შოუბიზნესი

ბაჩო ჩაჩიბაია: ჩემი პროფესიითაც კი არ მინდა, მსოფლიოში ცნობილი ვიყო

№13

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 07.04

ბაჩო ჩაჩიბაია
დაკოპირებულია

ბაჩო ჩაჩიბაიას "უცნობი მხარე"👇

– ვინ არის ბაჩო ჩაჩიბაია?

ბაჩო ჩაჩიბაია: ადამიანი, რომელიც ცდილობს, იყოს ადამიანი. რომლისთვისაც მთავარია, სიწყნარე, სიმშვიდე, ცივილიზაცია, რომელსაც არ უნდა ძველი დრო და მუშტების ქნევა.

– როგორია თქვენთვის საოცნებო ცხოვრება?

– საოცნებო – არა, მაგრამ ბედნიერი ვარ იმით, რაც მაქვს. მარტივად რომ ვთქვა, გემრიელი ოჯახი მაქვს და ვერ ვიტყვი, რომ რამე განსაკუთრებული მაკლია. მე და ჩემი მეუღლე წლებია, მშვიდად ვცხოვრობთ და მგონია, რომ ეს არის ყველაზე მთავარი. მთავარი სიყვარულია, რომელიც პრობლემებს ისე აქრობს, რომ სირთულედ აღარ გეჩვენება. როდესაც სახლში დიდი სიყვარულია, სხვა ყველაფერი ფერმკრთალდება და პრობლემებს კონფლიქტები არ მოყვება.

– გიკეთებიათ საქმე, რომელიც ძალიან არ გიყვარდათ?

– ყოფილა ერთი-ორი ისეთი სპექტაკლი, რომელშიც ძალიან არ მინდოდა, მეთამაშა, მაგრამ მითამაშია. პროფესიულად მეტს ვერაფერს ვიტყვი. არ გავცდენილვარ ჩემი პროფესიის ჩარჩოებს. საბედნიეროდ, მიყვარს ჩემი საქმე.

– რამდენად ემოციური და გულჩვილი ადამიანი ხართ?

– ნაკლებად ემოციური ვარ, ვიდრე ადრე. დავაფიქსირე, რომ ზრდასთან ერთად ემოცია ნაკლებია. ადრე შეიძლება, ისეთ რამეზე მეჩხუბა, რასაც დღეს ძალიან მარტივად შევხედავ.

გულჩვილობას რაც შეეხება, ჩემს თავზე მეცინება ხოლმე, ხანდახან ისეთ რამეზე შეიძლება ვიტირო. მაგალითად, სულელურ სასაცილო ფილმზე. „რემბოზე“ რომ ამეტირა, მერე სიცილით გავსკდი – ჩემს თავს დავცინოდი.

– შეგიძლიათ, გაიხსენოთ, ბოლოს როდის იტირეთ და რის გამო?

– ბოლო წელი რთული იყო, დავიღალე. ბევრი მეგობარი დავკარგე. მერე ვიგრძენი, რომ თითქოს რაღაც გრძნობა გაითიშა ჩემში. ბოლო სამი თვის განმავლობაში სამი ძალიან ახლო მეგობარი გარდამეცვალა. ძალიან მეტკინა. მივხვდი, რომ ნორმალური ევროპული ქვეყნისა და საქართველოში მცხოვრები, 80-იან წლებში დაბადებული ადამიანები რომ შეადარო ერთმანეთს, დიდ სხვაობას დაინახავ. ჩვენს ქვეყანაში ჩემი ასაკის ადამიანები 60-70 წლის კაცის გამოცდილებას ვუტოლდებით ემოციურად. ამიტომ ვამბობ, რომ დროს გავუსწარით. იმდენი გადავიტანეთ, რომ დავიღალეთ. ამას დამატებული პირადი ტკივილები, ეს ძალიან ბევრია.

– რას გააკეთებდით, ახლა რომ ლატარიაში ბევრ მილიონი მოიგოთ?

– ჩემს ბევრ მეგობარს მივხედავდი. ბევრი ფული რომ მქონდეს, ვეცდებოდი, ისე დამეხარჯა, როგორც ახლა ვცდილობ. ვხუმრობთ ხოლმე, ფული იმისთვის არის, რომ დაიხარჯოს და არა შესაგროვებლად. როდესაც შეგიძლია, შენთვის მარტივი ფულით ისეთი საქმე გააკეთო, რაც ქვეყნისთვის ბევრს ნიშნავს, მგონი, ღირს ასე ცხოვრება. აქედან რომ წახვალ, რაღაც უნდა დატოვო. ვეცდებოდი ქვეყანას დავხმარებოდი.

– გინდათ, რომ მსოფლიოს მასშტაბით იყოთ ძალიან ცნობილი და გავლენიანი ადამიანი?

– ალბათ, არა. ჩემი პროფესიითაც კი არ მინდა, მსოფლიოში ცნობილი ვიყო. მაგ დროს ბევრი პასუხისმგებლობა გეკისრება. როდესაც შენ ვიღაც გბაძავს, ძალიან სამაგალითო უნდა იყო. იყვნენ ისეთები ჩემს პროფესიაში, ვისაც ვიცნობდი, განსაკუთრებით პატივსაცემები, მათ ბევრი ჰქონდათ გაკეთებული. დღეს ორ წუთში შეიძლება, ძალიან ცნობილ და ნიჭიერ ადამიანზე უცებ სრულიად შეგეცვალოს წარმოდგენა. მაგალითად, ფაფ დიდის და „ჰოლივუდის“ თემა გავიხსენოთ. არ მინდა, მთლად ამხელა მასშტაბები. ის სიამოვნება, რასაც სცენაზე ვიღებ, ძალიან მაგარი რამეა და საკმარისია. ძალიან დიდი მასშტაბები, თითქოს, ცოტა საშიშია და მთლად კარგის მომტანიც არ არის.

– რა მიგაჩნიათ თქვენს მცდარ ნაბიჯად, რასაც შეიძლება, სინანული უკავშირდებოდეს?

– 90-იანი წლების დამოკიდებულებები. თითქოს, ვალდებული იყავი, ვიღაც დაგემცირებინა. ალბათ, იმიტომ, რომ თუ ამას შენ არ გააკეთებდი, ის გააკეთებდა, ის ეცდებოდა. დღეს რომ ვაანალიზებ იმ ყველაფერს, ძალიან არ მომწონს. ხანდახან მიტრიალებს ეს მოგონებები თავში და მაწუხებს. წავიდოდით ვიღაცის გასალახად, პატარები ვიყავით და ვერც ვიაზრებდით, რას ვაკეთებდით. ჩოხელს აქვს ნათქვამი, ჩვენი მისამართი დღეს სხვადასხვაა, მაგრამ გვექნება ერთიც – მიწა. მოდი, აქედანვე დავიწყოთ მეგობრობა. ეს უფრო მნიშვნელოვანი მგონია. მშვიდობა მინდა. ამიტომ ასეთი მოგონებები მაწუხებს. ამის შემდეგ, ალბათ, ადამიანმა ბევრი უნდა გააკეთო, რომ ცხოვრების ბოლოს არ შეგრცხვეს.

– ოდესმე რამე თუ მოგიპარავთ?

– ბავშვობაში მეზობელს მოვპარე „ზუაჩკა“. მაშინ ეს ახალი ხილი იყო. მეზობელს ჰქონდა, გვანახვებდა, მაგრამ არ გვაღეჭინებდა და მოვპარე (იცინის). დღემდე ყურში მაქვს მისი ხმა, როცა მიხვდა, რომ სახლში „ზუაჩკა“ აღარ ჰქონდა (იცინის). სულ მინდა, ამ ადამიანს როდესმე გადავეყარო და მთელი შეკვრა „ზუაჩკა“ ვაჩუქო (იცინის).

როგორი დამოკიდებულება გაქვთ ტყუილთან?

– თვითონ ეს სიტყვა არ მიყვარს. ხანდახან ვხუმრობ ხოლმე, ისეთი პროფესია მაქვს, რომ ვიტყუები და ხელფასს მაძლევენ-მეთქი. თუმცა, ვინც ფულს იხდის, იმანაც იცის, რომ ტყუილის სანახავად მოდის. ტყუილიც არ არის, მსახიობი თეატრში რომ მიდიხარ, რეპეტიციას იწყებ, მერე სცენაზე გამოდიხარ, კი არ ტყუი, ის რამდენიმე საათი სხვისი ცხოვრებით ცხოვრობ.

თვითონ ტყუილი სისულელეა. ბოლო პერიოდში ბავშვობისდროინდელი ანდაზების გახსენება დავიწყე. დიდი სიბრძნეა მასში. „ტყუილს მოკლე ფეხები აქვს“, ამას უფრო და უფრო კარგად ვიაზრებ და ამიტომ, ვცდილობ, არ მოვიტყუო.

– როდის ყოფილხართ ცხოვრებაში ყველაზე სასტიკი?

– არ ვიცი, სასტიკი უნდა ვუწოდო თუ არა ჩემს თავს, მაგრამ ალბათ, ისევ და ისევ იმ პერიოდში, 90-იან წლებში. მაშინ გინდოდა თუ არა, გჭირდებოდა რაღაც დებილობების გაკეთება იმისთვის, რომ შენი კაი ბიჭობა დაგემტკიცებინა, ვიღაც უნდა დაგეჩაგრა. ცოტა რომ წამოვიზარდე, მივხვდი, რომ ეს არ არის საჭირო. პირიქით, შეგვიძლია ჩავეხუტოთ ერთმანეთს.

– რა გსმენიათ საკუთარ თავზე განსაკუთრებით კარგი, რაც სასიამოვნო აღმოჩნდა და ცუდიც, რამაც შეიძლება, გულიც გატკინათ?

– გულის ტკენა ალბათ, ტყუილებს უკავშირდება, რომელიც შეიძლება, შენს თავთან დაკავშირებით გაიგო. თურმე, რაღაცები გაგიკეთებია, რასთანაც შეხება არ გქონია, მაგრამ უცებ გბრალდება. თუ რამეს გავაფუჭებ, არ ვმალავ. მრცხვენია, მაგრამ აღიარება შემიძლია. ილია მეორე ამბობს აღსარებას და ხანდახან ჩვენც უნდა ვთქვათ ერთმანეთთან რაღაც. ხანდახან რაღაც ჩვენდაუნებურად ხდება, მაგრამ მაგარი შეგრძნებაა მათი აღიარება. მეუღლისგან ძალიან მაგარი მაგალითი მივიღე. რაც არ უნდა მოხდეს, მოვა და გეტყვის, მგონი, ზედმეტი გითხარიო. მარტო ჩემთან არა, ნებისმიერ ადამიანთან შეუძლია ამის გაკეთება და მგონი, იგივე ყველას შეგვიძლია. ასე თუ ისე, მეც შემიძლია იმის ხმამაღლა თქმა, რასაც გავაკეთებ და თუ რამეს მაბრალებენ, ეს სასიამოვნო არ არის.

რაც შეეხება კარგს, ბევრი ყოფილა...

– პროფესიის გარდა, რისი კეთება გიყვარს ყოველდღიური ყოფითი საქმეებიდან?

– ქუჩაში სეირნობა მიყვარს ყველაზე მაგრად. განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, რომელიც ნანახი არ მაქვს. მეგობრების მონახულება მიყვარს, მათთან ერთად დროის გატარება.

– როდის განიცადეთ ყველაზე დიდი შიში?

– გააზრებული მქონდა, რა მოჰყვებოდა ბებიაჩემის ჩამოსვლას, ბიძაჩემის გარდაცვალების შემდეგ, რადგან მან არ იცოდა, რომ შვილი ცოცხალი აღარ ჰყავდა. ძალიან მძიმე შიში იყო. მერე ბევრჯერ მოხდა მსგავსი ფაქტი და თითქოს, უკვე ჩვეულებრივი გახდა. იყო დრო, კუბოს თავსახურისაც მეშინოდა და ახლა, თითქოს, ისიც ჩვეულებრივი გახდა, დაიკარგა ეს განცდა. ცხოვრება გაჩვევს ასეთ რამეებს. ალბათ, ეს დრომ ქნა. თუმცა, ყველაფერში უნდა ვეძებოთ დადებითი. არ მიყვარს იმის თქმა, რომ დავიღალე, თორემ იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, გინდა არ გინდა, წარბები შეკრული უნდა გქონოდა და ვიღაც შეგეშინებინა. აღარ არის ეგ დრო, შეგვიძლია, ერთმანეთს მოვეფეროთ – ასე მოქცევა ნამდვილად ჯობს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №14

7–11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა