რელიგია

უფლის გზაზე

№45

ავტორი: „თბილისელები“ 16:00

რელიგია
დაკოპირებულია

სიმდიდრის მქონეს უნდა ახსოვდეს, რომ შესაძლოა, სიღარიბე ეწვიოს

სიმაძღრისას, შიმშილობის ჟამი გახსოვდეს, გამდიდრებისას კი – სიღატაკე და გაჭირვება, – – ნათქვამია წმიდა წერილში (სიბრძნე ზირაქისა 18,25). თუკი ამგვარი განწყობა გექნება, სიმდიდრესაც უდიდესი კეთილგონიერებით განაგებ და თავსდატეხილ სიღარიბესაც დიდი სიმამაცით გადაიტან. რამეთუ მოულოდნელად მოსული ბოროტება გვაფორიაქებს და აღგვაშფოთებს, ხოლო მოსალოდნელი – მეტისმეტად არ გვამღვრევს. ამრიგად, შენ ორ სიკეთეს მიემთხვევი: იმას, რომ არ დაგათრობს და გონებას არ წაგართმევს კეთილდღეობა და იმასაც, რომ ვითარების შეცვლა დიდ შფოთსა და განგაშს არ მოგიტანს, განსაკუთრებით კი, თუკი საპირისპიროს მოლოდინი გექნება, რადგანაც მოლოდინი გამოცდილებას ენაცვლება. მაგალითად, შენ მდიდარი ხარ? ყოველდღე ელოდე სიღარიბეს. რატომ და რისთვის? იმისთვის, რომ ეს მოლოდინი შენთვის განსაკუთრებულად სასარგებლო შეიძლება, აღმოჩნდეს: ვინც სიღატაკეს ელის, ის სიმდიდრეშიაც არ მზვაობრობს, არ ეძლევა ფუფუნებასა და გაბნეულობას, სხვისას არ ეძიებს; რამეთუ მოლოდინის შიში, როგორც რომელიღაც მასწავლებელი ჭკუას გარიგებს, აკავებს გულისთქმებს და ცრუ გამონაზარდებს არ აძლევს საშუალებას, განვითარდეს. ვერცხლისმოყვარეობისგან, საწინააღმდეგოს შიშით, როგორც თითქოსდა ნამგლისგან, მოჰკვეთს და აჩერებს ზრდას. მაშ, ამ ერთ დიდ სიკეთეს მიიღებ შენ. მეორე კი ამაზე არანაკლები, იმაში მდგომარეობს, რომ შენ იმის შიში არ გექნება, თუ როდის დადგება სიღატაკე და გაჭირვება. დე, მოლოდინი უსწრებდეს წინ მწუხარებას, რათა არ დადგეს მწუხარებით გამოცდის ჟამი. გამოცდა სწორედაც ამის გამო მოდის, რომ არა გვაქვს მოლოდინი. რამეთუ ეს უკანასკნელი თუ გამოასწორებდა ადამიანს, პირველის აუცილებლობა არ იქნებოდა. თუკი შენს სულს საწინააღმდეგოს მოლოდინს მიაჩვევ, მაშინ საწინააღმდეგო ნაკლებად შეგემთხვევა და რომ შეგემთხვეს, დიდად არ შეგეხება.

ღვთის სახელის კეთილმოკრძალებულ ხმარებაზე

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მსახური ვერ ბედავს, თავისი პატრონის სახელი საჭიროების გარეშე და როგორც მოუნდება, ისე მოიხსენიოს, ჩვენ კი ანგელოსთა მეუფის სახელს საჭიროების გარეშე და უდიდესი დაუდევრობით წარმოვთქვამთ? როდესაც სახარების ხელში აღებას ფიქრობ, შენ ხელებს იბან და დიდი პატივისცემითა და მოწიწებით, თრთოლვითა და შიშით იღებ, ხოლო სახელი კი სახარების მეუფისა, საჭიროების გარეშე ყოველთვის ენის წვერზე გაქვს? გსურს შეიტყო, ზეციური ძალები მის სახელს როგორი თრთოლვით, რა ძრწოლით, რაოდენი დაკვირვებით წარმოსთქვამენ? „ვიხილე უფალი“, – ამბობს ესაია, – მჯდარი ამაღლებულ, ზეამართულ ტახტზე და მისი კალთები ავსებდა ტაძარს. თავთით სერაფიმები ედგნენ, ექვს-ექვსი ფრთა ესხა თითოეულს; ორით სახეს იფარავდნენ, ორით – ფეხებს, ორით ფრენდნენ. ერთი მეორეს გასძახოდნენ და ამბობდნენ: წმიდაა! წმიდაა! წმიდაა უფალი! მისი დიდებით სავსეა ქვეყნიერება! ხედავ, როგორი შიშით, როგორი თრთოლვით წარმოთქვამენ ისინი მის სახელს, როდესაც ადიდებენ და უგალობენ მას? ხოლო ჩვენ კი ლოცვა-ვედრების ჟამს მის სახელს უდიდესი დაუდევრობით წარმოვთქვამთ, მაშინ, როცა შეგვფეროდა თრთოლვას მივცემოდით, ფრთხილნი და ყურადღებიანნი ვყოფილიყავით! დაფიცებისას კი, როცა სავსებითაც არ ეგების ამ საკვირველი სახელის ხსენება, ერთ ფიცილს მეორე ცვლის! და რა მიტევებას მივიღებთ, რა გამართლება გვექნება, თუმც ათასჯერ გადავაბრალოთ ეს ჩვეულებას!.. დაფიცება როდი ანიჭებს ადამიანს რწმენას, არამედ მოწმობა ცხოვრებისა, უბიწო ქცევა და მისი კარგი სახელი.

უზრუნველობას არ უნდა ვეძლეოდეთ მცირე შეცოდებისას

როდესაც შენში პატარა ვნება გაჩნდება, ნუ იფიქრებ, რომ იგი პატარაა, არამედ წარმოიდგინე, რომ საზრდოობის შემთხვევაში მას უდიდესი უბედურების მოტანა შეუძლია. როდესაც სახლში სელის აალებულ პატარა ნაგლეჯს დავინახავთ, ავფორიაქდებით ხოლმე და ხმაურს ვტეხთ, იმას კი არ ვუყურებთ, რომ ცეცხლი პატარაა, არამედ იმას, თუ რა შეიძლება, ამან მოიტანოს. ვღელავთ და მიმოვრბივართ, რათა ცეცხლი ჩავაქროთ, მაგრამ ცეცხლზე უფრო ძლიერ სულში მანკიერება ვრცელდება. ამიტომაც საჭიროა, გავფრთხილდეთ. რამეთაუ, თუკი უზრუნელობას მივეცემით, მოგვიანებით ძნელი იქნება მისი გამოსწორება. იგივეს შეიძლება, დავაკვირდეთ გემზედაც: მეზღვაურები მაშინ კი არ იწყებენ ამღელვარებას, როცა ზღვა უკვე მეტისმეტად აღელდება, არამედ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც იგი მზადაა, აღელდეს. მაშ, უზრუნველობას ნუ გამოიჩენთ მცირედი შეცოდების ჟამს, არამედ დიდი ძალისხმევით აღმოფხვერით ისინი, რათა გადაურჩეთ დიდ-დიდთ და მივემთხვივნეთ მომავალში სიკეთეს, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლის ჩვენისა იესუ ქრისტესისა, რომლისა თანა მამასა, სულიწმიდითურთ ჰშვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

იოანე ოქროპირი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა