შოუბიზნესი

ანდრია გველესიანი: ეს რომ არ გამეკეთებინა, ალბათ, ცუდი განცდა მექნებოდა

№46

ავტორი: ეთო ხურციძე 16:00 22.11, 2021 წელი

ანდრია გველესიანი
დაკოპირებულია

მსახიობმა და მომღერალმა ანდრია გველესიანმა საკუთარ „იუთუბ არხზე“, ძალიან საინტერესო გადაცემა დაიწყო, სახელწოდებით: „ანდრიას კარაოკე“. პირველ სატესტო გადაცემას საზოგადოების მხრიდან საკმაოდ პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა, რაც მსახიობს დიდ სტიმულს აძლევს ახალი წამოწყების განვითარებაში. გარდა ამისა, ანდრიას მუსიკალურ შემოქმედებაში სიახლეცაა – ახალი წლის თემაზე მხიარული კლიპის გადაღებას აპირებს.

ანდრია გველესიანი: როგორც ჩვეულებრივ დროს ვარ აქტიური, ასეთივე კომფორტის ზონაა ჩემთვის მანქანა. ხშირად გავდიოდი ხოლმე რეპეტიციებს საჭესთან და დღემდე, როცა მანქანას ვმართავ: ვმღერი, ვაკვირდები ხალხს, გარემოს და ასე შემდეგ. იდეის დონეზე სულ მინდოდა, მსგავსი გადაცემა გამეკეთებინა. ყოველთვის მეგონა, საინტერესო იქნებოდა. თან, ძალიან მიყვარს ქართული კარაოკე და რაც მთავარია, ამ გადაცემის ანალოგი საქართველოში არ არსებობს – წლების წინ იყო, თუმცა, სიმართლე გითხრათ, დეტალები არ ვიცი. ამიტომ გადავწყვიტე, სატესტო გადაცემა გადამეღო და სტუმრად ჩემი უახლოესი მეგობარი, გიორგი ცხადაძე დავპატიჟე. არ მინდა, ბანალური და სტანდარტული გადაცემა გამოვიდეს, ამიტომ ვეცდები, ყოველთვის საინტერესო იყოს სტუმრის გამოჩენა და საერთოდ, ყველაფერი.

– გაამართლა პირველმა გადაცემამ?

– ძალიან ბევრს მოეწონა და დადებითად შეაფასეს. ერთადერთი პრობლემა, რაც მაქვს „იუთუბ არხის“ მოწესრიგებაა. სოციალურ ქსელში ყოველთვის აქტიური ვიყავი, „ფეისბუქზე“, „ინსტაგრამზე“, მაგრამ „იუთუბზე“ – არა, უბრალოდ, ჩემს მუსიკალურ ვიდეოებსა და სიმღერებს ვდებდი ხოლმე. ახლა კი სერიოზული მიხედვა სჭირდება, გასააქტიურებელია გვერდი. ამიტომ თქვენი მეშვეობითაც ყველას ვთხოვ, გამოიწერონ ჩემი „იუთუბ არხი“, მე კი ვეცდები, სტაბილურად იყოს ეს გადაცემა. რაც მთავარია, მივიღებ თქვენს ყველა რჩევას, კომენტარების სახით. მინდა, ეს ყველაფერი მაყურებელთან ერთად დაიხვეწოს და ყველასთვის სასიამოვნო საყურებელი გახდეს. სწორედ ამიტომ, ჩემთვის ძალიან კომფორტულია „იუთუბ“ სივრცე – ტელევიზიისგან განსხვავებით, უშუალო კონტაქტი მაქვს აუდიტორიასთან. ვფიქრობ, საზოგადოებასთან ერთად, ძალიან კარგ პროექტად ჩამოვაყალიბებთ.

– საზოგადოების მოთხოვნიდან გამომდინარე, განსაზღვრული გაქვს, რამდენი გადაცემა იქნება თვეში?

– ჯერჯერობით, რადგან ეს სატესტო ვარიანტი იყო, ისე ჩაიწერა, რომ უბრალოდ, ფორმატი შევთავაზე მაყურებელს. ახლა უკვე ვფიქრობ, ყოველ ორ კვირაში ერთხელ ჩავწეროთ, ანუ თვეში ორი გადაცემა გავუშვათ. მერე, თუ მოთხოვნა იქნება, კვირაში ერთი გადაცემის ჩაწერაც შეიძლება. საქართველოში იმდენი ნიჭიერი ადამიანია, სტუმრების მხრივ პრობლემა ნამდვილად არ მექნება.

– შემოქმედებაში გაქვს სიახლეები?

– როგორც ყოველთვის, ვმუშაობ ჩემს საავტორო მუსიკაზე და ვცდილობ, ეს ყველაფერი ისეთ დონეზე მივიყვანო, რომ ჩემი პირველი საავტორო მუსიკალური ალბომი გამოვცე. ამას ემატება რამდენიმე იდეა კლიპის შესახებ – საახალწლო სიმღერა დავწერე, რომლის ტექსტსაც იმედი მაქვს, მალე დავამთავრებ. მინდა, ახალ წლამდე მოვახერხო და პოზიტიური კლიპი გადავიღო, რაც ამ პერიოდში ძალიან გვჭირდება. თეატრშიც პრემიერისთვის ვემზადებით, მე და მაიკოც დუეტს ვამზადებთ და მოკლედ, დატვირთული გრაფიკი მაქვს. იმედია, ყველაფერს შევძლებ. რთულია, როცა სხვადასხვა ასპარეზზე გიწევს მუშაობა.

– როგორი მამაა ანდრია გველესიანი?

– ამ საკითხზე, ალბათ, მაიკო უფრო ისაუბრებს. ვცდილობ, 100 პროცენტით ყველაფერში ჩართული ვიყო. ადრე, თითქოს, არ იყო მამების ეს ტენდენცია. მიხარია, ყველა ჩემი მეგობარი, ვისაც პატარა ჰყავს, ბოლომდე ჩართულია ბავშვის აღზრდაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მგონია, თუმცა, ბავშვს დედას ვერავინ შეუცვლის. როგორც არ უნდა გავისარჯოთ მამები, დედა, უდავოდ, უპირობო ლიდერია, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენი ბოლომდე ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი თავისუფალი დრო მხოლოდ და მხოლოდ ალექსანდრეს ეკუთვნის. აქამდე თუ სხვადასხვა ინტერესით ვცხოვრობდი, ახლა მხოლოდ მისთვის ვარსებობ. ჩემს კარიერულ წინსვლას და ყველაფერს მხოლოდ ის გათვლა აქვს, რომ ჩემს შვილს მომავალი შევუქმნა. შვილის დაბადების შემდეგ სამყაროს სხვანაირად ხედავ.

– რამდენად ხარ ჩართული ალექსანდრეს მოვლის პროცესში?

– ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, ჩემი დაც ნაწილობრივ ჩემი გაზრდილია და ბავშვის მოვლის საკითხი არ არის ჩემთვის უცხო. სიახლეა ის, რომ საკუთარი შვილია, მაგრამ ბავშვი აქამდეც გამიზრდია. ვფიქრობ, ყველა მამა უნდა იყოს ამ პროცესში ჩართული. არის კატეგორია, რომელსაც თავიდან ეშინია ბავშვის ხელში დაჭერა, მაგრამ მე არ მქონია ეგ მომენტი. როცა მაიკოს ორსულობის შესახებ შევიტყვე, თავიდანვე მინდოდა, როგორც მშობიარობაზე დასწრება, ასევე აღზრდა-მოვლის პროცესში ბოლომდე ჩართვა. ეს ჩემთვის ისეთი ამბავია, ხაზგასმა რომ არ სჭირდება. მესმის, რომ ადრე პირობებიც სხვა იყო და ამის გამოც ვერ ახერხებდნენ მამები ჩართულობას, თუმცა მაშინაც იყვნენ ისეთები, რომლებიც ამ მხრივ აქტიურობით გამოირჩეოდნენ. მსგავს მომენტებს ბავშვი მართლა სხვანაირად აფასებს და ხედავს. მაქსიმალური ყურადღება უნდა დავუთმოთ შვილებს, ამაზე კარგს ვერაფერს გავაკეთებთ.

– ემოციურად რამდენად რთული იყო მშობიარობაზე დასწრება?

– არ იყო რთული, რადგან ყველა გადამწყვეტ მომენტში მაიკოს გვერდით ვარ, შესაბამისად, ამაზე დიდი ამბავი ჩვენს ცხოვრებაში არ ყოფილა და ნამდვილად ვერ გამოვაკლდებოდი. ერთი წამითაც არ დამიშვია, რომ მშობიარობას არ დავესწრებოდი. პირიქით, ეს რომ არ გამეკეთებინა, ალბათ, ცუდი განცდა მექნებოდა.

– ამბობენ, როცა ბავშვი იბადება, წყვილის ურთიერთობა იცვლებაო. თქვენს შემთხვევაში როგორაა?

– ჩემთვის სასაცილოა მსგავსი რამ, რა თქმა უნდა, ბავშვზეა ორივეს ყურადღება მიმართული და აქ ეჭვიანობა სისულელე მგონია. ჩვენთან ზუსტად ისეა ყველაფერი, როგორც უნდა იყოს. ორივე ვცდილობთ, ალექსანდრეზე ვიყოთ გადართულები და მერეა სხვა დანარჩენი. ჩემი აზრით, ასეც უნდა იყოს და სიმართლე გითხრათ, ძალიან მომწონს ეს ყველაფერი.

– როგორი ბიჭია ალექსანდრე?

– ალექსანდრე ძალიან კარგი ბიჭია, უკვე ხუთი თვის არის. მონდომებული და აქტიური ბავშვია, კარგად მიჰყვება განვითარებას როგორც ფიზიკურად, ასევე გონებრივად. კომუნიკაბელური და ადამიანების მოყვარულია, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი მგონია. მიუხედავად პანდემიისა, ვცდილობთ, ხშირად გვყავდეს გარეთ, რა თქმა უნდა, რეგულაციების დაცვით. არ მინდა, ამ ჩაკეტილობამ ცუდად იმოქმედოს მასზე და სურვილი მაქვს, კიდევ უფრო მეტი ურთიერთობა ჰქონდეს ადამიანებთან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი