება, ზოგს მცდარი ინფორმაცია აქვს ამაზე. ოპერაციის შემდეგ კუჭი მოცულობაში გიპატარავდება და შედეგად, ბევრს ვეღარ ჭამ, თორემ მოთხოვნილება ყველანაირი მაქვს, მწარეც მინდება, მჟავეც და ტკბილიც. თუმცა, ისე მცირე რაოდენობით იღებ საკვებს, შეიძლება, გული წაგივიდეს. თუ ადრე ღრმა თეფშით ჭამდი, ახლა შეიძლება, რამდენიმე ლუკმით შემოიფარგლო, თუმცა საკვებსაც გააჩნია. როცა ორგანიზმს უსმენ, ამას მარტივად არეგულირებ. მენტალურად უნდა იყო მზად იმისთვის, რომ დღეს შეიძლება, საერთოდ ვერ შეჭამო რაღაც, მაგრამ ხვალ შედარებით მეტი საკვები მიიღო.
– გარდერობის განახლებას რაც შეეხება?
– ოპერაციის შემდეგ ეს დიდი ტკივილია ჩემთვის (იცინის). წინასწარ შევიძინე ტანსაცმელი, წონაში რომ დავიკლებ, მერე ჩავიცვამ-მეთქი, მაგრამ ისე გამიდიდდა, რომ იარლიყები ზედ დარჩა. თვალსა და ხელს შუა იკლებ ისე, თითქოს ვერ გრძნობ და ისეთი განცდა გაქვს, თითქოს სულ ამ ტანზე იყავი. ამიტომ ძალიან კომფორტულად ვარ ჩემს თავთან. თუმცა ფოტოებს რომ ვადარებ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ სხვაობას ვხედავ. ალბათ, ეს იმანაც გამოიწვია, რომ მე არ მქონია შემაწუხებლად ბევრი მცდელობა წონის დასაკლებად, არასდროს მიფიქრია, რომ ეს იყო ჩემი მთავარი მიზანი, რომლის შესრულების შემდეგ დავიწყებდი ცხოვრებას. იმასაც აღვნიშნავ, რომ ამ პროცესის ბუნებრივად განვითარების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ჩემი ექიმია. ერთ დღესაც გავიღვიძე და მივხვდი, რომ უკვე 40 კილოგრამით ნაკლები ვიყავი. საერთო ჯამში კი, უკვე 70 კილოგრამი, ფაქტობრივად, ერთი ადამიანი დავიკელი (იცინის). ასე რომ, ყველაფერი კარგად მიდის.
– თუმცა ეს არ არის მარტივი გზა და ისევ შენს ერთ-ერთ პოსტს გავიხსენებ – წერდი, რომ „ნიჭიერის“ ფინალურ ლაივამდე ორი კვირით ადრე ბებია გარდამეცვალაო. ანუ, გამარჯვების სიხარულთან ერთად გულში დიდ სევდას ატარებდი. რომ განვაზოგადოთ, რის ფასად მოდის შენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გამარჯვებები?
– თითქოს, დამთხვევაა, მაგრამ თუ რამე ცუდი ხდება, მერე აუცილებლად კარგით ბალანსდება. Ocean side, რომ უნდა გამომეშვა, იმ დღეს ბაბუა გარდამეცვალა. თითქოს, ცხოვრებას იმის საპირწონე მიაქვს, რასაც მაძლევს. თუმცა, არ მინდა, ამაზე ჩავიციკლო. მინდა, მჯეროდეს, რომ ცხოვრებაში, შეიძლება, ისეთ დროს წავიდეს შენგან საყვარელი ადამიანი, როცა ყველაზე ნაკლებად ელოდები. თურმე, ასეთია ცხოვრების კანონი და ამ რთულ კანონს ძალიან რთულ ასაკში შევეჯახე.
– ამ ემოციური ჭიდილის ფონზე როგორ გახსენდება მაშინდელი შენი თავი?
– ნაკლებად მახსოვს, ეს პერიოდი უფრო მოყოლით ვიცი, თითქოს, ამოგლეჯილია ჩემი მეხსიერებიდან. თუმცა, მახსოვს, ცეკვას რომ ვდგამდით, ხელით დამატარებდნენ. მახსოვს ისიც, რომ ბებიას დაკრძალვიდან საბავშვო გადაცემის ჩაწერაზე წავედი. ძალიან პატარა ასაკში მომიხდა რთული გამოცდილებების მიღება. თითქოს იმ ასაკში მენტალურად უკვე დიდი ვიყავი. მახსოვს, როცა კონტრაქტს ხელი მოვაწერე, რამხელა პასუხისმგებლობები დამეკისრა. თან, მაშინ „რუსთავი 2“ იხურებოდა და რეიტინგს განსაკუთრებით ეჭიდებოდნენ. აღმოჩნდა, რომ ჩემს გამოსვლებს ძალიან მაღალი რეიტინგი მოჰქონდა. შესაბამისად, მეც სხვა პასუხისმგებლობა მქონდა. თან, როგორც ბავშვს, მე იქ არავინ აღმიქვამდა. როგორც დიდს, ისე მთხოვდნენ. ბავშვი ვიყავი რეპეტიციებზე, სადაც მართლა პატარასავით მესაუბრებოდნენ, მაგრამ სცენაზე ისეთივე პასუხისმგებლობა მქონდა, როგორც ზრდასრულებს. მეტიც, დედაჩემს კულისებში არ უშვებდნენ. დიდი გამომსვლელების ოჯახის წევრები იყვნენ იქ და მე, რომელიც 15 წლის ვიყავი, დედა გვერდით არ მყავდა. არ ვიცი, რატომ, ალბათ, ფიქრობდნენ, რომ ემოციურად გავტყდებოდი. ამის შემდეგ, როცა ჩემს ცხოვრებაში ემოციური მომენტია, იქ ჩემი ახლობელი არ უნდა იყოს, თორემ მაშინვე ძალიან მოწყვლადი ვხდები.
მეტსაც გეტყვით, წლების შემდეგ გავიგე, რომ პროექტში საკვები გვქონია, რომ დღის განმავლობაში მიგვეღო, მაშინ ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. მოკლედ რომ ვთქვათ, სიტყვა „უპატრონო“ რასაც მოიცავს, ზუსტად ეგეთი ვიყავი (იცინის). თუმცა, იმასაც ვიტყვი, რომ სტაფის წევრები ძალიან კარგად მექცეოდნენ, იმ მომენტში ისინი იყვნენ ჩემთვის დედაც და მამაც. სიმართლე რომ ვთქვა, არც მქონდა მოთხოვნილება, რომ დედაჩემი შემოეშვათ და არც დედას მოუთხოვია ასეთი რამ. ყველა გულშემატკივარი რომ კულისებში იჯდა, დედაჩემი დარბაზში იყო დანარჩენ მაყურებელთან ერთად.
– ამ გადმოსახედიდან იმავე გზას გაივლიდი თუ პატარა ბარბარას ცოტა შეუმსუბუქებდი მდგომარეობას?
– წარსულზე საუბარი ცოტა რთულია, რადგან აქამდე ამ წარსულით მოვედი. ბარბარას არა, მაგრამ ბავშვს, რომელსაც იმის ამბიცია ექნება, რომ სოფლიდან წავა და რაღაცას მიაღწევს, ვეტყოდი, რომ ცოტა ხანი მოიცადოს. წარმატებისა და პოპულარობის ზიდვა ადრეულ ასაკში ძალიან რთულია. ამისთვის მენტალურად უნდა შეემზადო. მანამდე, მინიმუმ, ვინმეს მაინც უნდა ჰქონდეს ნათქვამი, რა მაგარი ხარ, ყოჩაღო.
– ეს, ალბათ, ბევრჯერ მოგისმენია.
– არა, პატარა რომ ვიყავი ნაკლებად. მე რომ ვიმღერებდი, ბოლოს აუცილებლად იტყოდნენ, თუ წონაში არ დაიკლებ, აზრი არ აქვს. დღეს სიმღერა ისე არ ფასობს, როგორც ვიზუალი. კი, კარგად მღერი, მაგრამო...
ამას ემატებოდა სოფლის მენტალიტეტი, სადაც მასწავლებლის შვილი უფრო დაწინაურებული იყო, ვიდრე ჩვეულებრივი გლეხის. თუ ოჯახში ვინმე „რაღაცას წარმოადგენდა“ მისი შთამომავალი დაწინაურებული იყო, ხოლო, ჩემი, როგორც ბავშვის, რომელიც მსუქანია, მღერის და პატიოსანი გლეხის ოჯახიდანაა, ამბიცია, რომ უნდა ცნობილი და წარმატებული მომღერალი იყოს, სასაცილოა იმ სოციუმისთვის. კლასობრივი დაყოფა ქალაქშიცაა და სოფელში – მით უმეტეს. მერე უბრალოდ იტყვიან განა იმას, რომ შენ არ შეგიძლია, არამედ იმას, რომ მსუქანი ხარ... მაგრამ „არასდროს თქვა, არასოდეს“.
– შენ ეს დაამტკიცე, მაგრამ როგორც ვხვდები, გერჩივნა, ეს ნაბიჯები უფრო პატარა ასაკში გადაგედგა?
– კი და ამიტომ ყველა ბავშვს იმავეს ვურჩევ, რადგან პატარა ასაკში გაცილებით რთულია. თუმცა პირადი ტრაგედიები კიდევ უფრო ამძაფრებდა ჩემს ემოციურ მდგომარეობას. ჩემს გამარჯვებას ბებიას ამბავი რომ დაემთხვა, ეს ძალიან რთული აღმოჩნდა. ამ ტკივილთან შეჯახება ისეთ დროს მომიწია, როცა ყველაზე ბედნიერი უნდა ვყოფილიყავი. სამწუხაროდ, ცხოვრებას სხვა გეგმები ჰქონია. ბებიის გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე გაზით გაიგუდა ჩემი მეგობარი, ეს კიდევ უფრო დიდი ტრავმა იყო ჩემთვის. მწარე წიწაკას რომ ტორტს დააყოლებ, დაახლოებით ეს მდგომარეობა მქონდა. თუმცა, ეს ყველაფერი წლების შემდეგ უფრო გავიაზრე, მერე უფრო მივხვდი რამხელა იარა დამიტოვა ამ განცდებმა.
– როგორც ვიცი, სიახლეები გაქვს პირად ცხოვრებაშიც და ამაზეც გკითხავ – რა ხდება?
– პირად ცხოვრებაში სიახლეები მაქვს, მაგრამ არ მინდა ამ თემაზე საუბარი. რომ ვაკვირდები, ვინც მეტს ლაპარაკობს ამაზე, მას მეტი პრობლემებიც უჩნდება. მთავარია, რომ ვარ ძალიან ბედნიერი და თავს ყველანაირად ჰარმონიულად ვგრძნობ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





