ანი ჯავახი: ჩემი ფეხით მივადექი სახლში და სწორედ იმ დღიდან დაიწყო ყველაფერი
ავტორი: ქეთი მოდებაძე 20:00 14.06, 2023 წელი
რამდენიმე თვის წინ მოცეკვავე ანი ჯავახი დედა გახდა და როგორც თავად ამბობს, დემიენის დაბადებამ მისი ცხოვრება სრულიად შეცვალა.
– ანი, როგორი ბიჭია დემიენი და როგორი გოგო აღმოჩნდა ანი დედის ამპლუაში?
– დემიენი არის ზუსტად ისეთი ბავშვი, როგორსაც ჩემს შვილს წარმოვიდგენდი (იცინის). პირველ რიგში, არის მოუსვენარი, ძალიან სასაცილო და ყველაზე საყვარელი. ჭამაზე და სიცილზე მეტად არაფერი უყვარს. პირველ რიგში, წარმოდგენა არ მქონდა, როგორი უნდა ყოფილიყო ეს სიყვარული, დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ ყველაფრის გასააზრებლად რამდენიმე თვე მაინც დამჭირდებოდა, მაგრამ თურმე, ძალიან ვცდებოდი – მეორე დღიდან ისე შემიყვარდა, გამაფრენინა. რაც შეეხება იმას, თუ როგორი დედა ვარ – ყველა გაკვირვებულია, არავინ მოელოდა, რომ ასეთი დედა ვიქნებოდი. (იცინის) სამშობიაროს პერსონალიდან მოყოლებული – ახლობლებით დამთავრებული, ყველა გაოცებული იყო და არის.
– როგორ შეცვალა დედობამ ცხოვრება?
– რომ მცოდნოდა, რა იყო შვილის სიყვარული, ბავშვს აუცილებლად უფრო ადრე გავაჩენდი. ორი წელი ვამბობდი, რომ არ ვიყავი მზად ამისთვის და ახლა ძალიან, ძალიან ვნანობ ჩემს ამ სიტყვებს. ყოველი დღე ბედნიერი ვარ, მას შემდეგ, რაც დემი ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა, ერთი წამითაც კი არ ვყოფილვარ მოწყენილი. სულ ვიცინი და ყველაფერს სულ სხვანაირად აღვიქვამ, მეცინება ხოლმე იმ ყველაფერზე, რაზეც აქამდე ვნერვიულობდი და განვიცდიდი. მარტივად რომ ვთქვა, შვილმა თავდაყირა დააყენა ჩემი ცხოვრება.
– მშობიარობიდან რამდენ ხანში დაუბრუნდი ცეკვას და როგორი რეჟიმით ცხოვრობ დღეს, პატარასთან ერთად როგორ გამოგდის საქმეებთან გამკლავება?
– რეპეტიციებს მშობიარობიდან ზუსტად ერთ კვირაში დავუბრუნდი, თან, ჩვეულ რეჟიმში, რადგან უმარტივესი მშობიარობა მქონდა. ჩემთვის სწორედ ეს პროცესი დარჩა საუკეთესო და სასწაულ მოგონებად, რომელზე ლაპარაკითაც არასდროს დავიღლები. მე და ჩემმა ოჯახმა იმდენად მარტივად და კარგად დავალაგეთ ბავშვის მოვლის განრიგი, რომ უმარტივესად ვუმკლავდებით ყველაფერს. სანამ დემიენი დაიბადებოდა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ძიძა დამჭირდებოდა, მაგრამ ისე მიდგას ჩემი ოჯახი გვერდით, აბსოლუტურად ყველაფერში, რომ ახლა არაფერზე აღარ ვფიქრობ, მშვიდად ვარ.
– როდესაც დედა პირველად ხდები, ბუნებრივია, ბევრი რამ არ იცი. როგორ ემზადებოდი ამ პასუხისმგებლობისთვის და რამდენად რთული აღმოჩნდა ყველაფრისთვის თავის გართმევა?
– გავიგე თუ არა, რომ ორსულად ვიყავი, ამასთან დაკავშირებით ყველაფრის სწავლა დავიწყე. ინფორმაციას ვაგროვებდი როგორც გამოცდილი დედებისგან, ასევე, ექიმებისგან და ფსიქოლოგებისგან. როდესაც რამე არ ვიცი, კითხვების დასმა ნამდვილად არ მერიდება და ამომწურავ პასუხებსსაც მაშინვე ვიღებ. ამიტომ, როდესაც დემე დაიბადა, ბევრი რამისთვის უკვე მზად ვიყავი, გარკვეული ცოდნა მქონდა. ახლა უკვე, ყოველდღიურობაში მასთან ერთად ვსწავლობ ძალიან ბევრ რამეს.
– ღამეების თენება – ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირთულე. ამას როგორ მიეჩვიე?
– სულ რამდენიმე დღე გვქონდა ისეთი ჭირვეული, რომ ღამე გავათენეთ. ალბათ, იმის გამო, რომ პირველი დღეები ბავშვს არ ვიცნობდი. ახლა უკვე კარგად ავუწყვე ფეხი მის რეჟიმს და გემრიელად გვძინავს ერთად.
– ბევრ გოგოს აქვს მშობიარობის შემდეგი დეპრესია, როგორი გამოცდილება გაქვს ამ თვალსაზრისით?
– დავიწყოთ იქიდან, რომ ჩემი აზრით, ჩვენი გონება გვმართავს ჩვენ. როგორც მივმართავთ ჩვენს ფიქრებს, ისევე დაგვიბრუნდება უკან და ჩვენს ცხოვრებაშიც შესაბამისად განვითარდება მოვლენები. თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი, რომ უმარტივესი ორსულობა მექნებოდა და ასეც მოხდა. ვიცოდი, რომ ბევრი, ბევრი ცეკვითა და აქტივობით იქნებოდა ეს პერიოდი დატვირთული და ზუსტად ისე ვიყავი მთელი 9 თვე. მშობიარობის დღესაც ექიმს რომ არ დავეტოვებინე, ჯერ რეპეტიციაზე მივდიოდი, შემდეგ კი – გადაღებაზე (იცინის). ასევე, დარწმუნებული ვიყავი, რომ მშობიარობა ჩემთვის ძალიან მარტივი იქნებოდა და მართლა იმდენად მარტივი აღმოჩნდა, რომ სამშობიაროში უკვე მეორე შვილზე დავიწყე ლაპარაკი. დარწმუნებული ვიყავი იმაშიც, რომ ბავშვი არ იქნებოდა პრობლემური და რთული ხასიათის. ჰოდა, ნამდვილად, ჩემი პატარა ბისკვიტი ყველაზე კარგი ხასიათის არის.
– ფეხმძიმობის პერიოდში და მშობიარობის შემდეგ ძალიან ბევრი გოგოსთვის იყავი მოტივაცია და ახლაც ასეა, იმიტომ რომ საოცარ ფორმაში იყავი ბოლო წუთამდე და მშობიარობის შემდეგაც. რისი დამსახურებაა ეს?
– ამაში როგორც გენეტიკა, ასევე ჩემი ცხოვრების რეჟიმიც ძალიან დიდ როლს ასრულებს. ბევრი გოგო მწერს ყოველდღიურად და ჩემთვის ეს არის ყველაზე დიდი მოტივაცია, მოტივაცია იმისა, რომ ბევრად კარგი ვიყო.
– ორსულობასა და მშობიარობის პირველ პერიოდს ბევრი სტერეოტიპი უკავშირდება იმის შესახებ, თუ რა შეიძლება, რა - არა… რას ითვალისწინებდი და რას არა?
– პირველ რიგში, აუცილებელია ექიმის რეკომენდაციების გათვალისწინება. რადგან მარტივი ორსულობა მქონდა, მე სწორედ ამიტომ ვიყავი აქტიური და ყველაფერზე არ ვიზღუდავდი თავს. ზოგადად, უამრავი არასწორი ინფორმაცია არსებობს ორსულობის შესახებ და მშობიარობის შემდეგ პერიოდზეც, მაგრამ მითებს ყურადღებას არ ვაქცევ.
– ცოტა მოვყვეთ მეუღლეზეც, ვინაა და თქვენი სიყვარულის ამბავი როგორია…
– მე და რატიმ ერთმანეთი ჩვენი საერთო მეგობრის საშუალებით გავიცანით. მას ჩემი ფეხით მივადექი სახლში და სწორედ იმ დღიდან დაიწყო ყველაფერი. თან, მაშინ კარანტინის პერიოდი იყო, რის გამოც ორივეს ძალიან ბევრი თავისუფალი დრო გვქონდა და მთელ დღეებს ერთმანეთის გაცნობაში ვატარებდით. აქედან გამომდინარე, ძალიან მალე შეგვიყვარდა ერთმანეთი.
– როგორი აღმოჩნდა ოჯახური ცხოვრება ზოგადად და პატარამ როგორ შეცვალა თქვენი ურთიერთობა?
– დემიმ ჩვენი ოჯახი ბევრად თბილი და ტკბილი გახადა, სულ სხვანაირად დავაფასეთ ერთმანეთი, მან ჩვენი სიყვარული ახალ საფეხურზე აიყვანა.
– პატარას როგორ შეურჩიეთ სახელი?
– დიდი ხანია, სახელი დემიენი ძალიან მომწონს და პირველად სწორედ ამ სახელზე გამეფიქრა. წარმოვიდგინე და მივხვდი, რომ ჩემს შვილს მოუხდებოდა. როცა ამის შესახებ ხმამაღლა გავაჟღერე, რატისაც ძალიან მოეწონა.
– ვის ჰგავს – დედას თუ მამას?
– ამაზე ჯერ ვერ ჩამოვყალიბდით, მაგრამ ჩემი აზრით, მამიკოს ჰგავს ძალიან, ასე რომ, უსიმპათიურესი ბიჭი იქნება.
– ბევრი წელია, დაუღალავად შრომობ კარიერული განვითარებისთვის, ახლა რა გეგმები გაქვს?
– ახლა გაასმაგებული ძალებით დავუბრუნდი ჩემს საქმიანობას, მაქვს უდიდესი გეგმები, რომლებსაც ძალიან მალე ვაქცევ რეალობად.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
22:09 18.12, 2024 წელი