უფლის გზაზე
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 29.10, 2021 წელი
გარდაცვლილზე
სიკვდილი გარდაცვალებაა. გარდაცვალების ნუ გეშინიათ. საშინელია უფლის წინაშე სამსჯავროზე წარდგომა. როდესაც გამოცდაზე გადიხართ, ღელავთ პროფესორის წინაშე, გული გიცემთ, აბა, წარმოიდგინეთ, რაოდენ მეტია უფალი და როგორი იქნება მის წინაშე წარდგომა?!
***
ზოგჯერ იტყვიან, მოკვდაო. ასე პირუტყვზე ითქმება. ადამიანზე უნდა ითქვას, გარდაიცვალაო.
***
მიცვალებულს გულზე უნდა ეკეთოს ხის სადა ჯვარი, ხელშიც ხის ჯვარი უნდა ეჭიროს და კარგია, თუ მღვდელი შენდობის ფურცელს გაატანს.
***
შევსების შემდეგ შენდობის ფურცელს მღვდელი დაგრაგნის, სპეციალური თასმებით შეკრავს და მიცვალებულს ან ხელის ქვეშ ამოუდებს, ან სასახლეში გვერდით ჩაუდებს.
***
ქელეხის დროს ან, საერთოდ, გარდაცვლილის სახელზე ადამიანების დაპურება დიდი მადლია.
***
საკურთხი და პანაშვიდის გადახდა მიცვალებულისთვის იგივეა, თითქოს პატიმარი გაასეირნო. ხოლო თუ შეკვეთილ წირვას გადაუხდი, მიცვალებულის სული არწივივით აფრინდება.
***
მიცვალებულისთვის ლოცვა მლოცველისთვისაც კარგია, როგორც ამას მეფსალმუნე ბრძანებს: „ლოცვა ჩემი წიაღადვე ჩემდა მოიქცევის“ ხშირად მოვიხსენიოთ შესვენებულნი, რითაც ნუგეშსა ვცემთ მათ. გავცეთ მოწყალება მათ სახელზე და მოვახსენებინოთ მათი სახელი, რამეთუ ისმენს უფალი მათ ვედრებას და ულხენს მიცვალებულს.
***
თუ გამართლებული ადამიანისთვისაც კი სასიკეთოა და არაა ზედმეტი ლოცვა, წარმოიდგინეთ, რამდენად საჭირო იქნება ლოცვები სატანჯველში მყოფთათვის.
რატომ მიჰყავს უფალს ახალგაზრდები
(ნუგეში მწუხარე დედებს)
ერთ სოფელში მორწმუნე ქალს ერთადერთი შვილი გარდაეცვალა, გამწარებულმა ქალმა ღმერთს შესჩივლა: მე შენი სიყვარულის გულისთვის ბევრ დაცინვას, აბუჩად აგდებასა და გაჭირვებას ვიტანდი. ჩემ გარდა აქ არავინ იყო მორწმუნე. შენ კი შვილი წამართვი, რატომ წაიყვანე, რას მერჩოდი, რომ ასე დამტანჯეთო. იმავე საღამოს ამ ქალმა ჩვენება იხილა – ანგელოზებმა წაიყვანეს და წარადგინეს უფლის წინაშე. გაისმა ხმა უფლისა, ჰკითხა ქალს, თუ რას ითხოვდა იგი. შვილი დამიბრუნეო, – უპასუხა ქალმა. გინდა, შენი შვილი ნახო? – ჰკითხა უფალმა.
– დედა ვარ და მინდაო, – შესტირა ქალმა.
– ანახვეთ თავისი შვილი! – ბრძანა უფალმა.
გამოუყვანეს შვილი და გაიხარა დედამ.
– ახლა რაღას მთხოვ? – ჰკითხა უფალმა.
– რატომ წაიყვანეთ? – თქვა ქალმა საყვედური.
უბრძანა უფალმა ანგელოზებს, – აჩვენეთ ამ ქალს, რას ჩაიდენდა მისი შვილი, მე რომ არ წამეყვანა. უეცრად, როგორც ეკრანზე, ისე დაინახა ქალმა თავისი შვილის მიერ აცდენილი საშინელი ცოდვები, თავად შვილი კი – ჯოჯოხეთის ცეცხლში.
– სასუფეველში დააბრუნეთო, – ატირდა მაშინ დედა.
ბრძანა უფალმა და დააბრუნეს შვილი სასუფეველში.
მაშინ უფალმა ბრძანა:
– შენი სიკეთისა და სიყვარულისთვის წამოვიყვანე შენი შვილი, ჩემ გვერდით მყავს. ნუთუ გგონია, რომ არ ვიცი, ვინ როდის უნდა წავიყვანო?!
წმიდა მამა გაბრიელის
სწავლებანი
სიახლეები ამავე კატეგორიიდან