ანა ამილახვარი: ვამაყობ იმით, რომ ვიცი, როგორ უნდა ამოვიდე ქვესკნელიდან
ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00
ანა ამილახვარის "უცნობი მხარე"👇
– ვინ არის ანა ამილახვარი?
ანა ამილახვარი: ამ კითხვას საკუთარ თავს ძალიან ხშირად ვუსვამ. შემიძლია, ვთქვა, რომ ეს არის ცენტრალური კითხვა, რომელიც მამოძრავებს და ახალი გამოწვევებისკენ მიბიძგებს, რაც საკუთარი თავის აღმოჩენაში მეხმარება. ზუსტად ჯერ კიდევ არ ვიცი, ვინ ვარ. ჩემში ბევრნაირი ადამიანი ცხოვრობს, ვცდილობ, თითოეული მათგანი უკეთ გავიცნო და გავაერთიანო.
თუ ზედაპირულად ვუპასუხებთ ამ კითხვას, მაშინ – მე ვარ ანა ამილახვარი, ხელოვანი, ძალიან მგრძნობიარე ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს ცხოვრება.
– რამდენად გულჩვილი და ემოციური ადამიანი ხართ?
– ძალიან ემოციური და გულჩვილი ვარ. ასიდან – ასი პროცენტით და ეს ყველაფერში გამოიხატება (იცინის). ყველაფრის მიმართ სენსიტიური ვარ. ყურადღების მიღმა არაფერი მრჩება. სხვისი ემოციები ძალიან ადვილად გადმოდის ჩემზე, მხოლოდ ადამიანები და სხვა ცოცხალი არსებები კი არა, ამინდიც კი ძალიან მოქმედებს. ყველაფერთან მჭიდრო კავშირს ვგრძნობ. ეს, ერთი მხრივ, საჩუქარია, ბედნიერებაა, მაგრამ მეორე მხრივ, ტვირთიცაა. როცა ასეთი ხარ, გიჭირს დარტყმების თავიდან არიდება. ჩემი მგრძნობიარე ხასიათის გამო ბევრი განსაცდელი გავიარე ცხოვრებაში.
– ბოლოს როდის იტირეთ და რის გამო, სიხარულის თუ ბედნიერების ცრემლებით?
– ორივე მიზეზით ძალიან ხშირად ვტირი. ახლახან სპექტაკლის ნახვისას ვიტირე, ფილმების ყურებისას ვტირი... ჩემი შვილი გამომხედავს და მეტყვის ხოლმე, კარგი ახლა, არ იტიროო (იცინის). თუმცა, ის ფაქტი, რომ ცოტა მტირალა ვარ, არ ნიშნავს სისუსტეს. მე ძალიან ძლიერი ადამიანი ვარ. ჩემი სიმკაცრე და სიუხეშე, სხვისთვის შეიძლება, გადაჭარბებული იყოს და ძაბავდეს, მაგრამ ესეც ჩემი მგრძნობიარე ხასიათით არის გამოწვეული. ყველა ემოციას გადაჭარბებულად გამოვხატავ, რადგან ყველაფერს, რაც გარშემო ხდება, ძალიან განვიცდი, განსაკუთრებით კი უსამართლობას. შეუძლებელია, უსამართლობის წინააღმდეგ არ გავილაშქრო.
– როდის ყოფილხართ ცხოვრებაში ყველაზე სასტიკი?
– სასტიკი ვარ, როცა უსამართლობას ვაწყდები. ასეთ დროს შემიძლია, საკუთარი თავიც გავწირო და სხვაც. როცა ვხედავ, რომ ერთს ჩაგრავენ იმისთვის, რომ სხვამ უსამართლოდ მოიპოვოს გამარჯვება, ნამდვილად სასტიკი ვხდები. სასტიკი ვხდები უგუნური, მოღალატე და ბოროტი ადამიანების მიმართ. ადამიანების, რომლებიც არაფერში გაგითვალისწინებენ.
– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?
– ჩემი მთავარი გამარჯვებაა ის, რომ ადამიანის მიტევება შემიძლია. მარცხი კი ისაა, რომ შემიძლია, აგრესია დაუფიქრებლად გამოვხატო, ვერავინ და ვერაფერი გავითვალისწინო და საკუთარი თავიც დავაზარალო ან, სულაც, ადამიანი დავკარგო.
– რა გსმენია საკუთარ თავზე კარგი თუ ცუდი, რაც განსაკუთრებით დაგამახსოვრდათ?
– ჩემ შესახებ ისეთ საოცარ და საინტერესო ჭორებს ვიგებ ხოლმე, თვითონაც გაოცებული ვრჩები, მაგრამ დროსთან ერთად, იმუნიტეტი გამოვიმუშავე და დღეს გაღიზიანების ნაცვლად, ამაზე ვერთობი. ეს ჭორები, ძირითიდად, რომანებს უკავშირდება. თუ ამ ჭორებს დავუჯერებთ, ხან ვისთან მაქვს ურთიერთობა, ხან – ვისთან. რამდენჯერაც ადამიანთან ერთად ყავას დავლევ ან, უბრალოდ, დავილაპარაკებ, ვიღაც იმწუთას გადამიწყვეტს, რომ მასთან რომანი მაქვს. არადა, მე ვგიჟდები საინტერესო ადამიანებთან საუბრებზე. არსებობს სხვა ტიპის ჭორებიც, რომელსაც ჩემ წინააღმდეგ ავრცელებენ ის ადამიანები, ვისაც ჩემთვის კარგი ნამდვილად არ უნდათ. ამ ჭორებმა სერიოზული პრობლემები შემიქმნა, მაგრამ მე უფრო ის ხალხი მეცოდება, ვინც ამას აკეთებს, ძალიან მეცოდებიან. მე ასეთი რამ არასდროს მიკადრებია. ამაყი და პირდაპირი ადამიანი ვარ. არაფერია ჩემს ცხოვრებაში ისეთი, რაც შეიძლება, ვინმემ წამომაძახოს და შემრცხვეს.
კარგიც ბევრი მსმენია. ყველაზე მაგარი მოსასმენია, როცა ამბობენ, რა ნიჭიერი გოგოა, რა მაგრად აკეთებს თავის საქმესო. ეს მაბედნიერებს და დიდ ბიძგს მაძლევს, რომ წინ წავიდე და ჩემი პროფესიით ვისიამოვნო.
– ყველაზე დიდი შიში როდის განიცადეთ?
– საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიში არის ყველაზე დიდი, სიკვდილის შიშის შემდეგ. ალბათ, მეც ყველაზე მეტად ამის მეშინია. ბოლოს, რაც ყველაზე მძიმე და ტრაგიკული გადამხდა თავს, ჩემი ყოფილი მეუღლის, ჩემი შვილის მამის ამბავია. ის ჩემი მეგობარია, ერთად ვიცხოვრეთ ცხრა წელი, მიყვარს და ჩემი უახლოესი ადამიანია. სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, კომაში იყო, ტვინში სისხლი ჩაექცა. არც ახლაა ბოლომდე გამოჯანმრთელებული, მაგრამ რაღაც მომენტში, გვეგონა, რომ ყველაფერი დასრულდა. ეს იყო ყველაზე მძიმე ეპიზოდი ჩემს ცხოვრებაში. ეს, დაახლოებით, ნახევარი წლის წინ დაიწყო. გარდა იმისა, რომ მე თვითონ ძალიან განვიცდიდი, ეს მდგომარეობა როგორმე უნდა გამენეიტრალებინა ჩემი შვილისთვის და ორმაგი თამაშები მიწევდა. იმის გაანალიზება, რომ შეიძლება, შენი შვილი უმამოდ დარჩეს, შენ კი ძალიან ძვირფასი მეგობარი დაკარგო, ძალიან მძიმეა, მაგრამ მეორე მხრივ, შვილისთვის ჯამბაზის როლი უნდა მოირგო და ეცადო დაუმტკიცო, რომ ყველაფერი მაგრად არის – ეს საშინელებაა.
– რა იყო ყველაზე დიდი უსამართლობა, რომელსაც ცხოვრებაში შეჯახებიხართ?
– მთელი გულითა და სულით, მთელი ჩემი შეგნებით დავუჭირე მხარი ჩემს კოლეგას და ამის გამო დღემდე ვისჯები. ეს არის ყველაზე დიდი უსამართლობა, რაც მე თავს გადამხდა.
– რა არის ის, რითაც ყველაზე მეტად ამაყობთ?
– ვამაყობ იმით, რომ ძლიერი ადამიანი ვარ, რომ ფარ-ხმალს არ ვყრი და არ ვჩერდები. მუდმივად ვმოძრაობ იმისთვის, რომ არ ჩავიძირო, რომ არ ავყვე პესიმისტურ განწყობებს და ტრაგედიად არ აღვიქვა ის სირთულეები, რაც გზაზე მხვდება, რადგან, როგორც ვთქვი, ძალიან სენსიტიური ვარ. მიუხედავად ყველაფერისა, ყოველთვის ვპოულობ გამოსავალს და ჩემი ხასიათის წყალობით, ჩემი ცხოვრება მუდმივად სიახლეებით არის სავსე, რაც ბანალურობას მაშორებს და ამის დამსახურებით, ბევრი საინტერესო გამოცდილება დავაგროვე. რომ შევაჯამოთ, ვამაყობ იმით, რომ ვიცი, როგორ უნდა ამოვიდე ქვესკნელიდან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





