შოუბიზნესი

აჩი ფურცელაძე: უნდა შეგეძლოს ქმრის ან ცოლის სტატუსიდან გამოსვლა და მეგობრის სტატუსის მორგება

№4

ავტორი: ქეთი კაპანაძე 16:00 02.02, 2022 წელი

აჩი ფურცელაძე
დაკოპირებულია

2021 წელი აჩი ფურცელაძისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა, როგორც საქმიანი, ისე ოჯახური ცხოვრების ჭრილში.

აჩი ფურცელაძე: ძალიან მწყდება გული იმაზე, რასაც გარშემო ვხედავ. ჩემი სფერო ავიღოთ, ეს არის საქმე, რომლითაც მე ფულს ვაკეთებ, სცენაზე დადგომიდან 30 წელი მისრულდება და ჩემი წარსული ძალიან მიყვარს. ოთხი წლის წინ, რუსეთიდან რომ ჩემს ქალაქში დავბრუნდი, მინდოდა, იქ მიღებული გამოცდილება აქ გამომეყენებინა. უფრო მეტი ჩამოვედი, ვიდრე 2006 წელს აქედან წავედი, მაგრამ ოთხი წელი გავიდა და ჩემი გამოცდილება ვერაფერში გამოვიყენე.

– ბინის გაყიდვაც ამიტომ გადაწყვიტეთ?

– ბინას ვყიდი იმიტომ, რომ ცხოვრებაში პირველად მომიწია ბანკთან ურთიერთობა ზუსტად ამ სახლის შესაძენად. ხუთწლიანი იპოთეკა, ჩემი საქმიანობის დამუხრუჭების გამო, ოცწლიანად იქცა და ეს ძალიან დიდი გარღვევაა. პანდემიამ ყველაზე უარყოფითად იმოქმედა, მაგრამ მიზეზი მარტო ეს არ არის, გამოვიდა, რომ მე აქ არავის დავჭირდი. არადა, არავისთვის მითხოვია შეუძლებელი, ვისაც ვთხოვე, დამხმარებოდა მუშაობის დაწყებაში ტელევიზიასა თუ რადიოში, იმისთვის, რომ სტაბილური შემოსავალი მქონოდა და პარალელურად სიმღერა და კორპორატიულების წაყვანა გამეგრძელებინა, შეეძლო ამის გაკეთება, მაგრამ შედეგად, არაფერი. ვერცერთმა ტელევიზიამ ვერ მონახა შესაბამისი რესურსი. პრაქტიკა არ მაკლია, ეს ყველამ იცის, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში, ის ეტაპია, როცა ყველა, როგორიც არ უნდა იყოს, ყვირის, რომ მაგარია და მე, ეტყობა, დამავიწყდა იმის თქმა, რამდენი რამ მაქვს გაკეთებული წლების განმავლობაში. მივიღე გადაწყვეტილება, ეს სახლი გავყიდო, საბანკო ისტორია დავხურო და ისევ მოსკოვში გადავიდე. იქ მელოდება ხალხი, რომელიც აფასებს ჩემს, ეგრეთ წოდებულ, შემოქმედებას და იციან, ჩემი სახით ვისთან აქვთ საქმე. ფულსაც იხდიან და ძალიან კმაყოფილებიც არიან. ყველაფერი ის, რაც აქ მინდოდა, იქ მაქვს. ქართულ მედიასივრცეში, ისეთი მენეჯერები მოვიდნენ, სამწუხაროდ, რომ ვიცნობ. მეგონა, რომ მეგობრები, რომლებთანაც ნაცნობობა მაკავშირებს, ხელს შემიწყობდნენ, არა იმიტომ, რომ ნაცნობები არიან, იმიტომ, რომ იციან ჩემი შესაძლებლობების შესახებ, იციან რა მიკეთებია და რა შემიძლია. „სივიც“ მაქვს და რაც საჭიროა, ყველაფერი, მაგრამ რას ვიზამთ. აღარ მინდა ამ ქვეყანაში, 42 წლის ვარ და ჩემში უამრავი ენერგიაა. აქ არ მაძლევენ მუშაობის საშუალებას. ამიტომ კარგად ბრძადებოდეთ, იდუღეთ იმ წყალში, რომელშიც დაგტოვეთ 2006 წელს. სრული დეგრადაციაა, ტელევიზიამ, რადიომ ხალხს „აიქიუ“ უნდა გაუზარდოს, არადა 15 კაცს მაინც ჩამოვთვლი, რომელიც არ ვიცი, რატომ ჰყავთ ეთერში. ამიტომ ვყიდი სახლს და მივდივარ.

– გაყიდვის პრობლემა არ არის? დღეს, ხომ, ყველა კრიზისზე წუხს...

– ვისაც არ ჰქონდა, არც ახლა აქვს, ვისაც ჰქონდა, იმას დღესაც აქვს და უფრო მეტს აქვს დღეს, ვიდრე წინა წლებში. სახლები აშენებული არ არის, ხალხი ჰაერს ყიდულობს, შენ ოღონდ ააშენე. მანქანები იყიდება, ყველაფერი იყიდება. ფული არის ამ ქვეყანაში, მაგრამ ვინც შიმშილობდა, დღესაც შიმშილობს. ვინც ჭკუა იხმარა და ბიზნესი წამოიწყო, ფული იშოვა და ძალიან კარგი. რაც მეტი იქნება ასეთი, თუკი სხვებს არ ვნებენ, ღმერთმა ხელი მოუმართოთ. ჩვენ გვიყვარს სმა-ჭამა, „მარიაჟი“, „პონტი“. ცოტა „ტრიპაჩა“ ტიპები ვართ. მახსოვს, ჩემს ბავშვობაში ვიღაცებს მაგარი მანქანა ჰყავდათ, მაგრამ ბენზინის ფული არ ჰქონდათ. სხვები იძახიან, აუ, რა იშოვა ამდენიო და გაბოროტებული არიან ამის გამო. ეს ყველაფერი არ მინდა. იქ სადაც მივდივარ, ოცმილიონიან ქალაქში სხვას მაგრად ჰკიდიხარ, ვინც არ უნდა იყო. ყველა თავის ცხოვრებითა და სწრაფი ტემპით ცხოვრობს. რომ ჩამოვედი, ისე შევნელდი, წელიწად-ნახევარი დამჭირდა შესაგუებლად. მე 13 წლიდან ვმუშაობ. ამ ორმა წელმა ყველას დაარტყა, მაგრამ როცა ხედავ, რომ რაღაცები დაიძრა და მათ შორის ჩემს სფეროშიც, მე კი ისევ ისე, ხელ-ფეხი მაქვს შეკრული, ასე არ შემიძლია. ვერავინ დაინახა, რომ თურმე, აჩის რამის გაკეთება შეუძლია. ან მე მაქვს ჩემს თავზე ძალიან მაგარი წარმოდგენა, ან არ ვიცი... მაგრამ მარტო მე ხომ არ ვფიქრობ ჩემზე ასე, ვისაც არ უნდა ჰკითხო, გეტყვის „აუ, აჩი რომ ეთერში იჯდეს, რა გვიჭის“. არც საუბარი მიჭირს, ენერგიაც არ მაკლია, 80 000-კაციანი კონცერტი კიდევ ვის აქვს წაყვანილი?! სტადიონები მაქვს გავსებული და ყველამ გადასარევად იცის, რომ არც კონცერტის წაყვანა მიჭირს და არც გადაცემის.

– ფიქრობ, რომ მიზეზი რუსეთში გატარებული წლებია?

– თავიდან მითხრეს ერთი-ორი წელი, სანამ რუსეთის სუნი აგდის, არავინ მიგიღებსო. გამეცინა, მაგრამ კი ბატონო. ოთხი წელი გავიდა და დღეს რაღაშია პრობლემა? კი, ეგ მომენტია. დღეს თუ ოკუპანტს არ ყვირი, ვერ ხარ პოპულარული. ამ სიტყვაზე გადის პოპულარობის გზა. ისედაც ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ რუსეთი ოკუპანტია, ამის მუდმივად ძახება რას ცვლის? რაღა დროს ომია, დიპლომატიაა საჭირო და მოდი, იმ ხალხმა აკეთოს ეს საქმე, ვინც იცის. არ მესმის, ტელევიზიაში რომ გაკივიან იმ ხალხის. თუ არ თქვი, რომ რუსეთი ოკუპანტია, ყურადღებას არავინ გაქცევს. პოპულისტური გახდა ეს ფრაზა და ძალიან მწყდება გული. მე რუსეთი ორ ნაწილად მაქვს გაყოფილი. არ მომწონს მისი პოლიტიკა, მაგრამ ამის გამო მთელ რუსეთს არ ვაგინებ. ძალიან კარგი მეგობრები მყავს იქ, მათ არ ვაგინებ და არც ამოწყვეტას ვუსურვებ.

– ეს წელი ოჯახური ურთიერთობისთვისაც არ იყო სახარბიელო – ქორწინება დასრულდა.

– კი. 2021 წლის სექტემბერში გადავწყვიტეთ, საკოცნელი პირი საფურთხებლად არ გაგვეხადა. არ გამოგვივიდა, რთული პერიოდიც დაემთხვა, ცოტა ხასიათის ამბავიცაა. სულ კარგად რომ არის ყველაფერი, მაშინაც ხდება ასე, მაგრამ როცა რთული მომენტია, მერე უფრო ჭირს რაღაცების გადალახვა. პირველი ორი წელი მარტივად მიდის, მესამე წლიდან იწყება დაღვინება, ერთმანეთისთვისა და ურთიერთობებისთვის „კუთხეების“ მომრგვალება. ამ პროცესში მივხვდით, რომ აქამდე განვლილ წლებს ვერაფერს ვუზამთ, თან, პატარა არცერთი არ ვართ. ჩვენი ფორმულების შეზავება ოჯახის შესახებ გაჭირდა და როცა მივხვდით, რომ არ გამოგვდიოდა, დავიშალეთ. ცუდ რამეს ვამბობ, მაგრამ თუ ოჯახი მაინც უნდა დაიშალოს, ღმერთმა ქნას, ისე დაიშალოს, როგორც ჩვენი – ყოველგვარი სკანდალის გარეშე. გვეტკინა და გასაგებია, რომ საწყენი იყო იმის დაშლა, რისი აშენებაც გვინდოდა, გარშემო მყოფებსაც გული დასწყდათ, მაგრამ როცა დაინახეს, რომ ასე ორივე კარგად ვართ, გამოდის, რომ ასეც უნდა ყოფილიყო, ორივესთვის ასე ჯობდა. ვერ შევუწყვეთ ერთმანეთს ხმები და მივხვდით, რომ ამ სიმღერის გაგრძელება შეიძლებოდა, კარგი არ ყოფილიყო. დრო რომ გავიდა, არცერთს არ გვქონია კიდევ ცდის სურვილი, არ გვინანია ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯი დაშორების შესახებ.

– არ ხარ მეოჯახე ადამიანი თუ რატომ მოხდა ეს კიდევ ერთხელ?

– ოფიციალურად ორჯერ ვიყავი დაქორწინებული. სამჯერ ვიყავი დაქორწინებული ერთსა და იმავე ადამიანზე და ბევრს ჰგონია, რომ ოთხი ცოლი მყავდა. არადა, მხოლოდ ორ ქალთან მაკავშირებდა ქორწინება. პირველ ჯერზე, ორი ცეცხლი, დიდი სიყვარული, ქორწინება, განშორება, ისევ იგივე, რაღაც პერიოდი კარგად ვიყავით, მერე გულის გატეხა, მერე ისევ გამთელება. არ გამოვიდა საბოლოოდ, დღეს ისიც კარგად არის, ჯანმრთელი და ბედნიერია თავის ოჯახთან. არ ვთვლი, რომ არ ვარ ოჯახისთვის შექმნილი კაცი. მე მიყვარს ოჯახი, შვილი, ცოლი. დედის სტატუსი ჩემთვის მამის სტატუსზე მაღალია, მაგრამ მე ვხვდები, რომ მამობა ძალიან ბევრს ნიშნავს და როცა ძმაკაცები, რომლებსაც უკვე შვილები ჰყავთ, ამაზე მესაუბრებიან, ვხვდები, რომ ამისთვის ცოცხლობს ადამიანი. რაღაც უნდა დატოვო შენ შემდეგ, ცოცხალი არსება, შენი გაგრძელება, სისხლი და ხორცი. მე ეს მინდა და მჯერა, რომ მეყოლება ოჯახი და ბედნიერი ვიქნები. ძალიან მიყვარს ბავშვები და ყველამ იცის, როგორი მამა ვიქნები. სულ მინდოდა, ახალგაზრდა მამა ვყოფილიყავი, მაგრამ ვერ გამომივიდა ეს ამბავი. მე სულ ვამბობ, რომ ჩემი მეორე ნახევარი პირველ რიგში ჩემი მეგობარი უნდა იყოს. უნდა შეგეძლოს ქმრის ან ცოლის სტატუსიდან გამოსვლა და მეგობრის სტატუსის მორგება. ადამიანს თავისუფლება უნდა მისცე. უნდა გაუშვა, მაგრამ აგრძნობინო, რომ შენ მუდამ მის გვერდით ხარ. როცა ადამიანი ხვდება, რომ ყველაფერს აკეთებ და შენ სულ გვერდით ჰყავხარ, მერე განსაკუთრებით გიფრთხილდება, ცდილობს, არ დაგკარგოს. ყველა წავა, წამოვა და „ქვიშანი დარჩებიანო“. ამ ქვიშის როლს რომ შენ ასრულებ, ძალიან მაგარია და მეორე ნახევარი ამას აუცილებლად დაგიფასებს და არასდროს გიღალატებს. აქ მარტო ფიზიკურ კი არა, მორალურ ღალატზეა ლაპარაკი. ფიზიკურ ღალატზე რომ ლაპარაკობენ, მეცინება. ეს ჩემთვის ძალიან დაბალი დონეა. ადამიანი რომ გაიფიქრებს, ეგ არის უკვე ცოდვა. დღეს თუ შეიკავებ თავს, ზეგ გააკეთებ და მერე გახდები ცოდვილი? არა, როცა გაიფიქრე, მაშინ შესცოდე და ყველაფერი იქიდან იწყება. გასაგებია, რომ ახლა ცოტა გააქტიურდა ფემინისტური ამბები და რაღაც მომენტში ქალს თავის ფასი ცოტა დაეკარგა, საკუთარ თავს გადაახტა. კაცმა რომ დაკარგა თავის ფასი, ესეც გასაგებია. კაცს მეტი აქვს გასაკეთებელი, ვიდრე სალაპარაკო. თუმცა, ცხოვრების რიტმი ძალიან შეიცვალა, ყველას თავის სტანდარტი აქვს და თუ მასში თავს კარგად გრძნობენ, დაე, იცხოვრონ ამ სტანდარტებით. მეზობელს შეიძლება, შენი ოჯახური ფორმულა საერთოდ არ მოსწონდეს, მაგრამ შენ თუ შენს სტანდარტებში ხარ ბედნიერი და მეზობელი თავის ძველ და დამკვიდრებულ სტანდარტებში უბედურია, რა თქმა უნდა, შენი არჩევანი ჯობს. ცხოვრება ხანმოკლეა და სხვის დასანახავად ნურაფერს გავაკეთებთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა