რელიგია

უფლის გზაზე

№3

ავტორი: „თბილისელები“ 16:00

რელიგია
დაკოპირებულია

უნდა გავარჩიოთ სიმშვიდე სულმოკლეობისგან, დიდსულოვნება – მფლანგველობისგან, გამბედაობა – თავხედობისგან, სიძუნწე – მომჭირნეობისგან.

დიდი გულმოდგინება გვმართებს ამ თვისებების ერთმანეთისგან გასარჩევად. როდესაც ვხედავთ, რომ ვიღაცას შეურაცხყოფას აყენებენ და კი არ ვიცავთ მას, არამედ ჩუმად ვართ, ეს სულმოკლეობაა, ხოლო თუ ჩვენ თვითონ შეურაცხგვყოფენ და მაშინ ვდუმვართ, ეს უკვე სიმშვიდის ნიშანია. რა არის გამბედაობა? აქაც იგივე შეიძლება ითქვას: როდესაც სხვებს ვესარჩლებით, ესაა გამბედაობა. თავხედობა რაღაა? როდესაც ჩვენი შეურაცხყოფისთვის ვლამობთ შურისძიებას. ამრიგად, ერთ მხარესაა დიდსულოვნება და გამბედაობა, ხოლო მეორე მხარეს – თავხედობა და სულმოკლეობა. სიმშვიდე დიდი ძალის ნიშანია. მშვიდი რომ იყო, ამისთვის კეთილშობილი, ვაჟკაცური და ერთობ მაღალი სული უნდა გქონდეს. ნუთუ გგონია, თითქოს დიდი ძალა არ სჭირდებოდეს შეურაცხყოფის აუმღვრევლად მოთმენას?

დიდსულოვნებას, რომელიც სათნოებაა, ზოგჯერ მფლანგველობა შეერევა ხოლმე. ასევე, სათნოებაა მომჭირნეობა, მაგრამ მასაც ერევა ანგარება და სიძუნწე. მოდი, შევადაროთ ისინი ერთმანეთს. მფლანგველობა არ ნიშნავს დიდსულოვნებას. რატომ? მფლანგველი ასეთია არა იმიტომ, რომ არაფრად აგდებს ფულს, არამედ იმიტომ, რომ სხვა ვნებებს ემონება – სწრრედ ისევე, როგორც შეუძლებელია თავისუფალი იყოს კაცი, რომელიც იძულებულია, ავაზაკებს დაემორჩილოს. მფლანგველობა ფულის უგულებელყოფას კი არ მოსდევს, არამედ მისი განკარგვის უცოდინრობას. რამეთუ, შესაძლებელი რომ იყოს, არც ფული დაეხარჯა და თან სიამოვნებაც მიეღო, ის, ცხადია, ასეც მოიქცეოდა. ვინც ფულს დანიშნულებისამებრ იყენებს, ის სულგრძელია. ჭეშმარიტად მაღალი სულის პატრონია ის, ვინც არ ემონება ვნებას და ფულს არარაობად მიიჩნევს. მომჭირნეობაც ასევე სათნოებაა, მაგრამ სიძუნწე უკვე აღარ არის სათნოება. მომჭირნე ყველაფერს საჭირო საგნებზე ხარჯავს, ძუნწი კი ნამდვილი გასაჭირის დროსაც კი ვერ იმეტებს თავის ქონებას. მომჭირნე დიდსულოვანის ძმაა. ამგვარად, დიდსულოვანი მომჭირნეს ამოვუყენოთ გვერდით, მფლანგველი კი – ძუნწს, რამეთუ ეს უკანასკნელნი სულმოკლეობით არიან სნეულნი, პირველნი კი სულგრძელობით გამოირჩევიან. მართლაც, იმას კი არ უნდა ვუწოდოთ დიდსულოვანი, ვინც განუსჯელად ხარჯავს ფულს, არამედ იმას, ვინც ფულს საჭიროებისამებრ იყენებს. ასევე, ძუნწი და ვერცხლისმოყვარე მომჭირნეს კი არ ჰქვია, არამედ იმას, ვინც ფულს აუცილებელზეც კი არ ხარჯავს. რამდენ ფულს ხარჯავდა მდიდარი, რომელიც ძოწეულითა და ბისონით იმოსებოდა (ლუკა 16,19), მაგრამ ის არ იყო დიდსულოვანი, რადგანაც მისი სული სისასტიკითა და ათასი ვნებით იყო შეპყრობილი – განა შეიძლება, ასეთ კაცს დიდსულოვანი ეწოდოს? დიდსულოვანი იყო აბრაამი, რომელიც უცხოთა მისაღებალ მთელ თავის ქონებას ხარჯავდა და თუ საჭირო იყო, არათუ ქონებას, თვით საკუთარ სულსაც არ იშურებდა. მითხარი ერთი, რომ დაგენახა ვინმე, ვინც არაფრად აგდებს ყველა ტირანს და არც ერთ მის დავალებას არ ასრულებს, არამედ მათ მიერ შევიწროებულთა სატანჯველის შემსუბუქებაზე ზრუნავს, განა არ მიიჩნევდი ამას უდიდეს საქმედ? ასევე, უნდა ვიმსჯელოთ ამ შემთხვევაშიც. ვნებები ტირანები არიან. თუკი ჩვენ მათ არაფრად ჩავაგდებთ, დიდის სახელს მოვიპოვებთ, თუ სხვებსაც გავათავისუფლებთ მათგან, მაშინ კიდევ უფრო დიდნი გავხდებით. ეს სამართლიანია, რამეთუ ვინც არა მარტო თავის თავს, არამედ სხვასაც სიკეთეს უკეთებს, ის უფრო მაღლა დგას, ვიდრე არცერთი ამ საქმის მქმნელი. ჩვენ კეთილშობილი და თავისუფალი სული გვაქვს. მფლანგველი მას ვნებებს უგდებს ხელში საჯიჯგნად. მაშ, ვუწოდოთ თუ არა დიდსულოვანი მას, ვინც საკუთარ თავს იგვემს? არა და არა!

გვახსოვდეს, რა არის დიდსულოვნება და მფლანგველობა, მომჭირნეობა და სიძუნწე, სიმშვიდე და სულმოკლეობა, გამბედაობა და თავხედობა. რათა მათი გარჩევის უნარით აღჭურვილებმა, ღმრთის სათნოდ გავატაროთ წარმავალი ცხოვრება და საუკუნო სიკეთეთა დამკვიდრების ღირსნი გავხდეთ.

წმიდა იოანე ოქროპირი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

12-18 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი