შოუბიზნესი

ალექსანდრე ზაზარაშვილი: ყველასთან გაუცხოებას ვგრძნობდი, ოჯახის წევრებთანაც კი

№13

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 08.04

ალექსანდრე ზაზარაშვილი
დაკოპირებულია

ბოლო პერიოდი მომღერალ ალექსანდრე ზაზარაშვილისთვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა: დაკარგა ძმა, რომელიც მისმა ოჯახმა საკმაოდ პატარა ასაკში იშვილა და ერთად იზრდებოდნენ, დაასრულა ერთწლიანი განსაკუთრებული სიყვარულის ისტორია. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, რთული აღმოჩნდა, თუმცა ცხოვრება გრძელდება, მან შეძლო საკუთარ თავში დიდი ძალა ეპოვნა და კვლავ აქტიურად და წარმატებულად აგრძელებს ამერიკულ კარიერას.

ალექსანდრე ზაზარაშვილი: „გრემის რეკორდინგ აკადემიის“ წევრი, პროდიუსერი დეივ შონვეტერი დამიკავშირდა, მითხრა, რომ ძალიან მოსწონს ჩემი სიმღერები და სურს, რომ უფრო მეტი მოისმინოს. მეგონა, სოციალურ ქსელში აღმომაჩინა, მაგრამ, თურმე, ერთ-ერთ კონცერტზე მომისმინა და ძალიან უნდოდა ჩემთან კოლაბორაცია. მერე, როცა სოციალურ ქსელში, შემთხვევით ჩემი ვიდეო შეხვდა, დამიკავშირდა. მანჰეტენზე აქვს სტუდია, ჩემი ორი სიმღერა მოვასმენინე, რომლებზეც ვფიქრობდი, რომ ყველაზე ძლიერები იყო და მინდოდა, გამომეშვა. ძალიან დაინტერესდა და ახლა მასთან ერთად ვმუშაობ ჩემს ახალ სიმღერაზე.

– სიმღერას, რომელზეც ახლა მუშაობთ, მეორე მნიშვნელოვანი ამბავიც უკავშირდება. როგორც თქვი, ის შენს უდიდეს სიყვარულსა და ტკივილზე დაწერე...

– ეს სიმღერა ძალიან პერსონალური ისტორიიდან მოდის. რამდენიმე თვის წინ, პირველი სერიოზული გულის გატეხვა განვიცადე. მე და ჩემი შეყვარებული დავშორდით. დაახლოებით, ერთი წელი ვიყავით ერთად, მაგრამ დაშორება მოგვიწია. ჩვენს ურთიერთობაზე ორი სიმღერა დავწერე – მეორე დაშორების შემდეგ, უფრო მეტად გულის ტკივილზე იყო, პირველი კი მისი გაცნობიდან რამდენიმე თვის შემდეგ დავწერე ჩვენს სიტუაციაზე. რაღაც მიზეზების გამო არ გვინდოდა, ჩვენი ურთიერთობის გამჟღავნება. შინაგანად მინდოდა ადამიანებს სცოდნოდათ, როგორი ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ამაზე ხმამაღლა საუბარი ბევრი მიზეზის გამო არ მინდოდა და ზუსტად ამ თემაზე დავწერე ის სიმღერა. სიმღერას ჰქვია „სამყარო რომ საკმარისად კეთილი ყოფილიყო“ – სამყარო რომ კეთილი ყოფილიყო ჩვენ მიმართ, ბევრი რამის გაკეთება იქნებოდა შესაძლებელი, თუნდაც, ჩვენს ურთიერთობაზე ხმამაღლა ვისაუბრებდით. სიმღერაში ვყვები, თუ რამდენად მიყვარს და ასე შემდეგ.

– ასეთი ამბები შემოქმედებისთვის ნაყოფიერია, თუმცა, რეალურ ცხოვრებაში საკმაოდ რთულად გასავლელი ეტაპია და როგორ გაუმკლავდი?

– თავიდან ძალიან გამიჭირდა. იმის მიუხედავად, რომ პასუხები და ინფორმაცია მქონდა, მაინც ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი იყო. ზოგადად, ასეთი ტიპი ვარ, ყველაფერი უნდა ვიცოდე, რაც არ უნდა პატარა დეტალს ეხებოდეს საქმე. შეიძლება, უდიდესი, მონსტრი ფაქტი მედგეს წინ, მაგრამ პატარა დეტალს მივაქციო ყურადღება, მან მომაწოდოს სიმართლე. ზუსტად ამის გამო ძალიან გამიჭირდა. რაღაც მომენტში, წარმოუდგენელიც მეგონა ჩვენი ურთიერთობის ასე დამთავრება. ბევრი გრძნობა მქონდა ერთბაშად. მახსოვს, ჩემს თავს რომ დავუბრუდი, დაახლოებით, ერთი თვის შემდეგ, პირველად გავხსენი ჩემი კომპიუტერი და მუსიკაზე მუშაობა დავიწყე. ძალიან კარგი გამოვიდა, გარეთ გამოვედი, ყურსასმენებში ვუსმენდი, ჩემს ძაღლს ვასეირნებდი და ეს იყო პირველი მომენტი, როცა გამეღიმა ამ ყველაფრის შემდეგ და ვიფიქრე, რომ ერთადერთი რამ, რაც ბოლომდე ჩემთან იქნება, სულ რომ აპოკალიფსი მოხდეს და მთელი სამყარო გაჩერდეს, ჩემი მუსიკა და ხელოვნებაა. ჩემს თავს ვუთხარი, რომ ფოკუსირება ამაზე უნდა მომეხდინა და თუნდაც, ის ტკივილი, რომელსაც ვგრძნობდი ან სირთულეები, რომელსაც გავდიოდი, ამ საქმეში უნდა ჩამედო. ეს სიმღერა გულის გატეხვასა და სიყვარულზეა, მაგრამ მინდა, ის ინსპირაცია იყოს ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც იმ მომენტში გადის იმავეს, რაც მე გავიარე. რთულია ამ დროს, მოისმინო სიტყვები: გაივლის, დრო გჭირდება, ყველაფერი კარგად იქნება და ასე შემდეგ, ეს არის ბოლო რამ, რაც გინდა, გაიგო. გინდა ყველაფერი ისევ ისე იყოს, არ გინდა, რომ რამე შეიცვალოს, ვერ იღებ რეალობას და ყველანაირად ცდილობ, შეეწინააღმდეგო. ამიტომ არ მინდა, ჩემი მესიჯი იყოს – „ყველაფერი კარგად იქნება“, მაგრამ უნდა იყოს ის, რომ ჩვენში ძალიან დიდი ძალაა და იმის მიუხედავად, რამდენადაც არ უნდა გვიჭირდეს, გავუმკლავდებით. იმის მიუხედავად, რომ თავს მარტოდ გრძნობ, შენში მართლა დიდი ძალაა და მთავარია, ამის ირწმუნო.

– ბოლო დროს, რთული პერიოდები მიეწყო, მანამდე ოჯახში ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა – ძმა დაკარგე...

– რომ ვიხსენებ, ამ ფაქტთან შეჭიდება წარმოუდგენელი მგონია, არ მჯერა, რომ ასეთი რამ მართლა მოხდა. მით უმეტეს, საქართველოში რომ არ ვარ, კიდევ უფრო რთულად ვიღებ ამ რეალობას. ერთადერთი, რაც ცხოვრებაში ძალას მაძლევს იმისთვის, რომ დიდ ტკივილსა და ასეთ ტრაგედიას გავუძლო, ისაა, რომ ღმერთის ძალიან დიდი რწმენა მაქვს. როგორც შემეძლო, ყველანაირად ვეცადე, ჩემი ოჯახის გვერდით ვმდგარიყავი. ემოციები ჩემში მომეკლა და მათ გვერდზე ვმდგარიყავი, რომ იმედი მიმეცა. სამწუხაროდ, ვერანაირად ვერ მოვახერხე, საქართველოში ჩამოვსულიყავი.

დედაჩემმა თავიდან ისე მომწერა, თითქოს, ნიკა ძალიან ცუდად იყო, ავარიაში მოყვაო. გზაზე გადმოდიოდა და სწრაფად მომავალი მანქანა დაეჯახა. ახლა როგორ არის-მეთქი, პირველი ეს ვკითხე და პასუხს რომ აღარ მწერდა, ძალიან დიდმა შიშმა ამიტანა. რომ დავურეკე და თვალებში შევხედე, მაშინვე მივხვდი, რომ ნიკა აღარ იყო. ეს ჩემთვის ყველაზე დიდი დარტყმა იყო, რაც კი ცხოვრებაში განმიცდია.

– ამერიკაში პატარა წახვედი და ბევრი რამ გამოიარე, თუმცა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მტკივნეული გამოცდილებები მიიღე და როგორ შეგცვალა ამ ყველაფერმა?

– უდიდეს სიყვარულში ვარ გაზრდილი. ამერიკიდან მეგობრები რომ ჩამოვიყვანე საქართველოში და ჩემი ოჯახი გაიცნეს, მეუბნებოდნენ, ახლა გასაგებია, რატომ ხარ ასეთიო. მთელი ჩემი ოჯახი სითბოთი და სიყვარულით არის სავსე. მთელი ჩვენი მოდგმა სიკეთის განსახიერებაა. იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემები არიან, შედარებებს ვაკეთებ, საქართველოშიც, ამერიკაშიც და კარგად ვხედავ განსხვავებებს. 12 წლის ასაკში რომ დავიწყე კარიერაზე ზრუნვა, ოცნებების ახდენა და სხვა ქვეყანაში წამოვედი, ისე მოხდა, რომ კარგ ადამიანებთან ერთად, ძალიან ცივი ხალხიც გამომიგზავნა ღმერთმა. ბევრს ვხედავ, რომ სიყვარულის უნარი საერთოდ არ გააჩნია. ამ რეალობამ, გარკვეული პერიოდი, თითქოს გამაქვავა. იყო მომენტი, როცა სულ სხვანაირი ალექსანდრე გავხდი. დაახლოებით, 16 წლის ასაკში, სანამ საქართველოში ჩამოვიდოდი, ყველასთან გაუცხოებას ვგრძნობდი, ოჯახის წევრებთანაც კი. ტკივილით, მძიმე ემოციებით ისე გადავიწვი, რომ აღარ მინდოდა, რამე მეგრძნო, მინდოდა, სხვანაირი ვყოფილიყავი. ნებისმიერ მოცემულობას შემიძლია, მოვერგო, ჩემი ტვინის გაკონტროლება ძალიან კარგად გამომდის, პატარაობიდანვე ისეთ ცხოვრებას გავდივარ. 18 წლის ასაკში კი ჩემი თავი ბოლომდე მყავს შესწავლილი და ხელში მიჭირავს, როგორც მინდა ისე მოვმართავ ხოლმე. იმ პერიოდში აღარ მინდოდა, ყველაფერი მეგრძნო და გავქვავდი. ყველაფერს ძალიან ზედაპირულად ვუყურებდი, გულთან არაფერი მიმქონდა, მხოლოდ საკუთარ თავზე ვმუშაობდი. ეს, რაღაც მხრივ, კარგი იყო, მაგრამ საკუთარი მე დამაკარგვინა. მოვირგე როლი, ვინც სინამდვილეში არ ვიყავი. რეალურად თბილი ადამიანი ვიყავი, ვისაც უყვარს ადამიანები და მათთან ურთიერთობა, მაგრამ ჩემს თავსაც ვაჯერებდი, რომ ეს ყველაფერი არ მაინტერესებდა და მხოლოდ მიზნებზე კონცენტრირება იყო მთავარი. დიდხანს არ გასტანა ასე. სხვათა შორის, როდესაც ჩემი შეყვარებული გავიცანი, მანაც დიდი გავლენა მოახდინა ძველი ალექსანდრეს დაბრუნებაზე. უანგარო სიყვარული მქონდა და ამან ძალიან გამალღო. შემდეგ საქართველოში ჩამოვედი და ჩემი ოჯახის სითბო თავიდან შევიგრძენი. პირველი ჩამოსვლისას ცოტა უცხოდ ვგრძნობდი თავს, მაგრამ უკან რომ დავბრუნდი, დაახლოებით, ერთი თვე იყო გასული, როცა პირველად წამომივიდა ცრემლები, არადა, წლების განმავლობაში იმდენი სირთულე გამოვიარე და მაშინ არ წამომსვლია ცრემლი. თუმცა, ხელახლა განცდილ სითბოსთან განშორება ძალიან გამიჭირდა და ვიგრძენი, რომ ამ ყველაფერმა რკინის ალექსანდრე გაალღო. ამის შემდეგ, თითქოს, ყველაფერი ძველებურად იყო. სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა – ჩემი ძმის ტრაგედია, შეყვარებულთან დაშორება, ჩემს ვიდეოდღიურებს ვუყურებდი და ვფიქრობდი, ალექსანდრე, რა გამოიარე და როგორ მყარად დგახარ ფეხზე, ახლა ისევ მოლბი, რკინის ალექსანდრე აღარ არსებობს და მსგავსი რამ რომ მოხდეს, ალბათ, ვეღარ გავუძლებ-მეთქი.

– ბოლო პერიოდში ხშირად ექცევა ყურადღების ცენტრში შენი იმიჯის ცვლილება.

– სხვათა შორის, მე ყველაფერი შემიძლია, მივიღო და გავუმკლავდე, ძალიან რთულია მე რამემ ნერვები ამიტოკოს, მაგრამ როდესაც სხვა ადამიანებზე მხვდება მსგავსი კომენტარები, თუნდაც იმიჯის ცვლილებაზე, ეს ყოველთვის არ არის პოზიტიური, ხშირად ნეგატიური სარჩულიც აქვს. ჩემი აზრით, ადამიანის ვიზუალურ ცვლილებაზე ხალხი საერთოდ არ უნდა ამახვილებდეს ყურადღებას. მაგალითად, მე გრძელი თმა რომ მქონდა, ბევრს მოსწონდა, ბევრს – არა, ახლაც მოკლე თმა ზოგს მოსწონს, ზოგი კი მეუბნება, ვაიმე, რატომ შეიჭერიო. ყველას ვერასდროს მოერგები. მე ჩემს საკუთარ თავს ვერგები. გრძელი თმა ძალიან მომწონდა, შეჭრაზე სართოდ არ ვფიქრობდი. მეგონა, მთელი ცხოვრება ასე მექნებოდა, მაგრამ ერთხელაც თავში დამარტყა და მოკლედ შევიჭერი, შეხედულებითაც ძალიან შევიცვალე და მაინტერესებდა, მოკლე სტილი როგორ მომიხდებოდა. ძალიან მომწონს და ვნახოთ, რამდენ ხანს მექნება ასე. ჩემი იმიჯიც ჩემი ცხოვრების ფაზებს ერგება.

P.S. გამოყენებული ფოტოების ავტორია თამთა სახოკია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №14

7–11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა