შოუბიზნესი

ანანო სამხარაძე: როდესაც გიორგი შეკრებებზე მიდის, ძალიან მიჩუყდება გული, ვერ ვუშვებ

№12

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:59 01.04

ანანო სამხარაძე
დაკოპირებულია

მომღერალი ანანო სამხარაძე და ჩემპიონი გიორგი სარდალაშვილი პირველი შვილის მოლოდინში არიან. მათი გოგონა სამყაროს აგვისტოს თვეში მოევლინება. როგორია პატარას მოლოდინი, ამაზე ანანო მოგვიყვება.

ანანო სამხარაძე: როცა იგებ, რომ ფეხმძიმედ ხარ, ყველანაირი ემოცია ერთად გეუფლება. რაოდენ სასიხარულოცაა, იმდენად სანერვიულოც და შიშსაც გრძნობ. თითქოს, ყველაფერი ერთმანეთში აირია და უცებ ვერ მივხვდი, რა გრძნობა უნდა მქონოდა, თუმცა, სიხარულმა ყველა განცდა გადაფარა.

ეს ამბავი პირველს ჩემს დეიდაშვილს ვუთხარი, რომელიც ძალიან ელოდა ამ სიახლეს, რადგან თვითონაც ფეხმძიმედ არის. ის ჩემთვის დასავითაა, ორივე ველოდით ერთმანეთისგან ამ სასიხარულო ამბავს და შევთანხმდით, თუ ეს მოხდებოდა, პირველები ერთმანეთს ვეტყოდით, ასეც გავაკეთეთ. შემდეგ მეუღლეს ვუთხარი, ვერ მოვახერხე ცოტა ხანს დამემალა, გიორგის ვერაფერს გამოვაპარებდი (იცინის). ძალიან უნდოდა, თუ პასუხი დადებითი იქნებოდა, მაშინვე მეთქვა. ეს მისთვის დიდი მოტივაციაა, დიდ სიხარულთან ერთად. ეს არის სტიმული, რომ კარიერა განაგრძოს, ეს დაეხმარება, რომ უფრო მაღალ საფეხურზე ავიდეს. შემდეგ შეჯიბრებაზეც მიდიოდა და ვერ გადავდე ამის თქმა, პირიქით, იმიტომაც ვუთხარი, რომ იქაც მეტი მოტივაცია ჰქონოდა.

– როგორი ემოციებით შეხვდა ამ ამბავს?

– ზოგადად, გიორგის ცოტა უჭირს ემოციების გამოხატვა და ამიტომ, არ ველოდი, თუ ასე გამოხატავდა. ბედნიერებისგან ცრემლები მოსდიოდა, თვალებიდან ვარსკვლავები სცვიოდა. ეს ამბავი ჩვენთვის უზომოდ სასიხარულოა.

– დღეს ზოგი წყვილი საწყის ეტაპზე სხვა გეგმებს აწყობს და თითქოს, არ ჩქარობენ ბავშვის გაჩენას. როგორც ვხვდები, თქვენ უკვე ძალიან გინდოდათ შვილი.

– კი, ძალიან გვინდოდა. მე არავის ვაკრიტიკებ, ყველას თავისი ცხოვრება აქვს, უბრალოდ, მე ვფიქრობ, რომ შვილი მართლა ღვთის საჩუქარია და ვიცი, ადამიანები წლობით წვალობენ, რომ მშობლები გახდნენ. ამ დროს უფალმა მე წვალების გარეშე რომ გამომიგზავნა ეს საჩუქარი, რა თქმა უნდა, ძალიან მადლიერი ვარ მისი.

– როგორ გრძნობ თავს, როგორ მიდის ფეხმძიმობა?

– ახლა იდეალურად ვგრძნობ თავს. პირველი სამი თვე მქონდა ძლიერი ტოქსიკოზი. ცოტა რთული იყო, მაგრამ მოგეხსენებათ, ეს ორსულობას ახასიათებს. სხვათა შორის, წავიკითხე, ორსულ ქალს თუ ტოქსიკოზი აქვს და საჭმელი არ ერგება, ესე იგი, ბავშვი მამას ჰგავსო, ექიმმაც ეს გვითხრა (იცინის).

– სქესი უკვე იცით, სახელიც თუ შეურჩიეთ?

– საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია, ვფიქრობთ. ერთ-ერთ ვარიანტად მარიამი განიხილება, რადგან მარიამობის თვეში, აგვისტოში იბადება.

– სქესთან დაკავშირებით თუ გქონდათ რომელიმეს განსაკუთრებული სურვილი ან წინასწარი შეგრძნება?

– სქესს არც ჩემთვის და არც გიორგისთვის არ ჰქონია მნიშვნელობა. უბრალოდ, ფსიქოლოგიური მომენტია, გინდა გაიგო, ვინ არის. მე პირადად, ისეთი განწყობა მქონდა, მთელი ცხრა თვე რომ არ გამეგო სქესი, არ დავიწუწუნებდი, თუმცა, შინაგანად მაინც მაინტერესებდა. როცა იცი, რომელ სქესს ელოდები, შესაბამისად ემზადები, სახელსაც უფრო მარტივად არჩევ. თორემ, პირველი შვილია, პირველი შვილიშვილია და სქესს არ ჰქონია მნიშვნელობა.

– ძალიან ლამაზი სქესის გაგების ცერემონია გქონდათ. როგორ დაგეგმეთ?

– ეს ჩემი სურვილი იყო. პირველ შვილს ველოდით და მინდოდა, სქესის გაგების ცერემონია განსაკუთრებით ლამაზი ყოფილიყო. ყველაფერი ჩვენით უზრუველვყავით და ძალიან კარგი გამოვიდა.

– თუ დაიწყე პატარასთვის ნივთების შეძენა?

– გიორგი იაპონიაში იყო წასული შეკრებაზე და იქიდან ძალიან პატარა კიმანო ჩამოიტანა, ვარდისფერი. მაშინ სქესი ჯერ არ ვიცოდით და ფერი შემთხვევით აირჩია. ისე გამოვიდა, რომ მისი წინათგრძნობა გამართლდა.

მე და გიორგი იტალიაში ვიყავით სამოგზაუროდ და იქ ვუყიდეთ რამდენიმე ბოდე. უბრალოდ, გვინდოდა, იქიდან სიმბოლურად წამოგვეღო ჩვენი შვილისთვის. ახლა ნელ-ნელა ყველაფერს ვათვალიერებ და ვყალიბდები, რა მინდა. პატარას დაბადების დრო რომ მოახლოვდება, უკვე შეძენაზეც გადავალთ.

– საკმაოდ დიდხანს მოახერხე, ეს ამბავი საიდუმლოდ შეგენახა. იმის გათვალისწინებით, რომ ეკრანზე ხშირად ჩანხარ, როგორ გამოგივიდა ეს?

– ტანსაცმელს ვუმადლოდე (იცინის). სხვათა შორის, არ მეგონა, თუ მუცელი ასე მალე დამეტყობოდა. გადაღებებზე ისეთი ფორმის სამოსს ვიცვამდი, თან შავ ფერს, რომ ნაკლებად შესამჩნევი ყოფლიყო. ამიტომ მოვახერხე ამდენ ხანს დამემალა. როცა უკვე რთული გახდა დამალვა, გავაჟღერე.

– რატომ გადაწყვიტე ასე?

– რადგან ტელევიზიაში ვმუშაობ და ეკრანზე ვჩანვარ, სადაც უამრავი ადამიანი მიყურებს, მერჩივნა, ასე მოვქცეულიყავი, რადგან ვიცი, რომ ადამიანებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ. ბევრს შეიძლება, არ მოსწონებოდა, რომ ფეხმძიმე ამდენ ხანს ვიყავი ეკრანზე. ცოტა ავ თვალსა და ცრურწმენებზეც ვიფიქრე და ვარჩიე, სიფრთხილე გამომეჩინა. განა რა? შეიძლებოდა, არც არაფერი მომხდარიყო, მაგრამ დედის ინსტინქტი მაინც გიბიძგებს, შვილი ზედმეტი ნეგატივისგან დაიცვა.

– ახლა აღარ აპირებ ტელევიზიაში მუშაობის გაგრძელებას?

– კი, სადამდეც შევძლებ, ჩვეულებრივად გავაგრძელებ. უბრალოდ, მე მახასიათებს კომენტარების წაკითხვა – ხალხის აზრი მაინტერესებს და შემეშინდა, არასასიამოვნო არაფერი წამეკითხა, რომ მერე არ მენერვიულა. მოვერიდე საზოგადოების კრიტიკას. სამწუხაროდ, გინდა არ გინდა, რაც არ უნდა გააკეთო, კრიტიკა მაინც ჩნდება ხოლმე. პირველ ეტაპზე, ამ თვალსაზრისით, ორმაგად ემოციური ვიყავი და ამიტომაც ვარჩიე, ეს ამბავი არ გამეჟღერებინა. ახლა თითქმის გადავლახე ეს მომენტი.

– როგორ შეგეცვალა ხასიათი ამ პერიოდში?

– წონაში მომატებაზე მართლა არ ვნერვიულობ. მხოლოდ მაშინ ვნერვიულობ, როდესაც გიორგი შეკრებებზე მიდის. ასეთ დროს ძალიან მიჩუყდება გული, ვერ ვუშვებ. თან, როცა 2-3 კვირა ვერ ნახულობ, რთულია ასეთ მდგომარეობაში, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს.

– ფეხმძიმობის დროს საკმაოდ პრეტენზიულები ხდებიან...

– სხვათა შორის, ორსულობით რომ „ვისარგებლო“ და რაღაცები მოვითხოვო, ასე არ არის. პირიქით, ყველანაირად ვცდილობ, ჩვეული კალაპოტიდან არ ამოვვარდე და ჩვეული განრიგით განვაგრძო ცხოვრება. ვცდილობ, მაქსიმალურად გავითვალისწინო გიორგის ცხოვრების წესი და რეჟიმი. ბევრი ორსული ვიცი, რომელსაც ღამის 4 საათზე მონდომებია რაღაც საკვები და მეუღლისთვის უთხოვია. შეიძლება, რამე მომნდომებოდა, მაგრამ არ ვეტყვი გიორგის, რადგან ვიცი, რომ სპორტსმენია, რეჟიმი აქვს და ღამე უნდა ეძინოს. ფსიქოლოგიურად მივუდექი საკუთარ თავს და ვუთხარი, როგორც აქამდე იყო, ახლაც ისე უნდა გავაგრძელო ცხოვრება, არაფერი იცვლება. ერთადერთი არასეზონური ხილი მინდება, მაგრამ გიორგი თავიდანვე გავაფრთხილე, შეიძლება ვთქვა, რომ მინდა, შენც მითხარი, „კარგი“ და არა, „გიყიდი“, რომ მოლოდინის განცდა არ მქონდეს და არ მეწყინოს, თუ არ გამოვა-მეთქი. ამიტომ ყველაფერი კარგად არის. გიორგი მაქსიმალურად ცდილობს, არც ვარჯიშს მოაკლოს ყურადღება, არც მე და ბავშვს.

კვების მხრივ, ერთადერთი, რაც პირველი ტრიმესტრი ძალიან ხშირად მინდებოდა, ოსტრი იყო. ყველგან ოსტრის სუნი მცემდა, ბევრი საჭმელი მაღიზიანებდა, სხვა შეიძლება, ვერაფერი შემეჭამა, მაგრამ ოსტრს რომ დავინახავდი, მთელ თეფშს დავიდგამდი წინ და ბოლომდე ვჭამდი (იცინის). არადა, მანამდე არასდროს მყვარებია. ქათმის ხორცს ვეღარ ვეგუები, სუფრაზე ან საერთოდ არ უნდა იდოს, ან ჩემგან – ძალიან შორს (იცინის). სხვა მხრივ, ყველაფერი რიგზეა და ბედნიერები ველოდებით ჩვენს პატარასთან შეხვედრას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი