შოუბიზნესი

ანა შამილაძე: პაემანი რომ დავგეგმეთ, მაშინვე გადაწყვეტილი იყო ჩვენი თანაცხოვრება

№11

ავტორი: ნონა დათეშიძე 16:37

ანა შამილაძე
დაკოპირებულია

ანა შამილაძისა და აჩიკო ბერიძის მეგობრობისა და სიყვარულის ისტორია, ზღაპარს ჰგავს, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში შეჩერდა, შემდეგ მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა და ზღაპრის ბოლო კეთილად დასრულდა.

ანა შამილაძე: ბათუმში დავიბადე და გავიზარდე, ძველი ბათუმელების ოჯახში და ფანტასტიკური ბავშვობა მქონდა. მამა მუსიკოსი იყო და მისი დამსახურებაა ჩემი ხელოვნებასთან და მუსიკასთან სიახლოვე. ასე რომ, ხელოვნების ყველა ჟანრი ბავშვობიდან ახლო იყო ჩემთვის. ვიზრდებოდი სიყვარულში და ტრადიციულ ქართულ ოჯახში. ძალიან მიყვარდა ხატვა და ვხატავდი ლამაზ, გრძელფეხება გოგონებს, ლამაზ კაბებში. მერე ეს კაბები რეალობაში გადმომქონდა და დედის თუ ბებიის გარდერობში, მორჩენილი ქსოვილებისგან კაბებს ვკერავდი. ჩემს ბავშვობაში იყო არხი – „ფეშენ შოუ“ და სულ ვუყურებდი. ალბათ, ეს იყო ინსპირაცია, რომ ჩემი ბავშვობის ოცნება დიზაინერობა იყო. წარმოვიდგენდი, ჩემს შექმნილ და შეკერილ კაბებს გრძელფეხება, შხვართალა გოგონები წარადგენდნენ და ბოლოს მე გამოვიდოდი პოდიუმზე და თავს დავუკრავდი მაყურებელს.

– როგორც მივხვდი, ბავშვობიდან ყურადღების ცენტრში ყოფნა გიყვარდა. ასეა?

– ალბათ, ასეა. თუმცა, თავად კი არ ვოცნებობდი მოდელობაზე, არამედ, ინტერესი მქონდა, მინდოდა, ლამაზი კაბების შემქმნელი დიზაინერი ვყოფილიყავი, შემოქმედი. ხუთი-ექვსი წლიდან ვუკერავდი თოჯინებს კაბებს და დიზაინერობა – ეს ოცნება ბოლომდე, დიდობაშიც გამომყვა.

– როდესაც სკოლა დაამთავრე, რატომ არ აირჩიე შენი ეს გატაცება მომავალ პროფესიად? მშობლები ხომ არ ჩაერივნენ შენს არჩევანში?

– ჩაბარების დრო რომ მოვიდა, სამხატვრო სკოლაში მინდოდა სწავლის გაგრძელება, თუმცა ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ასე რომ, ხელოვნებას არ ვუღალატე და კონკრეტულად ამ სფეროში – დიზაინერობაში ვერა, მაგრამ ზოგადი სახელოვნებო განათლება მივიღე. მშობლები არ ჩარეულან ჩემს არჩევანში, ყოველთვის გრძნობდნენ და ხედავდნენ ჩემს შემოქმედებით პოტენციალს, მაქსიმალურად ხელს მიწყობდნენ, საკუთარი თავი რომელიმე სფეროში მეპოვა. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი ინტერესის სფერო მუსიკა, ხატვა, ძერწვა იყო, მიხვდნენ, რომ რაღაცის შექმნა და ხელოვნება ჩემი სფეროა. ამიტომაც მიჰყვნენ ჩემს არჩევანს. სხვათა შორის, ჩემი პირველი სამსახური იყო გაზეთი „აჭარა“, სადაც ტექნიკური მუშაკი ვიყავი, დამკაბადონებელი. თუმცა, პარალელურად, ამ გაზეთში ჩემი პატარა რუბრიკაც მქონდა და ვწერდი. მაშინ, დაახლოებით, 19-20 წლის გახლდით. სწორედ მაშინ დავინტერესდი ჟურნალისტიკით. თანაც ხელოვნებათმცოდნეობა ამ სფეროსთან ახლოსაა. არ დამავიწყდება, ჩემი ხელფასი 200 ლარი იყო, თუმცა, არ მახსოვს რაში ვხარჯავდი (იცინის). შემდეგ დავქორწინდი და დიდხნიანი პაუზა მქონდა, ვზრდიდი შვილებს, ჩართული ვიყავი ოჯახურ რუტინაში. ასე რომ, დავშორდი საქმეს და ოჯახურ რუტინაში გავაგრძელე რუტინა, დაახლოებით 9 წელი.

– რამდენი წლის გახდი დედა?

– ორი ბიჭი მყავს, 18 და 13 წლის. პირველად დედა 22 წლის ასაკში გავხდი. სხვათა შორის, რომ გითხრათ იმ ასაკში გაცნობიერებული მქონდა დედობა და რეფლექსის დონეზე განვიცადე ჩემი შვილის დაბადება თავისი ხმის გაგონებით და არსით-მეთქი, მოგატყუებთ. ვფიქრობ, იმ ასაკში, როცა მე პირველი შვილი გავაჩინე, ქალი მაინც არ არის მზად დედობისთვის. სხვა მზაობა სჭირდება დედობას, სხვა გაცნობიერება. 22 წლის ასაკში, მაინც, თავად ბავშვი ხარ. კი, საოცარი განცდაა, როცა სულიერი არსება შექმენი და მოავლინე ქვეყანას, მაგრამ ის განცდა მაინც არ არის, რაც ქალს უნდა ჰქონდეს. პირველი შვილის გაზრდაში დედა მეხმარებოდა. მეორე შვილი რომ გავაჩინე, 26 წლის ვიყავი და უფრო მეტად გაცნობიერებულიც, უფრო მეტად ჩემი გაზრდილიც და უფრო მეტად გამოვავლინე მასთან დედობრივი ინსტინქტები. მეორე შვილი ჩემთვის უფრო გაცნობიერებული დედობა აღმოჩნდა.

– ცხრაწლიანი კარიერული პაუზის შემდეგ როგორ აღმოჩნდი ტელევიზიაში?

– ცხრაწლიანი პაუზის შემდეგ ახალი ეტაპი დაიწყო ჩემს ცხოვრებაში. ჩემს შვილებთან ერთად, მარტო ცხოვრება მომიწია და შესაბამისად, სამსახურის ძებნა. კარიერაზე საუბარი ზედმეტი იყო, უბრალოდ, სამსახურს ვეძებდი, რაც არ იყო მარტივი ცხრაწლიანი პაუზის შემდეგ, როცა ამ ხნის განმავლობაში არაფერს აკეთებ პროფესიული კუთხით. მხოლოდ ლიტერატურის კითხვა და თვითშემეცნებით დაკავება გასაგებია, მაგრამ ამხელა წყვეტის შემდეგ საკუთარი თავის რეალიზება და სამსახურის დაწყება რთული აღმოჩნდა. ამიტომ, სამსახურის პოვნა გამიჭირდა და ორი წლის განმავლობაში გაურკვევლობასა და ქაოსში ვიყავი. ზუსტად იმ მომენტში მეგობრებმა მოახერხეს ის, რომ მე ტელევიზიაში დამეწყო მუშაობა და „აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ აღმოვჩნდი, არა იმიტომ რომ მწვერვალების დაპყრობას ვაპირებდი და კარიერულ წინსვლაზე ვფიქრობდი, არამედ იმიტომ, რომ უბრალოდ, სამსახურს ვეძებდი და როგორც იქნა, ვიპოვე. დილის გადაცემაში მივედი და დღემდე „დილის ტალღის“ წამყვანი ვარ, რამდენიმე წელში საავტორო გადაცემაც მიემატა – „ყავა ბათუმურად“. ეს გადაცემა მეორე წელია, რაც დავიწყეთ. ზოგადად, ტელევიზიაში კი მეცხრე წელია, ვმუშაობ.

– ანა, როდის მოვიდა სიყვარული, რომელმაც შენს ცხოვრებაში ძალიან ბევრი ფერი და ლამაზი ბგერა შემოიტანა?

– სიყვარული, რომელმაც ჩემს ცხოვრებაში ბევრი ფერი და ბგერა შემოიტანა, მოვიდა სხვა ფორმით 32 წლის წინ, როცა ეს ადამიანი პირველად ვნახე, პირველ კლასში და შემდეგ, კიდევ უფრო დავმეგობრდით. მოკლედ, მე და აჩიკო თანაკლასელები ვიყავით, პარალელურად, დავდიოდით სტუდიაში ბათუმში, რომელსაც ერქვა „ბავშვთა ოპერა“ და ერთად ვმღეროდით. ბიძაჩემი გახლდათ ამ სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელი და აჩიკო დასის სოლისტი იყო. ასე რომ, მე და აჩიკო ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით და თინეიჯერობის ასაკში ეს კიდევ უფრო გაძლიერდა, სერიოზული დიალოგებითა და მნიშვნელოვანი თემების გაზიარებით. აჩიკო იყო ის ერთადერთი მეგობარი ბიჭი, ვისაც ვენდობოდი და ყველაფერს ვუყვებოდი, საყრდენი ადამიანი. მერე ჩვენი გზები გაიყო. თუმცა, ყოველ შემთხვევით შეხვედრაზე იყო უხილავი, უსიტყვო კავშირი ჩვენ შორის. მართლია, იშვიათად ვხვდებოდით ერთმანეთს, მაგრამ ყოველი შეხვედრა იყო რაღაცნაირად მნიშვნელოვანი.

ორივე 39 წლის ვართ, აჩიკოს თავისი განვლილი გზა ჰქონდა, მე – ჩემი და ახლა, წლების შემდეგ ეს გზები კვლავ გადაიკვეთა და უკვე სამი წელია, ერთად ვართ. 29 წლის განშორების შემდეგ, ჩვენ ჩვენი უკვე განვლილი გამოცდილებებით შევხვდით ერთმანეთს და ისევ განახლდა ჩვენი ურთიერთობა, ოღონდ სხვა ფორმატში.

– როდის მიხვდით, რომ ის მეგობრობა, რაც წლები გაკავშირებდათ, სასიყვარულო გრძნობაში გადაიზარდა და ერთ დღესაც, გამოუტყდით ერთმანეთს რომ უერთმანეთოდ აღარ გინდათ ცხოვრება?

– აჩიკო „დილის ტალღაში“ მოვიდა სტუმრად. ხშირად მოდიოდა, მოვიკითხავდით ერთმანეთს და სულ ეს იყო. იმ ერთ მოსვლაზე ვუთხარი: რომ ჩამოდიხარ ბათუმში და ყველას ნახულობ, მე რატომ არ მირეკავ, გავიდეთ სადმე, ყავა დავლიოთ, ბოლოს და ბოლოს მომენატრე-მეთქი. დაფიქრდა, მახსოვს მისი გაკვირვებული თვალები. ზოგადად, სიტყვაძუნწია, მაგრამ მის დაფიქრებულ თვალებში ამოვიკითხე: ნეტავ რატომ არ გირეკავ? (იცინის) ზოგადად, ბავშვობაშიც მე ვლაპარაკობდი ბევრს და ის სულ მისმენდა აღფრთვანებული თვალებით (იცინის). მოკლედ, ორი კვირის მერე მომწერა, ბათუმში ჩამოვდივარ, ერთ-ერთ რესტორანში ჩემი საღამოა და ხომ წამოხვალო. მეც ვუპასუხე: კი, როგორ არა-მეთქი. მეგონა, ჩვენი საერთო მეგობრებიც დამხვდებოდნენ და ერთად გავერთობოდით, მაგრამ მარტო დამხვდა, ყველა სიმღერა მე მომიძღვნა, ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ და დღემდე ორივეს სასიამოვნოდ გვახსოვს ის დღე – 29 აპრილი. და 29 აპრილს, 29 წლის შემდეგ, შედგა ჩვენი პირველი პაემანი. თუმცა, ამ დღის შემდეგაც ბოლომდე არ მქონდა გაცნობიერებული, რა ხდებოდა. გონება არ უშვებდა, რომ ამდენწლიანი ბავშვობის მეგობრობა, უფრო სხვა მოცემულობით შეცვლილიყო. 29 აპრილის შემდეგ, გვქონდა მიმოწერა და იმ მომოწერაში გამოვუტყდით ერთმანეთს, რომ მგონი, ჩვენ შორის რაღაც სხვა ხდებოდა და ნელ-ნელა, ასე დაიწყო ყველაფერი. მალევე გადავწყვიტეთ თანაცხოვრება და ეს იყო გაცნობიერებული გადაწყვეტილება და არა ფლირტით დაწყებული ურთიერთობა. როცა აჩიკომ დამირეკა და მითხრა, ჩემს საღამოზე გეპატიჟებიო, უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა ჩემთან თანაცხოვრება. ჩვენი ბავშვობიდან, ჩვენი ოჯახებიდან გამომდინარე, უდიდეს პატივს ვცემდით ერთმანეთს და ეს უბრალო, რაღაცა ფლირტი ვერანაირად ვერ იქნებოდა. იმთავითვე, როდესაც გადავწყვიტეთ შეხვედრა და პაემანზე მისვლა, გადაწყვეტილი იყო ჩვენი თანაცხოვრებაც.

– აღნიშნე, აჩიკოს არ უყვარს საუბარი, სიტყვაძუნწიაო. თუმცა, ამბობენ, რომ ძალიან რომანტიკული ადამიანია. როგორი რომანტიზმი ახასიათებს შენ მიმართ?

– კი, აჩიკო უდავოდ რომანტიკულია. ყველა ღირსშესანიშნავი თარიღი ახსოვს, არ ავიწყდება და მაგალითად, მანქანის ნომერი 029 იყიდა (იცინის). აჩიკოს რომანტიკული ბუნება ყოველდღიურობაში ვლინდება და არა ხელოვნურ პერფორმანსებში. ყოველ საღამოს სახლში ჩვენი შეხვედრა და დიალოგიც კი რომანტიკაა. ამ ადამიანის ჩემ გვერდით ყოფნამ, მეტი გამბედაობა მომცა, რომ საკუთარი რესურსის რეალიზება მოვახდინო. საოცარი მოტივატორია. მარტო პირად და ოჯახის წევრებთან ურთიერთობებში კი არა, ყველას გაუმართლა, ვისი მეგობარიც აჩიკოა. ყოველთვის გაძლევს ძალას, დაგაჯეროს და გაგაკეთებინოს ის, რისი გაკეთების ენერგია და რესურსიცაა შენში. ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც მეუბნებოდა: ანა, შენ შენი გადაცემა უნდა გქონდეს, იმიტომ რომ შეგიძლია, იყო განსხვავებული, შენში არის ეს პოტენციალი და რესურსი და უკვე დროაო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი