რელიგია

უფლის გზაზე

№23

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 17.06, 2022 წელი

რელიგია
დაკოპირებულია

მწუხარება

მიწაზე ყველაზე კეთილდღეობითი ცხოვრებაც აღსავსეა გაუთვალისწინებელი წყენით, დაუკმაყოფილებელი სურვილებით, მძიმე, არცთუ იშვიათად დამქანცველი შრომით. რისთვის არის ეს დაშვებული ღვთის განგებულებისგან, თუ არა იმისთვის, რომ ადამიანმა, რომელმაც იმ ნეტარების შენარჩუნება არ ისურვა, უკვე მწარე გამოცდილებით შეიცნო, რა დაკარგა და მორჩილებითა და სათნო ცხოვრებით უფრო გულმოდგინედ უბრუნდება ზეციურ სამყაროს?!

***

მწუხარებანი და უბედურებანი, რომელთაც ჩვენი ცხოვრების განმავლობაში ვხვდებით, ნამდვილი წამლობაა ჩვენი სულიერი ავადმყოფობის ჟამს. ისინი აცოცხლებენ ჩვენში ვნებებისა და უკანონობისგან მიძინებულ ჩვენს სინდისს: გვაიძულებენ, ჩავუღრმავდეთ საკუთარ თავს, შევიცნოთ საკუთარი ცოდვილი მდგომარეობა და ჩვენი თავის გამოსწორებაზე ვიზრუნოთ; ისინი უნებურად მოსწყვეტენ ჩვენს გულს მიწასა და მიწიერს და მიმართავენ ღვთისკენ, რომელსაც სულ მალე ვივიწყებთ, როგორც კი სიამოვნებასა და ბედნიერებაში აღმოვჩნდებით.

***

მწუხარება ან ტანჯვა-წამება მტკივნეული, თუმცა კი – მხსნელი ოპერაციაა, რომლითაც სულის ექიმი მისგან უხეშ წანაზარდებს ჰკვეთს; ამ აზრით, ადამიანის დასჯა, კეთილდღეობის დაკარგვა, მასზე მწუხარებების, დანაკარგების, ავადმყოფობების მოწევნა, ტანჯულისადმი საღვთო სიყვარულის გამოვლინებაა, მსგავსად იმისა, როგორც მოყვარული მშობლები ართმევენ ბავშვს სახიფათო სათამაშოებსა და მავნე წამლებს – მისი ტირილისა და ცრემლების მიუხედავად.

***

ზოგჯერ სხეულის ექიმი ხორცის წყლულს მტკივნეულად მოწვავს ან რკინით ამოჰკვეთს და ხელოვნურ ტკივილს აყენებს ადამიანს, რათა განკურნოს მისი სნეულება, მსგავსად ამისა, სულისა და სხეულის ექიმი იყენებს მწუხარების იარაღს, რათა ამოძირკვოს ფესვები და დაფაროს ცოდვის ნაკვალევი, ტანჯვის ცეცხლით სწვავს ვნებებსა და ცოდვებით ტკბობის წყლულს.

***

განა ცხვრებს უფლება აქვთ, იწუწუნონ, როცა მწყემსი მათ ერთი ადგილიდან მეორეზე გარეკავს? სჯის კიდეც, რადგან სურს, უფსკრულს განარიდოს, რომელშიც ადვილად ჩაცვივდებოდნენ? განა ჩვენ კი გვაქვს უფლება, მამაზეციერს ვაყვედროთ, თუ იგი, ცოდვისგან ჩვენი განშორების მიზნით, მწუხარებითა და უბედურებით გვეწვევა?

***

განა ვურისხდებით და ვსაყვედურობთ ექიმს, როცა მძიმე სნეულების ჟამს დროულად გვაძლევს მწარე წამალს? არანაირად! პირიქით, ვმადლობთ მას. ასევე არ უნდა ვდრტვინავდეთ ღვთის წმიდა განგებულებაზე, რომ ცხოვრებაში სამწუხარო გარემოებებს მოგვივლენს.

***

ჭრილობის სალბუნი მაშინ მოქმედებს, როცა სნეული მოთმინებით ატარებს მას წყლულზე. სხვაგვარად საუკეთესო სალბუნიც კი, თუ უდროოდ მოიშორებ წყლულიდან, სნეულს ვერ არგებს. იგივე შეიძლება ითქვას მწუხარებაზეც. თუ მწუხარებას არ დავითმენთ, მან შეიძლება, ვეღარ იმოქმედოს და ვერ შეძლოს იმ კეთილსასურველი მიზნის მიღწევა, რაც ყოვლად ბრძენის განგებულებებით გვეგზავნება.

„სულიერი მდელო“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი