შოუბიზნესი

ავთანდილ ხურციძე: ვიფიქრე, რომ შვილი დამეხრჩო და თვალიდან ცრემლი არ გადმომსვლია. ეს რომ გავაცნობიერე, კინაღამ შემზიზღდა საკუთარი თავი

№14

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 15.04

ავთანდილ ხურციძე
დაკოპირებულია

ავთანდილ ხურციძის "უცნობი მხარე"👇

– ვინ არის ავთანდილ ხურციძე?

ავთანდილ ხურციძე: სპორტსმენი. სხვებს თუ მოვუსმენთ, რამდენიმე მეტსახელი მაქვს, რას აღარ მეძახიან: ზოგს განგსტერი ვგონივარ, ზოგს – ქუჩის ბიჭი, ზოგს – აგენტი. ეს მათი პრობლემაა. მე ჩემი თავი სპორტსმენად მიმაჩნია. დღეს ვეტერანი სპორტსმენი ვარ. ჯერ არ დამინებებია თავი აქტიური სპორტისთვის, მაგრამ ასაკი მაინც თავისას ამბობს.

– თქვენთვის საოცნებო ცხოვრება როგორია?

– რეალისტი ვარ და ოცნება არ მიყვარს. რასაც ვხედავ, იმას ვიღებ. რაც არის, ის არის. ჩემი დიდი მიზანია, რასაც ღმერთს ვთხოვ – მინდა, ჩემს შვილთან ერთად ვიყო. აღარ მინდა, ისეთი რამ მოხდეს, რამაც შეიძლება, დამაშოროს ამ პატარა ბიჭთან, როგორც რამდენიმე წლის წინ. მინდა, მოკრივედ გავზარდო და ჩემნაირი კაცი დავუტოვო მსოფლიოს. შვილი მეორეც მყავს, მაგრამ მასთან შეხება არ მაქვს. დედა არ მაძლევს მასთან დაკავშირების საშუალებას. ათი წლის ბიჭია, უკრაინაში ცხოვრობს. გვარის მიცემა ვერ მოვასწარი, მაგრამ გენეტიკურად ხურციძეა. მასთან ურთიერთობაც ჩემი მიზანია. ადვოკატი მყავს აყვანილი და მასთანაც დავამყარებ ურთიერთობას. მისი კოორდინატები ვიცი, მაგრამ არ ვუკავშირდები. არ მინდა, ისე მოვიქცე, როგორც ფიქრობენ, თითქოს, რამეს კრიმინალური გზით, არასწორად ვცდილობ. ამიტომ, ადვოკატის დახმარებით, სასამართლოს გზით მინდა, მივაღწიო მიზანს. მინდა, ჩემი შვილი სტუმრად ჩამოვიყვანო ამერიკაში და ძმა გავაცნო.

ოდესმე გიკეთებიათ საქმე, რომელიც ძალიან არ გიყვარდათ, შეიძლება, გძულდათ კიდეც?

– შეიძლება, ვიღაცისთვის გააკეთო ასეთი რამ, ვინც შენთვის მნიშვნელოვანია. არ გინდა, მაგრამ ვიღაცის გადასარჩენად მოგიწიოს. კი, გამიკეთებია.

– ემოციური და გულჩვილი ადამიანი თუ ხართ?

– გააჩნია სიტუაციას. წონის კლების დროს, რომ დავიღლები, ხანდახან ვტირი. გეფიცებით, ასეა (იცინის).

– ბოლოს როდის იტირეთ და რის გამო?

– ჩემი შვილი რომ დაიბადა, უმცროსი. ციხეში ვიყავი და ცრემლები წამომივიდა. ვიზიტზე რომ მომიყვანეს, მაშინაც ცრემლები წამომივიდა და შემდეგ ბავშვთა სახლში რომ ვნახე, მაშინაც. ჩემს ადგილას კაცს გული უნდა შეწუხებოდა, მაგრამ ადამიანი ყველაფრის ამტანი ყოფილა. ამას წინათ ოკეანის სანაპიროზე ვიყავით გასულები და ბავშვი სილაში თამაშობდა. მეგობარმა მითხრა, ფოტო გადავიღოთო. უცებ გადავიღეთ, მოვიხედე და ბავშვი აღარ არის. ვერსად ვნახე. ვიფიქრე, რომ შვილი დამეხრჩო და თვალიდან ცრემლი არ გადმომსვლია. გაშტერებული ვიყურებოდი აქეთ-იქით. მერე ისევ ჩემმა მეგობარმა დაინახა, ზემოთ ასულა სათამაშოდ. მთავარი ისაა, რომ იმ წამებში მე დავუშვი, რომ დაიხრჩო და თურმე, ამასაც შევეგუებოდი. ეს რომ გავაცნობიერე, კინაღამ შემზიზღდა საკუთარი თავი. ადამიანი, თურმე, ყველაფრის ამტანია. ვერ მოვიფიქრე, რა გამეკეთებინა, წყალში შევსულიყავი, ნაპირზე დამეწყო ძებნა. ვიდექი და წყალს ვუყურებდი. ისევ ჩემი მეგობარი დატრიალდა და დაინახა კიდეც იქვე. ისეთი გახარებული ვიყავი, თითქოს მაშინ დაიბადა.

– რას გააკეთებდით, ახლა რომ ლატარიაში ბევრი მილიონი მოიგოთ?

– გასაკეთებელის მეტი რა მაქვს. სოფელი მაქვს არაჩვეულებრივი და გადავაკეთებდი ქალაქად. ჩემთვის არაფერს, ალბათ შვილებისთვის გავაკეთებდი. ხომ იცით, ქართველები როგორები ვართ – გვინდა, შვილებს იმდენი გავაუკეთოთ, რომ ხელის გასანძრევი არ დავუტოვოთ. მერე გარდაიცვლება მშობელი და შვილმა აღარ იცის, რა გააკეთოს. მიდგება და ყიდის მშობლების შეძენილ ქონებას. სინამდვილეში, მგონი, შვილს უნდა ასწავლოს. შეიძლება, სამსახურში მოწყობაშიც დაეხმარო. დანარჩენი კი თვითონ უნდა გააკეთოს, ყველაფერი დამოუკიდებლად უნდა შეძლოს.

– გინდათ, რომ მსოფლიო მასშტაბით იყოთ ძალიან ცნობილი და გავლენიანი ადამიანი?

– ცნობადობა არ მაკლია (იცინის). თუმცა, ისიც არ მინდა, ახლა რომ ვარ, ასეთი ცნობილი ვიყო, ანუ, ნახევრად კრიმინალის სახელით. ზოგი სპორტსმენად მიცნობს, ზოგი განსგტერის სახელით. მოდის ადამიანი და მეუბნება, ვიცით, შენ განგსტერი ხარო. მერე მე ვუხსნი, რა განგსტერი, ბოქსიორი ვარ, განსგტერი მხოლოდ რინგზე ვარ-მეთქი (იცინის). არ ვიფერებ, მაგრამ ამ ბოლო დროს 99 პროცენტი ასე მიცნობს. ახალგაზრდა რომ ვიყავი, მეგონა, რომ ყველამ იცოდა ჩემი წარმატებები. ვფიქრობდი, რომ ყველა უყურებდა სპორტს. ასე არ ყოფილა. არის ადამიანების კატეგორია, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს ორთაბრძოლა, არ უყურებენ ძალისმიერ სპორტს და შესაბამისად, ყველამ არ იცის, ვინ ვარ. მე სადაც ვმოძრაობ, ფაქტობრივად, ყველგან მიცნობენ და იციან, ვინ ვარ.

– წარსულიდან რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე მცდარ ნაბიჯად, რასაც შეიძლება, სინანულიც უკავშირდებოდეს?

– წარსულში რომ დამაბრუნოთ, ყველაფერს ისევ ისე გავაკეთებ. ადამიანმა შეცდომა არ უნდა დაუშვა. შეიძლება, გაპატიო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შენ ის გამოასწორე. რა დროც არ უნდა გავიდეს, ის შეცდომა სულ მახსოვს. ვაპატიებ, მაგრამ არ დამავიწყდება. ანალოგიურად იქნება სხვაც ჩემთან. მე ვფიქრობ, რომ არ მაქვს პირად ურთიერთობებში შეცდომები და ამით ბედნიერი ვარ.

– ოდესმე რამე მოგიპარავთ?

– ხომ იცით, როგორაა ნათქვამი, მთლად პატიოსანი ადამიანი, საიქიოში ვირების მწყემსად დააყენესო. ცოტა რეალური თვალით თუ არ შეხედავ ცხოვრებას, არაფერი გამოვა. მე კი არა, კანონდამცველები იპარავენ. რადგან კანონია, არ ნიშნავს, რომ მისი დამცველი არ იკადრებს. თუ ხელს მოუწერ, დიდი სიამოვნებით შეგიყვანს შეცდომაში. შენ უნდა იცოდე, რას აკეთებ. თუ არ იცი, ის არ გეტყვის, ეგ არ არის კანონიერი და არ გააკეთოო. ისინი იპარავენ, ვინც ჩვენ გვიკრძალავს მოპარვას და ჩვენ თუ სადღაც „ტუფლი“ ვნახეთ, მოგვერგო და ფეხი გოუყარეთ, მაგი არაფერია, მაღაზიაში სიგნალიზაცია თუ არ აყვირდა. კამერებმა დაგვღუპა (იცინის).

– როგორი დამოკიდებულება გაქვთ ტყუილთან?

– ისე ვიტყუები, რომ ჩემი ტყუილი სიმართლეა. მეორე მხარე რომ მოისმენს, იტყვის, მართალიაო. ასეც უნდა მომეტყუებინა, თორემ სხვანაირად, ჩემი სიმართლე ტყუილზე უარესი იქნებოდა. აქ უფრო კანონდამცველებთან ურთიერთობა მაქვს მხედველობაში. ადამიანი გადებს ბორკილებს და მერე გეკითხება, შენ გააკეთე ეს და ესო? თუ არ იცი, გავაკეთე თუ არა, რატომ მიჭერ?! შენ თუ არ იცი, მაშინ მე ისე გეტყვი, მე როგორც ვიცი.

– როდის ყოფილხართ ყველაზე სასტიკი?

– ისეთი შეყვარებული მე არ მყოლია, რომ გამთხოვებოდა და გავბრაზებულიყავი (იცინის). არ ვიცი, ალბათ, რინგზე. საკუთარი თავის გაკონტროლება ყოველთვის შემიძლია. ხანდახან არც ჩხუბი მინდა და არც ცუდი სიტყვის თქმა, მაგრამ ვალდებული ვარ, უნდა ვთქვა. ეს რომ არ გავაკეთო, მეორე მხარეს ეგონება, რომ პასუხი ვერ გავეცი, შემეშინდა ან რამე ამდაგვარი და ისე მოიქცევა, რომ უარესი იქნება. ამიტომ ჯობს, იმწუთას გავცე პასუხი ისე, როგორც იმსახურებს, რომ რამეში არ გადაიზარდოს და საქმე მართლა განრისხებამდე მივიდეს.

– რა გსმენიათ საკუთარ თავზე განსაკუთრებით კარგი და ცუდიც, რაც დაგამახსოვრდათ.

– შორიდან ბევრი რამ გამიგია. მე საქართველოს მოქალაქეობაზე მაქვს უარი ნათქვამი. ამას წინათ ქართულ რესტორანში ვიყავი. გადამთვრალი ადამიანი შემხვდა. ისე იქცეოდა, მართლა საცემი იყო, მაგრამ ჩემი შვილი მახლდა, რომელმაც ქართული არ იცის და მოვერიდე. დამიძახა, მოდიო. მივედი, ჩემებურად, თავი დავხარე, გისმენ-მეთქი. დალიე საქართველოს სადღეგრძელოო. ჰგონია, რადგან საქართველოს მოქალაქეობაზე უარი ვთქვი, მთელი საქართველო მძულს. ავდექი და ვთქვი ლამაზად სადღგრძელო. იქვე მყოფი მეორე ბიჭი მეუბნება, შენ გენაცვალეო. მივხვდი მიზეზს, აქ ასეა ხმა გავარდნილი, თითქოს, მეზიზღება ქართველი ერი. მე მეზიზღება ის, ვინც ადამიანის დამღუპველია და მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, რით დაგბლოკონ და ხელი შეგიშალონ. მე ქართველი ვარ, მერე რა, თუ ქართული პარსპორტი არ მაქვს.

კარგი რაც გამორჩეულად დამამახსოვრდა ის იყო, რომ იმავე დღეს მე ვიჯექი ჩემთვის, ეს მთვრალი ბიჭი რომ მაგინებდა და რაღაც ბრალდებებს აჟღერებდა, მოვიდა და მითხრა: მე შენ არ გიცნობდი, მუხლებზე დაგიდგები და ისე მოგიხდი ბოდიშსო. ფეხზე ავდექი და გვერდით ვინც მეჯდა, მითხრა: გეხვეწები, არ დაარტყაო. დავარტყა კი არა, უნდა ვაკოცო-მეთქი. მერე ქართველებმა სიმღერა მაჩუქეს და ძალიან გამიხარდა.

ისე, სულ ქართულ რესტორნებში დავდივარ. კიდევ კარგი, საქართველოს მოქალაქეობას არ გვთხოვენ შესასვლელად (იცინის).

– რა არის ის, რითაც ამაყობთ ყველაზე მეტად?

– ალბათ, ჩემი თავი და პატიოსნება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

14–20 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა