აჩიკო მეფარიძე: არ ვიცოდი, ვისთვის მეკითხა, რა მექნა ამ დროს და იძულებული ვიყავი, დაცვა ამეყვანა
ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 18.08, 2021 წელი
![აჩიკო მეფარიძე აჩიკო მეფარიძე](/files/2021/08/13/2462/achiko-mepharidze_w_h.jpeg)
მისი ვარსკვლავობა 22 წლის წინ დაიწყო და მას შემდეგ ჩვეულ ფორმას არ ღალატობს – ყოველთვის კარგად გამოიყურება, გამორჩეულად იცვამს, განსაკუთრებულ შოუებს გვთავაზობს, საოცრად ასრულებს არაჩვეულებრივ სიმღერებს და ალბათ, ამიტომაცაა, რომ პოპულარობა არასდროს დაუკარგავს.
აჩი მეფარიძე: ვცდილობ, ჯანსაღი ცხოვრების წესი მქონდეს, სწორად ვიკვებო და ვივარჯიშო. ოც წელზე მეტია, ტრენაჟორები ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. გარდა ამისა, ცურვა, ჩოგბურთი, ფრენბურთი, პერიოდულად სპორტის სხვადასხვა სახეობით ვიყავი დაკავებული. დიეტაზე არასდროს ვყოფილვარ, ორი კილოგრამი მომიმატია, მაგრამ ხუთი და ათი – არასდროს. მეტწილად ბოსტნეულით ვიკვებები, ხორცის განსაკუთრებით მოყვარული არ ვარ. ძალიან მიყვარს ხინკალი, თუმცა, ათასში ერთხელ თუ მომინდება. დიდად გურმანი არ ვარ. ხილი მიყვარს, ნამცხვარიც, მაგრამ ამ უკანასკნელს არ ვჭამ, რადგან ვიცი, რომ ცუდია, ისევე როგორც თონის პური. თავის მოსავლელად განსაკუთრებული მეთოდი არ მაქვს. თუმცა, ერთი, რაც ჩემთვის ძალიან ბუნებრივია, გარეთ მოუწესრიგებელი არასდროს გამოვდივარ. იმიტომ კი არა, რომ მიცნობენ, როცა სხვა ქვეყანაში ვარ, სადაც არ მიცნობენ, იქაც ასეა. თავის მოწესრიგება ჩემი ყოველდღიური რუტინის განუყოფელი ნაწილია.
– ჯერ კიდევ 90-იანებში გქონდათ ძალიან ექსტრავაგანტური და ყველასგან გამორჩეული სტილი შოუბიზნესში. როგორ მიიღო ეს სიახლე საზოგადოებამ?
– ეს ჩემი შინაგანი დამოკიდებულება და ცოდნაა, მსოფლიო შოუბიზნესზე დაკვირვებით. არ შეიძლება, სცენაზე ისე გეცვას, როგორც საკუთარ სახლში. ადამიანი შენს კონცერტში ფულს იხდის, თვითონაც სოლიდურად გამოიყურება, ამიტომ პატივი უნდა სცე და შესაბამისად მოემზადო. სასცენო ტანსაცმელი ჩემთვის კიდევ სხვაა. მგონია, რომ ამაში რთული და გაუგებარი არაფერია. მნიშვნელობა არ აქვს, დიდ ქვეყანაში ცხოვრობ, პატარაში და იქ ყვავის თუ არა შოუბიზნესი. ხალხი ამას აღფრთოვანებით შეხვდა. ჩემამდე ასე არ იყო და მე ეს დამოკიდებულება შევცვალე. შენი გამოსვლა თავიდან ბოლომდე შოუ უნდა იყოს – ვარცხნილობა, აქსესუარები, სასცენო მოძრაობა, შესრულება, ყველაფერი მოწოდების სიმაღლეზე უნდა იდგეს. ჩემი ხედვა მაშინდელი მსოფლიოს ხედვიდან გამომდინარეობდა და ხალხი ჩემს სამოსს ძალიან დიდი აღფრთოვანებით შეხვდა. დღეს სახლში მაქვს ნახატები, რომლებიც ჩემი გულშემატკივრების მიერ არის შესრულებული, ზუსტად ჩემს სამოსზე ხაზგასმით.
– მათთვის ინსპირაციის წყარო გახდით?
– კი, მხატავდნენ, მძერწავდნენ, პატარა ბავშვებიც კი. სახლში კერამიკით გაკეთებული აჩიკოც კი მაქვს ზუსტად გამორჩეული კოსტიუმით, ექვსი წლის ბავშვმა მაჩუქა. კიდევ ერთმა ბავშვმა შექმნა ჩემი სახასიათო კოსტიუმით ინსპირირებული კერამიკის ნამუშევარი. წარმოგიდგენიათ, როგორი შთაბეჭდილება უნდა მომეხდინა 6-7 წლის ბავშვზე, რომ ეს გაეკეთებინა? ეს საკმაოდ ხშირად ხდებოდა. ჩემს სახლში არაერთ ასეთ ნამუშევარს ნახავთ. ყველაფერი ერთად მოხდა, სტილისა და სიმღერის პოპულარიზაციაც. უცებ ფანები გამიჩნდა, ჩემს სადარბაზოში ეძინათ, ლექსებს მიწერდნენ. ჩემი ავტოფარეხის კედლები სასიყვარულო ლექსებით იყო დაფარული, სხვადასხვა ფერის ცარცით წერდნენ. კართან ხან ვარდები მხვდებოდა, ხან სასიყვარულო ლექსებით სავსე წიგნაკები. უზარმაზარი გულის ფორმის ბალიშიც მაქვს შენახული, რომელზეც ხელით არის ლექსები ამოქარგული. ერთ გოგონას 2 065-ჯერ უწერია დღიურში სიტყვა „მიყვარხარ“, მხოლოდ ერთი სიტყვა. ეს ყველაფერი შენახული მაქვს.
– ამისთვის ნამდვილად ღირს ცხოვრება, მიუხედავად იმისა, რომ ალბათ, სირთულეც ბევრი იყო.
– კი, ისეთი დიდი ბედნიერება განვიცადე წლების განმავლობაში, რომ ყველაფრად ღირდა. ეს განცდა მთელი ცხოვრებაა მაქვს და სიცოცხლის ბოლომდე გამყვება. ეს არ აქვს არც ყველას და არც ბევრს, ძალიან დიდი გამონაკლისია. მე ჩემ ირგვლივ ასეთს არ ვიცნობ. ბოდიშს ვიხდი, შესაძლოა, ხმამაღლა გამომდის, მაგრამ არ ვიცნობ არავის, ვისაც მის მიმართ სიყვარულის დამადასტურებელი ამხელა მასალა აქვს შემონახული. ეს მარტო სიტყვები არ არის. მე მინახავს წლინახევრის ბავშვი, რომელსაც ჩემკენ გამოუშვერია თითი და უთქვამს, დედიკო, ნახე, აჩიკოო და იმ პატარა ბავშვს ყბა აუცახცახდა. ეს ჩემთვის შოკი იყო. ვერც წარმოვიდგენდი, თუ ამხელა ბავშვს მუსიკისა და მისი შემსრულებლის აღქმა შეეძლო. ძალიან ასაკოვანი ადამიანები კი ხელზე მკოცნიდნენ. ეს ძალიან უხერხული შეგრძნებაა – არ იცი, რა გააკეთო, ხელსაც ვერ გამოსტაცებ. მადლობა, რომ ასე მღერიო, უთქვამთ და დღესაც გრძელდება ეს სიყვარული.
– ეს ძალიან ბევრი წლის წინ დაიწყეთ, მერე იყო წყვეტა, როცა საქართველოში არ იყავით, მაგრამ წლების შემდეგ დაბრუნდით და ისევ ძველი ტემპით განაგრძეთ, თითქოს არც წასულხართ...
– ყველაფერი 22 წლის წინ დაიწყო, შვიდი წელი ვცხოვრობდი მოსკოვში. სიმართლე გითხრათ, მეგონა, დამივიწყებდნენ, მაგრამ – არა. რამდენიმე დღის წინ ბათუმში კონცერტი მქონდა და ოთხი ათასი კაცი ჩემთან ერთად მღეროდა, ზეპირად იცოდნენ ყველა სიმღერის ტექსტი. იქ ბევრი 15-17 წლის იყო. მაშინ ისინი დაბადებულებიც კი არ იყვნენ. შემიძლია, ჩემი თავი ძალიან ბედნიერ ადამიანთა რიცხვს მივაკუთვნო. ჩემი შემოქმედება 22 წელია, ცოცხალია.
– რისი დამსახურებაა ეს ყველაფერი?
– მაგალითად, უიტნი ჰიუსტონის სიმღერებს 25 წელია, ვისმენ, მას ვადა არ აქვს, უკვდავია. ჯორჯ ბენსონს – 40 წელია. ჩემი ახალი საკონცერტო პროგრამა, რომელიც პანდემიის გამო ვერაფრით გავმართე, მსოფლიო ჰიტებისგან შედგება. მე, ნინო ძოწენიძე, ბაკო ალანია და მაგდა ვასაძე შევიკრიბეთ, გვყავს რეპერიც – გიორგი იზორია და ერთად ძალიან მაგარი პროგრამა გავაკეთეთ. ზუსტად ასეთ, უკვდავ ჰიტებს ვასრულებთ. პროგრამაში ასევე ჩავრთეთ ჩემი სიმღერების ნახევარსაათიანი ბლოკი – ის, რაც მუდმივია, არასდროს ავიწყდებათ და ჩემი სიმღერებიც ასეთი გამოდის, რადგან 22 წელი ცოტა არ არის, ამას თვითონ წლები აჩვენებს.
– ბედნიერ ვარსკვლავზე ხართ დაბადებული.
– ნამდვილად გეთანხმებით და სიცოცხლის საოცრად მადლიერი ვარ. მე ჯანდაცვის სამინისტროს აპარატის ხელმძღვანელი ვიყავი და წამოვედი, რადგან იმდენად დაბალანაზღაურებადი სამსახური იყო, რომ იმით ცხოვრება შეუძლებელი იყო. არადა, მთელი ჩემი დრო მიჰქონდა. დავიწყე ბიზნესი და ერთი წელი რომ გავიდა, ვიფიქრე, მოდი, ქართულ სიმღერას ჩავწერ-მეთქი. მანამდე მხოლოდ ჯაზს ვმღეროდი, ოღონდ ჩემთვის. რუსა ბახტაძემ რუსა მორჩილაძესთან წამიყვანა, ფანტასტიკურ ტექსტებს წერსო. ვიფიქრე, რომ ჩემს ჭიას გავიხარებდი. 1999 წლის 31 მაისი იყო, როცა პირველი სიმღერა ჩავწერე. ორ თვეში თბილისში, ჩემს ოთახში რომ ვწვებოდი, ღამის სამ და ოთხ საათზე, ჩაივლიდა მანქანა ფანჯარასთან და იქიდან ჩემი სიმღერა მესმოდა, ამოივლიდა – ისევ ჩემი სიმღერა. ეზოში, იმ ბინიდან, ამ ბინიდან, ყველა სახლიდან ჩემი სიმღერა ისმოდა. არავინ იცოდა, ვინ იყო მომღერალი – ვიღაც აჩი მეფარიძე. ყველაფერი ძალიან სპონტანურად მოხდა. სექტემბერში უკვე ძალიან პოპულარული ვიყავი. თუმცა, წინასწარ გათვლილი არაფერი მქონია. კარს გავაღებდი და ვხედავდი, რომ გარეთ ვიღაცებს ეძინათ. რომ გავიდოდი, მეუბნებოდნენ: ვაიმე, აჩი, ფოტო გადავიღოთო, მთელი ღამე იქ იყვნენ.
– თავიდან ცოტა არ დაფრთხით?
– ჩემთვის ეს შოკი იყო. არ ვიცოდი, ვისთვის მეკითხა, რა მექნა ამ დროს? მერე, ამან რომ მასობრივი ხასიათი მიიღო, გარემოებებმა მაიძულა, დაცვა ამეყვანა, აუცილებელი იყო. ცუდს კი არაფერს აკეთებდნენ, მაგრამ როცა ბევრი ადამიანი ცდილობს, ხელი წაგავლოს, შეიძლება, რაღაც ისე არ გამოვიდეს, როგორც თვითონაც უნდა და ზედმეტი მოუვიდეს, ამიტომ ორი მანქანით დავდიოდი. ერთი მანქანა დაცვით იყო სავსე – მასში ოთხი კაცი იჯდა, ჩემთან კი – დაცვის ორი წევრი, სულ ექვსი ადამიანი მიცავდა. ეს წლების განმავლობაში გრძელდებოდა. წავიდა კონცერტების ჩაწერა, ორმოცი ათასი კასეტა, სიდი, აზერბაიჯანიდან თურქი პროდიუსერი გამოჩნდა და აზერბაიჯანში მიმიწვია კონცერტებზე.
– და ფილმის სცენარივით განვითარდა მოვლენები...
– კი და არ ვიცი, ალბათ, ზემოდან იყო განსაზღვრული, რომ ასე უნდა მომხდარიყო. ამხელა ბედნიერება და სიხარული, ვარსკვლავობა, ყველაფერი ერთად დამეცა თავზე. მეგობარი გახდა ჩემი პროდიუსერი – ტელევიზიით ვხედავდით, რომ სხვა ქვეყნის ვარსკვლავებს პროდიუსერები ჰყავდათ და ნელ-ნელა ჩვენც ვსწავლობდით. ყველაფერი გამოვიდა. ჩემამდე „სახე“ იყო. ვგიჟდებოდი ამ ბიჭებზე, ტანსაცმლის მაღაზია გავხსენი და მოდიოდნენ, იქ იცვამდნენ, პარალელურად, წამლების საბითუმო მქონდა. ჰოლანდიიდან „ბეემვე“ ჩამოვიყვანე – ყველაფერი ერთად მოხდა. თბილისში მეშვიდე სერიის „ბეემვე“ ორი დადიოდა, ერთი ჩემი იყო – ბადრიჯნისფერი, შიგნით ტყავის სალონით, ნამდვილი საოცრება.. ძალიან კარგი პერიოდი იყო. მახსოვს „სახეს“ ახალგაზრდა მსმენელი ჰყავდა. ისინი მათ ყველა კონცერტს ესწრებოდნენ. ჩემი მსმენელის ასაკი კი წლინახევრიდან ღრმად მოხუცებულებამდე მერყეობდა – ძალიან დიდი დიაპაზონი იყო, ფაქტობრივად, მთელი მოსახლეობა. ეს იყო ჩემი უპირატესობა. ვწერდი სიმღერებს, რომლებიც მე მომწონდა და გამოდიოდა, რომ მთელი ქვეყნისთვის მისაღები და მოსაწონი ხდებოდა. მარტო აქ კი არა, აზერბაიჯანში ჩემი სიმღერა „მითხარი“ დღემდე კარაოკეშია და იქაც ისეთი მნიშვნელოვანი კვალი დატოვა, გამორიცხულია, არ იმღერონ. აზერბაიჯანში პირველი კონცერტი რომ მქონდა, ეს იყო 2000 წელს, 12 ათასი სიდი გაიყიდა. ჩვენთან მაქსიმუმი 500 იყო, იმასაც უფრო საჩუქრად გავცემდით, მაშინ აუდიოკასეტები იყო და სიდს ხუთასს, კასეტას კი 40 ათას ვბეჭდავდით.
– სამომავლო გეგმებად რა გაქვთ?
– ეს კომერციული პროექტია, ვისაც რიტმული და „მოძრავი“ სიმღერა სჭირდება, აუცილებლად მოუნდება ჩვენი მიწვევა. სცენაზე ნამდვილი შოუ გვექნება. როგორც კი კოვიდი უკან დაიხევს, მაშინვე დავიწყებთ. თუმცა, მანამდეც არ მოვდუნდები და წინ კიდევ კარგი ამბები გველოდება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან