შოუბიზნესი

ალექსანდრე ზაზარაშვილი: მზად უნდა იყო ზურგში დანის ჩარტყმისა და გულის ტკენისთვის

№48

ავტორი: ქეთი კაპანაძე 16:00 06.12, 2021 წელი

ალექსანდრე ზაზარაშვილი
დაკოპირებულია

ალექსანდრე ზაზარაშვილი ამერიკული „ნიჭიერის“ ფინალშია. ფინალი 18 დეკემბერს გაიმართება და ამ დღეს თითოეულ ჩვენგანს შეგვეძლება მის გამარჯვებაში წვლილის შეტანა.

ალექსანდრე ზაზარაშვილი: ამერიკაში რომ ჩამოვედი, ძალიან ბევრი სირთულის წინაშე აღმოვჩნდი, მაგრამ ღმერთის წყალობით, ყველაფერს გავუმკლავდი. მჯერა, რომ ყველა სიძნელეს თავისი დანიშნულება აქვს და თუ ადამიანს წარმატება გიწერია, მისი მიღწევა გარდაუვალია. იმ სირთულეების გამო, რომელიც მე შემხვდა, დიდი შემოქმედებითი პაუზა ავიღე, არც კონკურსში გამოვჩენილვარ და არც სხვა რომელიმე პროექტში. მინდოდა, საკუთარ თავთან მარტო დავრჩენილიყავი და ახალი ალექსანდრე მეპოვა. როგორც იცით, გარდატეხის ასაკში ბიჭის ხმა ძალიან იცვლება. იგივე პრობლემა გოგონებსაც აქვთ, მაგრამ ბიჭებს – განსაკუთრებულად და ხმა რომ შემეცვალა, თავიდან ძალიან ვინერვიულე. სიმღერებს, ადრინდელთან შედარებით, სულ სხვა ჟღერადობით რომ ვასრულებდი, ძალიან განვიცდიდი, მაგრამ კარგი ადამიანების, ჩემი გულშემატკივრებისა და განსაკუთრებით, არაჩვეულებრივი პედაგოგის – შეროლ პორტერის დახმარებით, მივედი იმ დასკვნამდე, რომ ყველაფერს თავის მიზეზი აქვს. მთავარია, საკუთარი თავი ისეთად მიიღო, როგორიც ხარ. მე ვფიქრობდი, რომ ხმა შემეცვალა და წინსვლის ნაცვლად, უკან-უკან მივდიოდი, მაგრამ მისი დახმარებით საკუთარი თავი დავარწმუნე, რომ ახალ ხმაზე ბევრი უნდა მემუშავა, მიმეღო ის და გამომეყენებინა. აბსოლუტურად ყველა სიმღერა, რომელიც მანამდე მქონდა, ნაგავში გადავყარე და დავიწყე სრულიად ახალი კარიერა – ახალი ოცნებებითა და მიზნებით.

რაც შეეხება ამერიკულ „ნიჭიერში“ მოხვედრას, ესეც შეროლ პორტერის დამსახურებაა. არსებობს „იუთუბ არხი“, რომელსაც კონტრაქტი აქვს გაფორმებული არაერთ სატელევიზიო პროექტთან და მას ცხრა მილიონამდე გამომწერი ჰყავს. შეროლს შესთავაზეს, ამ არხზე გაეკეთებინა საკუთარი გადაცემა, სადაც მოიწვევდა მომღერლებს, რომლებიც თავიანთ დაწერილ სიმღერებს თვითონ შეასრულებდნენ. გამომდინარე იქიდან, რომ მან იცოდა ჩემი ახალი ჰობის შესახებ, რომელიც ძალიან მინდა, პროფესიად ვაქციო – ვგულისხმობ სიმღერების წერას და რადგან ძალიან მოეწონა ჩემი დაწერილი სიმღერა, შემომთავაზა, რომ მეც მივსულიყავი ამ გადაცემაში. მივედი და იმდენად მოეწონა ამ არხის კრეატიულ დირექტორს ჩემი სიმღერები და მეც, როგორც მომღერალი, გადაწყვიტა, კონექტიკუტის „ნიჭიერში“ მივეწვიე. კონექტიკუტის „ნიჭიერი“ ისეთივე პროექტია, როგორიც ამერიკის „ნიჭიერი“, მაგრამ კონკრეტულ შტატში იმართება. მასში ძალიან ბევრი ადამიანი იღებს მონაწილეობას. როგორც კი სიმღერა დავამთავრე, ჟიურის პირველივე წევრმა, რომელიც ფეხზე ადგა, ოქროს ღილაკზე დაარტყა ხელი და პირდაპირ ფინალში გადავედი.

– ნერვიულობაც არ დაგაცადეს.

– კი. ნერვიულობაც არ დამაცადეს, ისე გადავედი ფინალში (იცინის). ჟიურის სხვა წევრებმაც თქვეს, რომ პირველივეს რომ არ გამოეყენებინა ოქროს ღილაკი, ისინი გამოიყენებდნენ. პროექტის ფინალი 18 დეკემბერს იქნება და ამ დღეს ძალიან დამჭირდება ქართველი ხალხის გვერდში დგომა. 18 დეკემბერს მთელი დღის განმავლობაში შესაძლებელი იქნება ხმის მიცემა „Vote frenzy” ამ აპის მეშვეობით. ეს აპი უნდა გადმოიწეროთ და კონექტიკუტის „ნიჭიერის“ ხმის მიცემის გრაფაში აირჩიოთ ჩემი სახელი და გვარი. ერთ ადამიანს ერთხელ შეუძლია ხმის მიცემა.

– ჟიური რომ ასე გაფასებდა, ამ დროს რა ხდებოდა შენს გულში იმ სირთულეების ფონზე, რომელიც მანამდე გაიარე?

– ეს იყო ჩემი პირველი კონკურსი მას შემდეგ, რაც ხმა შემეცვალა. მე რომ ვყოფილიყავი ალექსანდრე ჩემი ძველი ხმით, არ ვინერვიულებდი. კონკურსებზე დიდი გამოცდილება დავაგროვე, რამაც თავდაჯერებულობა შემმატა. პატარა ნერვიულობა ყოველთვის არის, მაგრამ არა განსაკუთრებული. თუმცა, რადგან ყველაფერი შეიცვალა და ახალი ხმით პირველად ჩავები კონკურსში, ძალიან ვნერვიულობდი. არ ვიცოდი, როგორ შემაფასებდნენ, რისი მოლოდინი უნდა მქონოდა. სიმართლე გითხრათ, როცა მათგან მოწვევა მივიღე, მაშინვე არ დავთანხმებულვარ. კარგად დავფიქრდი, ვიყავი თუ არა ამისთვის მზად და ბოლოს გადავწყვიტე, რომ ეს პირველი რისკი იქნებოდა, რომელსაც მე უნდა გავმკლავებოდი, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა უნდა ამეღო. დარბაზისგან და ჟიურისგან რომ ასეთი ემოციები და შეფასებები მივიღე, საბოლოოდ დავრწმუნდი შეროლის სიტყვებში, რომ მე ხმა უარყოფითისკენ კი არ შემეცვალა, უფრო დიდი შესაძლებლობები მომეცა, თუმცა მისი გამოყენება უნდა ვისწავლო.

– როგორია სამზადისი ფინალისთვის?

– სამწუხაროდ, ყველა კონკურსანტი არ მინახავს. „ნიჭიერში“ ყველანაირი ტალანტის მქონე ადამიანები იღებენ მონაწილეობას, მაგრამ რადგან ყველა ვერ ვნახე, არ ვიცი, რას უნდა ველოდო მათგან, ეს უფრო რთულია, რადგან წარმოდგენა არ მაქვს, როგორი კონკურენციაა. ახლა ფინალისთვის ვემზადებით. იმდენი ხანი ვიყავი ჩემს თავში დაეჭვებული, იმდენ ხანს არ მჯეროდა ჩემი შესაძლებლობების, რომ საკმარისია, დამთავრდა ამის დრო. დავუბრუნდი ჩემს ძველებურ თავდაჯერებულობას და ერთადერთი მიზანი მაქვს – მინდა, რაც შეიძლება, წინ წავიდე და მთელი ჩემი რესურსი გამოვიყენო. ფინალში ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ღირსეულად წარვდგე ჟიურისა და მაყურებლის წინაშე. ჩემი მიზანია, აუცილებლად გავიმარჯვო ამ პროექტში.

სიმღერა, რომელიც კონკურსზე შევასრულე, ოჯახის მონატრებაზეა. წელიწად-ნახევარია საქართველოში არ ვყოფილვარ. იმდენად მენატრება ჩემი ოჯახი, რომ არც კი ვიცი, ეს როგორ აღგიწეროთ. ჯერ საბუთები არ მაქვს და არ შემიძლია საქართველოში ჩამოსვლა. ახლა რომც მომივიდეს, აქ ისეთი ამბები ხდება, მაინც ვერ წამოვალ. აქ რომ ჩამოვედი, სანამ მეგობრებს გავიჩენდი, ძალიან მარტოსულად ვგრძნობდი თავს. ამ სიმღერასაც „მარტოხელა“ ჰქვია და ის ოჯახის მონატრებაზეა. ოჯახის, რომელსაც ერთი სული გაქვს, როდის ნახავ და ამის მეტი რომ აღარაფერი გინდა. ეს სიმღერა ჩემს მდგომარეობასთან ისე ახლოსაა, მთელი გულით ვმღეროდი და ჩემი აზრით, ამანაც იმოქმედა ჟიურის წევრებზე. აქ მხოლოდ მე და მამა ვართ. რამდენჯერაც ასეთი რამ მოხდება ჩემს ცხოვრებაში, დედაჩემი ადგილს ვერასდროს პოულობს, სულ სიხარულის ცრემლებით ტირის. მარტო ის არა, მთელი ჩემი ოჯახი ასეა. ყველაზე დიდი გულშემატკივრები არიან და ჩემი პატარა წარმატებაც კი მათთვის დიდი იმედია. დედა მეუბნებოდა, ახლა საბუთები სულ რომ მზად გქონდეს, არ მინდა შენი ჩამოსვლა. მე როგორღაც გავუძლებ მონატრებას, მთავარია, შენ იმას მიაღწიო, რაც მთელ ოჯახს და მთელ საქართველოს გვინდაო. მე ყველანაირად ვეცდები და იმედია, გამოვა. როგორც კი ამ კონკურსის შესახებ სოციალურ ქსელში დავპოსტე, უმოკლეს დროში იმდენმა ადამიანმა მისურვა წარმატება და ისეთი თბილი კომენტარები შემომივიდა, დაჯერება გამიჭირდა. გეგონება, ჩემს უკან ჯადოსნური ძალაა, რომელიც მეხმარება. ეს ძალა ამ ადამიანების გულშემატკივრობა და სიყვარულით სავსე კომენტარებია. მათი უზომოდ მადლიერი ვარ.

– ამერიკულ ცხოვრებას როგორ აუწყვე ფეხი?

– რომ ვიზრდები და მეტ ადამიანთან მაქვს კონტაქტი, ვხვდები, რომ იმდენად დიდი და თბილი ოჯახისგან მოვდივარ, რომ „რეალურ“ ცხოვრებას არ ვიცნობდი. მე სიყვარულით სავსე ოჯახში გავიზარდე. აქ რომ ჩამოვედი და ახალ ადამიანებს შევხვდი, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე, ეს აღმოჩნდა შესავალი იმ ცხოვრებაში გადასასვლელად, რომელშიც საკუთარი თავი უნდა დაიცვა და საკუთარ თავს უნდა უპატრონო. მზად უნდა იყო ზურგში დანის ჩარტყმისა და გულის ტკენისთვის. ძალიან ბევრი ადამიანი გელაპარაკება ტკბილად, გპირდება, რომ სულ შენ გვერდით იქნება, მაგრამ საჭირო მომენტში გვერდით კი არ გიდგას, საოცრად ცუდ რაღაცებს გიკეთებს. მე მადლობელი ვარ ამ ადამიანების, რადგან ადრეულ ასაკში მასწავლეს ის, რასაც, როგორც წესი, გვიან სწავლობენ. 15 წლის ასაკში ასეთი მომენტები არავის აქვს გამოვლილი, ყოველ შემთხვევაში, რასაც მე ვუყურებ ჩემს თანატოლებში, ასეა. თუმცა, ბევრი ისეთი ადამიანიც შემხვდა, ვინც გულიანად მიდგას გვერდით და მათთვის მეც ყველაფერს გავაკეთებ. მადლობა უფალს ასეთი ადამიანებისთვის.

P.S. გამოყენებული ფოტო ეკუთვნის ეკა ესებუას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

13-19 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა