რელიგია

უფლის გზაზე

№2

ავტორი: „თბილისელები“ 16:00

რელიგია
დაკოპირებულია

ვის არ გააკვირვებს ბუნებით წრფელი ადამიანის დანახვა? ან ვის არ შეუყვარდება ის, ვისშიც მზაკვრობის ნატამალიც არ არის? სხვა ვინ დაიმკვიდრებს ცხონებას? სხვა ვინ გახდება უდიდეს სიკეთეთა ღირსი? განა პირველებს მწყემსებს არ ეუწყათ ხარება ანგელოსთაგან? განა იოსები არ იქნა არჩეული, ეს წრფელი ადამიანი, რათა მრუშობის ბრალდებას არ შეეშინებინა იგი და იძულებული არ გაეხადა, რაიმე ბოროტება ჩაედინა? განა უბრალო სოფლელები არ აირჩია ღმერთმა მოციქულებად? რამეთუ ითქვა: „სული კურთხეული ყოველივე წრფელ“ (იგავ. 11,25); და კიდევ: 

„რომელი ვიდოდეს სიწრფოებით, ვალს იგი სასოებით“ (იქვე, 10,9). მეტყვი, კი მაგრამ, კეთილგონიერებაც ხომ საჭიროაო? სხვა რაღაა სიწრფელე, თუ არა კეთილგონიერება? როდესაც ცუდს არაფერს ეჭვობ, არც ცუდის ჩაფიქრება შეგიძლია; როდესაც არაფრით გრძნობ თავს შეურაცხყოფილად, ვერც ძვირისმოხსენე (გულღრძო) იქნები. ვინმემ გაწყენინა? შენ არაფერს დარდობ. ცილი დაგწამეს? არაფერი დაგიკარგავს. შეშურდათ შენი? ვერც ეს დაგაკლებს რამეს. სიწრფელე არის ერთგვარი გზა სიბრძნისა. არავის სული არ არის ისეთი მშვენიერი, როგორიც წრფელი კაცისა. რაც არ უნდა ლამაზი იყოს გარეგნულად ადამიანი, თუ იგი მოღუშული, პირქუში და შუბლშეკრულია, თავისი მომხიბლაობის დიდ ნაწილს კარგავს, მხიარული და მოღიმარი კი – პირიქით, უფრო ლამაზი ჩანს. იგივე ითქმის სულზეც: პირქუში კაცი, თუნდაც უამრავ სიკეთეს სჩადიოდეს, მთელ მშვენიერებას უკარგავს მათ, გულღია და წრფელი კი – პირიქით, ასეთ ადამიანთან დამეგობრება უსაფრთხო საქმეა, ხოლო თუ მტრად მოგვეკიდა, შემორიგებაც არ არის ძნელი და რა მოელის ასეთ კაცს, თუ იგი შემთხვევით უკეთურთა კრებულში მოხვდაო, მკითხავ? ღმერთი, რომელმაც გვიბრძანა, იყავით წრფელნიო, გაუწვდის დახმარების ხელს. ვინ არის დავითზე უფრო წრფელი? ან ვინ არის საულზე უფრო მზაკვარი? მაგრამ ვინ დარჩა გამარჯვებული? ამგვარად, უბრალო ადამიანმა რომც მიიღოს დარტყმა, ეს სხვისგან მიყენებული დარტყმა იქნება, მზაკვარი კი თავის თავს ვნებს და სხვას არავის – გამოდის, რომ იგი საკუთარი თავის მტერი ყოფილა. ასეთი კაცის სული მუდამ წუხილს ჰყავს შეპყრობილი, მისი აზრები ერთთავად რაღაც უსიამოვნოს დასტრიალებს. თუ ვინმეს უნდა მოუსმინოს ანდა თვითონ თქვას რამე, ამასაც ყვედრებით აკეთებს და ყველას ადანაშაულებს. თანხმობა და მეგობრობა უცხოა ასეთი ადამიანებისთვის, მუდამ ვიღაცასთან ქიშპი, შუღლი და უსიამოვნება აქვთ. მათთვის ძილიც კი უსიამოვნოა, ისევე, როგორც სხვა ყველაფერი. და თუკი თან ცოლიც ჰყავს, მაშინ ხომ ვაი! ყველას მტრად და მოსისხლედ ეკიდება: გაუთავებელი ეჭვიანობა, მუდმივი შიშია მისი ხვედრი. მზაკვარს იმიტომ ჰქვია მზაკვარი, რომ იგი შრომობს ბოროტის ქმნისთვის. აი, მაგალითად, რას ამბობს წინასწარმეტყველი: „წყევითა და სიმწარითა და ზაკვითა სავსე არს პირი მისი, ენასა მისსა ქუეშე არს შრომაი და სალმობაი“ (ფსალმ. 9,28).

წმიდა იოანე ოქროპირი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

12-18 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი