ავთო გვასალია: ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, ეთერში „გამიღვიძია“
ავტორი: ქეთი მოდებაძე 16:00 12.07, 2021 წელი

22 წლის ასაკში ავთო გვასალია „რუსთავი 2-ის“ საინფორმაციო გამოშვების წამყვანი გახდა. მანამდე, ორი წლის განმავლობაში, ამავე არხზე დილის გადაცემის წამყვანის ამპლუა ჰქონდა მორგებული, უფრო ადრე კი „ერთსულოვნების“ მაყურებლისთვის მუშაობდა სხვადასხვა ამპლუაში.
ავთო გვასალია: ყველაფერი მოულოდნელად მოხდა და ძალიან გამიხარდა, რადგან, ვგრძნობდი, რომ სიახლეების დრო იყო. გადაწყვეტილების მისაღებად მაინცდამაინც დიდხანს არ მიფიქრია და კმაყოფილი ვარ, რომ დავთანხმდი. რთული, მაგრამ საინტერესო გზა ავირჩიე. საინფორმაციო გამოშვებას სულ სხვა რეჟიმით ცხოვრება სჭირდება, აბსოლუტურად განსხვავდება დილის ეთერისგან. აქამდე დილით ხუთ საათზე ვიღვიძებდი და მომდევნო ერთი საათი ჩემი გონება გამოფხიზლებას ცდილობდა (იცინის). დილის ეთერის ფარგლებში მთლიანად პოზიტივზე იყო ჩემი ტვინი მომართული და ამჯერად, თემებიდან გამომდინარე, პოზიტივის ადგილი ნაკლებად მრჩება.
– სამაგიეროდ, დილის ხუთ საათზე აღარ გიწევს გაღვიძება.
– დილის გადაცემიდან ორი წლის თავზე, იმ დროს ჩამხსნეს, რომ მეგონა, ხუთ საათზე გაღვიძებას შევეჩვიე (იცინის). თურმე, ტყუილად მივეჩვიე და ახლა, მიუხედავად იმისა, რომ ცხრა საათზე უნდა ვიყო სამსახურში, ჯერ კიდევ ხუთ საათზე ვიღვიძებ. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა ეთერში „გამიღვიძია“. ერთხელ რვის 15 წუთზე გამეღვიძა, ნახევარზე იწყება გადაცემა და 15 წუთში როგორ აღმოვჩნდი ტელევიზიაში და ვთქვი, დილა მშვიდობისა საქართველო-მეთქი, მართლა არ მახსოვს (იცინის).
– ტელევიზიაში როგორ აღმოჩნდი?
– ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა ტელევიზია და ყველაფერი, რაც მას უკავშირდებოდა. ძალიან პატარა ვიყავი, როცა დედას ვთხოვდი, კამერა ეყიდა. 11 წლის ასაკში კი ოფიციალურად მივმართე ერთ-ერთ კომპანიას, ტელევიზიის გახსნას ვაპირებ, კამერა გვჭირდება და თუ შეიძლება, დაგვაფინანსეთ-მეთქი. მართლა დაგვაფინანეს მე და ჩემი მეზობლები, რომლებიც ამ საქმეზე გავიყოლე და შევიძინეთ კამერა. სხვადასხვა თემებზე ვიდეოებს ვიღებდი, ეს იყო ჩემი პირველი „სიუჟეტები“. 12-13 წლის ასაკში კი გადავწყვიტე, საპატრიარქოს ტელევიზიაში მივსულიყავი, რადგან ჩემს სახლთან ახლოს იყო. პირდაპირ მივედი და განვაცხადე, რომ სიუჟეტების მომზადება შემეძლო. თავიდან მეუბნებოდნენ, იქნებ ცოტა გაიზარდოო, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, 14 წლის ასაკში მიმიღეს და დავიწყე სიუჟეტების მომზადება. მალევე, 15-16 წლის ასაკში, დილის გადაცემის რუბრიკა ჩამაბარეს, 17 წლისამ შევეცადე ახალგაზრდებზე გამეკეთებინა გადაცემა, რაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.
სხვათა შორის, ტელევიზიაში ხელფასის გამო არ დამიწყია მუშაობა. იქ იმიტომ მივედი, რომ ძალიან მიყვარდა ეს საქმე. მიუხედავად იმისა, რომ „ერთსულოვნებაში“ უკვე საკმაოდ მაღალი ხელფასი მქონდა, „რუსთავი 2-ზე“ რომ გადმოვედი, თავიდან საერთოდ უხელფასოდ ვმუშაობდი. ექვს თვეზე მეტი ხელფასი არ ამიღია, თუმცა ეს პერიოდი ცუდად არ მახსენდება, რადგან ჩემთვის ხელფასი მთავარი არც აქ ყოფილა. მერე და მერე, რაც უკეთ მუშაობ, ანაზღაურებაც მეტი მოჰყვება.
– ასაკთან დაკავშირებით დისკომფორტი არ გექმნებოდა?
– ვიზუალურად მაინცდამაინც არ მეტყობოდა, რომ არასრულწლოვანი ვიყავი, მაგრამ ერთ-ერთ პირველ გადაღებაზე რესპონდენტს ისეთი სისულელე ვკითხე, შემომიბრუნდა და მეკითხება, შენ რამდენი წლის ხარო? ისე დავიბენი, არ ვიცოდი, რა მეპასუხა და ოპერატორმა გადამარჩინა. უთხრა, 14-ის არის, მაგრამ კარგი ბიჭიაო. რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს, შემდეგში აღარ დამისვამს სულელური კითხვა (იცინის).
– სკოლაში სწავლას როგორ ახერხებდი?
– არ ყოფილა არჩევანის აუცილებლობა სწავლასა და სამსახურს შორის. ორივეს ვუთავსებდი ერთმანეთს – დილის გადაცემის ეთერს 10-ის ნახევარზე ვამთავრებდი და ავტობუსით პირდაპირ სკოლაში ჩავდიოდი. გამიმართლა, რომ დილის ეთერში ვიყავი. სწავლასაც ვასწრებდი და გართობასაც.
– 22 წლის ასაკში საკმაოდ ბევრი გაქვს გამოვლილი, ტელევიზიაში შენს ასაკზე არ ხუმრობენ ხოლმე?
– კი, ზოგჯერ უკვირთ, ზოგჯერ ხუმრობენ, მაგრამ არ მგონია, რომ ეს საწყენია. ჩემი ასაკი საქმეში დისკომფორტს არ მიქმნის. მეც არ ვიცი, აქამდე როგორ იყო, მაგრამ ახლანდელ საინფორმაციოს წამყვანებს შორის ყველაზე პატარა ვარ. სანდრო სანაია, რომელიც ჩემთან ერთად აიყვანეს, 25 წლის არის, სხვები კიდევ უფრო გამოცდილები და უფროსები არიან. ასე რომ, ახლა „კურიერის“ ყველაზე პატარა წამყვანი ვარ.
– როგორი მოგონებები გაქვს ბავშვობიდან, სხვა მხრივ როგორი იყავი?
– ამბობენ, რომ ცელქი ვიყავი და არც მე უარვყოფ (იცინის). მეზობლები დღესაც იხსენებენ, მთელ უბანში მარტო შენი ხმა ისმოდაო. არ გაჰკვირვებიათ, ჟურნალისტობა რომ გადავწყვიტე. დაწყებითებში რომ მასწავლიდნენ, ის მასწავლებლები მწერენ ხოლმე, ფურცლებს დაკუჭავდი, მიკროფონის ფორმას მისცემდი და დერეფანში დასდევდი ბავშვებს, ვითომ ინტერვიუს ჩასაწერადო (იცინის). ძალიან მეზარებოდა ხოლმე დილით ადრე გაღვიძება და შესაბამისად, პირველ გაკვეთილს ხშირად ვაცდენდი. მერე მეცინებოდა, ისე შეიცვალა ყველაფერი, რომ ორი წელი დილის ხუთ საათზე ვიღვიძებდი-მეთქი (იცინის).
– სიყვარულების ამბებიც მაინტერესებს, ამ მხრივ, როგორი იყავი?
– სულ ვიღაცაზე ვიყავი შეყვარებული და ეს ვიღაც ყოველთვის ჩემზე უფროსი გოგო იყო (იცინის). უფროს გოგონებთან ურთიერთობა უფრო რთული იყო, მაგრამ იყო ორმხრივი გრძნობებიც, ცალმხრივიც, მაგრამ ის პერიოდი მაინც ბედნიერად მახსენდება (იცინის).
– სერიოზულად შეყვარებული ყოფილხარ?
– კი. ჩემი აზრით, ადამიანი ყველა ასაკში შეყვარებული უნდა იყოს, უსიყვარულოდ ერთი დღეც კი არ უნდა გაატარო. როცა არ გიყვარს, ის დღე სწორი არ მგონია.
– როგორი გოგონები მოგწონს?
– მხოლოდ ვიზუალი არ ახდენს ეფექტს. გარეგნობა პირველი შთაბეჭდილებაა, მაგრამ პარტნიორს შინაარსიც უნდა ჰქონდეს, სტანდარტული გოგო არ იყოს. მთავარია, ინდივიდუალიზმი, საკუთარი ინტერესები და სამყარო ჰქონდეს.
– უფროსი გოგონებისადმი ინტერესი სკოლაში დატოვე თუ დღემდე გამოგყვა?
– არა, სკოლაში დარჩა (იცინის). ახლა უფროსებიც მომწონს, მაგრამ ეს აუცილებელი პირობა აღარ არის (იცინის).
სიახლეები ამავე კატეგორიიდან