რელიგია

უფლის გზაზე

№30

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 05.08, 2022 წელი

რელიგია
დაკოპირებულია

მრისხანება

* სამეფოზე გამარჯვება უფრო ადვილია, ვიდრე – საკუთარ მრისხანებაზე. გმირები, რომლებიც გამარჯვებულად აქცევდნენ მეფეებს, საკუთარი მრისხანების მონები ხდებოდნენ. ამიტომ წმიდა წერილი ხალხზე გამარჯვებულთან შედარებით საკუთარ მრისხანებაზე გამარჯვებულს ანიჭებს უპირატესობას. „სულგრძელი კაცი მამაცს სჯობს, საკუთარი თავის ხელმწიფე კი – ქალაქის ამღებს“, – ბრძანებს სოლომონი.

***

მოყვასის მიმართ მრისხანებით აღვსილი ყოველთვის უმეტესად საკუთარ თავს აზიანებს, ვიდრე მის მიმართ მიყენებულ წყენას ითმენს. ამიტომ ჭეშმარიტად გონიერი ადამიანები უმეტესწილად მოთმინებით იტანენ მათთვის მიყენებულ უსიამოვნებებს. ფიცხი კაცი სიბრიყვეს ჩადის, ავის მზრახველი კი საძულველია!

***

რასაც ქარიშხალი აკეთებს ჰაერში, იმავეს იქმს მრისხანება გონებაში. ქარიშხალი ჰაერს აღელვებს, მრისხანება კი – გონებას. ქარიშხალი ხშირად ამუქებს ჰაერს, მრისხანება კი, არცთუ იშვიათად, გონებას აბნელებს, ამისგან ყველაზე ნიჭიერი, გონიერი ადამიანები მრისხანების წუთებში ხშირად ცდებოდნენ და ისე მსჯელობდნენ, რომ შემდეგ რცხვენოდათ.

***

გაღიზიანება სულის თრობაა: იგი ისევ აკარგვინებს მას გონებას, როგორც ღვინო. წარმოიდგინე განრისხებული ადამიანი. იგი საკუთარი თავის პატრონი აღარაა: ვერ ცნობს საკუთარ თავს, გარშემო მყოფებს, ყველას თავს ესხმის, ამბობს ყველაფერს, რაც გონებაში აზრად მოუვა; იგი თავშეუკავებელია, ილანძღება, ამტვრევს, იმუქრება, იფიცება, ყვირის.

***

ვინც მრისხანებას მიეცემა, იგი საკუთარი თავისაგან ქმნის სხვებისათვის ფრიად არასასიამოვნო სანახაობას. შეხედეთ მრისხანე ადამიანს; მისი სისხლი დუღს, თვალები უელავს და ანათებს რაღაც დამანგრეველი ცეცხლით; ხმის ბგერები არაბუნებრივი აქვს, მეტყველება უწყდება, მთელი სახე თითქოს მობრეცილი აქვს. სწორად ბრძანა ბრძენმა: „მრისხანე კაცი უგუნურია!“

***

ნუ აღშფოთდები და ნუ განრისხდები შენს მოყვასზე, თუ მისგან შენზე რაიმე ყვედრებას გაიგებ. დაფიქრდი, სამართლიანი ხომ არ არის იგი? თუ უსამართლოა, მაშ, ისარს შენ მიღმა ჩაუქროლია; რატომ უნდა იყო ავად, თუ არ დაჭრილხარ? თუ ეს სამართლიანია, მაშინ ნუ იწუწუნებ მყვედრებელზე. როგორც მტერზე, რომელიც ჭრილობას გაყენებს. არამედ მადლიერი იყავი მისი, როგორც ექიმის, რომელიც გიხსნის ჭრილობას და მის მოშუშებას ცდილობს. ნუ გაღიზიანდები, და მისგან საქმით მოყენებული წყენა მიიღე. დაფიქრდი, რა უმჯობესია: სხვამ გაწყენინოს თუ შენ აწყენინო? უეჭველია, უმჯობესია, უდანაშაულო იყო, ვიდრე დამნაშავე! იფიქრე იმაზეც, რა სჯობს – გაღიზიანება თუ დათმენა? გაღიზიანებამ შეიძლება, უეცრად დამნაშავეც გაგხადოს და უწინდელზე მეტად უბედურიც; და პირიქით, მოთმინებითა და სიმშვიდის შენარჩუნებით შესაძლოა, მწუხარებებიც შემცირდეს.

***

როდესაც შეურაცხმყოფელ ანდა დამამცირებელ სიტყვას მოისმენ, ფრთხილად იყავი, რომ არ განრისხდე, რადგან „გულის წყრომამ კაცისამან სიმართლე ღმრთისაი არა ქმნის“. უმჯობესია, საკუთარ თავს უთხრა: აი, შემთხვევა, რომელმაც მოთმინება და თავმდაბლობა „უნდა მასწავლოს“ და მას, ვინც გაწყენინა და დაგამცირა ან მდუმარებით უპასუხე, ანდა, თუ აუცილებელია, მოკრძალებული მართალი სიტყვით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი