შოუბიზნესი

ბაბი კირკიტაძე: სამი წელია, ამ ამბავს ვმალავ

№16

ავტორი: ნონა დათეშიძე 23:00 26.04, 2021 წელი

ბაბი კირკიტაძე
დაკოპირებულია

მომღერალი და ტელეწამყვანი ბაბი კირკიტაძე შეყვარებულია. თუმცა, თავის რჩეულის ვინაობას საგულდაგულოდ მალავს. ამბობს, რომ ამით საკუთარ სიყვარულს ჭორებისგან და გათვალვისგან იცავს. მან ცხოვრებაში არაერთხელ იგემა დაცემა, თუმცა წარმატებისკენ მიმავალ გზას არ ასცდა და მიზანს მაინც მიაღწია – სცენაზე დგას, ფორმაში ჩადგა და პირადი ცხოვრების ფერებიც გაამკვეთრა.

ბაბი კირკიტაძე: ვფიქრობ, ბევრი მიზეზი მაქვს იმისთვის, რომ ხმამაღლა ვთქვა – მე იღბლიანი ადამიანი ვარ! ყველაფერთან ერთად, იმაშიც ვარ იღბლიანი, რომ სიმღერისა და ცეკვის ნიჭი დამყვა, უნარები – ეკრანზე ვიყო საინტერესო ადამიანი, რაც ღმერთისგან არის ბოძებული. მართლია, დიდი სტაჟი არ მაქვს, მაგრამ რაც ეკრანზე გამოვჩნდი, იმ დღიდან ხალხის სიყვარულს ვგრძნობ. მათგან დიდი სითბო მოდის, ვხვდები, მოსწონთ ჩემი ყურება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სწორ ადგილას ვარ.

– ესე იგი, ის ადამიანი ხარ, ვინც საჭირო დროს საჭირო ადგილზე ხვდება?

– ბევრი ნიჭიერი ადამიანია საქართველოში, ვისაც არ უმართლებს. თუმცა, მე გამიმართლა. იღბლიანობას მხოლოდ საჭირო დროს საჭირო ადგილზე მოხვედრა არ განაპირობებს. იღბალს ხელის შეწყობა უნდა, რაღაცნაირად მიწოლა... ჩემთან მარტივად არაფერი მოსულა, დიდი გზა გავიარე, ბევრჯერ მომიწია დაცემაც, ადგომაც და გზის გაგრძელებაც. რომ ვთქვა, ლანგარზე დაწყობილი მოვიდა წარმატება-მეთქი, ასე არ არის. უბრალოდ, იღბალი დამეხმარა იმაში, რომ შრომა დამიფასდა. ესეც, ერთგვარი გამართლებაა.

– თქვი, დაცემაც არაერთხელ მიგემიაო. რას გულისხმობდი?

– მაგალითდ, როცა შოუ დახურეს, გავჩერდით, არ ვიცოდით, ისევ მოვხვდებოდით თუ არა ტელევიზიაში. ისევ დავიწყეთ, ისევ გავჩერდით და მერე ისევ თავიდან ვცადეთ და დავიწყეთ და, ერთ რამეს მივხვდი, რომ მცდელობასა და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. რა შედეგიც უნდა მოგცეს ამ ბრძოლამ და მცდელობამ, გამოცდილებას მაინც იღებ. რაც შეეხება საჭირო დროს საჭირო ადგილზე მოხვედრას, სრულიად შემთხვევით ვნახე ქასთინგი სოციალურ ქსელში, გავბედე მისვლა და ამ ჩემმა მონდომებამ საჭირო დროს, საჭირო ადგილზე აღმომაჩინა, მოვხვდი „შალვა რამიშვილის შოუში“. ტელევიზიაში ქუჩიდან მივედი, ბევრი გოგონა იყო ქასთინგზე და მე ამიყვანეს. ქუჩიდან პირდაპირ სცენაზე ავღმოვჩნდი და შემიძლია, თამამად ვთქვა: თუ ადამიანი მონდომებულია, აქვს სურვილი და მიზანი, არავის დახმარება და ხელის წაკვრა არ სჭირდება, თავადაც გაიკვლევს წარმატებისკენ გზას. ეს ჩემი პირადი გამოცდილება და მაგალითია.

– მახსოვს, როდესაც ეკრანზე პირველად გამოჩნდი, პუტკუნა გოგონა იყავი. რამდენი წელი „იბრძოლე“, რომ ასეთ ფორმაში ჩამდგარიყავი, როგორიც დღეს ხარ?

– მიუხედავად იმისა, რომ პუტკუჩა გოგო ვიყავი, ჩემი გარეგნობა არ მაწუხებდა. ჩემი წონით, მე კი არა, ოჯახის წევრები იყვნენ შეწუხებული (იცინის). თუმცა, მე საერთოდ ვერ ვხვდებოდი, რაზე წუხდნენ (იცინის). ძალიანაც მომწონდა საკუთარიი თავი. ტანსაცმელსაც გადასარევად ვირგებდი და არც ზედმეტი წონის დისკომფორტი მქონია. განსაკუთრებით დედა წუხდა, მერე ვეღარ გახდებიო. თუმცა, სულ მეუბნებოდა: რა ლამაზი ხარ, სასწაული, რა ანგელოზიო. ჰოდა, მეც მჯეროდა, რომ ლამაზი და ანგელოზი ვიყავი (იცინის). თუმცა, იმასაც მეუბნებოდა, რომ გახდები, უფრო ლამაზი იქნებიო. ზოგადად, ბავშვობიდან მიყვარდა ჭამა და გამხდარი არასოდეს ვყოფილვარ, სავსე და ბუთქუჩუნა ვიყავი. არც კლასელებისგან და მეგობრებისგან მიგრძნია გულისტკენა ჩემი წონის გამო. მოკლედ, ერთ დღესაც ეკრანზე რომ დავინახე საკუთარი თავი და არ მომეწონა, იმ დღიდან დავიწყე გარეგნობაზე ზრუნვა. სხვა თვალით შევხედე ჩემს თავს და დაკლება მომინდა. მაშინ 19 წლის ვიყავი. მთელი ექვსი წელი დამჭირდა, რომ ამ ფორმაში ჩავმდგარიყავი. დღეს კი, მიხარია სარკეში ყურება და გაპრანჭვა. ხშირად მეკითხებიან, რითი დაიკელიო და ვეუბნები, იმდენად მინდოდა დაკლება, რომ დავიკელი-მეთქი. არ მიშიმშილია, უბრალოდ, ჩემი საყვარელი ტკბილეული შევზღუდე და ცომეული ამოვიღე მენიუდან, ანუ, რაც მასუქებდა. ძალიან მტანჯველადაც არ დამიკლია. 12 კილო დავიკელი და კვების ბალანსითა და განტვირთვის დღეების მოწყობით ამ წონას ვინარჩუნებ. არ დამავიწყდება, როცა დავიკელი და ფორმაში ჩავდექი, სარკეში ჩავიხედე და დავინახე, რომ სხვანაირად ვბრჭყვიალებდი. სულ მინდა, ფიზიკური აქტივობა დავიწყო და ვერ მოვახერხე, თუმცა ისეთი გადარბენის რეჟიმი მაქვს, ფორმის შენარჩუნებაში ესეც მეხმარება. ამბობენ, გარეგნობა წარმატებაში დიდ როლს თამაშობს, ბევრ რამეს წყვეტსო, თუმცა, მინდა, გითხრათ, ჩემს ჭარბ წონას, ხელი არ შეუშლია, მიზნებისთვის მიმეღწია. ბავშვობაში ცეკვაზე დავდიოდი და არ ვიყავი ნარნარა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მასწავლებელი მეუბნებოდა: ისეთი მონაცემები გაქვს, ისეთი მონდომებული ხარ, არ გაგაგდებ, იცეკვეო (იცინის). სხვა მხრივ, არავის, არასოდეს გაუსვამს ხაზი ჩემს ზედმეტ წონაზე და არც დისკომფორტი შეუქმნია.

– ბაბი, სამი წელია შეყვარებული ხარ, თუმცა რჩეულის ვინაობას, საგულდაგულოდ მალავ. რატომ?

– სხვათა შორის, სკოლა ისე დავამთავრე, შეყვარებული არ მყოლია და არც სამი წლის წინ მყავდა. თუმცა, გამოჩნდა ადამიანი, ვის გვერდითაც თავს ბედნიერად ვგრძნობ. სამი წელია, ამ ამბავს ვმალავ, უბრალოდ, ვერიდები ჭორებს და გათვალვას.

– რა შეცვალა პირველმა სიყვარულმა და რა ფერები შემოიტანა ამ გრძნობამ შენში?

– უფრო დაკვირვებული გავხდი, ვცდილობ, ქცევები გავაკონტროლო, ჩაცმასაც მეტად მივაქციე ყურადღება... ზოგადად, მე ვარ ადამიანი, ვისთვისაც ამ ყველაფერს არ ჰქონდა მნიშვნელობა და დედა სულ მეჩხუბებოდა: როგორ შეგიძილია, ქუჩაში გახვიდე შენი ძმის ტანსაცმლითო. რაც მომხვდებოდა ხელში, იმას ვიცვამდი. რაც შეყვარებული ვარ, ამის მერე გამოპრანჭვა და გოგოშკური დახვეწები დამეწყო (იცინის). არა მხოლოდ გარეგნულად, შინაგანადაც სხვანაირი გავხდი, უფრო ფრთხილი, მზრუნველი, თვალებიც სხვანაირად მიბრწყინავს და ფიზიკურადაც დამეტყო, რომ მიყვარს. კი მეუბნებიან, პირველი სიყვარული საკმაოდ დიდ ასაკში გეწვიაო, მაგრამ მთავარია, იყოს ხარისხიანი, მუდმივი და რა ასაკში მოვა, მნიშვნელობა არ აქვს. ჩემი სამყარო შავ-თეთრი არასდროს ყოფილა, სულ ფერადია, თუმცა ამ გრძნობამ ჩემში უფრო გაამკვეთრა და გააკაშკაშა ის ფერები, რაც ჩემში იყო. რაც შეეხება დამალვას, იმიტომ ვმალავდი და ვმალავ მის ვინაობას და ურთიერთობას, რომ ძალიან პირადია და არ მინდა ამ თემაზე საუბარი.

– იმდენად არ გიყვარდა ამ თემაზე საუბარი, რომ ოჯახის წევრებსაც კი დაუმალე?

– ასე გამოვიდა. ზოგადად, როცა ადამიანები თავის ცხოვრებაზე საუბრობენ, მერე ამას მოჰყვება ხოლმე განხილვები, ჭორაობები და ამას ყველაფერს – თავის შედეგი. მით უმეტეს, როცა ათასი თვალი გიყურებს, ფრთხილობ, გათვალვისაც გეშინია, გიჩნდება მეტი სანერვიულო და ამიტომ, გააზრებულად დავმალე და არც ჩემს შეყვარებულს უნდოდა ამ ამბის აფიშირება. ამ საკითხში ერთმანეთს ვემთხვევით. სიფრთხილეს თავი არ სტკივა და მე რატომ ავიტკიო (იცინის). ჩემთვის დავიტოვე ჩემი სიყვარულის ამბავი, მაგრამ ჩემმა უახლოესმა მეგობრებმა იციან, თუმცა, თავიდან მათაც ვუმალავდი.

– როგორც მივხვდი, ცრურწმენების გჯერა. დამცავ თილისმასაც ხომ არ ატარებ?

– გია ჯაჯანიძემ მაჩუქა დამცავი ქვები და ერთ-ერთ ბედნიერების მომტან ქვას საფულით ვატარებ. წარმატების ქვა კი, სახლში მიდევს. სხვათა შორის, ჯაჯო ჩემი ცხოვრების ყველაზე მთავარი თილისმა ადამიანია (იცინის).

– სიყვარულს ოომ თავი დავანებოთ, სამი წელი საკმარისი დროა ადამიანის ხასიათის გასაცნობად, გრძნობებში გასარკვევად და იმის გასაანალიზებლად, გინდა თუ არა მის გვერდით თანაცხოვრება. დაოჯახებას თუ გეგმავთ, უახლოეს მომავალში?

– ჯერჯერობით, საქმეებსა და კარიერას უნდა მივხედოთ. ასეთ ვითარებაშიც კომფორტულად ვართ. თუმცა მერე, თავისთავად გადავწყვეტთ დაქორწინებას და ერთად ცხოვრებას.

P.S. გამოყენებული ფოტოები ეკუთვნის გიორგი კიკუაშვილს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №3

20-26 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა