შოუბიზნესი

ასმათ ტყაბლაძე: არაერთი ადამიანი მყავს სიკვდილს გადარჩენილი

№3

ავტორი: ნონა დათეშიძე 16:00

ასმათ ტყაბლაძე
დაკოპირებულია

ენერგიული, პოზიტიური და საყვარელი მსახიობის, ასმათ ტყაბლაძის ცხოვრებაში ბევრჯერ იყო მომენტები, როცა შინაგანმა ხმამ საფრთხის შესახებ უკარნახა, მიჰყვა მას და არაერთი ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს. მას, როგორც ნიჭიერ მსახიობს, ყველა იცნობს, მაგრამ მისი უცნაური ნიჭისა და გამძაფრებული ინტუიციის შესახებ, ცოტამ თუ იცის.

ასმათ ტყაბლაძე: ინტუიცია საკმაოდ განვითარებული მაქვს და ამის წყალობით, არაერთი ადამიანი მყავს სიკვდილს გადარჩენილი, მათ შორის ბავშვებიც. სასწაული ფაქტებიც მომხდარა, რომელიც ჩემდაუნებურად, ისე ხდებოდა, ახსნასაც ვერ ვპოულობ.

– საფრთხის მოახლოებას ან რაიმე მოვლენას წინასწარ გიგრძნობთ გული?

– ბევრჯერ მქონია შემთხვევა, გავიფიქრებ ვინმეზე, ალბათ, ათი წელია არ მინახავს, ნეტავ როგორ არის-მეთქი და იმ დღეს შემხვდება სრულიად შემთხვევით.

– თეფში თუ დაგიტრიალებიათ და გამოგიძახებიათ სულები, ან მკითხავის ნათქვამი თუ აგხდენიათ მომავალში?

– თეფშის დატრიალებისა და მკითხავების არასდროს მჯეროდა. ახალგაზრდობაში გოგოებმა დავატრიალეთ თეფში, გამოვიძახეთ სულები, მაგრამ არავინ არ დაგვლაპარაკებია და გავსკდით სიცილით. მოკლედ, გვინდოდა სულებს გავსაუბრებოდით, მაგრამ არაფერი გამოვიდა (იცინის). ერთხელ კი, ერთი მკითხავი აქეს, მაგრად მკითხაობს, ყველას აუხდა მისი ნათქვამიო. დაგვაინტერესა და წავედით. სცენაზე ვყავდი იმ მკითხავს ნანახი, მიცნო და დაიწყო: თქვენ, ამაღლებულზე დგახართ, ქვევით ბევრი ხალხია, ტაშსაც კი გიკრავენო... (იცინის). სხვათა შორის, თვალის უფრო მჯერა. იაპონიაში ვიყავით გასტროლზე და ვიყიდე მანქანა. სხვებმაც იყიდეს, ბიჭებმა, მაგრამ ჩემი მანქანა ყველას სჯობდა. გამყოდველმა ქალი რომ დამინახა, მითხრა: მე შენ კარგ მანქანას გაყიდვინებო და მართლაც ასე იყო. სულ ვატარებ გიშრის მძივს, ძალიან მიყვარს და მაშინაც მეკეთა. რომ დავბრუნდი თეატრში, სცენაზე გასვლის წინ საგრიმიოროში შევედი, სადაც ყველა მსახიობი იყო. ავთო მიქაძემ რომ დამინახა, ხმამაღლა თქვა: ასმათმა იყიდა ყველაზე კარგი მანქანაო. ამის თქმაც იყო და ჩემი გიშრის მძივი გაწყდა და იატაკზე დაიფანტა და ერთი გიშრის თვალი ნამსხვრევებად დაიშალა. იქვე თქვეს: ვიღაცის თვალი გეცა და გიშერმა აიღო თავის თავზეო. არ ვიცი, რამდენად მართალია, მაგრამ ფაქტია, არაერთხელ გამიწყდა გიშრის მძივი. მე და ჩემი ერთი ახლობელი ტელევიზორში ვუყურებდით ფიგურულ სრიალს, მსოფლიო ჩემპიონატი იყო. დიქტორმა გამოაცხადა: ეს წყვილი არასოდეს დაცემულა, ყოველ გამოსვლაზე სასწაულად ცეკვავს ყინულზეო. ამ ჩემმა ახლობელმა ქალმა თქვა: აი, ნახე, ახლა დაეცემიანო და მართლაც დაეცნენ (იცინის). სხვათა შორის, სკოლაშიც კარგად ვსწავლობდი და ინსტიტუტშიც, ლენინის სტიპენდიანტი ვიყავი. გამოცდაზე რომ მივდიოდი, კარგად ვიყავი მომზადებული, ის ახლობელი ქალი დამხვდა და დამაყარა კითხევები: მიდიხარ გამოცდაზე? ხომ ხარ კარგად მომზადებული? ხომ არ გეშინია?.. ყველაფერი კარგად ვიცოდი და რატომღაც ვერ ჩავაბარე. იმ ქალს დავაბრალე ჩემი წარუმატებლობა, სულ მეშინოდა იმის თვალის და მერე ვატყუებდი ხოლმე, ხვალ მაქვს გამოცდა-მეთქი, არადა, უკვე ჩაბარებული მქონდა (იცინის). შეიძლება, არ უნდოდა, მაგრამ მე ცუდად მქონდა მისი თვალი დაცდილი. ახლა გამახსენდა: დილით რომ ავდგებოდი და ამოვიცმევდი კოლგოტს და გავიფიქრებდი: უი, რა კარგი გამოდგა, გამიძლო, თვალი არ წასვლია-მეთქი, ეგრევე თვალი მისდიოდა (იცინის). მე თვითონ ვთარსავდი ჩემს თავს (იცინის). ხშირად ყოფილა, გამიფიქრებია რამე და ზუსტად ის მომხდარა. ასე რომ, ჩემი თილისმა გიშრის მძივია, რომელსაც სულ ვატარებ და ძალიან მიყვარს. ამას წინათ გამიწყდა, ავაწყვე და ისევ გავიკეთე. როცა გიშრის მძივი მიწყდება, ვხვდები, რომ რაღაც ცუდი ხდება და იმ მომენტში ის თავის თავზე იღებს, იმ ცუდს.

– სიზმრები თუ გიხდებათ?

– სიზმრების თემა, ნამდვილი სასწაულია ჩემთვის. წინასწარ კი არ ვნახულობ სიზმრებს, რაც უნდა მოხდეს, არამედ, ვნახულობ იმას, რაც რეალურად იმ წამს ხდება.

– თქვენი რეალური სიზმრების გადამკიდეს თუ გითქვამთ: დაძინების მეშინიაო?

– არა, მიუხედავად იმისა, რომ რეალურ სიზმრებს ვხედავ, არასოდეს მითქვამს, დაძინების მეშინია-მეთქი. მე მშიშარა ქალი არ ვარ (იცინის).

– ცრურწმენების თუ გჯერათ? მაგალითად, ხომ არ ატარებთ საფულეში დაფნის ფოთოლს ფინანსების გასაორმაგებლად და მოსაზიდად?

– არა, ცრურწმენების არ მჯერა, აქამდე არ მიტარებია დაფნის ფოთოლი საფულით და ამ ასაკში რომ დავიწყო მსგავსი რამეები, გამორიცხულია (იცინის). მე ლოცვის მჯერა, პირჯვარი უნდა გადაიწერო და ღმერთს სთხოვო, ყველას კარგად ყოფნა და ქვეყნის კეთილდღეობა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

12-18 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი