აჩიკო ბერიძე: ვგრძნობდი, რომ რაღაც ისეთი უნდა მომხდარიყო ჩემს ცხოვრებაში, რითიც ყველა გამიცნობდა
ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 22.04

აჩიკო ბერიძის "უცნობი მხარე"👇
– ვინ არის აჩიკო ბერიძე?
აჩიკო ბერიძე: ბათუმში დაბადებული და გაზრდილი ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს თავისი საქმე, რომელიც მადლიერია იმ ადამიანების, ვინც მთელი ცხოვრება გვერდში უდგას. ის, რომ მე დღეს აქამდე მოვედი, ეს უამრავი ადამიანის დამსახურებაა. მადლიერი ვარ ღმერთის, რომ ასეთი ოჯახი და მეგობრები მყავს, მაქვს საქმე, რომელსაც ერთგულად ვემსახურები.
– როგორია თქვენთვის საოცნებო ცხოვრება?
– ჩემი საოცნებო ცხოვრებით ვცხოვრობ. მყავს დიდი ოჯახი, მყავს შვილები, შეყვარებული, ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც ძალიან მიყვარს, სიმღერა ჩემს „ალილოელებთან“ ერთად და იცით, რომ სოლო კარიერაც მაქვს. ამასთანავე, ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო, რომელსაც პოლიტიკა ჰქვია, რისთვისაც მადლობას ვუხდი ჩემს გუნდს. ეს არის შესაძლებლობა, რომ მოცემული დრო მაქსიმალურად გამოვიყენო ადამიანების გვერდში დგომისთვის. ყოველთვის ასე ვხედავდი ჩემს თავს და უფლის წყალობით, ყველაფერი ასე მოხდა.
– გიკეთებიათ საქმე, რომელიც ძალიან არ გიყვარდათ, მაგრამ საჭირო იყო?
– რამდენიც გინდათ. ამის გამოა, რომ დღეს სწორედ იმ საქმეს ვაკეთებ, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს. და ამიტომ მისი მადლიერი ვარ. საერთოდ, საქმე რომელსაც ემსახურები, გადამწყვეტად მნიშვნელოვანია ადამიანის განვითარებისთვის. თუ გინდა, ამ სამყაროს დაეწიო, ბევრი უნდა აკეთო, რადგან საქმის კეთების პროცესში ვითარდები, წინ მიდიხარ, ბევრს იგებ, ადამიანებთან ურთიერთობას სწავლობ. ბევრ ისეთ სამსახურში ვყოფილვარ და ისეთი საქმეც მიკეთებია, შეიძლება, სულ არ მსიამოვნებდა, მაგრამ ასეთია ცხოვრება, ყოველთვის იქ არ ხარ და იმას არ აკეთებ, რაც ძალიან გიყვარს. თუმცა, ეს ის გზა არის, რომელიც აუცილებლად უნდა გაიარო, რომ სასურველ ადგილამდე მიხვიდე და მისი დაფასებაც შეძლო.
– რამდენად გულჩვილი და ემოციური ადამიანი ხართ?
– როგორც ყველა ადამიანს, მაქვს გულჩვილობის მომენტები. ემოციური ხომ ვარ და ვარ. ზოდიაქოთი ლომი ვარ და ყველაფერი გულთან ახლოს მიმაქვს. ბოლო დროს ვხვდები, რომ ემოციურობა ცოტა დასაბალანსებელი მაქვს. უფრო ემოციური ვიყავი და წლებთან ერთად, გამოცდილებამ ცოტა დამაბალანსებინა, მაგრამ კიდევ უფრო მეტი წონასწორობაა საჭირო. როგორიც ხარ, ხარ, ამას ვერაფერს მოუხერხებ, მაგრამ მთავარია, საკუთარი ემოციების კონტროლი შეგეძლოს.
– გიოცნებიათ, რომ მსოფლიო მასშტაბით ძალიან ცნობილი და წარმატებული ადამიანი ყოფილიყავით?
– ბავშვობაში მიოცნებია. არ გამიგოთ, რომ ჩემს შესაძლებლობებს ცუდად ვაფასებ, მსოფლიოს მასშტაბით არა, მაგრამ ბავშვობიდანვე დარწმუნებით ვიცოდი, რომ საქართველოს მასშტაბით ცნობილი ვიქნებოდი. მჯეროდა, რომ მთელი ქვეყანა გამიცნობდა. ჩემი ოჯახის წევრები რომ ჩემით იამაყებდნენ, ამის ყოველთვის მწამდა. ჩემთვის ჩემი ქვეყანაა მთელი მსოფლიო და მინდოდა, მას სცოდნოდა ჩემ შესახებ. მაშინ არ მიფიქრია, როგორ მოხდებოდა ეს, მუსიკა მერე მოვიდა, მაგრამ, ზოგადად, ვგრძნობდი, რომ რაღაც ისეთი უნდა მომხდარიყო ჩემს ცხოვრებაში, რითაც ჩემი თავი ყველას უნდა გაეცნო. ვგიჟდებოდი ბაბუაჩემზე და დღემდე ვგიჟდები, მასაც და ბებიასაც დიდი წვლილი აქვს ჩემს აღზრდაში. ბაბუა მაშინ თანამდებობაზე იყო, ბათუმში ყველა იცნობს, სადაც არ უნდა წავსულიყავით, ყველა ცნობდა და ალბათ, ეს იყო ჩემი ინსპირაცია. რომ იტყოდნენ, გიორგის შვილიშვილიაო, ეს იმდენად ძვირფასი იყო ჩემთვის, თავიდანვე მქონდა თავში და გულში ეს აზრი, რომ მეც ყველას უნდა ვეცნე.
– წარსულს რომ გადავხედოთ, რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე მცდარ ნაბიჯად, რასაც შეიძლება, დღეს სინანული უკავშირდებოდეს?
– ბევრი რამ მინანია, თუმცა, შეცდომები და ფსკერზე ჩასვლა გზრდის ადამიანს. მე დღეს „ვყვარობ“ ჩემს მაშინდელ შეცდომებს და ფსკერამდე ჩასვლას. რომ არა ეს გამოცდილებები, დღეს ვერ ვიქნებოდი ისეთი, როგორიც ვარ. არ ვამბობ, რომ ჩემს ცხოვრებაში ახლა ყველაფერი იდეალურად არის, მაგრამ დღეს რომ აჩიკო ბერიძე ვარ, ჩემი შეცდომებისა და იმ ფსკერის დამსახურებაა. ამიტომ, აღარ ვნანობ ამ ყველაფერს, პირიქით, თავაწეული ვიხსენებ და შემიძლია, ჩემს შეცდომებს თვალი გავუსწორო.
– როგორი დამოკიდებულება გაქვთ ტყუილთან და ცხოვრებამ მატყუარა ადამიანების ამოცნობა თუ გასწავლათ?
– მე თვითონ არ ვარ მატყუარა. ერთი ორჯერ კეთილი ტყუილის თქმა ვცადე და ესეც არ გამომივიდა, ვერ მოვახერხე. ერთხელ მამაჩემი ესწრებოდა ამ სიტუაციას, უკვე დიდი ბიჭი ვიყავი და საცოდავი თვალებით რომ ვიყურებოდი, ისე შევეცოდე, მითხრა, არ გამოგდის, შვილო, ტყუილი, რანაირი ხარო (იცინის). შესაბამისად, ჩემი მოტყუება, რაღაც ამბავთან დაკავშირებით, შეიძლება, ძალიან მარტივი იყოს, მაგრამ შეგრძნების დონეზე ვცნობ მატყუარა ადამიანებს. კარგად ვგრძნობ, ვის უნდა ვენდო და ვის – არა. შეიძლება, ერთჯერადად მოვტყუვდე, მაგრამ სიცრუეში ვერ მაცხოვრებ (იცინის). ენერგეტიკულად ვგრძნობ მატყუარა ადამიანს, ეს გამოცდილებამ მოიტანა.
– სახალისო ამბავი თუ გადაგხდენიათ თავს პაემანზე?
– პაემანზე არა, მაგრამ სერენადის სამღერლად წავედი. გულს ვანთებდი. მეგობრებთან ერთად ვიყავი. გული რომ მოვხაზეთ საწვავით, თურმე სითხე ფეხზეც მიმესხა. ავანთეთ ცეცხლი, აინთო გული და უცებ, ფეხზე წამეკიდა ცეცხლი. მეორე ხარისხის დამწვრობა მივიღე. რა დროს სერენადა იყო, რესპუბლიკურში გადამიყვანეს და ვიწექი დამწვარი ფეხით. პირდაპირი გაგებით – სიყვარულით დავიფერფლე (იცინის).
– მოჰყვა ისეთი გაგრძელება, რომ ღირდა?
– არა (იცინის). არაფერი არ ღირდა, არ იყო საჭირო და სამყარომ მანიშნა, მოშორდი აქაურობასო (იცინის).
– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?
– ჩემი მთავარი გამარჯვება არის ჩემი დიდი ოჯახი, შვილები, ადამიანები, რომლებიც ამ ასაკამდე მომყვნენ და ჩემთან ერთად არიან. გამარჯვება ადამიანებს და ურთიერთობებს უკავშირდება. ორ წელიწადში 40 წლის გავხდები. ასეთ ასაკს რომ უახლოვდები, უკვე რაღაცაში უნდა იყო გამარჯვებული და მიხარია, რომ გამარჯვებაზე ჩემი საყვარელი ადამიანები მახსენდებიან. ასევე, საქმე, რომელშიც სიყვარულს უპირობოდ გავცემ.
მარცხს რაც შეეხება, დამარცხებულის პოზიციიდან არასდროს ვუყურებ სიტუაციას. არ ვფიქრობ, რომ რამეში დავმარცხდი, ყველაფერი რაც ხდება, სწავლისთვისაა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან