ანი ამილახვარი: ბატონი რობერტი „ვეფხისტყაოსანზე“ მუშაობს და მისგან შემოთავაზებას ველოდები
ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 30.07
მსახიობ ანი ამილახვრისა და ტელეკომპანია „პოსტვის“ თანამშრომლობის დასრულება ცოტა ხნის წინ ანის მიერ ღიად გამოხატულ მოქალაქეობრივ პოზიციას მოჰყვა. როგორ განვითარდა მოვლენები ამის შემდეგ და რა გეგმები აქვს მას, ანი თავად მოგვიყვება.
ანი ამილახვარი: ბოლო პერიოდში შედარებით მეტი დრო მაქვს საკუთარი თავისთვის. ბევრს ვფიქრობ იმაზე, თუ რა მინდა, რა ინტერესები მაქვს და როგორ მსურს, ჩემი ცხოვრება დავალაგო. ამ ძიებისა და თვითდაკვირვების პროცესში ჩემს თავში საოცარი უნარები აღმოვაჩინე, როგორიცაა სცენარების და პიესების წერა. ძალიან მომინდა ხელახლა ჩაბარება და სარეჟისორო მიმართულებაზე სწავლა.
ტელევიზია კვლავ რჩება ჩემი ინტერესის სფეროდ და გარკვეული მოლაპარაკებებიც მიდის, რაზეც ჯერ ხმამაღლა ვერ ვისაუბრებ. ასევე, მუშაობა დავიწყე ჩემთვის სრულიად ახალი მიმართულებით – არაშემოქმედებითი კუთხით. ერთ-ერთ საუკეთესო კომპანიაში კორპორაციული გაყიდვების მენეჯერობა შევითავსე. ძალიან საინტერესო პროცესების თანამონაწილე გავხდი. კომპანიების უსაფრთხოებაზე ვზრუნავთ ყველა მიმართულებით. გაყიდვები ცა და დედამიწასავით განსხვავდება ჩემი სფეროსგან, თუმცა, ვფიქრობ, რომ მსახიობობის შემდეგ ყველაფერი მარტივია, თუ მეცნიერებისა და უმაღლესი ხარისხის მათემატიკის ცოდნას არ მოითხოვენ ჩემგან (იცინის).
ვფიქრობ, ცხოვრებაში რაც უფრო მეტ გამოწვევას მიიღებ და რაც უფრო მეტად განავითარებ საკუთარ თავს მრავალმხრივ, მით უფრო საინტერესო ადამიანად ჩამოყალიბდები. მე მინდა, ჩემი ცხოვრება არასტანდარტული იყოს. მიჩვეული ვარ, რაღაც რომ მთავრდება, ახალი იწყება, ამიტომ ყოველთვის უფრო საინტერესოს მოლოდინში ვარ.
– ნათქვამი გაქვს, რომ ტელევიზიაში მუშაობა შენი ოცნება იყო. გაგიჭირდა ამ ფურცლის გადაშლა?
– ნამდვილად დამაკლდა ტელევიზია. აღმოვაჩინე, რომ იქ არაჩვეულებრივ დროს ვატარებდი. მე ვგიჟდები ადამიანების გაცნობაზე და ტელევიზია ყოველდღიურად მაძლევდა ამის საშუალებას. სამი თვე გადის, რაც ტელევიზიაში აღარ ვმუშაობ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ეს დროებითია. უფრო წინ ვიყურები, ვიდრე უკან. უფრო საინტერესო პროექტების მოლოდინი მაქვს. კოლეგები მენატრებიან, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მათთან ურთიერთობა აღარ მაქვს. ვისთანაც ვმეგობრობდი, დღემდე ვმეგობრობ. გაბრაზებული ნამდვილად არ ვარ, დღესაც ვუყურებ ჩემს კოლეგებს დილის გადაცემაში, რადგან ეს ჩემთვის საყვარელი გარემოა. კიდევ ერთხელ ვისწავლე, რომ განსხვავებულ აზრს პატივი უნდა სცე, შეიძლება, არ ეთანხმებოდე, მაგრამ არ უნდა გეზიზღებოდეს, რადგან ასე თავს ვეღარ განავითარებ. აგრესია არავის მიმართ არ მაქვს, თუმცა, სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობსო, ნათქვამია. თითქმის ყოველდღე მხვდება ხალხი ქუჩაში და ყველას სათითაოდ ვუხსნი, თუ რატომ წამოვედი ტელევიზიიდან და რას ვაპირებ სამომავლოდ. მათი გულშემატკივრობა ჩემთვის დიდი სტიმულია.
– რომ გცოდნოდა, ტელევიზიის მხრიდან ასეთი რადიკალური გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული, საკუთარ პოზიციას მაინც ასე ღიად გამოხატავდი, თუ იცოდი, ამას რაც მიყვებოდა და შესაბამისად, მზად იყავი?
– რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ ჩემს ნაბიჯს ეს მოჰყვებოდა, მაგრამ დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ და მე არაერთი მსხვერპლი გამიღია ჩემი ქვეყნისთვის ჩემი შრომითა და თავდადებით, კაპიკებზე მუშაობით და ასე შემდეგ, ამიტომ ვერავის მივცემ უფლებას, სიტყვის თავისუფლება წამართვას, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ადამიანებმა ამის გამო სიცოცხლე გაწირეს და მე თუ სამსახური გავწირე, დიდი ამბავი, გმირად სულაც არ ვგრძნობ თავს. იმავენაირად მოვიქცეოდი დღესაც.
მეორე მხრივ, იმ ადამიანებისაც მესმის, რომლებიც სხვადასხვა ტელევიზიებში მუშაობენ და საკუთარი პოზიცია ხმამაღლა ვერ დააფიქსირეს, რადგან არ უნდოდათ, სამსახური დაეკარგათ. მათ შორის ჩემი მეგობრებიც არიან. ყველას არ აქვს იმის საშუალება, რომ ადგეს და სამსახური დატოვოს. იმ ადამიანების კი არ მესმის და მაღიზიანებენ კიდეც ისეთები, ვინც ამ საკითხში ძალიან კატეგორიულები არიან და შეურაცხყოფას აყენებდნენ მათ, ვინც რომელიმე ტელევიზიაში ადგილი ვერ ან არ დათმო. ამ ადამიანებმა ამ ადგილებისთვის ძალიან ბევრი იშრომეს, ოჯახებს არჩენენ და ასე შემდეგ, ამიტომ მარტივი არ არის ამ გადაწყვეტილების მიღება. ვიღაცები დღეს მოგიწოდებენ, რომ ყველაფერი დათმო, ყველაფერზე უარი თქვა, რისთვისაც მიგიღწევია და თუ ასე მოიქცევი, მეორე დღეს საერთოდ არავის აინტერესებს, როგორ ხარ. მე ისევ ჩემი ოჯახი დამეხმარა. კომპანია, სადაც მუშაობა დავიწყე, ჩემი ბიძაშვილისაა.
ბევრი მეუბნება, შენ რა გენაღვლება ყველა სამსახურში სიხარულით მიგიღებენო. მე კიდევ ვიტყოდი, რომ ყველგან ვერ ვიმუშავებ. თეატრში მუშაობის შემდეგ ოფისში მუშაობა რთულია. ძნელია ისეთი სამსახურის მოძებნა, რომელიც დაგაინტერესებს და შეგავსებს. ადამიანს, მინიმუმ, იმისთვის უნდა მოსწონდეს თავისი სამსახური, რომ პროდუქტიული იყოს. არ არის ადვილი პროცესი, უკვე ბევრი ღამე გავათენე ამაზე ფიქრით. არადა, ერთადერთი და ყველაზე საყვარელი ჩემი საქმე სცენაზე დგომააა. ყველაზე კაშკაშა და სანატრელი სამსახური მაქვს ამ ქვეყანაზე. რუსთაველის ეროვნული თეატრი ყველაზე დიდი და ისტორიული თეატრია თავისი შენობით და თავისი არსით. ერთადერთი ეროვნული თეატრი. სასაცილოა, რომ მის მოქმედ და აქტიურ მსახიობს, რომელიც დიდი სცენიდან უკვე წლებია, არ ჩამოვსულვარ დამატებით სამსახურზე მიწევს ფიქრი. მითხარით, არ არის ეს პოლიტიკის სახლში შემოჭრა? მგონი, არის. კულტურა ყველას ფეხებზე ჰკიდია და ვერც შემედავება ვერავინ, რადგან ამას პირადი მაგალითებით დავადასტურებ.
ყველაფრის მიუხედავად, მგონია, რომ ყველა ადამიანი ვალდებულია, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ღირსება ჰქონდეს. ამასთან დაკავშირებით ყოველთვის ერთი ისტორია მახსენდება: მეგობრებთან ერთად, ამსტერდამში ვიყავი. სახლის წინ, კიბეებთან ჩამოვჯექით და მივირთმევდით. შემთხვევით, ერთ-ერთ ჩვენგანს იქვე მდგარ ლარნაკზე ფეხი გაეკრა და მიწა გადმოეყარა. მოდი, ჯერ ჭამა დავასრულოთ და მერე მოვაწესრიგოთ ეს ყველაფერიო, ვთქვით. ამ დროს ამსტერდამელმა წყვილმა გამოიარა. რომანტიკულად ეხვეოდნენ ერთადერთს, მაგრამ რომ მოგვიახლოვდნენ, უცებ, ეს ორი ადამიანი შეჩერდა და ჯარისკაცებად გარდაიქმნენ, დაჟინებით გვიყურებდნენ. ერთ-ერთმა მეგობარმა გვითხრა, სანამ არ მოვაწესრიგებთ ყველაფერს და ქოთანს თავის ადგილზე არ დავაბრუნებთ, ესენი სერიოზულ პრობლემებს შეგვიქმნიანო. მიწა მოვასუფთავეთ, ლარნაკი საკუთარ ადგილას დავდგით და ამ ორმა ადამიანმა ისეთივე მშვიდი სახით განაგრძესო გზა, როგორიც დასაწყისში ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ პირადად მათ ის ლარნაკი სულ არ ეხებოდათ და არც ჩვენ დაგვიშავებია რამე განსაკუთრებული, ეს არის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, რომელიც სტუმარს თუ ადგილობრივს, ნორმალურად მოქცევისკენ უბიძგებს.
– რაც შეეხება რუსთაველის თეატრს, მას რამდენად ეხება პოლიტიკა?
– პოლიტიკა ყველგან არის. ქუჩაში რომ გამოვდივარ, უკვე პოლიტიკა მეჭრება ცხოვრებაში. რაც შეეხება თეატრს, აქ ყველას თავისი დამოკიდებულება აქვს, მათ შორის ჩემს ხელმძღვანელობასაც, მაგრამ ისინი მე ჩემი ხედვის გამო არ შემხებიან. ბატონი რობერტი „ვეფხისტყაოსანზე“ მუშაობს და მისგან შემოთავაზებას ველოდები. დღეს ეს ყველაზე გრანდიოზული და მნიშვნელოვანი პროექტია ქართულ თეატრალურ სამყაროში. ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ ამ პროექტის ნაწილი გავხდები. თუ ვინმე ჩემი თავისუფალი აზრის გამო დამჩაგრავს, ეს იმას ნიშნავს, რომ დარჩენილი თავისუფალი პროცენტებიც მოკვდა და შემოქმედებას ამ ქვეყანაში აღარაფერი ეშველება. ჩემი აზრით, ხელოვანი ზუსტად ავთენტურობითა და თავისუფლების შეგრძნებით იზომება და თუ აზრის გამოხატვის გამო უნდა ჩაახშონ მასში ყველაფერი, მაშინ დამთავრებულა შემოქმედებითი პროცესები და ეგ არის.
– სხვა ქვეყანაში ვხედავ მომავალსო, თქვი, ეს ცხელ გულზე ნათქვამი სიტყვები იყო თუ ისევ ფიქრობ ამაზე?
– კი, მაინც ვფიქრობ ამაზე. ახლა საკუთარი თავის კიდევ ერთხელ შესწავლის პროცესში ვარ, ჩემს შანსებზე ვფიქრობ, მომავალს ვგეგმავ. უბრალოდ, ავდგე და სამუშაოდ სხვა ქვეყანაში წავიდე, მარტივი არ არის. მსახიობისთვის რთულია სრულიად უცხო ქვეყანაში პროფესიით დაკავება წინაპირობების გარეშე. შესაბამისად, სერიოზული გათვლებია საჭირო. შვილი მყავს და ბუნებრივია, მის გარეშე წასვლაც არ მინდა, ამიტომ საფიქრალი ბევრი მაქვს.
საზღვარგარეთ სწავლაზე ყოველთვის ვოცნებობდი, მაგრამ რადგან დედა პატარა ასაკში გავხდი, 21 წლის, ამ ოცნების ახდენა აქამდე ვერ შევძელი. შვილიანი ქალისთვის რთულია ასეთი გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ ეს სურვილი ისევ სურვილად რჩება და იმედი მაქვს, რომ მის რეალიზებას შევძლებ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან