ანრი ბიბინეიშვილი-ჯაყელი: თაიამ ჩემს ტვინში ფიქრის ღრუბელი გაფანტა
ავტორი: ნონა დათეშიძე 20:00 24.03, 2021 წელი

მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი-ჯაყელი ქალიშვილის მამა გახდა. როგორც თავად ამბობს, ბავშვის მოვლაში მეუღლეს ეხმარება – აბანავებს, აჭმევს, უცვლის და ეს მარტო დედის კი არა, მისი მოვალეობაცაა. ახლახან ანრიმ პატარას ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და დაწერა: „არ ვიცი, რა ჰქვია ამ ძალას და არც მინდა, არსებობდეს ამაზე პასუხი, გარდა არსებულისა, მაგრამ ერთი ვიცი, რომ შენი მობრძანებაა სურვილი სიცოცხლისა, რომელიც აქამდე არაერთხელ „მომბეზრებია“. გმადლობ, რომ მე ამირჩიე მამად და ჩემი შეყვარებული – დედად!“. ჟურნალი „თბილისელები“ ანრის და მის მეუღლეს, თამარს, ულოცავს პატარა თაიას დაბადებას.
ანრი ბიბინეიშვილი-ჯაყელი: 31 წლის ასაკში გავხდი მამა. რა შეგრძნებაა, ამის გადმოცემა რთულია, მაგრამ ერთი ვიცი, რომ პატარამ ჩემი ცხოვრების მთავარ კითხვას გასცა პასუხი – რისთვის მოვედი ამქვეყნად. ამაზე დიდს ვერავინ ვერაფერს შექმნის და ვერც გამოიგონებს, რასაც ახალი სიცოცხლის შექმნა ჰქვია. ეს ყველაზე დიდი დანატოვარია ქვეყანაზე, რაც უნდა გააკეთო და რაც უნდა კარგი მსახიობი იყო. ჩემთვის ყველაზე მთავარი როლი მამობა აღმოჩნდა. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ერთ წამში ასე შეიცვლებოდა ჩემი ცხოვრება. სწორედ, შვილის დაბადების ერთი წამი იყო ის გარდატეხა, მე გავხდი ყველაფრის მეპატრონე და ეს ყველაფერი არის ჩემი თაია.
– სახელი თაია ვინ შეურჩია და რამხელა დაიბადა?
– მე და დედიკომ შევურჩიეთ ერთობლივად. სახელი თაიას წარმოშობის ფუძე მთაა. 3 კილო და ასი გრამი დაიბადა და 50 სანტიმერტი.
– და მასაც ორი გვარი აქვს?
– არა, თაია მხოლოდ ბიბინეიშვილია. მე მამისა და დედის გვარს ვატარებ. თაია კი – მხოლოდ მამისას. მე ორ გვარს იმიტომ ვატარებ, რომ 11 წლის ასაკში ბაბუა, დედის მამა გარდამეცვალა, მისი ბევრი მოფერება და მოსიყვარულება მოვასწარი. დიდი ამაგი ჰქონდა ჩემზე და მინდოდა, რამით გადამეხადა, მასთან მთელი ცხოვრება მქონოდა საერთო. იურიდიულად ჯერ ვერ მივიღე ჯაყელის გვარი, ბევრი პროცედურა სჭირდება. თუმცა, ორ გვარს მაინც ვატარებ.
– როგორც ვიცი, მშობიარობას არ დაესწარი. თავად არ გქონდა სურვილი თუ პანდემიის გამო არ დაგიშვეს სამშობიარო ბლოკში?
– მშობიარობას ვერ დავესწრებოდი. ისეთი ემოციური ვარ, ამას ვერ ვიზამდი. თან, ძალიან ვნერვიულობდი ცოლზე. არ მინდოდა, ჩემი ემოციების გამო თამარსაც ენერვიულა. ასე რომ, თაია მამიკოს მკერდზე არ დაწოლილა, მაგრამ პირველად რომ დავინახე, მივხვდი, ჩემს ცხოვრებაში მისმა მოვლინებამ ყველაფერი შეცვალა. მისი დაბადების მერე თითო დეტალს ვებღაუჭები. მოკლედ, ნამდვილი „პანიკიორი“ მამა „გავიჩითე“ (იცინის).
– ბავშვის მოვლაში თუ ეხმარები ცოლს?
– ბავშვს მე და ჩემი მეუღლე, ძიძის გარეშე, მარტო ვზრდით. ჯერ გვცალია, თან ვსწავლობთ ბავშვის გაზრდას და ჯერჯერობით მე და თამარი კარგი მოსწავლეები ვართ (იცინის). შვილს ვუცვლი კიდეც, ვაჭმევ, ვაბანავებ, ვაძინებ. არ ვიცი, „გიჟი“ მამა რას ნიშნავს და როგორია, მაგრამ მე ჩვეულებრივი მამა ვარ და ვთვლი, რომ ყველა მამა ასე იქცევა, როგორც მე. ადრე მეგონა, არ შემეძლო, მაგრამ შემძლებია (იცინის). რომ დავხედავ და ჩვენ შორის რაღაც პარალელს ვხედავ, საოცარი განცდაა. სხვათა შორის, დედა მეუბნება: თაიას რომ ვუყურებ, შენი ბავშვობა მიდგება თვალწინო. მეც ვიმსგავსებ და ასე ამბობს ბევრი. ამას რომ თავი დავანებოთ, რომ წარმოიდგენ შენი სიყვარულის ნაყოფია, ის შენ გვერდითაა და მას ეხები, ვხვდები, დიდ ფანტასტიკასთან მაქვს შეხება. არ დაგიმალავთ და, პირველად რომ შევხედე, შიში დამეუფლა.
– რისი შიში?
– იმის, რომ მინდა, დიდხანს ვიცოცხლო და ვიყო მის გვერდით. სასწაულად მშვიდი ბავშვია. როცა შია, მაშინ იღვიძებს და როცა რამე აწუხებს, მაშინ ტირის. არ გვაწუხებს. არ დამავიწყდება, ჩემს საძმაკაცოში და ჩემს თაობაში, პირველად ნიკა გაბელიას, თბილისში ვისთანაც მე ვცხოვრობდი, გაუჩნდა შვილი. მახსოვს, როგორი მამა დავინახე მასში, მაგრამ ვერ წარმოვიდგინე, როგორი მამა ვიქნებოდი მე საკუთარ შვილთან. თუმცა, ბევრს ვსახავდი, ვხატავდი, ბევრი ღრუბელი მქონდა ტვინში, სადაც ფიქრები იყო გაშლილი, მაგრამ რადიკალურად სულ სხვაა, როცა რეალურად ეჯახები ამ ამბავს და მამა ხდები. როცა ტირის და ვერ მაგებინებს, რა უნდა, ძალიან განვიცდი.
– თაიას ამქვეყნად მოვლინებამ გაფანტა ის ფიქრის ღრუბელი შენს ტვინში?
– თაიამ ჩემს ტვინში ფიქრის ღრუბელი გაფანტა, მაგრამ ერთი რამ დატოვა – აწი რაც უნდა ვაკეთო, ჩემს შვილსა და მომავალ შვილებს ეკუთვნის. ჯერ ისევ ეიფორიაში ვარ, ვერ დავალაგე აზრები, მაგრამ ახლა იმ ასაკში ვარ, როცა გააზრებულად ვგეგმავ ცხოვრებას. ეს სიხარული ადრე რომ განმეცადა, რასაკვირველია, კარგი იქნებოდა, მაგრამ ეს ღვთის ნებაა და იმ დროს და იმ ასაკში გავხდი მამა, როცა შედარებით დალაგებული ვარ და ცხოვრების სხვა ეტაპზე. ბევრ რამეს სჭირდება ასაკი და გამოცდილება და მით უმეტეს, ოჯახის შექმნასა და შვილს. ამისთვის მადლობელი ვარ ღმერთის და ჩემი ცოლის, რომელმაც ბედნიერი გამხადა. სხვათა შორის, სულ მქონდა სურვილი, პირველი გოგო მყოლოდა და ღმერთმა მისმინა, თუმცა, ბიჭიც რომ მყოლოდა, ისიც ისევე მეყვარებოდა, როგორც ქალიშვილი.
– საკუთარი ბინაც გაქვს, რომელზეც წლებია ფიქრობდი და ოცნებობდი. თუმცა, ახლახან სოციალურ ქსელში დაწერე, სესხის აღება მჭირდება ბანკიდანო.
– მამამ ბევრი წელი ქუჩაში იცხოვრა, მაგრამ მადლობა უფალს, რომ თაია თავის საკუთარ სახლშია. მიზანი მქონდა, ჩემს შვილებს საკუთარ სახლში ეცხოვრათ და არა ჩემსავით და ეს გამომივიდა. ხოლო, რაც შეეხება სესხს, ეს ოჯახური ამბავია და არ გავახმაურებ (იცინის).
სიახლეები ამავე კატეგორიიდან