შოუბიზნესი

ანანო სამხარაძე: ჯვრისწერის დროს ისე ვნერვიულობდი, გონებას ვკარგავდი ემოციებისგან

№47

ავტორი: ქეთი კაპანაძე 54 წუთის წინ

ანანო სამხარაძე
დაკოპირებულია

ახლახან მომღერალი ანანო სამხარაძე და ჩემპიონი გიორგი სარდალაშვილი დაქორწინდნენ. წყვილს ულამაზესი ქორწილი ჰქონდა, რომლის შესახებაც ანანო მოგვიყვება.

ანანო სამხარაძე: ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ეტაპია. ალბათ, ქორწინება ყველა ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ქორწილს რაც შეეხება, გოგონებისთვის – კიდევ უფრო მეტად ემოციური.

მინდა აღვნიშნო, რომ ეს ნაბიჯი მარტივად გადავდგი და ყველაფერს მშვენივრად ვუმკლავდებით, რაც ჩემი მეუღლის დამსახურებაა, ის ყველაფერში მაქსიმალურად მიდგას გვერდით.

– დამოუკიდებელ ცხოვრებას როგორ აუღეთ ალღო?

– სხვათა შორის, კარგი დიასახლისი გამოვდექი (იცინის). აქამდე არ ვიცოდი ჩემი შესაძლებლობები, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერს ვითვისებ. შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ბევრი რამ დავხვეწე. ჩვენ მარტოები ვცხოვრობთ, მაგრამ ჩემი და გიოს მშობლებიც მაქსიმალურად გვიდგანან გვერდში. მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია წყვილისთვის, მაგრამ დამოუკიდებლად ცხოვრება და პასუხისმგებლობებთან გამკლავების სწავლაც საჭიროა.

– როგორ გახსენდება თქვენი სიყვარულის დასაწყისი?

– ის მომენტი ყოველთვის კარგად მახსენდებოდა, მაგრამ თითქოს, ახლა უკეთ ვიაზრებთ ყველაფერს. არც მე და არც გიორგის არ გვქონდა დაგეგმილი, შეყვარებული გვყოლოდა. არცერთი არ ვფიქრობდით, რომ სიყვარულის მორევში გადავეშვებოდით. სხვა არ ვიცი, რა დავარქვა ამ გრძნობას, რადგან ენით აღუწერელია. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერი ასე მოხდა. შეყვარებულობის პერიოდი სხვანაირი იყო, ოჯახური ცხოვრება მისგან განსხვავდება, უფრო ტკბილია. ყველაფერი მოულოდნელად მოხდა. როგორც ვთქვი, ჩვენ არაფერს ვგეგმავდით, მაგრამ ასეთი საოცარი სიყვარული გამოგვიგზავნა უფალმა. საოცარ ადამიანს შევხვდი და ამისთვის ღმერთის მადლიერი ვარ.

– რა აღმოაჩინეთ ერთმანეთში ისეთი, რამაც ეს ყველაფერი განაპირობა?

– პირველ რიგში, ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი ბედისწერა იყო. ჩემზე გიორგის თვისებებმა მოახდინა ძალიან დიდი გავლენა. გიორგი ძალიან კარგი ადამიანია, ჩემთვის კი ძალიან ბევრს ნიშნავს ადამიანობა. მან თავიდანვე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დიდი სიკეთითა და ციმციმა თვალებით.

თვითონ როგორც ამბობს, თავიდანვე მოხიბლული იყო. გიორგი ისეთია, თუ ადამიანმა არ დააინტერესა პირველ ნაბიჯს არ გადადგამს. ჩემთვის რთულია მის ნაცვლად საუბარი, მაგრამ ალბათ, ყველაფერი გულწრფელმა დამოკიდებულებამ გამოიწვია.

– როგორ გთხოვა ხელი?

– ხელის თხოვნა ჩემთვის მოულოდნელი იყო. მე არაფერი ვიცოდი, გიორგიმ ყველაფერი ჩემს დასთან ერთად დაგეგმა. ბათუმში წავედით კონცერტზე. ვიცოდი, რომ გიორგის საქმე ჰქონდა. თურმე, ეს ყოფილა ის საქმე (იცინის) და ხელი იახტაზე მთხოვა.

– როგორი ემოცია გქონდა?

– იმ მომენტში ვერაფერზე ვფიქრობდი. რომ შემოვბრუნდი და გიორგი დაჩოქილი დავინახე, ბეჭდისთვის არც შემიხედავს, მის თვალებში ისე ჩავიძირე, ვერ ვიაზრებდი, რას აკეთებდა და რამდენიმე წამის განმავლობაში, უბრალოდ, გაშეშებული ვუყურებდი, გონს ვერ მოვდიოდი. მერე მისმა კითხვამ გამომაფხიზლა, კი თუ არაო?! (იცინის) მოულოდნელობის განცდამ იმოქმედა. საერთოდ, მე არ მიყვარს სიურპრიზები. წინასწარ თუ არ ვიცი, რა უნდა მოხდეს, ეს ჩემში არეულობას იწვევს. გიორგისაც სულ ვეუბნებოდი, სიურპრიზები არ მიყვარს-მეთქი, მაგრამ ყველაზე დიდი სიურპრიზი მომიმზადა (იცინის). ის პირველი რამდენიმე წამი ანერვიულდა, ეგონა, მაშინვე დავთანხმდებოდი და რა თქმა უნდა, დავთანხმდებოდი კიდეც, უბრალოდ, მოულოდნელობისგან პირიც კი ვერ გავაღე, რომ ხმა ამომეღო, მხოლოდ თვალებში ვუყურებდი.

– ანუ, ეჭვიც არ გქონდა, რომ შეიძლებოდა, მსგავსი რამ მომხდარიყო?

– არა, იმიტომ, რომ ჯერ არ ვგეგმავდით. დაქორწინებაზე ვფიქრობდით, მაგრამ უფრო სამომავლოდ, წელს ნამდვილად არ ველოდი. გვქონდა ამ თემის განხილვა, მაგრამ ასე მალე ვერ წარმოვიდგენდი. თურმე, გიორგი ჩუმად გეგმავდა. მამაჩემთანაც ჰქონია საუბარი. მე ესეც არ ვიცოდი.

– ეს იგი, მამისგან აიღო ნებართვა?

– მერე მითხრა, ჩემთვის მამაშენისა და შენი ოჯახის თანხმობა უპირველესი იყოო. მამებისთვის ცოტა რთულია ამ თემაზე საუბარი. გიორგიმ რომ ხელი მთხოვა და მას დავურეკე, მამა დავინიშნე-მეთქი, რომ ვუთხარი, ვიციო, მიპასუხა და გაოცებული ვიყავი (იცინის). გამოვიდა, რომ ჩემზე ადრე მას სცოდნია. მამაჩემს ისეთი ხასიათი აქვს, არ მეგონა, თუ დათანხმდებოდა. ერთი საუბრით არც დათანხმებია, მამას ძირითადად ჩვენი ასაკის გამო ეშინოდა, მაგრამ უკვე მეორედ რომ შეხვდნენ და გიორგი უკეთ გაიცნო, მიხვდა, რომ საიმედო ხელში ვიქნებოდი, გვერდით კარგი ადამიანი მეყოლებოდა და უკვე დათანხმდა. ჩემთვის მთავარია, ბედნიერები იყოთ და მნიშვნელობა არ აქვს, 21 წლის გათხოვდები თუ 22-ის, უბრალოდ, აუცილებლად უნდა მცოდნოდა, როგორი ადამიანი გეყოლებოდა გვერდითო, მითხრა.

– მერე ძალიან ლამაზი გოგონების წინასაქორწინო წვეულება გქონდა...

– გოგონების წვეულება საერთოდ ამომივარდა გონებიდან. ბოლო დროს თითქმის ყველას აქვს, ძალიან აქტუალური გახდა, მაგრამ ამაზე არც მიფიქრია. რატომღაც არც მქონდა სურვილი. მთლიანად ჩვენი სახლის რემონტსა და მოწყობაზე გადავერთე, რომ მერე სირთულეების წინაშე არ აღმოვჩენილიყავით. წინასაქორწილო წვეულებასთან დაკავშირებით სიურპრიზი ჩემმა დებმა და მეგობრებმა მომიწყვეს. ძალიან გამიხარდა. მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ სიურპრიზები არ მიყვარს, ძალიან კარგი სიურპრიზებით მანებივრებენ და ყველას მადლიერი ვარ.

– სახლის მოწყობა და რემონტი საკმაოდ რთული პროცესია, როგორ გაუმკლავდით?

– მარტივი არ იყო, გვინდოდა ყველაფერი ჩვენი გემოვნებით გაგვეკეთებინა, განსაკუთრებით გიორგი იყო ორიენტირებული, ჩემი გემოვნებით მოგვეწყო თითოეული კუთხე. რაღაც სირთულეებს შევეჭიდეთ, ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც გვინდოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ჩვენს გემოვნებაში ჩაჯდა და ძალიან მყუდრო და სასიამოვნო გარემო გამოვიდა, რომელიც კომფორტს გვიქმნის.

– მთავარ ამბავსაც მივადექით, ჯერ ხელის მოწერის ცერემონია გქონდათ, შემდეგ კი ქორწილი...

– კი, გიორგის დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, ასე გადავწყვიტეთ. ქორწილამდე ორი დღით ადრე მოვაწერეთ ხელი, მერე შეიძლება, ვეღარ მოგვეხერხებინა, არადა ჩვენი სურვილი იყო, ყველაფერი წესისა და რიგის მიხედვით გაგვეკეთებინა.

ქორწილის სამზადისი ძალიან დატვირთული იყო. საერთოდ ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ყველა დეტალი უნდა ვიცოდე. ეს პერიოდი ფიზიკური დატვირთვაც იყო და ფსიქოლოგიურიც, მაგრამ თან, უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა. ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, მქონოდა ულამაზესი ქორწილი, სადაც ჩემ გვერდით ჩემი საყვარელი ადამიანები იქნებოდნენ. რადგან ჩემი ქორწილი იყო, მე აუცილებლად მომეწონებოდა, მაგრამ მთავარია, ჩვენთვის ძვირფას ადამიანებსაც მოსწონებოდათ და ყველას კარგი დრო გაეტარებინა. საბედნიეროდ, ასეც მოხდა.

– ამის გამო, ალბათ, ბევრიც ინერვიულე.

– ენით ვერ აღვწერ, ისეთი ემოციური იყო. მთელი ღამე არ მეძინა, მიუხედავად იმისა, რომ ძილის წამალიც მივიღე. ძალიან საპასუხისმგებლოა. მეც, გიორგიც და ჩვენი მშობლებიც ძალიან ვნერვიულობდით, მაგრამ ღმერთის ნებით, ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. კარგი ქორწილი გამოვიდა, სიმღერა, ცეკვა, ყველაფერი კარგი იყო. თამადა ბატონი როინ ბლიაძე გახლდათ, ჩემი მხრიდან – ზურა მანჯავიძე. ერთადერთი ტატამი გვაკლდა (იცინის). ყველას მადლობას ვუხდი, ვინც ჩვენი დღის გალამაზებაში წვლილი შეიტანა.

ჩემთვის ძალიან ემოციური და ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო ჯვრისწერა. უფლის წინაშე ფიცის დადებაზე საპასუხისმგებლო რა უნდა იყოს?! სვეტიცხოველში დავიწერეთ ჯვარი და 40 წუთი ისე ვნერვიულობდი, რომ ბოლოს ცოტა ცუდად გავხდი, ემოციებისგან გონებას ვკარგავდი, მაგრამ საბედნიეროდ, აქაც ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

ქორწილში ყველა ჩემი საყვარელი ადამიანი გვერდით მყავდა. მხოლოდ ჩემი მეორე დედა - დეიდა არ იყო ჩვენთან ერთად. საზღვარგარეთაა. ეს იყო ჩემი ერთადერთი დანაკლისი და ამის გამო თვალზე ცრემლი არ მიშრებოდა, ძალიან განვიცდიდი უმისობას. ვიცოდი, რომ ისიც ძალიან ინერვიულებდა. მერე გავიგე, რომ შეუძლოდაც გამხდარა.

– საპატარძლო კაბასთან დაკავშირებით თუ მოახერხე ოცნებების რეალიზება?

– ბავშვობიდან მინდოდა, საკუთარ ქორწილში ჩემი საყვარელი მულტფილმის გმირის – კონკიასნაირი კაბა მცმოდა, შედარებით სადა ვარიანტში. ზუსტად ისეთი კაბა მეცვა, როგორზეც ვოცნებობდი. კაბა, მაკიაჟი, თმა გოგოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ყველაფერი ისე მომეწონა, რომ ამან ცალკე გამაბედნიერა. კაბის გარეთ ჩოხაც მეცვა, რაც ძალიან მოუხდა და მიხარია, რომ ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც წარმომედგინა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი