შოუბიზნესი

როგორ გადაურჩა ნატო დუმბაძე თვითმფრინავში აფეთქებას და რატომ არ უყვარს მას ახალი წლის დღეები

№51

ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00 28.12, 2022 წელი

ნატო დუმბაძე
დაკოპირებულია

ნატო დუმბაძე არაერთ ქვეყანაში ყოფილა სამოგზაუროდ, თუმცა მისი ბავშვობის ოცნება - ბრაზილიის ნახვა, ჯერ ვერ აისრულა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ქვეყნის სილამაზითა და კულტურით მოიხიბლა, ამბობს, რომ თავისი ქვეყანა ყველას ურჩევნია. ასევე, მის ცხოვრებაში არაერთხელ ყოფილა საბედისწერო ფრენა, როცა სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. თუმცა, ეს შიშიც დაძლია. ამ ახალ წელს ნატო იტალიაში ხვდება, სადაც წმიდა ნიკოლოზის საფლავი მოილოცა და ზიარებასაც იქ აპირებს.

ნატო დუმბაძე: ერთი კვირაა, რაც იტალიაში ჩამოვედი. ახლა ქალაქ ბარიში ვარ და მადლობა უფალს, რომ კიდევ მომცა საშუალება, წმიდა ნიკოლოზის საფლავზე წირვა-ლოცვას დავსწრებოდი და მომელოცა. ასევე, დიდი მადლობა მამა მოსეს მასპინძლობისთვის. სხვათა შორის, სულ მეუბნებოდნენ: აქ რომ ადამიანი ჩამოვა და რამეს სთხოვს წმიდა ნიკოლოზს, ყველა სურვილს ასრულებსო. ამის მომსწრე თავად ვარ. ადრეც ვიყავი და იმის მერე, სულ უფრო მინდება აქ ჩამოსვლა და მოლოცვა. უკვე მესამედ ვარ წმიდა ნიკოლოზის საფლავზე.

- შობა-ახალ წელს იტალიაში შეხვდები, თუ მანამდე აპირებ დაბრუნებას?

- შობას და ახალ წელს იტალიაში შევხვდები. მეგობრებიც აპირებენ ჩამოსვლას, ასე მოვილაპარაკეთ: შობას ერთად ვეზიარებით, ახალ წელსაც აქ ერთად შევხვდებით და მერე დავბრუნდებით. ასე რომ, აქ ვიმარხულებ, ვეზიარები და მერე ჩამოვალ. ძალიან მიყვარს ახალი წლის შეხვედრა უცხოეთში. ზოგადად კი, ბავშვობიდან არ მიყვარს ახალი წელი, როცა დიდი ხნით გადაებმება ხოლმე სმა-ჭამა. უცხოეთში კი, 31-ში მოკრძალებულად ხვდებიან და 2 იანვარს რომ ქუჩაში გადიხარ, ჩვეულებრივი დღეა. ახალი წელი ჩემთვის ჩვეულებრივი დღეა, უბრალოდ, ციფრის მატება და წლის ცვალებადობაა. ადრე ვაქცევდი ყურადღებას, მეკვლედ ვინ შემოვიდოდა, რა ფეხით და ასე შემდეგ. რაც დედა გარდაიცვალა, ახლა სულერთია ვინ შემოვა მეკვლედ. მორწმუნე ადამიანს მეკვლის ფეხის კი არა, ღმერთის უნდა გჯეროდეს.

- ზოგადად, რამდენად გიყვარს მოგზაურობა და თუ არსებობს ქვეყანა, რომლის მონახულებაც გინდა?

- სულ ვმოგზაურობ და ხშირად უკითხავთ: რომელ ქვეყანაში იცხოვრებდიო. ალბათ, მონაკოში. მიფიქრია კიდეც სხვა ქვეყანაში ცხოვრებაზე, მაგრამ გამიჭირდება. რაც არ უნდა იყოს და სადაც არ უნდა ვიყო, ჩემი საქართველო მირჩევნია ყველაფერს. ევროპა კარგია, მაგრამ მხოლოდ სტუმრად რომ ჩამოხვალ. აი, მაგალითად: რამე საბუთი რომ დაგჭირდეს, თვე უნდა ელოდო; ელემენტარულად, ხელოსანი რომ გამოიძახო - ორი კვირა; ინტერნეტის დაყენებაა და ერთი თვის განმავლობაში თუ დაგიყენეს, ხომ მაგრად გაგიმართლა; ტელეფონის ბარათს რომ შეიძენ, 24 საათი ელოდები ჩართვას, თუ არ ჩაირთო, ოფისში უნდა მიხვიდე, ისე არავინ პასუხობს ტელეფონს; დღის საათებში კი ყველა ისვენებს, მინიმუმ ოთხი საათია ყველაფერი დაკეტილი. ევროპა ევროპაო და მგონი, ევროპას არ დაესიზმრება ჩვენი სერვისი. ჩვენთან ეს ყველაფერი აშკარად უმაღლეს დონეზეა. ევროპაშიც ბევრი უსახლკარო მინახავს, ნაგვით გადავსებული ურნები და დაუხვეტავი ქუჩები. ასე რომ, როგორიც არ უნდა იყოს, მე მაინც პატარა ოაზისი - საქართველო მირჩევნია ყველა ქვეყანას. რაც შეეხება, სადაც მინდა წასვლა - იმ ქვეყანაში, რომლის მონახულებაც ბავშვობის ოცნება იყო, ეს არის ბრაზილია და ალბათ, იქ ვერასდროს მოვხვდები.

- რატომ ვერ მოხვდები იქ და ვერ აიხდენ ბავშვობის ოცნებას?

- ფრენას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება, გადაჯდომები, 16-18 საათი ცაში გამოკიდებული უნდა იყო... მოკლედ, ძალიან შორია. არადა, იქ სულ ცხელა, მზე და ზღვაა, რომელიც მე სიგიჟემდე მიყვარს. სხვათა შორის, ჩემდა სამწუხაროდ, არც ისრაელში ვარ ნამყოფი. რამდენჯერაც მოვინდომე და დავგეგმე წასვლა, იმდენჯერ ხელი შემეშალა. თუმცა, მომავალში აუცილებლად წავალ, მომლოცველ ჯგუფთან ერთად.

- როდესაც მოგზაურობას გეგმავ, რამდენი ხანი გჭირდება მოსამზადებლად და ბარგის ჩასალაგებლად?

- ჩემოდანი სულ მზად მაქვს, მაგრამ რა წავიღო იმაზე ვფიქრობ ხოლმე დიდხანს (იცინის).

- ბარგი თუ დაგიკარგავს?

- არასოდეს, თუმცა, სულ მეუბნებიან, დააზღვიეო. რა მაქვს დასაზღვევი? დაიკარგება და დაიკარგოს (იცინის). ბარგი არა, მაგრამ მე დავიკარგე იტალიაში, პირველად რომ ჩამოვედი. აქ ბერი გზაჯვარედინია და ისე ავირიე, ვერაფრით მივხვდი უკან, სასტუმროში როგორ დავბრუნებულიყავი (იცინის). თან, ქუჩაშიც არავინ იყო, რომ მეკითხა. აქ, დღის პირველიდან 5 საათამდე სამარისებური სიჩუმეა, ყველა ისვენებს და სძინავს. მერე კი, ნელ-ნელა ავითვისე ქუჩები.

- თქვი, ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფიო. ფრენის დროს რაიმე ინციდენტი თუ გახსენდება თვითმფრინავში?

- არ დამავიწყდება მე, ეკა კახიანი და ნინი ბადურაშვილი მივფრინავდით კიევში და საშინელ ტურბულენტურ ზონაში მოვხვდით. საშინელი პანიკა ატყდა, ძალიან შემეშინდა, თუმცა მადლობა ღმერთს, გადავრჩით. ერთხელ მე, ჯაბა ქარსელაძე და ნინი ორდენიძე მოვფრინავდით საქართველოში და თვითმფრინავის ძრავაში შევარდა ფრინველი. აფეთქების საშიშროება იყო. ნახევარი საათი დავფრინავდით მცხეთის თავზე, ვერ დაჯდა მიწაზე თვითმფრინავი. ახალგაზრდა ბიჭი იჯდა, მეგრელი და ისე ნერვიულობდა, თითი გაიჭრა, რომ მასზე გადაეტანა ყურადღება. როგორც იქნა, დაჯდა და უნდა გენახათ, აეროპორტში ყველა ტიროდა, ტაშს გვიკრავდნენ, გვილოცავდნენ გადარჩენას და მშვიდობით დაჯდომას.

- ფრენის თუ გეშინია, მით უმეტეს, ამ ინციდენტების შემდეგ?

- ძალიან მეშინოდა ფრენის. ჩემზე ამბობდნენ: ნატო სანამ თვითმფრინავში ჩაჯდება, მანამდე მამაო შეჰყავს, აკურთხებინებს და მერე ჯდებაო (იცინის). თუმცა, ეს შიში დავძლიე. ჩემს თავს ვუთხარი: რაც იქნება, იქნება! არც დამამშვიდებელს ვსვამდი აფრენამდე და არც ალკოჰოლს. თუმცა, სულ თან მქონდა ლოცვების წიგნები და ვინც ჩემთან ერთად მოფრინავდა, ვაიძულებდი, მათაც წაეკითხათ (იცინის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა