ავთანდილ ვარსიმაშვილი: სიმართლე ყოველთვის არ უნდა ითქვას
ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 01.08, 2023 წელი

ავთანდილ ვარსიმაშვილის „უცნობი მხარე“ 👇
– ვინ არის ავთანდილ ვარსიმაშვილი?
ავთანდილ ვარსიმაშვილი: რეჟისორი, რეჟისორი და რეჟისორი; ადამიანი, რომელსაც უყვარს ისტორიების მოყოლა ადამიანებისთვის; ადამიანი, რომელსაც უყვარს ამბის თხზვა და მისი მიტანა მაყურებლამდე.
– როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?
– ისეთი, როგორიც ახლა მაქვს, რაც გულისხმობს მუდმივად მუშაობას. ერთი დღეც კი ვერ წარმომიდგენია მუშაობის გარეშე. ყოველდღე, დილიდან საღამომდე ვმუშაობ და ოცნება ის არის, რომ ჩემი ცხოვრება კიდევ მრავალი წელი იყოს ასეთი. მე არასდროს ვისვენებ, მაშინაც კი, როდესაც რეპეტიციები ან გადაღებები არ მაქვს. შუალედებშიც კი დილის შვიდ საათზე ვიღვიძებ, კომპიუტერთან ვჯდები და მუშაობას ვიწყებ.
– გიკეთებიათ საქმე, რომელიც გძულდათ?
– ვერ ვიტყვი, რომ მიკეთებია. მე ბოლო 40 წელია, რეჟისურაში ვარ და მინდა, კიდევ ძალიან ბევრი წელი ვიყო. სხვა პროფესიისთვის ხელი არასდროს მომიკიდებია.
– გულჩვილი ადამიანი ხართ?
– კი, ემოციური და სენტიმენტალური ვარ. სხვანაირად ვერ დავდგამდი ისეთ ემოციურ სპექტაკლებს, როგორებსაც ვდგამ.
– ბოლოს როდის იტირეთ და რატომ?
– ხშირად მეტირება, როდესაც ძალიან კარგ სპექტაკლს ვუყურებ, როდესაც პერსონაჟთან თანაგანცდა მეუფლება. ეს შეიძლება, დამემართოს როგორც სხვის, ისე საკუთარ სპექტაკლზე. მიყვარს, როდესაც მსახიობი კარგად ასრულებს როლს და ამ დროს შეიძლება, მომაწვეს ცრემლები. ასეა ცხოვრებისეულ მომენტებზეც. ჩემთვის ცრემლი არც თუ იშვიათია და სულაც არ ვფიქრობ, რომ კაცმა უნდა დამალოს, თუ მას თვალებზე ცრემლი მოადგა.
– რას გააკეთებდით, ლატარიაში რომ მილიონები მოიგოთ?
– მილიარდებიც რომ მოვიგო, მე მაინც ჩემი საქმის კეთებას განვაგრძობდი. ერთადერთი, რასაც შევცვლიდი ისაა, რომ ჩემს მსახიობებს მილიონებით მოვუმატებდი ხელფასებს. ასევე, დავდგამდი უფრო ძვირად ღირებულ სპექტაკლებს. ჩემთვის ყველაფერი თეატრთან არის დაკავშირებული. ალბათ, სხვანაირად არც ღირს ცხოვრება და მუშაობა. მხოლოდ საქმეზე უნდა ფიქრობდე. თუ საქმით არ ცხოვრობ, მაშინ არაფერი გამოვა.
– გინდათ, რომ მსოფლიო მასშტაბით ცნობილი და გავლენიანი იყოთ?
– არა, მე გამოვედი იმ ასაკიდან, როდესაც ამაზე ფიქრობ. ხელოვანი ადამიანი ამაზე არ უნდა ფიქრობდე. მხოლოდ იმ კონკრეტულ საქმეზე უნდა კონცენტრირდე, რომელსაც იმწამს აკეთებ. დიდება თავისთავად მოდის და მიდის, ეს არაფერს ცვლის. ვერ ვიტყვი, რომ არ მაქვს დიდება, შეიძლება, მსოფლიო მასშტაბით არა, მაგრამ ჩემი ცნობადობა არსებობს პროფესიონალურ თეატრალურ წრეებში. აბსოლუტურად გულგრილად ვუყურებ ამას, იმიტომ რომ მე იმდენად მიყვარს, ის, რასაც ვაკეთებ, რომ ამით ვცხოვრობ. სხვა დანარჩენს ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა.
– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე ცუდ საქციელად?
– ერთ-ერთი იმ ცუდი საქციელებიდან, რაც ჩამიდენია და რასაც მომავალშიც ჩავიდენ, არის ის, რომ მე ძალიან ხშირად არ ძალმიძს ღალატის პატიება. ეს არის ჩემი ნაკლი. ღალატი საქმეში, ღალატი ცხოვრებაში – ეს ჩემთვის უპატიებელია. თუ ვიღაცებისთვის არ მიპატიებია, შეიძლება, ამას ვნანობდე, მაგრამ სხვანაირად არ ძალმიძს.
– მოგიპარავთ რამე?
– ხშირად ვიპარავდი წიგნებს ბიბლიოთეკიდან. თუ ეს ქურდობაა, კი ბატონო. ვიპარავდი როგორც საჯარო, ისე სკოლის ბიბლიოთეკიდან. ამის გამო ბევრჯერ გავხვეულვარ შარში. უკან მიმიტანია წიგნი ან მისი საზღაური გადამიხდია. სხვა ქურდობას ვერ ვიხსენებ.
– ტყუილებთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?
– ძალიან ცუდი, ძალიან არ მიყვარს ტყუილი. მე თვითონ არასდროს ვიტყუები და არც ის მიყვარს, როცა სხვა მატყუებს. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ტყუის ჩემ გარშემო. არიან ადამიანები, რომლებიც ტყუილებში ისე არიან დაოსტატებული, ვერც ხვდები, რომ გატყუებს, მერე და მერე თუ მიხვდები. ისე, იმდენად ვარ აცრილი ტყუილზე, როგორც წესი, მაინც ვხვდები ხოლმე.
– როდის ყოფილხართ ყველაზე სასტიკი?
– ალბათ, რეპეტიციებზე, როდესაც მსახიობი ვაიძულე, გაეკეთებინა ის, რის გაკეთებასაც თვითონ არ თვლიდა საჭიროდ. ან როდესაც მსახიობი ვერ ასრულებს იმ ამოცანას, რასაც ვაძლევ, ასეთ დროს შეიძლება, ძალიან სასტიკი ვიყო. საკმაოდ მკაცრი ვარ. უფრო სწორად, მე ძალიან მომთხოვნი ვარ, როგორც საკუთარი თავის, ისე სხვებისადმი. სიმკაცრე დევს ჩემს საქმეში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე ვკივი ან ვჩხავი. ისტერიკაში არასდროს ვვარდები, რეპეტიციაზე არასდროს ვყვირი, ეს ყველა მსახიობმა იცის. რაც მთავარია, ბევრი სხვა რეჟისორისგან განსხვავებით, მსახიობებს შეურაცხყოფას არ ვაყენებ. არც ვაპირებ ამის გაკეთებას. კი, მე მსახიობისგან მაქსიმალურს ვითხოვ, მაგრამ თუ ამას ვინმე სიმკაცრეს დაუძახებს, ეს უკვე მისი საქმეა. მე ვდგამ, ისინი უნდა ემორჩილებოდნენ იმას, რასაც მე ვაკეთებ. როგორც წესი, ემორჩილებიან კიდეც, ამიტომ არ მჭირდება სიმკაცრის გამოვლენა.
– პროფესიის მიღმა თუ გამოგივლენიათ სისასტიკე?
– არა, იმიტომ რომ ჩემი პროფესია ჩემი ცხოვრებაა. მე იმდენად ვარ ჩართული ამ საქმეში, რომ საერთოდ გამიჭირდება ნებისმიერი რამის გახსენება, რაც მას არ ეხება.
– რა არის თქვენი ყველაზე დიდი მარცხი და გამარჯვება?
– ჩემი ყველაზე დიდი გამარჯვება ალბათ, მაინც ჩემი ოჯახი და შვილებია. ამას მოჰყვება „თავისუფალი თეატრი“. რაც შეეხება მარცხს, საბედნიეროდ, მე არ ვარ მარცხიანი რეჟისორი. უკვე ძალიან დიდი ხანია, ჩავარდნები არ მაქვს. მაყურებელი კარგად იღებს იმას, რასაც მე მას ვთავაზობ. ჩემთვის საუკეთესოა ის დრო, როცა ვარ – დღეს თუ მკითხავთ, ეს დღეს იქნება, ხვალ თუ მკითხავთ – ხვალ. გუშინდელ დღეს არასდროს მივტირი, წარსულის მიმართ ნოსტალგიები არ მაქვს. დღევანდელ დღეს ხვალინდელის დიდი იმედით ვცხოვრობ.
– ბოლოს რა მოისმინეთ საკუთარ თავზე კარგი და ცუდი?
– ორი დღის წინ გვქონდა სპექტაკლი ოზურგეთში. ძალიან ბევრი კომპლიმენტი მოვისმინე, რამაც ძალიან გამახარა. ცუდს რაც შეეხება, ვერ ვიტყვი, რომ ჩემზე მაინცდამაინც მესმის ასეთი. არც მახსოვს, რა უთქვამთ ცუდი.
– რის კეთება გიყვართ პროფესიის მიღმა დარჩენილ მცირე დროში?
– ყველაზე მეტად, ჩემი პროფესიის გარდა, სამზარეულოში ტრიალი და საჭმელების კეთება მიყვარს. მიყვარს და გამომდის კიდეც. რომ არა რეჟისურა და თეატრი, სიამოვნებით ვიმუშავებდი შეფმზარეულად რომელიმე კარგ რესტორანში.
– რომ გაიგოთ, მეგობარს საყვარელი ადამიანი ღალატობს, სიმართლეს ეტყვით?
– არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვა ასეთი რამ. ადამიანმა თვითონ უნდა გაარკვიოს. არასდროს არ უნდა ჩაერიო სხვის პირად საქმეებში – ეს ჩემი კრედოა. გინდა, მეგობარი იყოს, გინდა, სხვა, ძალიან ახლობელი. სიმართლე ყოველთვის არ უნდა ითქვას. სიმართლის არ თქმა, არ ნიშნავს იმას, რომ ტყუილი უნდა ითქვას, მაგრამ ასეთ სიმართლეს ჯობს არაფერი თქვა. თვითონ გაერკვევიან. შენ რომ ასე მოიქცე, შეიძლება, მეგობარიც დაკარგო და მათაც ვერაფერში დაეხმარო. გავიმეორებ: ჯობს, არაფერი თქვა და თვითონ გაარკვიონ ერთმანეთში.
– რის გამო გაკრიტიკებენ ახლობლები და რის გამო გაქებენ?
– ალბათ, ერთგულების გამო, ძალიან ერთგული მეგობარი ვარ იმათთვის, ვისთანაც ვმეგობრობ. ჩემში ჩემი ახლობლები ყველაზე მეტად, ალბათ, ჩემს მათდამი მხარდაჭერას აფასებენ. მე ხშირად ვუჭერ მხარს ნიჭიერებას და ჩემს ახლობლებს. კრიტიკას რაც შეეხება, ახლობლებისაგან არ მახსოვს. შეიძლება, არ მეუბნებიან. რაც შეეხება პროფესიონალურ კრიტიკას, არ ვიცი, ღირს თუ არა ამით ვამაყობდე, მაგრამ ბოლო 20 წელია, ჩემ შესახებ კრიტიკული წერილი არ წამიკითხავს, ბუნებაში არ არსებობს ასეთი რამ. ისე, ჩემს ზურგს უკან ვინ რას ლაპარაკობს, არ ვიცი.
– სოციალური ქსელი არის ის სივრცე, სადაც ძალიან მარტივად შეუძლიათ კარგთან ერთად ცუდის თქმაც. ამაზე თუ გაქვთ რეაქცია?
– კი, ეს ხშირადაა. ხშირია ცილისწამებაც, შეურაცხყოფის მოყენებაც. ვცდილობ, არანაირი რეაქცია არ მქონდეს და საერთოდ, არც წავიკითხო. „ფეისბუკმა“ ბევრს მისცა „უფლება“, ხელი აიღოს სინდისსა და ნამუსზე. მოგონილ სახელებსა და გვარებს ამოფარებულები აყენებენ შეურაცხყოფას სხვა ადამიანებს და საერთოდ არ ღირს ასეთებისთვის ყურადღების მიქცევა.
– ბევრი წლის შემდეგ, როგორ ისურვებდით სიცოცხლის დასრულებას?
– მე ვფიქრობ, არ არსებობს ადამიანი, ვისაც ამაზე არ უფიქრია. მიუხედავად იმისა, რომ ამის სურვილი არავის აქვს, ეს ფიქრი ძალაუნებურად მოდის. როგორ ვისურვებდი? ჩემი საქმის კეთების დროს. ერთადერთი, რასაც არ ვისურვებდი, ამ დროს საწოლში ყოფნაა. არ მინდა, ჩემს ახლობლებს ტვირთად დააწვეთ ჩემი მოვლა. თუ სურვილზეა საუბარი, სიკვდილს რეპეტიციის ან გადაღების დროს ვისურვებდი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან