შოუბიზნესი

აპირებს თუ არა გიორგი გილიგაშვილი ბერად შედგომას და რას გადაარჩინა ის ივა კუზანოვმა

№24

ავტორი: ქეთი მოდებაძე 22:00 22.06, 2021 წელი

გიორგი გილიგაშვილი
დაკოპირებულია

გიორგი გილიგაშვილი ბოლო წლებში განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია. თავიდან მასში ეჭვი ეპარებოდათ, ფიქრობდნენ, რომ თამაშობდა, თუმცა ახლა, ალბათ, ყველას სჯერა, რომ გიორგი რეალურადაც ისეთია, როგორადაც თავი გაგვაცნო. როგორი იყო მისი ბავშვობა და ოჯახური ცხოვრება ამაზე გიორგის დედა გვიამბობს.

ნანა ჭელიძე: გიორგიმ გამაფრთხილა, ბევრი არ მაქოო და არც მე მინდა, ასე მოვიქცე. მხოლოდ რეალობას აღგიწერთ, გიორგი არის ადამიანი, რომელიც დადის და სიყვარულს აფრქვევს. ოჯახშიც ასეთია, არ გეგონოთ, რომ ეს მოჩვენებითია. სახლში ცოტა გაბრაზებული ან ცოტა უხეშად თუ მივმართავთ ერთმანეთს, მაშინვე შეგვახსენებს, რომ სიყვარულით უნდა იყოს ჩვენი ქმედებები სავსე. გვეცინება ხოლმე და ნეიტრალდება სიტუაცია. სიმართლეს გეტყვით, ზოგჯერ ვბრაზდები კიდეც, ხომ არ შეიძლება, ადამიანი სულ სიყვარულით იყო სავსე და არასდროს ბრაზდებოდე?! მაგრამ ჩემდა გასაკვირადაც კი, გიორგის შემთხვევაში ასეა.

– ვის ჰგავს ამ თვისებებით?

– ამაზე ჩვენც გვიფიქრია, ალბათ, ნაკრებია. ფიზიკურად მამას ჰგავს ძალიან. მამაც წერდა ლექსებს, სკოლის პერიოდში მეც ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული შემოქმედებით ცხოვრებაში, მახსოვს კედლის გაზეთის რედაქტორიც ვიყავი. სხვათა შორის, მამამისიც ძალიან მშვიდი და გაწონასწორებულია.

– ბავშვობაში როგორი იყო?

– ბავშვობაში ძალიან ცელქი იყო. რომ ვუსაყვედურებდი: გიორგი, კარგი, დედა, პატარა აღარ ხარ-მეთქი, მპასუხობდა: დედა, მაქსიმალურად უნდა გავიხანგძლივო ბავშვობაო. ახლა ვფიქრობ ხოლმე, შეიძლება, გრძნობდა, რომ მერე ასეთი დინჯი და სერიოზული გახდებოდა?! 18 წლამდე მეუბნებოდა, ჯერ ხომ არ ვარ სრულწლოვანი და ბოლო დღემდე ბავშვობა უნდა შევიგრძნოო. ძალიან ცელქი იყო, ექსტრემი იზიდავდა, სიმაღლეებიდან ხტებოდა, მოტოციკლეტი და ცხენზე ჯირითი უყვარდა. სულ მეშინოდა, რამე არ მოსვლოდა. ღმერთის წყალობით, ისე გავიარეთ ბავშვობა, რომ სერიოზული არაფერი დაშავებია. თუ არ ჩავთვლით ერთ-ერთი ახალი წლის ღამეს, როცა ჩვენგან მალულად ფეიერვერკი დაუმზადებია. როგორც ჩანს, რაღაც შეეშალა, ფეირვერკი იმაზე ადრე აფეთქდა, ვიდრე ელოდა და ვერ მოასწრო მისი ფანჯრიდან გადაგდება. ისეთი საშინელი აფეთქება იყო, სახლის ჭერი ლამის მაღლა აიწია, გიორგიმ კი თითი დაიზიანა. ეს იყო ძალიან მტკივნეული მომენტი. მაშინ 15-16 წლის იქნებოდა. მადლობა ღმერთს და მადლობა ივა კუზანოვს თითის შენარჩუნებისთვის. ზოგმა გვითხრა, რომ თითის ნაწილი უნდა მოგვეკვეთა, მაგრამ ღმერთმა დაგვიფარა.

– ბავშვობაში რამდენიმე თვე ლონდონში სწავლობდა. გაგიჭირდებოდათ შვილის შორს გაშვება, როგორი დაბრუნდა იქიდან?

– ძალიან გამიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ვხვდებოდი, რომ მისთვის ასე აჯობებდა და ამიტომ გადავდგით ეს ნაბიჯი. ლონდონში 13 წლის ასაკში მარტო წავიდა. მერე ხუმრობდა, გულში ვფიქრობდი, ჩემს მშობლებს არ ვუყვარვარ, მარტო რომ გამიშვესო? იქიდან შეცვლილი ჩამოვიდა. უცხო ქვეყანაში ძალიან დამოუკიდებელი გახდა, ბევრი რამ ისწავლა და მივხვდი, რომ პიროვნულად ძალიან გაიზარდა.

– გიორგის მეტყველების სტილმა ყველა ძალიან გააოცა, ასევე სამოსმა. ყოველთვის ასეთი იყო?

– სკოლაში პედიატრად ვმუშაობდი და თან, მხატვრულ მიმართულებას ვხელმძღვანელობდი. ძალიან ბევრ სპექტაკლს ვდგამდით ისტორიულ თემებზე და მე ვფიქრობ, გიორგი მაშინ დაინტერესდა ისტორიით. მეოთხე კლასში იყო, როდესაც ილია ჭავჭავაძის როლი განასახიერა, შემდეგ იყო ცოტნე დადიანი, რუსთაველი და ასე შემდეგ. რაც შეეხება ტერმინებს – „ჩემმა მზემ“ – ეს მამაჩემსაც გამოუყენებია და ჩემს მეუღლესაც. ასე რომ, გიორგის ყურმოკრული ჰქონდა, მაგრამ როდის მოუნდა მისი მეტყველებაში დამკვიდრება, ვერ გეტყვით. ძალიან ბუნებრივად მოხდა ეს ყველაფერი, ასე საუბარი ერთ დღეს არ დაუწყია, ნელ-ნელა გახდა მისი ლექსიკა ასეთი.

მისი შინაგანი სამყარო ძალიან ახლოს არის ღმერთთან. იმდენად, რომ ზოგჯერ მე თვითონაც გამკვირვებია. ძალიან ბევრს კითხულობს და კიდევ უფრო ბევრს ფიქრობს. ცდილობს, საკუთარ შინაგან სამყაროს სხვისი აზრი არ მოახვიოს.

– თუ ეუბნებით გიორგის, რომ უკვე დაოჯახების დროა?

– ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეული თემაა. კი, უკვე ვეუბნები. ადრე მინდობილი ვიყავი და ველოდი, რომ დღეს-ხვალ რამე იქნებოდა. ახლა ვეუბნები, რომ მე და მამამისი უკვე ასაკში ვართ და გვინდა, მისი ოჯახი და შვილი ვნახოთ, მასაც ასაკი ემატება. ძალიან მინდა, მაგრამ რას ეძებს ეს ბიჭი, მართლა ვერ გაიგებ (იცინის). დედი, მეც მინდა, სიყვარულს ვეძებ, მაგრამ რა ვქნაო!? არ ვიცი, რატომ უჭირს პოვნა. თუმცა ვგრძნობ, რომ თვითონაც ძალიან უნდა, ვინმე შეუყვარდეს. არ ვიცი, რას ელოდება, მართლა ზეციდან უნდა ჩააგონოს ვინმემ რამე?! (იცინის)

– რთულად მოსწონს გოგონები?

– არ არის ისეთი, რომ განსაკუთრებულს ეძებდეს ან აუცილებლად რაღაც სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს გოგო, რომ გიორგის მოეწონოს. უბრალოდ, უნდა შეუყვარდეს და ამას ელოდება. არ ვიცი, რატომ ვერავინ შეაყვარა თავი. რომ ჰკითხო, ყველა გოგო კარგია, მაგრამ სიყვარულით, არავინ ჰყვარებია.

– თქვენ როგორი გოგო წარმოგიდგენიათ მის გვერდით?

– მე გიორგის ბედნიერება მინდა და თვითონ როგორიც შეუყვარდება, მეც ისეთს მივიღებ და შევიყვარებ. მხოლოდ ის წარმომიდგენია, რომ ერთმანეთი უნდა უყვარდეთ და ბედნიერები იყვნენ. მე ნაკლებად ჩავერევი მათ ურთიერთობაში. ახალგაზრდები დამოუკიდებლები უნდა იყვნენ. მესამე პირი არ უნდა ჩაერიოს ახალგაზრდების ცხოვრებაში. თუ რამეში გამოვადგები, რა თქმა უნდა, მათ გვერდით ვიქნები. მგონია, რომ გიორგი ძალიან კარგი, თბილი, მოსიყვარულე და მზრუნველი მეუღლე იქნება.

– მომავლის სასულიერო ცხოვრებისთვის დაკავშირებაზე უფიქრია?

– ჩვენ არ გვისაუბრია ამაზე, მაგრამ ახლახან მამა პეტრეს კითხვაზე – გიორგი, ბერობას ხომ არ აპირებო, გიორგიმ უპასუხა: არ ვიცი, მამაო, ყველაფერი უფლის ნებააო. როგორც მე გავიგე, თქვა, მსურს ერში გავმრავლდე და სიბერეში შეიძლება, სადმე შემოსილიც მნახოთო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №19

6-12 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი