შოუბიზნესი

ალექსანდრე ზაზარაშვილი: ერთი თვის წინ ჩემს ცხოვრებაში სასწაული მოხდა

№16

ავტორი: ქეთი კაპანაძე 16:00 26.04, 2021 წელი

ალექსანდრე ზაზარაშვილი
დაკოპირებულია

წელიწადზე მეტია, ალექსანდრე ზაზარაშვილი ოჯახისგან შორს, ამერიკაში ცხოვრობს და საქმიანობს. ეს პერიოდი მისთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა და ამას არაერთი მიზეზი აქვს. თუმცა, ნელ-ნელა ყველაფერი ლაგდება და ყველაზე კარგი ამბავი ისაა, რომ ახლა ალექსანდრეს ცხოვრებაში გამოჩნდა პედაგოგი, რომელსაც საკუთარი უნიკალური მიდგომებით მთელი მსოფლიო იცნობს.

ალექსანდრე ზაზარაშვილი: შეროლ პორტერი არის ვოკალის პედაგოგი, რომელსაც მთელ მსოფლიოში იცნობენ. მას აქვს საკუთარი იუთუბ-არხი უამრავი გამომწერით და მის ვიდეოებს 125 მილიონამდე ნახვა აქვს. ბოლო წლებში მუდმივად ვუყურებდი მის ვიდეოგაკვეთილებს და ბევრს ვსწავლობდი. დედას ვეუბნებოდი ხოლმე, ნეტავ, ამ ქალთან მომახვედრა, ერთი გაკვეთილიც რომ ჩამიტაროს, უბედნიერესი ვიქნები-მეთქი, რადგან ძალიან მაინტერესებდა მისი რჩევები. ის სწავლების განსაკუთრებული მეთოდებით არის ცნობილი. ერთი თვის წინ ჩემს ცხოვრებაში სასწაული მოხდა – სწორედ, ეს ადამიანი დამიკავშირდა და ლოს-ანჯელესიდან ნიუ-იორკში სპეციალურად ჩემთვის ჩამოვიდა.

– შენი ოცნება საკუთარი ფეხით მოვიდა შენთან. როგორ მოხდა ეს?

– როგორც მითხრა, ძალიან ბევრი ადამიანი უგზავნიდა ჩემს ვიდეოს და წერდნენ, ნახეთ, როგორი ნიჭიერი ბიჭიაო. ამ ვიდეოების ნახვის შემდეგ გადაწყვიტა ჩემთან დაკავშირება. ალბათ, არ ჰქონდა ნანახი, თორემ დაახლოებით, ერთი წლის წინ მეც მივწერე ჩემი პატივისცემის შესახებ მისადმი და მისი მეთოდების მიმართ. თვითონ რომ მომწერა, სიხარულისგან დავფრინავდი. ბედნიერებისგან შოკში ვიყავი და სანამ ვიდეოთვალით არ დამირეკა, არ მჯეროდა, რომ ეს სიმართლე იყო. თან, იმდენად თბილი და თავმდაბალი ადამიანი აღმოჩნდა, მასთან ურთიერთობისას ვერც აცნობიერებ, რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავთან გაქვს საქმე.

– და რა პროგნოზს აკეთებს ალექსანდრეს მომავალთან დაკავშირებით?

– ჩემს ასაკში ძალიან იცვლება ხმა და უკვე ჩემი ხმაც საერთოდ სხვა არის უწინდელთან შედარებით. ადამიანებს კი, ის, რაც სტანდარტი არაა, ნაკლებად მოგვწონს. მაგრამ შედარებისთვის ვიტყვი, რომ ჩემი ხმის სახით ადრე მყავდა მანქანა, რომელსაც ვმართავდი, ახლა კი მყავს ტრაილერი, რომლის მართვაც შედარებით რთულია, მაგრამ მას ორმაგი ეფექტი აქვს. შეროლი იმ დროს გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა; მაშინ, როცა ბევრი ვითომ „კეთილისმსურველის“ დამსახურებით, მძიმე ემოციურ მდგომარეობაში ვიყავი – ეჭვები გამიჩნდა საკუთარ მომავალთან დაკავშირებით, რადგან ჩემ გარშემო მყოფი ადამიანები ჩემი ხმის გამო ძალიან ცუდ მდგომარეობაში მაყენებდნენ. მე ყოველთვის მჯეროდა, რომ ღმერთი, თუ მან სიმღერის შესაძლებლობა მომცა, ამ უნარს არ წამართმევდა. მის მხარდაჭრას მუდმივად ვგრძნობდი, მაგრამ როგორც ამბობენ, შეძახილმა ხე გაახმოო, ასე მოხდა ჩემს შემთხვევაში. სულ რომ ერთსა და იმავეს გიმეორებენ, შენც იჯერებ. იმდენჯერ მითხრეს, რომ ამ ასაკში ხმა შემეცვლებოდა, ასეც მოხდა და ჩემთვის ეს ძალიან რთული აღმოჩნდა. არადა, ეს ადამიანები ვითომ ჩემი „კეთილისმსურველები“ არიან და მეგონა, როცა ჩემს ცხოვრებაში ეს პერიოდი დაიწყებოდა, ისინი ჩემს გვერდით იქნებოდნენ. თუმცა აღმოჩნდა, რომ ზუსტად მაშინ არ იდგნენ ჩემთან ერთად. ერთი წლის განმავლობაში ჯოჯოხეთი გამოვიარე. ამის გამო ყოველდღე ვტიროდი და ეს არ არის ცარიელი სიტყვები, მართლა ასე იყო. გარდა ამისა, ძალიან ცუდი რაღაცები მოხდა ამერიკაშიც, რასაც არ ველოდი. ჩემს წარმოდგენაში ამერიკა ოცნებების ახდენის ქვეყანა იყო, მაგრამ ბევრ კარგთან ერთად, ამ ქვეყანას იმდენი ცუდი აღმოაჩნდა, რომ ადამიანი თუ ძლიერი არ ხარ, შეუძლია, ჭკუიდან გადაგიყვანოს. მე ზღვარზე მიმიყვანა და ჩემს ცხოვრებაში რომ ეს ადამიანი არ გამოჩენილიყო, არ ვიცი, რა იქნებოდა.

– რა სირთულეებს გულისხმობ?

– ყველაზე მეტად – ადამიანებთან ურთიერთობას. შეიძლება იმან ჩაგცხოს ზურგში დანა, ვისგანაც ვერც წარმოიდგენ. ამას დაემატა ფინანსური კრიზისი, რომელიც თავს დაგვატყდა. აქ რომ ჩამოვედი, საბუთების გაკეთება დამჭირდა, რადგან პანდემიის გამო საქართველოში ვეღარ ვბრუნდებოდი. ამას კი ძალიან დიდი თანხა სჭირდებოდა. კიდევ კარგი, ერთი კვირით გახსნეს ქალაქი და კონცერტის ორგანიზება მოვასწარი, რომ როგორღაც საჭირო ფული შეგვეგროვებინა. თუმცა, ეს მარტივი ნამდვილად არ იყო. ამას დაემატა ისიც, რომ მე არასდროს ვყოფილვარ ამდენი ხანი ჩემი ოჯახის გარეშე. ვითომ საკუთარ თავს ვუმტკიცებ, რომ ჩემზე მონატრების გრძნობა ცუდად არ მოქმედებს, მაგრამ ხანდახან ისე ძლიერად დამარტყამს ხოლმე, ძალიან კარგ ხასიათზე მყოფი, შეიძლება, უცებ ავტირდე. დიდი პრობლემები შემექმნა. იყო მომენტი, როცა ვფიქრობდი, რომ ცხოვრებაში ცრემლი აღარ წამომივიდოდა. იმდენად დიდი დარტყმები მივიღე, რკინასავით გავხდი.

– შეძელი ამ სტრესიდან გამოსვლა?

– შეროლ პორტერი რომ დამიკავშირდა, თავიდან ძალიან ბევრს მწერდა, მაგრამ როცა მივწერე, რომ ხმა ძალიან შემეცვალა, უცბად შეჩერდა. შიშმა ამიტანა, ვაითუ გადაიფიქროს და ისევ უიმედოდ დავრჩე-მეთქი. მაგრამ, როდესაც ვიდეო გავუგზავნე, მითხრა, აღარასდროს თქვა, რომ შენი ხმა შეიცვალა. შენი ხმა ბევრად გამდიდრდა, უფრო მეტი სამკაულით შეიმკო, შენ ნამდვილი ბრილიანტი გაქვს, რომელსაც გაპრიალება სჭირდება და მე ამ პროცესში დაგეხმარებიო. ამ სიტყვების შემდეგ ამოვისუნთქე. მანამდე მშობლებსაც კი არაფერს ვეუბნებოდი. იმდენად რთულ მდგომარეობაში ვიყავი ჩემი „ვოისის“ ვიდეოებსაც კი აღარ ვუყურებდი, რადგან ძალიან მაღიზიანებდა. ძველი და ახალი ალექსანდრე ერთმანეთისგან გავმიჯნე და პატარა ალექსანდრეს ვეჯიბრებოდი. მე არ ვიყავი ის, ვინც „ვოისი“ მოიგო, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს, სხვა ადამიანი ვიყავი.

– მთელი ეს პერიოდი დედა არ გინახავს, რადგან ის საქართველოშია. მას უზიარებდი ამ ყველაფერს?

– დედას ძალიან იშვიათად ვეუბნები მსგავს რამეს. ერთი პერიოდი საერთოდ არაფერს ვეუბნებოდი და რომ დამირეკავდა, თავს ძალიან კარგად ვაჩვენებდი. ამაში ძალიან მაგარი ვარ – შემიძლია, ადამიანებს დავუმალო ჩემი ცუდად ყოფნის ამბავი. ამიტომაც გამომდის კარგად სიმღერების წერა, რადგან ეს არის ერთადერთი გზა ჩემი სულიერი მდგომარეობის სხვებისთვის გასაზიარებლად.

– ალბათ ახლა ბევრს მუშაობ მასწავლებელთან ერთად.

– დიახ და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, შეროლში ძალიან დიდი სიყვარულია. მისი მოსწავლეები „ჰოლივუდის“ ვარსკვლავები არიან, მაგრამ ზოგჯერ რომ მოსწერენ, შეიძლება, ერთი კვირა არ დაუბრუნოს პასუხი, რადგან ძალიან დაკავებულია. თუმცა, ჩვენ 24/7-ზე კონტაქტში ვართ, ძალიან დავახლოვდით.

– როგორც ამბობ, საქართველოში დაბლოკვამაც შეგიშალა ხელი.

– ეს ძალიან ხშირად ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ მეორე დღიდან სხვა გზას ვეძებდი. ერთი წამით არ მიფიქრია, რომ წინსვლას არ ვიმსახურებდი. ეს იყო მანამ, სანამ „ვოისში“ გავიდოდი. იმ პროექტებს რომ უყუროთ, სადაც მე ვერ გავიმარჯვე, შეიძლება, იფიქროთ, რომ არც ვიმსახურებდი. ისეთ საშინელ სიმღერებს მაძლევდნენ, სადაც ჩემს ხმას ვერანაირად წარმოვაჩენდი. ვიხვეწებოდი, ვტიროდი, რომ სიმღერები შეეცვალათ, მაგრამ უარს ვიღებდი და სხვა გზა არ მქონდა, უნდა დავმორჩილებოდი, რადგან კონტრაქტი წესების მორჩილებას მოითხოვდა. პირდაპირ მეუბნებოდნენ პროექტის პროდიუსერები, შენ საქართველოში რა გინდა, სხვა ქვეყანაში წადიო.

ახლა წელიწადზე მეტია, ჩემი ოჯახი არ მინახავს. მწვანე ბარათს ველოდები და საბუთების ამბავს რომ მოვაგვარებ, საქართველოში ჩამოვალ, რადგან ყველა ძალიან მომენატრა. მგონია, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება – ხან მე ჩამოვალ მანდ, ხან ჩემი ოჯახის წევრები – აქ. სტაბილურად კი ამერიკაში ვიქნები, ამდენი ხანია, ამისთვის ვიბრძვი.

– ის, რაც დღეს საამაყოა, ბევრ შრომას მოითხოვს და შენ ამისთვის საჭირო დრო ბავშვობიდან მოიპარე. ბევრი დაგაკლდა ამით?

– დიახ, მე არ მქონია ბავშვობა. ჯერ 14 წლის ვარ, მაგრამ არავინ აღმიქვამს ბავშვად. მეგონა, რომ ეს კარგი იყო, რადგან ჩემს ასაკთან შედარებით, მეტად განვითარებული ვიყავი, მაგრამ ახლა ეს არ მომწონს. არ მომწონს, იმიტომ, რომ იმდენს ითხოვს ხალხი ჩემგან, რამდენიც 14 წლის ადამიანს არ უნდა მოსთხოვო. მე თვითონვე მოვიპარე ჩემი ბავშვობა, რადგან ყოველთვის მინდოდა, მემღერა. სამი წლიდან ამ საქმით ვარ დაკავებული და როცა ეზოში უნდა მეთამაშა, მე ვიჯექი და ვსწავლობდი. ბავშვური გართობა ჩემთვის უცხოა და ახლა ვხვდები, ეს რამდენად საჭიროა და დიდ დანაკლისს ვგრძნობ. თუმცა, მეორე მხრივ, ის, რასაც ამ შრომის შედეგად მივაღწიე, ამას აკომპენსირებს.

ახლა ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან შეროლმა თავდაჯერებულობა დამიბრუნა. დიდი მოტივაცია მომეცა, მივაღწიო იმას, რაც ყოველთვის მინდოდა და ვიცი, რომ ეს გამომივა. უფლის მხარდაჭერას ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობ. შეროლიც მაშინ გამომიგზავნა, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა და მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა