შოუბიზნესი

აქვს თუ არა ბუბა ჭოღოშვილისთვის მნიშვნელობა სიყვარულში ასაკს და რისი კარი გაუღო მას ნანუკა ხუსკივაძემ

№16

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 27.04, 2021 წელი

ბუბა ჭოღოჭშილი
დაკოპირებულია

ბუბა ჭოღოშვილის გმირი „ჩემი ცოლის დაქალებში“ დაბრუნდა და მის გარშემო მოვლენები საინტერესოდ ვითარდება, რაზეც მსახიობს ვესაუბრეთ. თუმცა ინტერვიუ ბუბას წინაპრით – კაპიტან ალექსანდრე ყიფიანის ისტორიით დავიწყეთ. გმირით, რომელსაც საქართველოს ისტორიაში ღირსეული ადგილი უჭირავს.

ბუბა ჭოღოშვილი: ალექსანდრე ყიფიანი ჩემი დიდი ბაბუა გახლდათ, დედაჩემის მხრიდან. ის ეროვნული გმირია. ამის თქმა მისი შთამომავლის მხრიდან, შეიძლება, ცოტა უხერხულია, მაგრამ ისტორიას თუ თვალს გადავავლებთ, ვნახავთ, რომ მისი ქცევა, ნამდვილი გმირობაა. მის შესახებ წერდნენ გენერალი მაზნიაშვილი და გენერალი კვინიტაძე. თუ არ ვცდები, სწორედ, კვინიტაძეს უთქვამს ბაბუაზე: მე ასეთი თავდადება მხოლოდ სამურაებისგან გამიგიაო. ჩემთვის ძალიან საამაყოა ასეთი კაცის შთამომავალი რომ ვარ.

– რა იცით მისი ცხოვრების შესახებ?

– ზუსტად ასი წლის წინ, როდესაც საქართველოში წითლები შემოვიდნენ, კაპიტან ალექსანდრე ყიფიანს ახალწვეულები ებარა. 25 თებერვალს ის ახალწვეულებთან ერთად დახვდა მტერს. მტერი მრავალრიცხოვანი იყო და შესაბამისად, მათი მოგერიება – ძალიან ძნელი. მით უმეტეს, რომ ახალწვეულები პატარა ბიჭები იყვნენ, გამოუცდელები. რამდენიმე დაფრთხა, სანგრები მიატოვეს და გაიქცნენ. კაპიტანი მიხვდა, რომ მარტო დარჩა, მაგრამ უკან დახევის ნაცვლად, ძირს დაყრილი შაშხანები აიღო და მარტომ გააგრძელა ბრძოლა. როცა მიხვდა, რომ წინააღმდეგობას აზრი აღარ ჰქონდა, ჩაბარებას საკუთარი ხელით სიკვდილი არჩია და გაისროლა. დაიჭრა, მაგრამ გადარჩა. გენერალ კვინიტაძეს მოუნახულებია ჰოსპიტალში და უკითხავს, ასე რატომ მოიქეციო და ბაბუას უთქვამს: სხვანაირად თქვენთვის თვალებში როგორ შემომეხედაო?!

ეს, ისტორია ძირითადად, ბებიასგან ვიცი, მისი შვილისგან. ბაბუას, თურმე, არ უყვარდა ამ თემაზე საუბარი. მოგვიანებით ქაქუცა ჩოლოყაშვილი, თანამებრძოლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა და ბაბუაც მათ შორის უნდა ყოფილიყო. თუმცა, თურქეთში შეტაკების დროს დაჭრილა და მისი გემით გადაადგილება შეუძლებელი აღმოჩნდა. ამიტომ საქართველოში დაბრუნება მოუწია და აქ წლების განმავლობაში იმალებოდა. ქალაქი შეიცვალა, ვინაობას მალავდა და როგორც ბებია გვიყვებოდა, ამ თემაზე ბევრს არ საუბრობდა. თუმცა სიცოცხლის ბოლომდე აზიაცკებითა და კიტელით დადიოდა. მისი მედლები, ორდენები, იარაღი – ყველაფერი, რაც მის ვინაობას ამხელდა, გადამალეს და ძალიან ცოტა რამ შემორჩა ჩვენს ნათესავებში. მარტო ზრდიდა ორ შვილს, რადგან მეუღლე ადრე გარდაეცვალა. ჩემმა ოჯახმა ეს ისტორია სიამაყით მოიტანა ჩემამდე.

– მშობლები რა პროფესიის არიან და თუ იქონიეს შენს მომავალზე გავლენა?

– დედა მხატვარია, მამა – დიპლომატი. მე, ალბათ, უფრო დედის მხარეს წავედი. ვერ ვიტყვი, რომ მან იქონია გავლენა. ბავშვობაში არქიტექტურაზე ვფიქრობდი, ეს უფრო იყო დედის გავლენა, მაგრამ აბიტურიენტობის დროს გამოვაცხადე, რომ მსახიობობა მინდოდა და ოჯახმაც ხელი შემიწყო.

– ძალიან ბევრი გიცნობს სერიალიდან „ჩემი ცოლის დაქალები“, თეატრსა და კინოში მიღებული გამოცდილების შესახებაც გავუზიაროთ მკითხველს.

– არცერთი თეატრის დასში არ ვარ, მიწვევით ვთამაშობ სხვადასხვა თეატრში. სხვადასხვა რეჟისორთან მიმუშავია, მაგრამ გამოვარჩევ უკრაინელ რეჟისორს – ანდრეი ჟოლდაკს, მასთან მუშაობით საოცარი გამოცდილება მივიღე. მიხარია, რომ არაჩვეულებრივი პედაგოგი შემხვდა – გიზო ჟორდანია და მისი ასისტენტი ნანუკა ხუსკივაძე, ის „ჩემი ცოლის დაქალებში“ დედაჩემის როლს თამაშობს. მე მათი შეგირდი ვარ და მათ გადმომცეს გასაღები, რომელმაც ამ სამყაროს კარი გამიღო. რაც შეეხება ეკრანს, ვითამაშე სერიალებში: „მისამართის გარეშე“, „ჰეროკრატია“. ასევე, ორ უკრაინულ და ერთ რუსულ სერიალში. ფილმებიდან განსაკუთრებით გამოვყოფ „შინდისის გმირებს“ – ეს ფილმი ისეთივე გმირობაზეა, როგორზეც დასაწყისში ვსაუბრობდით. ამიტომ, ჩემთვის მასზე მუშაობა განსაკუთრებით ემოციური იყო. სანამ გადაღებები დაიწყებოდა, სერჟანტებმა სპეციალური კურსები გაგვატარეს და გვასწავლეს ის, რაც შეიძლებოდა, ორ კვირაში გვესწავლა. სწავლების შემდეგ, საღამოობით ისტორიული ფილმების ჩვენება გვქონდა. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი ფილმი ბაბუაჩემის შესახებ იყო. სიამაყით ვუყურებდი, მაგრამ ვერაფერი ვთქვი. მხოლოდ გვერდზე მჯდომ მეგობარს ვუთხარი, ეს ბაბუაჩემია-მეთქი და ის ახმაურდა (იცინის).

– უკრაინულ და რუსულ სერიალებში როგორ აღმოჩნდი?

– მათ აქვთ საქართველოში შესაბამისი კონტაქტები. მე არ გამიგზავნია ჩემი მონაცემები. ერთ შემთხვევაში აქ იყვნენ ჩამოსულები, მეორე შემთხვევაში ფოტოს ნახვის შემდეგ დამიკავშირდნენ.

– ბევრი უარს ამბობს რუსულ პროექტებში მონაწილეობაზე, ყველასთვის ცნობილი მიზეზების გამო, რას ფიქრობ ამაზე?

– ასეთ შემთხვევებში ორმაგი სტანდარტებია და ეს არ არის სასიამოვნო. პოლიტიკასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ჩემი აზრი მაქვს, მაგრამ ვცდილობ, ამაზე საჯაროდ არ ვისაუბრო. თუმცა, მგონია, რომ ხელოვნება არის ის ენა, რომელმაც ყველა უნდა გაგვაერთიანოს. ეს ხომ მხოლოდ სანახაობა არ არის. გაცვეთილი ფრაზაა, მაგრამ ჩემთვის ეს იგივეა, არ წავიკითხოთ ბულგაკოვი. არც ის მესმის რუსეთის პრეზიდენტს სიმღერები ვუმღერო, მაგრამ ყველაფერზე უარის თქმა ცოტა არანორმალური მგონია. თორემ, რა თქმა უნდა, რუსეთი ოკუპანტია და რა თქმა უნდა, შესაცვლელია მათი პოლიტიკა.

– შენს გმირს ასაკით უფროსი ქალი მოსწონს, რას ფიქრობ ამაზე?

– სადაც სიყვარულია, იქ ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, სიყვარული იყოს, თორემ შეიძლება, წყვილები დიდი ასაკობრივი სხვაობის ფონზე უფრო ბედნიერები იყვნენ, ვიდრე ერთი წლოვანების ცოლ-ქმარი. თუმცა, სერიალში ქალს ქმარიც ჰყავს და ეს უკვე რთული საქმეა.

– რა ხდება ბუბას ცხოვრებაში რეალურად?

– დაკავებულია თუ არა ბუბას გული უფროს ქალზე ფიქრებით? (იცინის). არ არის დაკავებული, მოლოდინის რეჟიმშია და თავისუფლია. იმედია, ქმრიანი გოგო არ გამოჩნდება, თუმცა ყველაფერი შეიძლება, მოხდეს (იცინის). მე პირადად არ მყვარებია ასაკით უფროსი ქალი და ვერაფერს ვიტყვი, თუმცა ჩემ გარშემო არიან ადამიანები, რომლებსაც გვერდით უფროსი ქალები ჰყავთ და ძალიან ბედნიერად გრძნობენ თავს. მეც თუ გამოვცდი, მერე ვნახოთ (იცინის).

– სერიოზულად შეყვარებული არასდროს ყოფილხარ?

– როგორ არა, ყურებამდე შეყვარებულიც ვიყავი, მაგრამ ეს ხომ ცხოვრებაა და სხვადასხვა მიზეზის გამო არ გამოვიდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №9

3–9 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა