შოუბიზნესი

ანი ყიფშიძე: მე კი ვარ ანგელოზი, მაგრამ ეშმაკის ყველა თვისება ვიცი

№23

ავტორი: ქეთი მოდებაძე 22:00 12.06

ანი ყიფშიძე
დაკოპირებულია

ანი ყიფშიძე „პრაიმ ჰაუს“ „ოლ სთარის“ ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილეა, რომელმაც მაყურებელს პროექტის პირველივე სეზონიდან განსაკუთრებულად დაამახსოვრა თავი.

ანი ყიფშიძე: მე და ჩემი შვილი სახლში ვისხედით, ერთმანეთს ვესიყვარულებოდით და ამ დროს „პრაიმ ჰაუსის“ ერთ-ერთი წარმომადგენელი მირეკავს და მეუბნება, რომ იწყება ახალი „ოლ სთარ“ სეზონი და ერთ-ერთ მონაწილედ მე ამირჩიეს. დავფიქრდი, მინდოდა თუ არა ეს. დედა ამ თემასთან დაკავშირებით, ზოგადად, უარზე იყო, მაგრამ ჩემი შვილი, ნატალი, უცებ მეუბნება: დე, მიდი, უჭველი დათანხმდი, ახლა მაინც მოიგებო. ისე მოხდა, რომ ჩემმა შვილმა გადამაწყვეტინა მეორედ ამ პროექტში შემოსვლა. რატომაც არა, ჩემგან რა მიდის-მეთქი, ვიფიქრე და დავთანხმდი.

– ამბობდი, პოპულარობას უფრო მეტი მინუსი აქვს, ვიდრე პლუსიო და ამ შემთხვევაში მასშტაბები კიდევ უფრო გაიზრდება.

– კი, პოპულარობას ბევრი მინუსი აქვს, დიდი „ჰეითი“ და ლანძღვა მოჰყვება, მაგრამ იმავდროულად, გვირგვინოსნების სიყვარულიცაა დიდი დოზით, რითაც ძალიან ვამაყობ. მინუსი ისაა, რომ ძალიან ბევრი რამის გათვალისწინება გიწევს და ვერ ხარ ისე თავისუფლად, როგორც მაგალითად, საკუთარ სახლში. სახლში ფეხი რომ წამოვკრა, ვიცი, რომ ზედ არ გადამივლიან, იქ კიდევ ოღონდ წამოვკრა, ელიან ამ მომენტს, რომ გადაგიარონ.

– თუმცა, მგონია, რომ ძალიან თავისუფალი ადამიანი ხარ და მაინც გაქვს გარკვეული ჩარჩოები პროექტში?

– ზოგადად – კი, იმდენად თავისუფალი ადამიანი ვარ, რომ ჩემს ლექსიკონსაც ვერ ვაკონტროლებ. საზოგადოებისგან ვიცი, რომ უნდა გავაკონტროლო, თორემ რამე განსაკუთრებულს ვერც ვგრძნობ. სულ ვამბობ, ასეთი ვარ და ასეთი მიმიღეთ-მეთქი. ვფიქრობ, რომ ამით გულს არავის ვტკენ. ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ, არ ვატკინო. შეიძლება, ისეც მოხდეს, რომ ჩემმა გადაბრუნებულმა სიტყვამ ვინმეს გული ატკინოს, მაგრამ რა გავაკეთო, ესე იგი, სხვანაირად არ გამოდის.

– თვითონ რამდენად ხშირად გტკივა გული?

– თითქოს, აღარ მტკივა, ალბათ, იმუნიტეტი გამოვიმუშავე. ჩემზე და ჩემს შვილზე საშინელი ჰეითი მოდიოდა, საშინელებებს აკეთებდნენ ეს „ჰეითერებმა“, რომლებსაც მე, უკაცრავად და, „პროჭოსნებს“ ვეძახი, რაც მათ გამომატარეს, მას შემდეგ რაღა უნდა თქვან ისეთი, რაც არ ვიცი საკუთარ თავზე ან გააკეთონ, რომ გული მეტკინოს. მარტო მე კი არა, უკვე ჩემი შვილიც შეეჩვია. აქეთ მაწყნარებს ხოლმე, ხომ იცი, რომ ეგრე იქნებოდა, მთავარია, მე ვიცი, როგორი დედა ხარ და დანარჩენს არ აქვს მნიშვნელობაო. შვილი რომ ამას მეუბნება, დანარჩენი მაგარი მადღაბნია, ვინ რას იტყვის.

– დედაც შეეჩვია?

– დედა – ვერა. როგორც კი გაიგებს, რომ რაღაც „დავაშავე“, „ჰეითერებს“ სალაპარაკო ლუკმა ჩავუგდე და აჯანყდნენ, დედა ნერვიულობს და სოციალურ ქსელებს თიშავს. არაფერს აღარ კითხულობს, აღარაფერს უყურებს. დედაჩემის აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მისი ნათქვამი ჩემზე ძალიან მოქმედებს. ეს მან კარგად იცის. ვინმე თუ რამეს იტყვის ჩემზე, ეს მართლა აღარ მაინტერესებს, მაგრამ როდესაც ეს დედასთან მიდის და ის მეუბნება, რომ რაღაც არ მოეწონა, რომ ჩემზე ამბობენ, დედამ ასეთი როგორ გაზარდა და ასე შემდეგ, ეს უკვე სხვა არის. არ მინდა, დედაჩემს გული ეტკინოს, ჩემგან განსხვავებით, დედაჩემს აქვს გული (იცინის). სინამდვილეში გული მეც მაქვს, მაგრამ აღარ მტკივა.

– კარგია ეს თუ ცუდი, რომ გული აღარ გტკივა?

– მე ძალიან ღრმა ბავშვობიდან დავიწყე ცოტა უცნაურად განვითარება და ვფიქრობ, რომ არც კარგია და არც ცუდი, ნორმალურია.

– გიჭირს ჩვენს სოციუმში შენი განსხვავებულობის გამო?

– არა, მეც მაქვს ჩემი წრე, რომელიც ისეთს მიღებს, როგორიც ვარ. ყველას ვერ მოეწონები. იესო ქრისტეს არ გაჰყოლია ყველა და მე ვინ ჩემი ფეხები ვარ.

– ბევრი უცნაურობა გახასიათებს, მისტიკური ამბები, ადამიანების განკურნების ძალა... როგორც გითქვამს, ამის გამო ადამიანებს შენი ცოტა ეშინიათ.

– შიშიც აქვთ და მორიდებაც, რაც ძალიან კარგია ჩემთვისაც და მათთვისაც. ეს ასეა, მაგრამ მე ბოროტი არ ვარ, ჩემს შესაძლებლობებს ცუდად არ ვიყენებ. პირიქით – თუ ვინმეს რამეში ხელს გავუმართავ და დავეხმარები.

– თავად თუ შეგშინებია საკუთარი ძალის?

– ჩემი მატრიცა გამოვითვალე და წინა ცხოვრებაში სასტიკი ჯადოქარი ვყოფილვარ, იმდენად სასტიკი, რომ საკუთარი ენერგია დავიბლოკე და სანამ ცეცხლზე დამწვავდნენ, თვითონ დავასრულე ყველაფერი. როდესაც ასეთი სასტიკი ჯადოქარი ხარ, თავიდან კარგს რომ გააკეთებ და ვერავინ დაინახავს, მერე უკვე ცუდს აკეთებ, იქნებ ეს მაინც დაინახონ, ამას რომ ხედავენ და ამაყობენ, რომ შენ ცუდი გააკეთე, გული გტკივა ამის გამო და აღარ გინდა, ასე გააგრძელო. მერე უკვე მიდიხარ იმ აზრამდე, რომ თავს იბლოკავ. მოკლედ, ასეა, წინა ცხოვრებაში ჯადოქარი ვყოფილვარ და საკუთარი თავი დამიბლოკავს, რომ არც კარგი მეკეთებინა და არც ცუდი. მომბეზრებია ეს ყველაფერი. ეს რომ გავიგე, ჩემზე ძალიან იმოქმედა. გადავწყვიტე, რომ თავს აღარასდროს დავიბლოკავ. ძალიან მომწონს როგორიც ვარ. ალბათ, წინა ცხოვრებაში ცოტა პატარა ტვინი მქონდა და კარგად ვერ განვვითარდი. ახლა ყველაფერი რიგზეა, კომფორტულად ვარ და მომწონს ჩემი თავი. თუმცა, არსებობს მომენტები, როცა უსამართლობის განცდა მაქვს და მაშინ, თითქოს აღარაფერი მინდა, თუმცა, ამ დროს ძალიან მეხმარება ჩემი ანგელოზი – ჩემი შვილი, ნატალი. როგორც კი მის სახეს წარმოვიდგენ, მაშინვე აზრზე მოვდივარ და მახსენდება, რა მაგარია ცხოვრება.

– რამ შეიძლება, ბოროტების ჩადენის ზღვარზე დაგაყენოს?

– უი, ჩემს შვილს არ შეეხონ, დედაჩემს არ შეეხონ. დანარჩენი, რაც უნდათ ის უქნიათ. მთავარია, ამ ორ ადამიანს არ შეეხონ არც სიტყვიერად და ხელით ხომ ზედმეტია ლაპარაკი. ამის გარდა არაფერი მაინტერესებს. ეს ჩემი ორი წერტილი ჩემთვის ხელშეუხებელია. თუ ეს მოხდა, განა მე მინდა, მაგრამ თვითნებურად იწყება ჩემში ვულკანის ამოხეთქვა. ამიტომ ეს ზღვარი არ უნდა გადმოკვეთონ. მოდი, მითხარი, რომ უზრდელი ვარ, თუ გინდა, უკანასკნელი ადამიანი მიწოდე, მაგრამ დედაზე და შვილზე, არც კარგი მითხრა, არც ცუდი. ეს ჩემი სუსტი წერტილია და თუ ვინმე მათზე ამბობს რამეს, თვალებზე ბინდი მეკვრება. მე კი ვარ ანგელოზი, მაგრამ ეშმაკის ყველა თვისება ვიცი. ასეთ მომენტში, ჩემდა უნებურად აქტიურდება ეს თვისებები. ამიტომ, არ ღირს ჩემთან თამაში (იცინის).

– რა ხდება პირად ცხოვრებაში?

– მე და უსიყვარულოდ დავრჩე? არ არსებობს. მიყვარს ადამიანი, რომელსაც ძალიან ვუყვარვარ, პატივს მცემს, მაფასებს, ჩემი ესმის და ჯერჯერობით ბედნიერი ვარ. თუ თავში არ გადამიტრიალდა, კიდევ ცოტა ხანს გაგრძელდება ასე (იცინის). პირადი ურთიერთობები მაინც ცოტა ისეთია, ჩემს ცხოვრებაში ერთი ადამიანი ყოველთვის არსებობს, მაგრამ სერიოზულად ვფიქრობ და არიქა, მის სახლში „სტენკის“ დადგმასა და მის ცოლობაზე ვფიქრობ-მეთქი, ასე არ არის.

– გამოდის, ამ ტიპის ურთიერთობაში არც ისე სტაბილური ხარ.

– ასცენდენტი ტყუპებში მყავს, დილით მარწყვი მიყვარს, საღამოს ალუჩა. ეს თუ დამისტაბილურდა, შეიძლება, ორივე ერთად მიყვარდეს. ჯერჯერობით გამოდის ეს ურთიერთობა, მაგრამ ამ ალუჩას ოდესღაც ხომ გაუვა სეზონი?! (იცინის) ზოგადად, პირადი ურთიერთობები ჩემთვის მესამე ადგილას დგას, დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. კი, მიყვარს, ბედნიერი ვარ, მუცელში პეპლები დაფრინავენ, რა ჯობია! როცა მიყვარს, უფრო ვლამაზდები, მაგრამ არის რაღაცები, რაც შეიძლება, უცებ აღარ მოგეწონოს და გადაგინდეს ეს ურთიერთობა. ან იმას გადაუნდეს. ჩემთვის პირველ რიგში, ჩემი შვილი და დედა დგანან, შემდეგ კარიერა და ფინანსები, მესამე ადგილზეა სიყვარული და პირადი ურთიერთობა.

– რადგან თავისუფალ ადამიანად გაგიცნეს, აქვთ მოლოდინი, რომ შენთან ურთიერთობა ადვილად გამოუვათ?

– სხვათა შორის, არა. მამაკაცებისგან და არა მხოლოდ, იმიტომ რომ მე ხომ ქალებსაც მოვწონვარ და ორივესგან რაღაცნაირ მოწიწებას ვგრძნობ. საერთოდ, მე შეიძლება, „ვიგულავო“, მაგრამ თბილად მაცვია. მე თუ არ მინდა, ისე არაფერი მოხდება.

– თაყვანისმცემლებს შორის ქალებიც არიან და კაცებიცო. თვითონ გაგჩენია ქალის მიმართ ინტერესი?

– ცხოვრება ისეთია, ყველაფერი დაგაინტერესებს. მეც გამჩენია ქალის მიმართ ინტერესი. საერთოდ, ყველაფერი მიყვარს, რაც ლამაზია – ქალი იქნება, ყვავილი თუ სხვა რამ. უბრალოდ, ინტერესი გიჩნდება და კი, მეც მქონია ასეთი ინტერესი.

– რას ელი პროექტისგან ამჯერად?

– იქიდან გამომდინარე, რომ სტაფის წევრი მიზის მონაწილედ, შეიძლება, ის გახდეს გამარჯვებული, მაგრამ ეს უკვე თამაშის მსვლელობის დროს გაირკვევა. მე გამარჯვებისთვის შევედი და ძალიან მინდა, რომ მოვიგო. ჩემს თავსა და ჩემს გვირგვინოსნებში დარწმუნებული ვარ, მაგარი ვარ და მაგრები მყვანან, მაგრამ მაინც რთულია იმაზე ლაპარაკი, რასაც ზუსტად ვერ ხედავ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №25

17-23 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი