რელიგია

უფლის გზაზე

№11

ავტორი: „თბილისელები“ 16:00

რელიგია
დაკოპირებულია

როგორ უნდა ვაფასებდეთ უქმობას და აქტიურ მოქმედებას

განურჩევლად ყველა მდიდარი ბედნიერი ნუ გვეგონება, ღარიბებს კი ნუ დავამცირებთ, ნუ გვთაკილება ნურავითარი ხელობა, უპატიოსნობად ვაღიაროთ არა მუშაობა, არამედ უქმობა და უსაქმურობა. რამეთუ, რაც აღვირია ცხენისთვის, იგივეა შრომა ჩვენი ბუნებისთვის, უქმობა რომ სიკეთე იყოს, ყველაფერს დაუთესავი და დაუმუშავებელი მიწა აღმოაცენებდა, მაგრამ ასე ხომ არ ხდება. ოდესღაც ღმერთმა უბრძანა მიწას, რომ ყველაფერი დაუმუშავებლად გაეჩინა, მაგრამ ახლა სხვაგვარად განაგო: მან უბრძანა ადამიანებს, ხარები უღელში შეებათ, გუთანს ჩასდგომოდნენ წინ, კვალი გაევლოთ, თესლი ჩაეყარათ და მრავალი სხვა ხერხით მოევლოთ ვენახისთვისაც, ხეებისთვისაც, თესლისთვისაც, რათა შრომას მუშაკის სულისაგან ყოველგვარ ბოროტებაზე ფიქრი აერიდებინა. რამეთუ, როდესაც საქმით ვართ დაკავებულნი, ბოროტ აზრებსაც ადვილად განვაგდებთ, გაჭირვებულებსაც დავეხმარებით, არც ვინმეს მივადგებით კარზე ხელგაწვდილნი და ქრისტეს სჯულსაც აღვასრულებთ, რომელიც ღაღადებს: „ნეტარ არს მიცემაი უფროის ვიდრე მოღებისა“ (საქმე, 20,35).

რა სარგებლობა მოაქვს მოწყალების გაცემას

დიდი სიუხვე გამოვიჩინოთ მოწყალების გაცემისას, რათა მცირედის გრაღებით დიდი ჯილდოს ღირსნი გავხდეთ. რამეთუ, მითხარი, რამხელა სარგებლობაა, თუ ცოტა ფულის გაცემით ცოდვების მიტევებას მიიღებ? ანდა მშიერის დაპურებით სამსჯავროს იმ საშინელ დღეს კადნიერება მოგეცემა, და მოისმენ სიტყვებს: „მშიოდა, და მომეცით მე ჭამადი“ (მთ. 23,35)? განა მას (ღმერთს), ვინც შენ ასე უხვად გიბოძა ყოველივე, თვითონ არ შეეძლო ამ მშიერის შველა? მაგრამ უფლის დაშვებით, იგი სიგლახაკეში რჩება, რათა უდიდესი ჯილდო მოიპოვოს მოთმინებით, შენ კი კადნიერება მოიხვეჭო მოწყალების გაცემით. ხომ იცი, რომ უფალი კაცთმოყვარეა და ყოველივეს ისე განაგებს, როგორც ჩვენი ცხონების საქმისათვის არის უმჯობესი? მაშ, როდესაც ხედავ, რომ გლახაკი შიმშილით კვდება, შენივე თავის გულისთვის გულგრილად ნუ ჩაუვლი: იყავი კეთილი გამგე იმისა, რომ უფალმა მოგაბარა, რათა მშიერიც გააძღო და საკუთარი თავისთვისაც ღმრთის მოწყალება მოიპოვო. ადიდე ღმერთი, რომელმაც შენთვის და შენი ცხონებისთვის დაუშვა ამ ადამიანზე სიღარიბეში ცხოვრება, რათა, ჯერ ერთი, იპოვო მიზეზი შენი ცოდვების აღსახოცად, მეორეც, კეთილად გამოიყენო შენთვის მონდობილი საუნჯე და დაიმსახურო ის შექება, რომელიც აღემატება ყოველგვარ სიტყვას და ყოველგვარ აზრს: „კეთილ, მონაო, სახიერო და სარწმუნოო, იქმენ მრავალსა ზედა დაგადგინო შენ, შევედ სიხარულსა უფლისა შენისა“ (მთ. 25,23). ეს გვახსოვდეს და ვუყუროთ გლახაკებს, როგორც კეთილისმყოფელებს, როგორც ადამიანებს, რომლებსაც ძალუძთ ცხონების მოპოვების საშუალება მოგვანიჭონ. მივცეთ მათ მოწყალება უხვად და მხურვალე გულმოდგინებით, და როცა ვაძლევთ, შუბლს ნუკი შევიკრავთ, ტკბილად ველაპარაკოთ და უდიდესი კეთილგანწყობა ვუჩვენოთ.

წმიდა იოანე ოქროპირი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი