ანრი ბიბინეიშვილი: ადამიანი ყველაზე დიდი მხეცი მგონია
ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00
ანრი ბიბინეიშვილის "უცნობი მხარე"👇
– ვინ არის ანრი ბიბინეიშვილი?
ანრი ბიბინეიშვილი: მშრომელი, სამართლიანი და ცოტა სევდიანი ადამიანი.
– როგორია თქვენთვის საოცნებო ცხოვრება?
– მინდა, გარშემო ყველა მაძღარი იყოს, ყველა ბავშვი იცინოდეს, ყველას ჰქონდეს სახლი და თავს ბედნიერად გრძნობდეს.
– რამდენად ემოციური და გულჩვილი ადამიანი ხართ?
– ძალიან ემოციური და გულჩვილი ვარ. რაც ასაკში შევდივარ – მით უფრო. „ინდურ“ ფილმზეც კი შემიძლია ტირილი.
გააჩნია რომელი მხრიდან შევხედავთ, მაგრამ ზოგადად, ემოციურობა ადამიანისთვის უფრო დამაზარალებელია, ვიდრე სასარგებლო. ყოველ შემთხვევაში, ჩემს შემთხვევაში ასეა.
– რის გამო გიტირიათ ბედნიერებისა თუ მტკივნეული ცრემლით?
– ყველაზე მკვეთრად მახსოვს, როცა ჩემი პირველი შვილი მოევლინა ქვეყანას, მაშინ ბედნიერების ცრემლებით ვტიროდი.
რაც შეეხება უბედურებას და მტკივნეულ ცრემლს, ეს დედაჩემს უკავშირდება. ბოლო შვიდი თვეა, ლამის ყოველდღე ასეა.
– მამაკაცი და ცრემლი, ბევრი მალავს, არ უყვარს საკუთარი ცრემლის სხვისთვის ჩვენება...
– არც მე მომწონს, თუ ჩემს ცრემლს სხვა ხედავს, მაგრამ ყოფილა რამდენიმე მომენტი, როცა საჯაროდაც ვერ შემიკავებია თავი და მიტირია. არა მგონია, სუსტი ადამიანები ტიროდნენ. ხშირ შემთხვევაში, ძლიერი ადამიანებიც ტირიან. ან ემოციებისგან უნდა გასკდე, ან იტირო. მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანთა კატეგორიას, ვისაც ცრემლი უკვირს. ამ შემთხვევაში, სქესი საერთოდ არაფერ შუაშია.
– რას გააკეთებდით, ლატარიაში რომ მილიონები მოიგოთ?
– პირველ რიგში, ვალებს გავისტუმრებდი და იპოთეკისგან გავთავისუფლდებოდი. თუ სახლ-კარს შევიძენდი და ვალის გარეშე ვიცხოვრებდი, დარჩენილი თანხით, აუცილებლად გავხნიდი პანსიონატს, სადაც მოხუცებულები და ბავშვები ერთად იცხოვრებდნენ – ეს ჩემი ოცნებაა. ეს არ იქნებოდა ჩვეულებრივი თავშესაფარი. იქ მყოფები არ დაელოდებოდნენ სხვის დახმარებას ან განსაკუთრებულ დღესასწაულებს საჩუქრების მისაღებად. მათთვის ყოველი დღე ახალი წელი და აღდგომა იქნებოდა, ყველაფერი ექნებოდათ. ისე იცხოვრებდნენ, როგორც საკუთარ სახლში ოჯახის წევრების გარემოცვაში.
– გიოცნებიათ, რომ მსოფლიო მასშტაბით ყოფილიყავით ძალიან ცნობილი ადამიანი?
– არა, სადაც ვარ, ისიც კი მინანია. შენი ნებართვის გარეშე რომ შენს ცხოვრებაში ცხვირს ყოფენ, ეს ყველაზე ცუდი რამ არის. გინდა, არ გინდა, ასეა. მისცემ თუ არა უფლებას, ასე ხდება. საჯაროობა მე დიდად კომფორტულად არ მაგრძნობინებს თავს. ძალიან მომწონს, როცა ვინმე ყურადღებასა და სიყვარულს გამოხატავს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან სასიამოვნოა და მაბედნიერებს, მაგრამ საბოლოო ჯამში, მაინც ვფიქრობ, რომ ცნობადობა აზიანებს ადამიანს.
– წარსულიდან რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე მცდარ ნაბიჯად?
– ემოციებზე აყოლა იქ, სადაც მეგონა, რომ ჩემს გულწრფელობას შესაბამისად მიიღებდნენ. სინამდვილეში კი ჩემი გულწრფელობა საქილიკოდ და ბულინგის მიზეზად გამოიყენეს. სამწუხაროდ, ყველას ისე არ ესმის, როგორც გინდა, რომ გაიგონ.
სხვა მხრივ, ვერ ვიტყვი, რომ რამის გამო განსაკუთრებული სინანული მაქვს, თუმცა, ერთი კია, უფრო ბედნიერ და კარგ დღეებს ვაჩუქებდი დედას...
– რა გამოსცადეთ ბოლო პერიოდში, ცხოვრებაში პირველად?
– კონდიციონერის საყიდლად წავედი სახლში დამატებითი გათბობისთვის და „სქროლი“ ვიყიდე. „სქროლის“ სეზონი ჯერ არ არის, შესაბამისად, ვერ ვიყენებ და ვზივარ ახლა სახლში ქურთუკით (იცინის).
– როგორი დამოკიდებულება გაქვთ ტყუილთან?
– გააჩნია ტყუილს, რადგან კეთილი ტყუილიც არსებობს. ზოგადად, ტყუილი საშინელებაა, მაგრამ თუ მაგალითად, ორი ადამიანის შესარიგებლად აკეთებ ამას, სხვა საქმეა. ცოტა ხნის წინ ჩემს ახლობელს, რომელიც მეგობარზე იყო ნაწყენი, ვუთხარი, არ იცი მას როგორ ენატრები-მეთქი და იგივე ვუთხარი მეორესაც. საბოლოო ჯამში შერიგნდნენ და არავის ახსოვდა, რომ ეს ჩემი კეთილი ტყუილის დამსახურება იყო, მაგრამ მთავარია, მე ხომ მიხარია, მათი შერიგება?!
თუ ისეთ ტყუილს ამბობ, რომელიც ადამიანს ან საქმეს აზიანებს, ეს უკვე საშინელებაა.
– ცხოვრებამ თუ გასწავლათ ტყუილის და მატყუარა ადამიანების ამოცნობა?
– ჩემთვის ეგ ყველაზე მარტივი გახდა. შეიძლება, ქინძი ვერ გავარჩიო ოხრახუშისგან, მაგრამ მარტყუარასა და მართალ კაცს ძალიან კარგად ვარჩევ ერთმანეთისგან.
– ისეთი პროფესია გაქვთ, ბევრმა შეიძლება, იფიქროს, რომ ტყუილიც კარგად გამოგდით...
– თუკი რამეში უნიჭო ვარ, ეს ტყუილის თქმაა. მსახიობებს ტყუილის თქმა მაინცდამაინც არ გამოსდით. სცენაზე – კი ბატონო, კარგი მსახიობი სცენაზე მაგრად უნდა იტყუებოდეს, მაგრამ თუ ცხოვრებაში იტყუები, მაშინ პროფესიონალი მსახიობი კი არა, პროფესიონალი მატყუარა ხარ.
– სახალისო ამბავი, რომელიც თავს პაემანზე გადაგხდათ...
– ჩემს მომავალ მეუღლეს რამდენჯერაც პაემანზე შვხვდი, იმდენჯერ მეძინა (იცინის). პაემანი არ იყო, მაგრამ ერთხელ, ვიკამათეთ და რომ შემრიგებოდა, შემწვარი ხამსა და ლუდი გავუგზავნე საჩუქრად. სხვათა შორის, შემირიგდა (იცინის).
– როდის ყოფილხართ ცხოვრებაში ყველაზე სასტიკი?
– არასდროს. ალბათ, არ მომხდარა ისეთი რამ, რასაც შეიძლებოდა სასტიკად ვექციე. სასტიკი ხომ შეკვეთით ვერ გახდები?! სხვათა შორის, ვერც კეთილი. ქველმოქმედების გასაკეთებლად რომ ათი კამერით მიდიან ხოლმე, „ძალიან მომწონს“. იცით, რა? ალბათ, ცხოვრებამ არ უნდა გაგხადოს სასტიკი, თორემ ადამიანი ყველაზე დიდი მხეცი მგონია. შეიძლება, დათვმა არ დაგბრდღვნას ისე, როგორც ამას ადამიანი გაგიკეთებს. ღმერთმა არ მიიყვანოს აქამდე საქმე.
სასტიკი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავთან ვყოფილვარ. გაუკონტროლებელი ემოცია, გურული ხასიათი – ეს ყველაფერი საკმაოდ მოქმედებს ადამიანზე, მაგრამ ეს წარსულში იყო, ახლა ამ მხრივაც შევიცვალე.
– რა მიგაჩნიათ თქვენს მთავარ გამარჯვებად და მარცხად?
– ძალიან პრინციპული ვარ და საკუთარ პრინციპებს არასდროს ვღალატობ, ვფიქრობ, ეს არის ჩემი გამარჯვება, თუმცა ამას ყოველთვის კარგი შედეგი არ მოაქვს.
მარცხზე რომ ვისაუბრო სენტიმენტებში გადავალ და ეს არ მინდა.
– რა გსმენიათ საკუთარ თავზე – კარგიც და ცუდიც, რაც გამორჩეულად დაგამახსოვრდათ?
– ძალიან მიხარია, როცა ჩემ შესახებ ამბობენ, რომ თავმდაბალი, სამართლიანი, უშუალო ადამიანი ვარ, რომელსაც თავში არაფერი ავარდნია. რეალურად ეგეთი ვარ და ბედნიერი ვარ, თუ ამას ვინმე ამჩნევს.
ცუდს რაც შეეხება, წლებია ჩემს შესახებ ინფორმაციის მოძიებას არ ვცდილობ, პირში კი ასეთ რამეს არ გეტყვიან. ყოველ შემთხვევაში, ჯერ არ უთქვამთ. ზოგადად, ბევრ რამეს ამბობენ, მაგალითად, იმას, რომ ბიძინა მარჩენს, იმასაც, რომ ეშმაკს გავურიგდი, რომ არაფერი მაინტერესებს და გადასარევად ვცხოვრობ, ვალების გარეშე. ისიც, რომ სასახლეები მიდგას. ეს ჭორები არ მაბრაზებს, მაცინებს. დღეს ყველაზე მარტივია იმის გადამოწმება, ვინ რას ფლობს, თუ ვინმეს ეს აინტერესებს. ნახევარმა რომ იცოდეს, მე რა ფინანსური პასუხისმგებლობები მაქვს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და მხოლოდ ბანკის წინაშე ვალი ავიღოთ, შეიძლება, გული გაუსკდეთ. თუმცა, ამას არ აკეთებენ, რადგან ყველაფერი ისედაც ძალიან კარგად იციან.
– როდის განიცადეთ ცხოვრებაში ყველაზე დიდი შიში?
– მაისში, როცა პირველად გავაცნობიერე, რომ შეიძლებოდა, დედის გარეშე დავრჩენილიყავი. საბოლოო ჯამში, მაინც ასე მოხდა, მაგრამ პირველად რომ გაუჩერდა გული, ეს კოშმარი იყო. მას შემდეგ 16-ჯერ გაუჩერდა 6 დღეში, მაგრამ პირველს ვერასდროს დავივიწყებ. ძლივს მოვბრუნდი ამქვეყნად. ის 6 წუთი, მისი გულის ასამუშავებლად რომ წვალობდნენ, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე უბედური იყო... მაინც ვერ გადავარჩინე... უდედობა ამქვეყნიური ტანჯვა და სასჯელია. შვიდი თვეა, ვცდილობ, ჩვენი საერთო დადებითი მოგონებები გავიხსენო, მაგრამ ვერაფრით ვახერხებ, მარტო ის მახსენდება, როცა ვატკინე, როცა რაღაც დავაშავე მის წინაშე. არაფერია იმაზე დიდი შიში, როცა დედის გარეშე რჩები.
– რა არის ის, რითაც ყველაზე მეტად ამაყობთ?
– დედაჩემის შვილობით. მიუხედავად იმისა, რომ კარგი შვილები და სამაგალითო ცოლი მყავს, ფანტასტიკური ოჯახი შევქმენით, ყველაზე მეტად მაინც დედაჩემი მეამაყება, თუკი რამეში გამიმართლა, თუნდაც მეუღლესა და შვილებში, იმის დამსახურებაა, რომ ასეთი მადლიანი დედა მყავდა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





