ალექსანდრე ზაზარაშვილი: ჟიურის ყველა წევრი მეუბნებოდა, ისეთი უნიკალური სინათლის მქონე ხარ, სიტყვებით ვერ აღვწერთო
ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 03.01, 2022 წელი
ალექსანდრე ზაზარაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში კონექტიკუტის „ნიჭიერის“ გამარჯვებული გახდა. ამ გამარჯვებით მან, პირველ რიგში, საკუთარ თავს, შემდეგ კი გულშემატკივრებს დაუმტკიცა, რომ რთული პერიოდის დამარცხება და შემოქმედების ახალი ფურცლიდან კიდევ უფრო დიდი მიღწევებით დაწყება შეძლო.
ალექსანდრე ზაზარაშვილი: ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებ, რა მოხდა. ამხელა მასშტაბის პროექტში გამარჯვებას, მართლა არ ველოდი. რა თქმა უნდა, მინდოდა და მაქსიმალურად ვიბრძოდი, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამას შევძლებდი. სიმართლე რომ გითხრათ, სანამ ამ ნაბიჯს გადავდგამდი, ვფიქრობდი, ჯერ ცოტა ხომ არ მოვიცადო, იქნებ არ ვარ მზად ამხელა კონკურსისთვის-მეთქი, მაგრამ ბოლოს გადავწყვიტე, გამერისკა. ამ გამარჯვებამ უამრავი ადამიანის სიყვარული მომიტანა. 15 კონკურსანტს შორის, ხმების 60 პროცენტი მივიღე. გამარჯვებულის გამოსავლენად 50 პროცენტი ჟიურიზე, მეორე ნახევარი კი შემოსულ ხმებზე იყო დამოკიდებული და ორივეში გავიმარჯვე. ჟიურის ყველა წევრი მეუბნებოდა, ისეთი უნიკალური სინათლის მატარებელი ხარ, სიტყვებით ვერ აღვწერთო. ჩემი აზრით, ეს წყალობა უფლისგან მოდის. ჩემს ცხოვრებაში რაც უნდა მოხდეს, უფლის ძალას ყოველთვის ვგრძნობ. ხშირად მეკითხებიან ხოლმე, თავს იღბლიანად თვლიო? იღბლიანად არა, თავს უფლისგან დალოცვილად მივიჩნევ.
ამერიკაში და საერთოდ, ყველგან გჭირდება ადამიანი, რომელიც ასეთ კონკურსებში ბიძგს და მოტივაციას მოგცემს. მე ესეც კი არ მყავდა. სხვა კონკურსანტებს რომ ვუყურებდი, ყველას ჰყავდა მუსიკალური პროდიუსერი. რეპეტიციების დროს ჩემს კონკურსანტებს რომ ვუსმენდი, გამარჯვებაზე ხელი მქონდა ჩაქნეული. ძალიან ძლიერი კონკურენტები მყავდნენ, მაგრამ ერთ-ერთი გოგონა, რომელმაც საბოლოოდ მეორე ადგილი აიღო, იმდენად მომეწონა, რომ ვიფიქრე, მასთან შანსი არ მქონდა. სცენაზე გასვლის წინ უკვე ვფიქრობდი, არა უშავს თუ ვერ გავიმარჯვებ, აქ მონაწილეობა უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს-მეთქი, მაგრამ დარბაზში რომ გავიხედე და უამრავი ადამიანი დავინახე, რომლებიც იქ ჩემს საგულშემატკივროდ იყვნენ შორიდან ჩამოსულები და მათ ჩემი გამარჯვების ნახვა უნდოდათ, განსაკუთრებული ძალა მომეცა და ზუსტად ამან გამამარჯვებინა. ჩემს თავს ვუთხარი, ყველანაირი კომპლექსი მოიხსენი, სცენაზე გადი და შენი მაქსიმუმი დადე-მეთქი. მგონი, ასეც მოვიქეცი (იცინის). თუმცა, ჩემი თავით კმაყოფილი არასდროს ვარ და ასეა ამჯერადაც. ვიდეოს რომ ვუყურებ, ბოლომდე არ მომწონს.
– გამარჯვებული ხარ და თან, საკუთარი თავით უკმაყოფილო?
– სხვათა შორის, ეს თვისება ძალიან მეხმარება. პატარა რომ ვიყავი და საკუთარ თავს რამეს მოვუწონებდი, ჩემდა უნებურად, ვზარმაცდებოდი. მე სამი წლიდან ვმღერი და მას შემდეგ არ გავჩერებულვარ. არასდროს მიფიქრია, რა იქნებოდა, ხმა რომ არ მქონოდა. თითქოს, ეს ასეც უნდა ყოფილიყო და განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა. მე დაჯილდოებული ვიყავი ამ ხმით და უბრალოდ, ის მაყურებლამდე უნდა მიმეტანა – ასე ვფიქრობდი. არადა, ადამიანს სამუშაო ყოველთვის აქვს, რაც არ უნდა განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდეს. იმ რთულმა პერიოდმა, რომელიც მე ახლახან გამოვიარე, მასწავლა, რამდენად სჭირდება ჩემს ხმას მოფრთხილება, დაფასება და მუშაობა. ამის გამო უფლის ძალიან მადლიერი ვარ, იმის მიუხედავად, რომ ცხოვრებაში ასეთი საშინელი პერიოდი არ მქონია. საშინელებები გადავიტანე. ჩემს თავს ვუყურებდი და ვხედავდი, რომ ჩემი აწყობილი კოშკები თავზე მენგრეოდა. რომ მეგონა, რაღაცას მივაღწიე, აღიარება მოვიდა, ზუსტად მაშინ დაინგრა ყველაფერი. გარდატეხის ასაკით გამოწვეული პრობლემები, რომელიც ჩემს ხმას შეექმნა, ჩემთვის ნამდვილად კარგი გამოფხიზლება იყო. ამ შესაძლებლობის გამო მადლობელი მანამდეც ვიყავი, მაგრამ ის, რასაც ახლა განვიცდი, სულ სხვაა.
– როგორ ფიქრობ, ასეთ კონკურენციაში რა აღმოჩნდა შენი პლუსი, რაც გამარჯვებაში დაგეხმარა?
– მე ბოლო კონკურსანტი ვიყავი, მეთხუთმეტე, კონკურსი ჩემით მთავრდებოდა. სიმღერა რომ დავასრულე, ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა მითხრა, მსოფლიოში უამრავი ლამაზი და ძლიერი ხმა არსებობს და შენი ხმა მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული და უძლიერესია, მაგრამ ის, რაც შენ ყველაზე მეტად გეხმარება წარმატების მიღწევაში სხვა რამ არისო. როცა შენ სიმღერას ასრულებ, ჟიური ჩანაწერებს აკეთებს და ერთ-ერთ მათგანს ჩემზე დაუწერია და შეფასებისას წამიკითხა: დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე გახდები ვარსკვლავი და ვოცნებობ, ჩემს ხმის ჩამწერ სტუდიაში მოხვიდე და ერთად ვიმუშაოთო. ეს სიტყვები მუსიკალურ სამყაროში ლეგენდარულმა ადამიანმა ტომ სალტამ მითხრა. ის მთელ მსოფლიოში საუკეთესო მუსიკალური თამაშების მუსიკალური პროდიუსერია. ოცი მომღერალი რომ მოეყვანათ ჩემს სტუდიაში, დაუფიქრებლად შენ აგირჩევდი. არა იმიტომ, რომ ყველაზე მაგარი ხმა ან ტექნიკა გაქვს, შენ გაქვს აუხსნელი სინათლე და ძალა, რომელიც გეხმარება, იყო უნიკალური და ზუსტად ამიტომ გავაკეთებდი შენზე არჩევანს. ასეთ ინდუსტრიას ზუსტად შენნაირი ადამიანები სჭირდებაო.
– ასეთ ინდუსტრიას, მით უმეტეს, ამერიკაში, ანუ დიდი მასშტაბების ქვეყანაში, კარგი მენეჯერი სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვური ასაკი გაქვს, ბევრ რამეს იღებ საკუთარ თავზე და დიდწილად ამასაც.
– ასეა. ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე, ასე გამოვიდა. ძალიან ბევრი რამ გამოვიარე, არაერთი კონკურსი და ვცდილობდი, ბევრი რამ მესწავლა. მათ შორის, პიარი, საკუთარი სათქმელის სწორად გადმოცემა. ჩემი პედაგოგი მეუბნება ხოლმე, ამერიკაში ყველას სჭირდება მენეჯერი ამ ინდუსტრიაში გზის გასაკვალად, მაგრამ შენ ისეთი ხარ, ამას თვითონაც არაჩვეულებრივად მოახერხებო. თუმცა, დასაწყისისთვის, რა თქმა უნდა, დახმარება საჭიროა.
– ჯილდო და პერსპექტივები...
– ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა American Idol-ის პროდიუსერს გაუგზავნა ჩემი ვიდეო და ახლა მათგან მოწვევას ველოდები, რადგან მას ძალიან მოეწონა ჩემი შესრულება. რაც შეეხება გამარჯვებულის მთავარ პრიზს, ეს არის სოლო კონცერტი ამავე დარბაზში, სადაც მოწვეული იქნებიან ხმის ჩამწერი სტუდიები. ჟიურის ერთ-ერთი წევრი, რომელსაც ძალიან დიდი ხმის ჩამწერი სტუდია აქვს, როგორც გითხარით, განსაკუთრებით დაინტერესდა ჩემით და ზუსტად ახლა ჩვენი შეხვედრა თანხმდება. ერთი სული მაქვს, როდის შედგება, რადგან ვიცი, რომ მომავალში ეს ძალიან ბევრს მომიტანს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
22:09 18.12, 2024 წელი
22:09 18.12, 2024 წელი
15:16 17.12, 2024 წელი