ანკა ვასაძე: ეს იყო პირველი ახალი გრძნობა, რაც აღმოვაჩინე
ავტორი: ეთო ხურციძე 14:00 15.03, 2022 წელი

ბლიცინტერვიუ ანკა ვასაძესთან 👇
სახელი: ანკა.
გვარი: ვასაძე.
პროფესია: მსახიობი.
– მოგონება ბავშვობიდან...
– რთულია, გაიხსენო ბავშვობის მხოლოდ ერთი სასაცილო, მხიარული, ბედნიერი ეპიზოდი... პირველად მახსენდება ხოლმე ჩემი დაკარგვის ისტორია, როცა 4 წლის ვიყავი. სურამში, ჩვენს აგარაკზე ვიყავით და დავიკარგე – ეზოს კარი ღია იყო და მე ჩუმად გავიპარე. 12 საათიდან მთელი დღე მეძებდნენ. მთელი სურამი მოიარეს, თან 1995 წელი იყო. საღამოს მიპოვა მამაჩემის დეიდაშვილმა და ისეთი ტირილი აუვარდა, საშინელი სინდისის ქენჯნა ვიგრძენი. ეს იყო პირველი ახალი გრძნობა, რაც აღმოვაჩინე. მას შემდეგ ჭიშკართან დიდხანს არ მიშვებდნენ მარტო (იცინის).
– მშობლების როლი ჩემს ცხოვრებაში...
– ჩემს ცხოვრებასა და აღზრდაში ბევრი ადამიანი იყო ჩართული, განსაკუთრებით ბებიები. მახსოვს, მამაჩემით მაშინებდნენ, რადგან საშინლად ჯიუტი ვიყავი. დღეს ძალიან კარგი მეგობრები ვართ და ჩემთვის მარტივია მასთან ვიყო ისეთი, როგორიც ვარ. ორივე მშობელი ახალგაზრდაა – ასაკითაც და სულითაც, ბავშვურებიც კი. დედაჩემიც და მამაჩემიც მკაცრები იყვნენ, ბევრისგან გამიგია და ვიცი, რომ კამათისა და ჩხუბის დროს სხვას შეურაცხყოფას აყენებენ, ჩვენთან ეს არასოდეს ყოფილა, ყოველთვის გვაქვს ზღვარი საუბრის დროსაც კი და ეს მომწონს. დედაჩემი ყველაზე დიდი მოტივატორია, სულ ცდილობს, მუხტი მომცეს, რომ ვიშრომო და მიზნები დავისახო.
– ბავშვობაში მინდოდა, გამოვსულიყავი...
– მსახიობი, მსახიობი და მსახიობი.
– ჩემი პროფესია განაპირობა...
– რასაკვირველია, ოჯახმაც განაპირობა ჩემი პროფესიის არჩევა, თუმცა მგონია, რომ სადაც არ უნდა დავბადებულიყავი, სპექტაკლი და კინო რომ მენახა, აუცილებლად მსახიობობა მენდომებოდა.
– პირველი წარმატება...
– ჩემი აზრით, პირველი წარმატება იყო ჩვენი სადიპლომო სპექტაკლი „სამი და“, რომელიც ჩვენმა პედაგოგმა, გოგი მარგველაშვილმა დადგა, სადაც მაშას ვთამაშობდი.
– ჩემი მეტსახელი...
– მეტსახელი არ მქონია, ანკა ჩემ გარშემო ბევრი არასოდეს ყოფილა (იცინის).
– ადამიანში ვაფასებ...
– ასე გამორჩევა რთულია, პროფესიონალიზმს ვაფასებ ძალიან, კიდევ ერთგულებასა და გულწრფელობას.
– წარმატებული ადამიანი არის...
– წარმატებული ადამიანია პროფესიონალი, რომელსაც შეუძლია თავის ცოდნისა და ნიჭის გამოვლენა, იღბალიც საჭიროა. ჩემთვის ცნობადობა წარმატება არაა.
– მწამს...
– სიკეთის.
– ღმერთის ჩემეული აღქმა...
– მახსოვს ბავშვობაში ღმერთი წარმომედგინა წვერებიანი კეთილი ბაბუა, რომელსაც ყველაზე კეთილი ღიმილი აქვს და კოპებს თუ შეკრავს, ჭექა-ქუხილის ხმა გავარდება. ვინ იცის, ღმერთი როგორია? მწამს სიკეთის დიდი ძალის, ამას თუ გინდა, ენერგია დაარქვი. მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ, მწამს ქრისტესი, თუმცა ინდირა განდის სიტყვებს ვეთანხმები, რომ ქრისტიანები ქრისტეს არ ჰგვანან. სამწუხაროდ, უმეტესობა ასეა. თუ ქრისტეს მივბაძავთ, მაშინ სულ სხვა რეალობა იქნება.
– მეშინია...
– ყველაზე მეტად საყვარელი ადამიანების დაკარგვის მეშინია. მეშინია, ჩემი პროფესიის გარეშე რომ ვიყო, ეს ორი წელი, პანდემიის დროს, ძალიან რთული იყო. ომის მეშინია...
– ვრისკავ...
– სხვათა შორის, არც ისე ხშირად. პროფესიულად უფრო რისკიანი ვარ, „ცეკვავენ ვარსკვლავებშიც“ გამოვავლინე ეს თვისება, თუმცა ცხოვრებაში ნაკლებად რისკიანი და არაექსტრემალი ვარ.
– მაკვირვებს...
– მაკვირვებს ადამიანების აგრესია, სიძულვილი. სიმართლე რომ ვთქვა, ჩემი მისამართით ბევრი ცუდი არ წამიკითხავს, მაგრამ თუნდაც სოციალურ ქსელში იმხელა სიძულვილს ვხედავ, ზოგჯერ უსაფუძვლოს, მართლა მაკვირვებს და არ მესმის.
– ვერიდები...
– ვერიდები ჩემთვის ტოქსიკურ ადამიანებთან ურთიერთობას. ვერ ვხვდები, რატომ მეგობრობენ ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთი არ მოსწონთ, ერთმანეთს ჭორავენ და ასე შემდეგ. უნდა ვიურთიერთოთ მათთან, ვინც მოგვწონს და ვისაც ერთმანეთისთვის კარგის მოტანა შეუძლიათ.
– დღევანდელ საზოგადოებაში დანაკლისია...
– ალბათ, დღევანდელ საზოგადოებაში სიყვარულის, ურთიერთპატივისცემის დანაკლისია და განათლების.
– ბედისწერა...
– ბედისწერისაც მჯერა, თუმცა, იმისაც მჯერა, რომ ბედისწერის შეცვლა შეგვიძლია. შეგვიძლია, ჩვენს თავს და სხვებს შევუცვალოთ ბედისწერა. მგონია, რომ სიკვდილის დრო ბედისწერაა.
– მარტოობის განცდა...
– რასაკვირველია, მქონია, ბავშვიბაშიც, თინეიჯერობის ასაკშიც, პანდემიის პერიოდშიც.
– სიცოცხლე არ ღირს...
– სიყვარულის გარეშე ვინმეს ან რამის მიმართ. სიცოცხლე ყოველთვის ღირს.
– რთული პერიოდი...
– ბოლო რთული პერიოდი პანდემიის დაწყების დროს მქონდა, როცა კვირები უმოქმედობაში გადიოდა. რასაკვირველია, მშობიარობის შემდეგ მქონდა რთული პერიოდი, თუმცა ეს ბუნებრივია.
– სიყვარული – ეს არის...
– სიყვარული – ეს არის ის, რის გამოც სიცოცხლე მშვენიერია.
– დრო და სიყვარული...
– ზოგჯერ დრო სიყვარულს აუფერულებს და აქრობს, მაგრამ ზოგჯერ, პირიქით, ამყარებს. ჩემს შემთხვევაში 19 წლის წინ შევხვდი ჩემს სიყვარულს და უფრო იზრდება. ჩემი ქმარი პირველად 11 წლისას შემიყვარდა (იცინის).
– ის, რაც ჩემთვის უპატიებელია...
– რთულია ასე გადაჭრით თქმა. საბოლოოდ არ ვიცით, ვინ რას ვიზამთ, მაგრამ მგონია, ღალატი ყველა ურთიერთობაში ცუდია. ზოგადად, ბოლო პერიოდი ძალიან ვცდილობ, დადებითად შევხედო მოვლენებს, კარმისაც მჯერა, იმისიც, რომ მე თუ მიმტევებელი ვიქნები, ეს ჩემთვის იქნება უკეთესი. თუ ადამიანი ჩემიანს დაუშავებს ამ შემთხვევაში უფრო მიჭირს პატიება, თუმცა არასოდეს ცუდს არ ვუსურვებ, უბრალოდ, ის ადამიანი აღარ მაინტერესებს.
– შემშურებია...
– შური რა არის – ამაზე სხვადასხვანაირი აზრი მომისმენია. ჩემთვის შური არის, როცა სხვისი წარმატება, ნიჭი, სილამაზე ან ბედნიერება არ გიხარია, გინდა, რომ გქონდეს, მაგრამ არ გაქვს. ასეთი შემთხვევა არასოდეს მქონია. ისეთი შემთხვევაც მქონდა, დამტკიცებულ კინოროლზე სხვა რომ გადაიღეს, მაგრამ ყოველთვის მიხარია სხვისი წარმატება. ის, რომ მეც მინდა, თუნდაც, კარგ ფილმში გადაღება, ბედნიერება ან რამე კარგი, სულ არაა შური. ადამიანის ნორმალური რეაქციაა. ამიტომ ვფიქრობ, რომ არასოდეს შემშურებია. ყოველთვის ვაღიარებ სხვის ნიჭს და მიხარია სხვისი კარგი. ამ დღეებში ვამბობდი, შემშურდა უკრაინელების ერთიანობის-მეთქი. როცა ვამბობდი, რა მაგრები არიან, როგორი ერთგულები და მამაცები, სულ მომდიოდა ის აზრიც, რომ ჩვენ რატომ არ ვართ ასეთები.
– სამაგიეროს გადახდა...
– არასოდეს მიცდია. სიტყვიერად მიპასუხია, საქციელით – არასოდეს.
– ბოდიშის მოხდა...
– მგონია, რომ არ მიჭირს და არაერთი შემთხვევა მქონია, როცა ბოდიში მომიხდია, მაგრამ ჩემი ქმარი მეუბნება, აღიარება გიჭირსო (იცინის).
– ვნანობ...
– ალბათ, იმას, რომ ადამიანებს გული ვატკინე ჩემი სიტყვებით.
– ვაგროვებ...
– ფეხსაცმელს. აღარსად ეტევა (იცინის).
– ჩემი თილისმა...
– არაერთი თილისმა მაქვს – ყოველ სპექტაკლს თავისი თილისმა აქვს, ზოგს – სუნამო, ზოგს – პატარა ნივთი, მაგრამ არ ვარ დამოკიდებული. მჯერა, რომ თავად ვართ საკუთარი თავის თილისმა – შთაგონებას დიდი ძალა აქვს.
– არასოდეს დამავიწყდება...
– ჩემი შვილების პირველად დანახვის ბედნიერება.
– თავისუფლება არის...
– თავისუფლება ჩვენში უნდა იყოს. რასაკვირველია, საზღვრებზეც, მაგრამ ადამიანის სულის თავისუფლება სასიამოვნო საყურებელია. მგონია, მშობლები უნდა ეცადონ, შვილებს თავისუფლება შეაგრძნობინონ. თავისუფლება ფილოსოფიაა და ისეთი ცნებაა, რთულია ბლიცინტერვიუში ავხსნა.
– მოვლენა, რომელმაც შემცვალა...
– პირველი შვილის დაბადებამ შემცვალა რადიკალურად.
– რჩევა, რომელიც მახსოვს...
– ბევრი საუკეთესო რჩევა მიმიღია. ზოგადად, ბედნიერი ვარ, რომ კარგ და საინტერესო ადამიანებთან ვურთიერთობ. როცა პანდემიის დროს ვწუწუნებდი, ერთმა ჩემმა კოლეგამ მითხრა: არ გაჩერდე, სულ პროცესში იყავი, რამხელა პაუზაც უნდა გქონდეს, სულ იფიქრე გმირებზე და წარმოსახვაში ითამაშეო.
– შესაძლებლობა რომ მქონდეს, შევცვლიდი...
– ომს – მშვიდობით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან