ანუკი ცქვიტინიძე: ეს ამბავი ჩემი გამოუსწორებელი სინანულია, მთელი ცხოვრება ამის გამო განვიცდი
ავტორი: ქეთი კაპანაძე 16:00 24.03

ანუკი ცქვიტინიძის "უცნობი მხარე"👇
– ვინ არის ანუკი ცქვიტინიძე?
ანუკი ცქვიტინიძე: მუსიკოსი, ადამიანებსა და ურთიერთობებზე შეყვარებული ადამიანი.
– როგორია თქვენთვის საოცნებო ცხოვრება?
– ისეთი, როგორიც მაქვს. მყავს გელა, მარიამი და იკაკო – მეუღლე და შვილები. ჩემი ძვირფასი ადამიანები ჯანმრთელები და ბედნიერები არიან. ეს არის ჩემთვის საოცნებო და მაქვს. რა თქმა უნდა, კიდევ შევმატებდი გარკვეულ დეტალებს, ალბათ, უფრო მატერიალური კეთილდღეობის თვალსაზრისით, რაც ადამიანებს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში გვეხმარება და რაც კიდევ უფრო გაალამაზებდა მას.
– ემოციური და გულჩვილი ადამიანი ხართ?
– ემოციური, რა თქმა უნდა, ვარ, თუმცა შემიძლია ჩემი ემოციების მართვა და შეკავება. სადღაც შემიძლია, გამოვაჩინო, სადღაც თავი შევიკავო. მეგობრების გარემოცვაში თავისუფალი ვარ, სახლში, გელასთან – კიდევ უფრო თავისუფალი. თუ სიხარულის ემოციაა, ნაკლებად ვიზღუდავ თავს გამოხატვაში, თუ წყენა და განცდებია, ამ შემთხვევაში, ვცდილობ, რომ დიდად არ გამოვავლინო, რომ გვერდში მდგომ ადამიანებს არ გადავდო. თუმცა, საერთოდ, ემოციებითა და გრძნობებით ვცხოვრობ.
გულჩვილობას რაც შეეხება, ძალიან არა, ზომიერად გულჩვილი ვარ, მაგრამ არის მომენტები, ფილმის ცქერისას, წიგნის კითხვისა თუ ცხოვრებისეული მოვლენებისას, როცა გული ამიჩუყდება და ცრემლი მომდის. თუმცა, ეს დიდი დოზით არ ხდება.
– რას გააკეთებდით, ლატარიაში რომ ბევრი მილიონი მოიგოთ?
– ოჰ, რა მაგარი იქნებოდა! (იცინის) რა თქმა უნდა, მთელი გულითა და სულით გავიღებდი თანხას მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ. ასევე, ძალიან ბევრს ვიმოგზაურებდი ჩემს ოჯახთან ერთად. მოგზაურობა ჩემთვის ყველაზე დიდი სიამოვნებაა. სიხარულით მოვივლიდი იმ ქვეყნებს, რომლებიც ჩემს შვილებს არ აქვს ნანახი. ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე, ხშირად ვმოგზაურობ, მეუღლესთან ერთად. მთელი ოჯახით – იშვიათად და აუცილებლად გამოვიყენებდი ამ შესაძლებლობას ამისთვის.
– გიოცნებიათ, რომ მსოფლიო მასშტაბით ყოფილიყავით ძალიან ცნობილი ადამიანი?
– როგორ არა, ჩემი მთავარი ოცნება იყო, დამეწერა მუსიკა „დისნეის“ ანიმაციებისთვის და „ჰოლივუდისთვის“. როგორც მომღერალს, იმდენად არ მიოცნებია, რამდენადაც როგორც ავტორს. მგონია, რომ შემიძლია და ძალიან ბევრჯერ მიოცნებია ამაზე. ეს ოცნება დღემდე მაქვს.
– წარსულიდან რა მიგაჩნიათ თქვენს არასწორ ნაბიჯად, რასაც შეიძლება, სინანულიც უკავშირდებოდეს?
– ცოტა იუმორით გავიხსენებ ამბავს, რომელსაც ჩემი დიდი სინანული უკავშირდება. პატარა ვიყავი და სურამში ვისვენებდით. ძალიან ახლოს ბავშვთა პანსიონში ბავშვები მშობლების გარეშე იყვნენ დასასვენებლად. ჩვენს ეზოში შემოდიოდნენ ხოლმე. ერთ-ერთ გოგონას თავზე თმა არ ჰქონდა და ამ განსხვავებულობის გამო ისე შევშფოთდი, რომ ეს გოგო ეზოში არ შემოვუშვი. მთელი ცხოვრებაა, ამის გამო განვიცდი. ჩემს თავზე ვბრაზდები, გულწრფელად მაწუხებს ეს მოგონება და ჩემი გამოუსწორებელი სინანულია. სიამოვნებით მოვუბოდიშებდი იმ ადამიანს. სინანულთან დაკავშირებით, პირველად ყოველთვის ეს მახსენდება. ცხოვრებაში ხდება ისეთი მომენტები, რასაც მერე ვნანობთ, მაგრამ ასე მძაფრად არაფერი მახსენდება. ძალიან ვუფრთხილდები ურთიერთობებს. ვცდილობ, ფრთხილი ვიყო და გაუაზრებლად არ მოვიქცე. ვცდილობ, არ მომივიდეს ისეთი შეცდომა, რომელსაც მერე ვინანებ.
– უხერხული შემთხვევა, რომელიც თავს გადაგხდენიათ...
– ექვსი წლიდან ვწერდი სიმღერებს. გოგონების კვარტეტი გვქონდა, ჩემს სიმღერებს ვასრულებდით და ხშირად გამოვდიოდით ფილარმონიაში დიდ მომღერლებთან ერთად. ერთ-ერთი გამოსვლის დროს, დედა ისე ღელავდა, ჩემი ლაკის ფეხსაცმელები გულში ჰქონდა ჩახუტებული და სცენაზე ლამის ბოტასებით გავედი. ბოლო წუთს დამიჭირა და გამომიცვალა (იცინის). დიდობაში ისეთი არაფერი მომხდარა. ყოველ ნაბიჯზე იმდენს ვფიქრობ, რომ მერე ნაკლებად ვაწყდები უხერხულობებს. სულ ვცდილობ, ჩემი დაუფიქრებლობის გამო რამეში არ შევცდე და ამით სხვა არ დავაზარალო, ამიტომ ვცდილობ, ყველა დეტალი წინასწარ გავთვალო, ამიტომ დაუგეგმავად იშვიათად ხდება რამე.
– ოდესმე რამე მოგიპარავთ?
– მახსოვს, ბავშვობაში ოქროყანაში ვისვენებდით. თამაშის დროს სათამაშო ჩანთა, რომელიც ხელში მეჭირა, მაგრამ ჩემი არ იყო, სხვა ბავშვს ეკუთვნოდა, წამოვიღე და აღარ დავაბრუნე (იცინის).
– როგორი დამოკიდებულება გაქვთ ტყუილთან?
– საშინელი. არ გამომდის ტყუილის თქმა, ძალიან მეტყობა. პატარა ბავშვივით ვწითლდები და მცდელობასაც კი არ აქვს აზრი. ვერ ვიტან, თუ ვინმე მატყუებს. თუ შევნიშნე, რომ ასეა, ძალიან მტკივა გული. ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, ასეთი ადამიანებისგან დისტანცირებას. მგონია, რომ სიმართლე, როგორი უსიამოვნოც არ უნდა იყოს, უფრო მისაღებია, ვიდრე ტყუილი. შეიძლება, რაღაცისთვის გინდა თავის არიდება, მაგრამ ასეთ სიტუაციაშიც ვცდილობ, ტყუილს ავარიდო თავი და თუ მაინცდამაინც, სიტუაცია ცოტა შევალამაზო. რაც არ უნდა იყოს, ყოველთვის სიმართლის თქმა მირჩევნია, თორემ მერე ძალიან განვიცდი.
– სახალისო ამბავი თუ გადახდენიათ თავს პაემანზე?
– მე ბუნებრივად მაქვს ხვეული თმა. ახლა ეს ყველამ იცის, მაგრამ იყო პერიოდი, როცა ვცდილობდი, რომ ხშირად გამესწორებინა. მეგონა, რომ სწორ მდგომარეობაში უფრო კარგად გამოიყურებოდა. თუმცა, ვცდებოდი (იცინის). ზუსტად იმ პერიოდში ერთმა ყმაწვილმა დამპატიჟა პაემანზე და მე დავარცხნილი, გასწორებული თმით მივბრძანდი. გავისეირნეთ და საშინელი წვიმა წამოვიდა. ნელ-ნელა ეს ჩემი გასწორებული თმა დაიხვა და დაიხვა. ეს ბიჭი გაოცებული მიყურებდა, შენ ხვეული თმა გაქვსო?! (იცინის) ძალიან ვინერვიულე, დავიღუპე–მეთქი, მაგრამ მერე მითხრა, არა, ძალიან გიხდებაო და დავმშვიდდი, კონკიასავით დამემართა (იცინის).
– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?
– გამარჯვებად ის, რომ ჩემი ნიჭი გამოვიყენეთ და ხალხის სიყვარული მივიღეთ. ეს დიდი გამარჯვებაცაა და დიდი მადლიც. გამარჯვება ისაა, რომ არ დავიზარე შრომა და თითქოს, ჩვენი ადგილი დავიკავეთ საზოგადოებაში. მარცხი არის წონა, რომელსაც ვერ მოვერიე (იცინის). ახლა დავიწყე ამ პრობლემასთან ბრძოლა და იმედია, მალე გავუმკლავდები. პანდემიიდან მოყოლებული, გაუგონარი კილოგრამები დავაგროვე და ვერა და ვერ დავამარცხე. ვცდილობდი, მაგრამ ძალიან არასწორად და მერე ვნებდებოდი. ახლა უკვე სერიოზული ბრძოლა მაქვს დაწყებული და ვნახოთ, რა გამომივა (იცინის).
სიახლეები ამავე კატეგორიიდან