რელიგია

უფლის გზაზე

№47

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 03.12, 2021 წელი

რელიგია
დაკოპირებულია

სიკეთეზე

სიკეთე სიკეთისთვის უნდა გვიყვარდეს, ანუ ჩვენ მიერ გააკეთებული სიკეთის სანაცვლოდ მხოლოდ იმ კმაყოფილების განცდას ვჯერდებოდეთ, რომელიც აღიძვრება ჩვენში თითოეული უანგარო სიკეთის დროს.

***

ღვთის შიშითა და რწმენით გაკეთებული სიკეთე უფრო დიდია, ვიდრე ადამიანის ბუნებით, რწმენის გარეშე გაკეთებული სიკეთე.

***

ურწმუნო და ღვთის არამოშიში თუ ძლიერ გაანაწყენეს, სიკეთეს ბოროტებითაც შეცვლის. ღვთისმოშიში კი არასოდეს დაუშვებს ბოროტების სანაცვლოდ ბოროტებას.

***

ყოველი დაბადებული ადამიანი მოყვასია. მოყვასისთვის მიწოდებული ერთი ჭიქა წყალიც კი არ დაგეკარგება.

***

უდაბნოში ძაღლი წყურვილისაგან კვდებოდა. გზად ბერმა ჩამოიარა, მომაკვდავ ძაღლს თავისთვის შენახული წყალი უწილადა და სიკვდილს გადაარჩინა. იმ დროს ციდან ხმა მოისმა: – ამ ბერს ბევრი ცოდვა მიეტევაო! მაშ, რამდენად დიდი სიკეთეა, თუ ადამიანს გადავარჩენთ.

***

მორწმუნეს უფალი იმას არ მოჰკითხავს, მორწმუნე რომ იყავი, როგორ დადიოდი ეკლესიაშიო, არამედ საქმეს მოჰკითხავს, ანუ ურწმუნოსგან განსხვავებით, როგორი კეთილი საქმეები გვაქვს.

***

თუ ადამიანს ჩვენი დახმარება სჭირდება, ჯერ დავეხმაროთ, ჭამას ყოველთვის მოვასწრებთ. როგორ შეიძლება, ვინმე გველოდებოდეს და ჩვენ მშვიდად ვიყოთ ან საჭმელს ვჭამდეთ.

***

ვინც ცდილობს, მოყვასს სიკეთე გაუკეთოს, ჯერ საკუთარ თავს არგებს, შემდეგ კი სხვას. ჩვენს ცოდვასა და სისუსტეს ჩვენივე სიკეთე ჰფარავს.

***

უფალი ბრძანებს: „ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ“. რისგან უნდა შაგვიწყალოს უფალმა? იმისგან ხომ არა, რაშიც კარგები ვართ, არამედ რაშიც ვცოდავთ და ვიჩენთ სხვადასხვა სისუსტეს. აი, იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენ მიერ გაკეთებულ თითოეულ სიკეთეს და გაღებულ მოწყალებას, რომ მას ცხრა ნეტარებიდან ერთ-ერთი პირდაპირ ეხება.

***

ადამიანმა უნდა ილოცოს, რომ უფალმა შეაძლებინოს კეთილი სიტყვისა და კეთილი საქმის კეთება. ყველანაირი კეთილი აზრი ღვთისაგან მოდის. ღვთის გარეშე ადამიანს არანაირი კეთილის ქმნა არ შეუძლია.

***

ყოველთვის ეცადე, შენი სიტყვა კეთილი იყოს. სანამ ადამიანს რაიმე შენს ტკივილს თუ განსაცდელს ეტყვი, ჯერ უთხარი – შენ ჯვარი გეწეროსო და მერე მოუყევი შენი სატკივარი.

***

კეთილი ის კი არ არის, ვინც მხოლოდ სიკეთეს აკეთებს, არამედ ის, ვისაც ბოროტების ქმნაც არ შეუძლია.

***

კაცს რომ გული ცუდად გაუხდება, მაშინვე წყალს მიაწვდიან და ამით მომჯობინდება. გამოდის, რომ ერთ ჭიქა წყალს დიდი ძალა აქვს. კეითლი საქმე აკეთეთ და ღვთის წინაშე ის ერთი ჭიქა წყალი არ დაგეკარგებათ. უფალი ამბობს, რაც ერთ ადამიანს კეთილი უყავით, ის მე მიყავითო.

***

კაცს თუ ოჯახის წევრი ავად ჰყავს და თვითონაა მომვლელი, რა აზრი აქვს წირვაზე მის წასვლას.

წმიდა მამა გაბრიელის

სწავლებანი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №25

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა