შოუბიზნესი

ანრი ბიბინეიშვილი-ჯაყელი: სხვის უფლებას რომ ხედავ, ეგაა ჩემთვის თავისუფლება

№35

ავტორი: ეთო ხურციძე 16:00 08.09, 2021 წელი

ანრი ბიბინეიშვილი
დაკოპირებულია

ბლიცინტერვიუ ანრი ბიბინეიშვილთან 👇

სახელი: ანრი.

გვარი: ბიბინეიშვილი-ჯაყელი.

პროფესია: მსახიობი.

– მოგონება ბავშვობიდან...

– ჩემი ბავშვობის ლამაზი მოგონებები ბებიასა და ბაბუას უკავშირდება. 11 წლამდე ორივე ცოცხალი მყავდა, მერე ბაბუა გარდაიცვალა. ბავშვობაში ყველა საყვარელი ადამიანი ჩემთან იყო, არავინ მაკლდა. რაც მთავარია, უამრავი გაჭირვების მიუხედავად, ვიღიმოდით და ბედნიერები ვიყავით. აი, ის დრო მენატრება.

– მშობლების როლი...

– იმდენად ადამიანური, მიმტევებელი, ჰუმანური და კეთილი არ ვიქნებოდი, რომ არა კონკრეტულად ეს ადამიანები ჩემს ცხოვრებაში. შეიძლება, სხვა მშობლები მყოლოდა, მაგრამ ალბათ, ყველას გასაჭირისა და სიხარულის გამზიარებელი არ ვიქნებოდი. თავად არიან ასეთები, ამ მაგალითით მზრდიდნენ – სხვისი ტკივილი ჩემი უნდა ყოფილიყო, ისევე, როგორც ბედნიერება. ის, თუ რამდენად ვარ ასეთი, უკვე საზოგადოებამ გადაწყვიტოს.

– ბავშვობაში მინდოდა, გამოვსულიყავი...

– ის, რაც ვარ. ხუთი წლის ასაკში ვთქვი, მსახიობი უნდა ვიყო-მეთქი და გავხდი კიდეც, რამდენად კარგი – ეს არ ვიცი, სხვამ თქვას.

– ჩემი მეტსახელი...

– სტუდენტობისას შემარქვეს „გურულუს“. სკოლაში და სამეზობლოში როცა დამინახავდნენ ხოლმე, იტყოდნენ: მსახიობი მოვიდაო. ალბათ, იმიტომ, სულ კარგ ხასიათზე ვიყავი, ვცეკვავდი, ვმღეროდი, სხვის განწყობაზე ვზრუნავდი...

– ადამიანში ვაფასებ...

– ჩემთვის წარმოუდგენელია ადამიანი, ვისთვისაც საკუთარი თავის იქით არავინ და არაფერი არსებობს. ვერ დავაფასებ მას, რომელმაც არ იცის სხვისი ტკივილისა და სიხარულის გაზიარება. ასეთი ადამიანი ჩემთვის გაუგებარია. ზოგადად, შენი ამბის გარდა, სხვა ბევრი ამბავი არსებობს და მისი გამზიარებლები უნდა ვიყოთ. თუ ისე ცხოვრობ, არავის ტკენ და სხვის ბედნიერებაზე ზრუნავ, მგონია, ეს ყველაზე ღირსეული თვისებაა ადამიანში.

მიყვარს ადამიანები, რომლებიც საკუთარ ქვეყანას არ აკნინებენ. ახლა მოდაშია: „ოხ, ჩვენ ქართველები“, „ოხ, საქართველო“ და ასე შემდეგ. „უტყდებათ“, რომ ქართველები არიან. მართლა რომ არ ვარგოდეს შენი ქვეყანა და არ მოგწონდეს შენი ხალხი, ასეთი დამოკიდებულება როგორ უნდა გქონდეს? თან მაშინ, როცა სხვა ერის შესახებ არც გსმენია რამე. სამწუხაროდ, სიტყვა პატრიოტიზმი დააქუცმაცეს და ბანალური გახადეს. ჩემთვის პატრიოტიზმი იწყება, როცა ქუჩაში ნაგავს არ დაყრი, ტოტს არ მოტეხ, ძეგლს არ მიასხამ საღებავს... ვერ ვიტან ადამიანს, რომელიც საკუთარ ერს აკნინებს. მიყვარს ის, ვინც შეყვარებულია თავის ქვეყანაზე და ამას გამოხატავს საქმით: ხატავს, წერს, თამაშობს, ცეკვავს, მაგარი ექიმია, არქიტექტორია და ასე შემდეგ.

– წარმატებული ადამიანი არის...

– როცა ვიღაც შენს გაკეთებულ საქმეზე იტყვის: აუ, რა მაგარია, ნეტა მეც შემეძლოს, მეც გამეკეთებინაო, ესაა წარმატება.

– ღმერთის ჩემეული აღქმა...

– ღმერთი იმედია, ენერგეტიკაა. ამ ქვეყანაზე, რაც ყველაფერი დადებითი, ლამაზი და კარგია, ღმერთია. ისაა შემოქმედი, დღეისა და ხვალის დამწესებელი.

– ვრისკავ...

– ვერ ვრისკავ. რისკიანი რომ ვიყო, დღეს შესაძლოა, ვიღაც „ბობოლა“ ვყოფილიყავი (იცინის). ჩვენს სფეროში არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, იმ როლზე მივიდნენ კასთინგზე, სადაც უკვე დამტკიცებულია მსახიობი. მე მსგავსი რამ არ შემიძლია.

– მაკვირვებს...

– დღევანდელობა. ვერაფრით ავხსენი, რანაირად შეუძლია თქვას ქართველმა საქართველოზე „ბანძი“ – ეს მათი ტერმინოლოგიაა. ეს მაოგნებს, მაცოფებს და ყველაფერ უბედურებას მმართებს. ასევე, მაკვირვებს აცრილთა და აუცრელთა დამოკიდებულება, ვერაფრით ვხვდები, რატომ მოუწოდებს ერთი მეორეს და რატომ აყენებენ ერთმანეთს შეურაცხყოფას. მაბრაზებს ის, რომ ადრე, იმის მიუხედავად, გვქონდა თუ არა სახარება წაკითხული, რაღაცის გვწამდა, დღეს აღარავის არაფრის სწამს. მაკვირვებს ის, რომ სხვისი მკვდარი ზოგიერთისთვის მძინარეა და კიდევ ბევრი რამ...

– ვერიდები...

– ბევრ რამეს. ბოლო წელია, ალკოჰოლს ვერიდები (იცინის). ასევე, ხალხმრავალ ადგილებს, თუმცა, არა ვირუსის გამო. ბოლო ხანებია, ვისწავლე, რომ ხანდახან ემოციას არ უნდა ავყვე და „ენას კბილი დავაჭირო“. აი, ადამიანს რომ შვილი გაუჩნდება და მერე დააფიქრებს, ასეთ რამეებს ვერიდები.

– დღევანდელ საზოგადოებაში დანაკლისია...

– რწმენისა და ერთმანეთის სიყვარულის, დადებითი ემოციების ძიების.

– ბედისწერა...

– მჯერა, რომ არსებობს. ბედისწერაა ის, რასაც საკუთარ თავს უსურვებ. როგორ ენერგეტიკასაც მოიზიდავ შენკენ, ისე იქნება ყველაფერი. მჯერა, რასაც უსურვებ სხვას, თავადაც ის დაგიბრუნდება.

– მარტოობის განცდა...

– ყველაზე მეტად მაგ განცდის მეშინია. ბავშვობაში დავწერე: ამქვეყნად ყველაზე მეტად მარტო ყოფნის მეშინია, რადგან ლოგინად ჩავარდნილი წყლის მომწოდებელსაც ვერ გავაგონებ-მეთქი. მარტოობა განმიცდია, ვიცი, რა საშინელებაა და ამიტომ, ყველაზე მეტად მისი მეშინია.

– სიცოცხლე არ ღირს...

– რწმენისა და იმედის გარეშე. ხვალინდელი დღის იმედი რომ არ მქონდეს, რა აზრი აქვს ასეთ ცხოვრებას. არ აქვს მნიშვნელობა, ვის რომელი ღმერთი ჰყავს, რწმენის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია.

– რთული პერიოდი...

– რაც დავიბადე, მას შემდეგ რთული პერიოდი მაქვს, თუმცა ყველაზე რთული იყო, როცა თბილისში ჩამოვედი, სტუდენტობის პერიოდი... და ახლა, ბოლო ორ წელს გამოვყოფ, რაც ეს ვირუსი არსებობს – უსუსური გახდა ადამიანი. ერთმა ვირუსმა დაგვამონა, გამოგვკეტა სახლებში, გვალანძღინებს ერთმანეთს. ეს ნამდვილად რთული და გაუგებარი პერიოდია.

– სიყვარული...

– გელა ჩარკვიანი ამბობს, რომ სიყვარული უკურნებელი დაავადებააო და მეც ასე ვფიქრობ. ამ უკურნელებელი სენით ყველა ადამიანი უნდა დაავადდეს. მინდა, ეს გრძნობა ვირუსულად გავრცელდეს და მსოფლიო სიყვარულის პანდემიამ მოიცვას. სიყვარული ამოჩემებაა, დამოკიდებულება, მის გარეშე რომ ვერაფერი წარმოგიდგენია და ვერ ხვდები, მასთან შეხვედრამდე თუ სხვა რამე არსებობდა.

– დრო და სიყვარული...

– ნამდვილი სიყვარულის გაუფერულება წარმოუდგენელია. თუ ასე მოხდა, მაშინ ის მექანიკურად აწყობილი რაღაც ყოფილა.

– ის, რაც უპატიებელია...

– ღალატი, რომელსაც ვერავის ვაპატიებ. უღალატიათ ჩემთვისაც. ღალატი ბევრნაირია. ჩემთვის ღალატია, როცა საქმეში მიმატოვებ, მეტყვის და არ გამიკეთებს, დამპირდება და არ შემისრულებს, შემომფიცებს და დაივიწყებს... ყველაფერი ღალატია, რაც ზიანს მოუტანს ადამიანს, თან ეს იცის, მაგრამ მაინც აკეთებს.

– სამაგიეროს გადახდა...

– არასდროს გადამიხდია და არც მიფიქრია. ერთი-ორჯერ გაბრაზებულ გულზე მითქვამს რაღაც, მაგრამ არასდროს ჩამიდევს გულში მისი ამბავი. სიყვარული და სიკეთის სამაგიერო კი ყოველთვის გადამიხდია.

– ბოდიშის მოხდა...

– არ მიჭირს, თუმცა იშვიათად მიწევს ხოლმე..

– ვნანობ...

– ჩემს ცხოვრებაში „ყოფილ ადამიანებს“ და მათთვის დაკარგულ ბევრ დროს – ვინც მეგონა, მიყვარდა და პირიქით. ვნანობ ყველა დაუფიქრებელ ნაბიჯს, ნათქვამ სიტყვას...

– თავისუფლება არის...

– სხვის უფლებას რომ ხედავ, აი, ეგაა ჩემთვის თავისუფლება.

– მოვლენა, რომელმაც შემცვალა...

– შვილის დაბადებამ, მაგრამ როგორც ადამიანი, მეეჭვება, რამემ შემცვალოს, თაიამ შემიცვალა ცხოვრება – თავდაყირა დამიყენა ყველაფერი. ვფიქრობ, ადამიანები არ იცვლებიან, უბრალოდ, დროთა განმავლობაში ავლენენ საკუთარ თავს.

– რჩევა, რომელიც სულ მახსოვს...

– ბაბუაჩემი ამბობდა ხშირად: სხვას რომ მუცელი ასტკივდება, შენს მუცელზე მოისვი ხელიო. ანუ, ამით გამოხატე თანაგრძნობაო. ჩემი ისტორიის მასწავლებლის სიტყვები მახსოვს კიდევ: საქართველოს ისტორია ისწავლეთ სამზე (მაშინ ხუთქულიანი შეფასება იყო) და მსოფლიო ისტორიაში დაგიწერთ ხუთიანსო. ამან სხვა კუთხით დამანახვა ჩემი ქვეყანა და მისი ისტორია. ყველამ უნდა ვიცოდეთ, საიდან ვართ, ვინ ვართ და რა ისტორიის მატარებელი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი