რელიგია

უფლის გზაზე

№26

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 09.07, 2021 წელი

რელიგია
დაკოპირებულია

მამა ეპიფანეს სულიერმა შვილმა მის მეზობლად მცხოვრებმა, შემდეგი ამბავი მოგვითხრო:

– ერთხელ ჩემთან მოვიდა სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი. არ მახსოვს, რატომ ჩამოვარდა ლაპარაკი ეკლესიაზე. ამ დროს გაისმა ზარის ხმა, გავაღე კარი და ზღურბლზე მამა ეპიფანე დავინახე.

– შვილო ჩემო, ტელეფონი გამიფუჭდა, შეიძლება, თქვენგან დავრეკო?

– რა თქმა უნდა, გერონდა, მობრძანდით.

მე ხელსაყრელი შემთხვევა გამოვიყენე და ვკითხე:

– გერონდა, ჩემმა მეგობარმა შეკითხვა დამისვა, რომელზეც, ვფიქრობ, თქვენ უკეთ გასცემთ პასუხს. შეკითხვა ასეთია: „თქვენ, ქრისტიანები, საკმაოდ ცოტა დროს უთმობთ ცხოვრებისეულ პრობლემებს და მუდამ ლაპარაკობთ ზეციურ სასუფეველზე. თან, ეს მაშინ, როცა ადამიანებს ამდენი სირთულე აქვთ, აქ როგორ ეხმარებით ხალხს მიწიერ ჯაფაში?

მამა ეპიფანემ განმსჭვალავი მზერა მიაპყრო ჩემს სტუმარს და უთხრა:

– შვილო ჩემო, ზოგადად რომ არ ვილაპარაკოთ, დამისახელე თუნდაც ერთი საკითხი თანამედროვე ცხოვრებისა, რომელზეც ეკლესიას არ გაეცეს პასუხი.

– დავასახელებთ: სიღატაკე – მსოფლიოში მილიონობით ადამიანი შიმშილობს, ჩასაცმელი არ აქვს და თქვენ მათ ზეციურ სასუფეველზე ესაუბრებით, თითქოს ვინმე დანაყრდება ან შეიმოსება ამ ზეციური სასუფევლით.

– ჩემო კარგო ადამიანო, ამის შესახებ ეკლესიამ უკვე გასცა პასუხი. ადამიანები რომ იცავდნენ სახარების მცნებებს: „... რომელმა აქუნდეს ორი სამოსელი, მიეცინ, რომელსა არ აქუნდეს“. (ლუკ. 3,11) და „უკეთუ არა აღემატოს სიმართლე თქვენი უფროის მწიგნობართა და ფარისეველთა, ვერ შეხვდეთ სასუფეველსა ცათასა“ (მათ. 5,20), ახლა სიღარიბეზე საუბარი არც გექნებოდა. წარმოიდგინე, იუდეველთა სიმართლე ის იყო, რომ ღატაკთა დასახმარებლად თავიანთი შემოსავლის მეათედი დაეხარჯათ. ადამიანები რომ იცავდნენ ეკლესიის მცნებებს, აძლევდნენ უპოვართ მეათედზე მეტს, მაშინ დედამიწაზე არც მშივრები იქნებოდნენ და არც შეუმოსავნი.

– მამაო, ეს კეთილი სურვილებია, ამას სხვებიც ამბობდნენ.

– ვიცი, შვილო ჩემო, რომ ამის შესახებ მრავალი ლაპარაკობდა, მაგრამ აქ არის განსხვავება: ისინი სამართლიანობაზე, სიყვარულსა და თავისუფლებაზე ელაპარაკებოდნენ უსახურ მასას, ეგრეთ წოდებულ, კაცობრიობას. ამ დროს ქრისტე, როდესაც ამას გვეუბნება, მიმართავს კონკრეტულ პიროვნებას, იქნება ეს ბასილი, კონსტანტინე თუ მარიამი. ამიტომაც ვერავინ და ვერაფერში დააჯერა სხვადასხვა სოციალურმა სისტემებმა, ქრისტემ კი დაარწმუნა ათასობით ადამიანი, დაერიგებინათ თავიანთი ქონება ღარიბებისთვის, განეხორციელებინათ საზოგადოებრივი სამართლიანობის პრინციპები, გაეზიარებინათ ადამიანის ტანჯვა, სიცოცხლე გაეწირათ მოყვასის სიყვარულისთვის... უფალმა მიაღწია და შეძლო, სრულიად შეეცვალა მეზვერენი, მეძავნი, ავაზაკნი და ისინი წმიდანებად აქცია. ახლა, რაკი ცხოვრებისეულ პრობლემებს შეეხე, მაშინ ერთ რამეს გკითხავ: არის თუ არა სიკვდილი ჩვენს ცხოვრებაში პრობლემა?

– არ ვიცი.

– როგორ თუ არ იცი? სიკვდილი, ალბათ, ჩვენ ცხოვრებაში ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემაა. რას ეტყოდი მწუხარებით განადგურებულ დედას, რომელიც შვილს ასაფლავებს?

– თქვენ რას ეტყოდით?

– მე არა, ეკლესია ეტყოდა, შვილო ჩემო! ეკლესია ამ ადამიანთა სულებს აღავსებს იმედით, რომ ეს განშორება დროებითია და ისინი მალე ისევ შეხვდებიან ერთმანეთს.

– გერონდა, მე ცხოვრებაზე გელაპარაკებით, თქვენ კი სიკვდილზე!

– შვილო ჩემო, თუ რამე გაქვს სათქმელი, მითხარი. მე გკითხე, სიკვდილი არის თუ არა პრობლემა ჩვენს ცხოვრებაში? პასუხი არ მიმიღია. შენ ცდილობ, ამ თემას გადაუხვიო, რადგან პასუხი არ გაქვს. კარგი, ასე იყოს! მოდი, ყოფით სირთულეებს დავუბრუნდეთ. მითხარი, შვილო ჩემო, თანმიმდევრობით რომ ჩამოთვალო ამ ცხოვრებაში არსებული ყველა პრობლემა თუ არა სიკვდილის შემდგომ საზღაურისგება, სხვანაირად როგორ შეძლებ რა აზრი აქვს ახსნას: დაითმინონ ტყუილი, ცილისწამება, მკვლელობა, სიღატაკე ან სნეულება, თუ საბოლოოდ ორი მეტრის სიგრძეზე მოგაყრიან მიწას და არარაობაში დაინთქმები? შენ ლოგიკური მსჯელობის თანახმად, უნდა წასულიყავი და თავი ჩამოგეხრჩო, მაგრამ ქრისტესთან აზრს იძენს განსაცდელებიც, ცრემლებიც, სნეულებანიცა და სიკვდილიც! ეს ყოველივე არის მარადისობაში გადასასვლელად მზადება.

ეპიფანე თეოდოროპულოსი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა