ანი ღონღაძე: დედაჩემი მეუბნებოდა, ნელ-ნელა მოფერება ისწავლეო
ავტორი: ქეთი მოდებაძე 20:00 13.07, 2022 წელი

ორშაბათსა და ოთხშაბათს „დილის პალიტრის“ ეთერიდან მაყურებელს უკვე ანი ღონღაძე ესალმება. ანისთვის დილის ეთერი ახალი გამოწვევაა, რომელსაც პატარას დაბადების შემდეგ სამსახურში დაბრუნებული, სიხარულით შეხვდა.
ანი ღონღაძე: დეკრეტული შვებულებიდან ძალიან მალე დავბრუნდი, სამსახურში თვე-ნახევარში გავედი. თავიდან ხუთ წუთში მინდოდა სახლში დაბრუნება. ვერსად ვისვენებდი. ახლაც მთელი დღე მენატრება ნიკოლა, მაგრამ სამსახურიც აუცილებელია, დედისთვისაც და შვილისთვისაც, ჩემი საქმეც მენატრებოდა და ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო სამსახურში დაბრუნება. თავიდან შეუძლებლად მიმაჩნდა პატარა ბავშვით დილით ადრიანად მუშაობა, მაგრამ შემოთავაზება რომ მივიღე, მივხვდი, რომ ეს ჩემთვის წინ გადადგმული ნაბიჯი და დიდი გამოცდილება იქნებოდა. რამდენიმე წელია, რაც ტელევიზიაში ვარ და ეს სიახლე ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა. ერთი პერიოდი დილის ეთერშიც ვიყავი, მაგრამ მხოლოდ პრესის მოკლე მიმოხილვით. ასეთი დიდი გადაცემა კი არხზე სექტემბრიდან გვექნება და მოკლედ, ამ შემოთავაზებამ ძალიან დამაინტერესა. პირველ რიგში, ჩემი თავის გამოცდა მინდოდა. ბევრი არ მიფიქრია, მაშინვე დავთანხმდი და კვირაში ორჯერ ვიქნები დილის ეთერის წამყვანი.
– პატარას გამო დილით ადრე ადგომა არ გაგიჭირდება, მაგრამ მასთან განშორება?
– დილით გაღვიძება ყოველთვის ძალიან მიჭირს და არ მიყვარს (იცინის). მაგრამ ახლა დროც კარგად დაემთხვა. ზაფხულში უფრო მარტივია, ამინდისა თუ განწყობის გამო დღის ადრე დაწყება. ვნახოთ, რა იქნება ზამთარში (იცინის). რაც შეეხება ბავშვს, მე და ჩემი მეუღლე მარტო ვცხოვრობთ, დილით დატოვებაზე ცოტა ვნერვიულობდი, მაგრამ ჩვენი მშობლები ძალიან გვეხმარებიან. დამხმარე ქალიც გვყავს, რომელიც დღის განმავლობაში ბავშვთანაა, მანამდე კი ჩემი და გიორგის მშობლები გვიწყობენ ხელს, რომ დატოვების პრობლემა არ გვქონდეს.
– მინდა გკითხო, მშობიარობის შემდეგ ფორმაში დაბრუნება როგორ მოახერხე-მეთქი, მაგრამ მგონი, მსგავსი არაფერი დაგჭირვებია და სამშობიაროშიც მშვენიერ ფორმაში შეხვედი.
– (იცინის) ძალიან ცოტა მქონდა მომატებული. მუცელი მეცხრე თვეშიც კი, ფაქტობრივად, არ მეტყობოდა. შესაბამისად, წონის პრობლემა არ მქონია, მალევე დავიბრუნე ჩემი ჩვეული ფორმა და ამას რომ მეკითხებიან, პასუხი არ მაქვს. ყველაფერი ბუნებრივად მოხდა, ამისთვის ძალისხმევა არ დამჭირვებია. საბედნიეროდ, ორსულობის არცერთ ეტაპზე არ მქონია არანაირი პრობლემა, უბრალოდ მუცელი დიდად არ მეტყობოდა და ცოტა ვნერვიულობდი, ბავშვს ხომ ყველაფერი კარგად აქვს, ხომ ნორმალურად იზრდება-მეთქი და ექოზე რომ მივიდოდი და ბავშვის წონას ვიგებდი, მიხაროდა. ყველას გაოცებული სახე ჰქონდა, როცა ვამბობდი, რამდენი თვის ორსული ვიყავი. ახლა რომ ვუყურებ, ზოგ ორსულს რა ლამაზი ფოტოები აქვს, ცოტა გული მწყდება. მეც მეგონა, მეტყობოდა, რომ ვიღებდი რაღაც ფოტოებს და ვაწერდი – მერვე თვე, მეცხრე თვე, მაგრამ ახლა რომ ვუყრებ, სასაცილოა, დიდად არ ვგავარ ორსულს (იცინის). თუმცა, ფორმაში მალე ჩადგომის კუთხით, სასიხარულოა. ვიცი, მერე რამდენს წვალობენ და სხვათა შორის, ვნერვიულობდი ხოლმე, ორსულად რომ ვიქნები, მერე როგორ დავიბრუნებ ფორმას-მეთქი, მიფიქრია ამაზე. ეს პერიოდი ისე მალე გავიდა, მგონია, რომ უკვე დიდი ხნის წინ იყო (იცინის). ნიკოლა ახლა ხუთი თვის არის.
– რას ნიშნავს დედობა?
– მგონია, ამას ვერავინ ახსნის. თუმცა ძალიან განსაკუთრებული და ყველაფერისგან განსხვავებული გრძნობაა. ჯერ მხოლოდ ხუთი თვეა, დედა ვარ, მაგრამ ცხოვრებაში ბევრ რამეზე შემეცვალა შეხედულება. რაც მეტი დრო გადის, მით მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. მთელი სამყარო ერთი პატარა ადამიანის გარშემო ტრიალებს.
– ნათქვამი გაქვს, არ შემიძლია, გრძნობებისა და ემოციების ზედმეტად გამოხატვაო. ბავშვთან როგორი აღმოჩნდი?
– მგონი, ნელ-ნელა ვისწავლე გრძნობების გამოხატვა (იცინის). დედაჩემი მეუბნებოდა: აი, ნელ-ნელა მოფერება ისწავლეო. ბავშვი მართლა ყველაფერს ცვლის და მასთან სიყვარულს ათმაგად გამოხატავ, ეს ბუნებრივია.
– როგორი მამა აღმოჩნდა გიორგი?
– საოცარი. არ მეგონა. ველოდი, რომ კარგი იქნებოდა, მაგრამ ჩემს მოლოდინებს გადააჭარბა. გიჟდება, ისე უყვარს ბავშვი. საკუთარი შვილი ყველას უყვარს, მაგრამ ის განსაკუთრებულად გამოხატავს. ცდილობს, ყველაფერში მომეხმაროს. ართობს, უკითხავს, ასეირნებს და დარწმუნებული ვარ, ნიკოლა რომ გაიზრდება, საუკეთესო მეგობრები იქნებიან.
– ძალიან ლამაზი ბავშვია, დედას უფრო ჰგავს თუ მამას?
– უი, ამაზე სულ ვჩხუბობთ (იცინის). ორივე ჩვენი ბავშვობის ფოტოებს და ვიდეოებს ვაფრიალებთ. გიორგის ერთი ვიდეო აქვს, რომელშიც სამი თვისაა და იქ მართლა საოცრად ჰგავს. მაგრამ ვისაც მე ბავშვობაში ვყავარ ნანახი, ყველა მეუბნება, რომ საოცრად მგავს და მოკლედ, ჯერ ვერ ჩამოვყალიბდით (იცინის). მე თუ მეტყვიან, შენ გგავსო, მე მიხარია, გიორგის თუ ეტყვიან, გიორგია ბედნიერი (იცინის).
– ძალიან ბევრი სირთულე გამოიარა თქვენმა ოჯახმა. ყველაფერი გადალახეთ და ახლა პატარაც გაჩნდა თქვენს ურთიერთობაში. რა შეცვალა ამან?
– საერთოდ დაგვავიწყა ყველაფერი, რაც ცუდი იყო. აქამდეც ვცდილობდით, რომ იმ ცუდ პერიოდზე არ გვენერვიულა, მაგრამ ახლა ამაზე აღარც ვლაპარაკობთ, აღარც ვფიქრობთ და ორივე ამ პატარა ადამიანის გარშემო ვარსებობთ. მარტო ჩვენ არა, ჩვენი ახლობლებიც. ამდენი ხანი, თითქოს, ყველა ელოდა ნიკოლას გამოჩენას ჩვენს ცხოვრებაში და მან ყველაფერი ცუდი წარსულს ჩააბარა.
– როგორც ვიცი, ბიზნესშიც სცადეთ ბედი და რა გეგმები გაქვთ?
– დიდი ხნის განმავლობაში გვქონდა გეგმა და სურვილი, კოტეჯი აგვეშენებინა. ყველაფერი დეტალურად მქონდა წარმოდგენილი, ვიცოდი, რა როგორ უნდა გამეკეთებინა. შარშან დავიწყეთ აშენება, ზუსტად ორსულობის პერიოდში და მთლიანად ჩართული ვიყავი მშენებლობის პროცესში. წელს ბოლო დეტალები დავასრულეთ და ძალიან მალე, ალბათ, ივლისიდან გავხსნით. ყაზბეგში, უფრო კონკრეტულად, სნოში. ჩვენი კოტეჯი მართლა ულამაზესი გამოვიდა. ყველაფერი ჩემი დიზაინითა და იდეით არის გაკეთებული. დიდი გეგმები გვაქვს: იმავე მიწაზე კიდევ 3-4 კოტეჯის აშენებას და პატარა კაფეს გაკეთებას ვფიქრობთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან