რელიგია

უფლის გზაზე

№39

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 10.10

რელიგია
დაკოპირებულია

გულმოწყალება

ესევითარია ძალა სიყვარულისა: იგი უკვდავია, უხრწნელი და შეუძლებელია მისი დაღუპვა. განქარწყლდება ყველა ადამიანური საქმე, გულმოწყალების ნაყოფი კი მარად უჭკნობია, არანაირ ჟამთა სვლას არ ემოჩილება. მართალია, ადამიანის სხეული დაიშლება, მაგრამ გულმოწყალება სიცოცხლესთან ერთად არ წახდება, არამედ წარვალს, რათა მას სავანე გაუმზადოს, რომელზედაც ქრისტე იტყვის: „სახლსა მამისა ჩემისასა სავანე მრავალ არიან“ (იოანე 14,2). ამრიგად, მდგრადობითა და უცვალებლობით, რაც არაფერს ყოფითს არ გააჩნია, გულმოწყალება ყოველივე ადამიანურს აღემატება: სილამაზეზე მივუთითებთ? სნეულებისგან ჭკნება იგი და სიბერისაგან ისპობა. ძალაუფლებაზე მივუთითებთ? იგი ერთობ ცვალებადია. ან სიმდიდრეზე, ანუ სხვა რაიმეზე, სახელოვანსა და აღიარებულზე ჩვენს ცხოვრებაში? იგი ან სიცოცხლეშივე ტოვებს ადამიანებს შიშველსა და არაფრის მქონეს, ან სიკვდილის შემდგომ. სხვაა ნაყოფი გულმოწყალებისა: მას ვერ სპობს დრო-ჟამი, ვერ განაქარწყლებს სიკვდილი და განსაკუთრებულად უსაფრთხოა მაშინ, როდესაც მიაღწევს ამ უღრუბლო ცხოვრებას.

რაში მდგომარეობს ჭეშმარიტი სიმდიდრე

სიმდიდრე კეთილ საქმეებთან ერთად ჩინებულია. როდისაა იგი კარგი? როდესაც მას შვება მოაქვს ღარიბისთვის, როცა ამსუბუქებს სიღატაკეს. ყური უგდე, რას ამბობს იობი: უსინათლოსთვის თვალები ვყოფილვარ და ფეხები – ხეიბრისთვის. გაჭირვებულთათვის მამა ვყოფილვარ (იობი 29,15-16). აი, სიმდიდრე: იგი ცოდვა კი არა, გლახაკთმოყვარულობა ყოფილა. კარი სახლისა ჩემისა ღია მქონდა მგზავრისთვის (იობი 31, 32). აი, სიმდიდრის მოხმარება, არა სახელით სიმდიდრისა, არამედ ნამდვილი სიმდიდრისა! ის სიმდიდრე ამ სიმდიდრის მსახურია; ის სიმდიდრე, რეალობის გარეშე, მხოლოდ სიმდიდრის სახელს ატარებს, ეს კი სახელითაც სიმდიდრეა და სინამდვილეშიც ჭეშმარიტი სიმდიდრეა. როგორი? სიმდიდრე სათნოებათა, სიმდიდრე მოწყალებისა. რა გზით? ამგვარად ვიტყვი: არსებობს მდიდარი, სხვისას რომ მიიტაცებს, და არსებობს მდიდარიც, რომელიც გაჭირვებულს შეეწევა; ის მდიდრდება, აგროვებს რა, ეს კი – გასცემს რა; იგი თესს მიწაზე, ეს კი ზეცას მოიმუშაკებს; რამდენადაც ზეცა მიწაზე უმჯობესია, იმდენად პირველის მონახვეჭი უანასკნელზე უარესია; ეს უამრავი ადამიანის სიყვარულით სარგებლობს, ის კი ყველასგან გაკიცხულია; და რაც, ჭეშმარიტად გასაოცარია – მტაცებელი და ანგარი სძაგთ არა მარტო მისგან ჩაგრულებს, არამედ მათაც, ვისაც მისგან არაფერი სწყენიათ, არამედ მხოლოდ დაჩაგრულები ებრალებათ; ხოლო მოწყალენი უყვართ არა მხოლოდ მისგან წყალობისმიმღებელთ, არამედ იმათაც, ვისაც მისგან არანაირი წყალობა არ მიუღიათ. ასეა, ძმანო, სათნოება მანკიერებაზე უკეთესია მანკიერება ადამიანს იმათ მტრადაც ხდის, ვისაც მისგან არანაირი წყენა არ განუცდიათ, ხოლო მოწყალებას იმათი სიყვარულიც კი მოაქვს, ვისაც წყალობა არ მიუღიათ. მოწყალეს ლოცავენ: წყალობა არ მოგაკლოს ღმერთმა! და შენ მისგან რა ქველმოქმედება მიიღე? არა მე, არამედ ჩემმა ძმამ; არა მე, არამედ ერთმა მოყვასთაგანმა. მისთვის გაკეთებული სიკეთე ჩემად მიმითვალავს. ვხედავთ, განა, როგორია სათნოება, რამდენად გულისსათქმელია, რაოდენ საყვარელია, ვითარ მშვენიერი? კაცი მოწყალე საერთო თავშესაფარია, ყოველთა მამაა, ხანდაზმულთა დასაყრდენი. მოწყალეს თუ რამ უბედურება შეემთხვევა, ვლოცულობთ: შეიწყალე, ღმერთო, დაიფარე, სიკეთე შეამთხვიე მას! მაგრამ წარვედ მტაცებლის სახლისკენ, – და შენ გაიგონებ, როგორ ამბობენ მასზე: უვარგისი, ვერაგი, უსჯულო! მასზე დღე ყოველ აუარება საჩივარია. ხოლო როდესაც იგი ეცემა, ყველა თავს ესხმის მაშინ. ესაა განა ცხოვრება? ესაა ნუთუ სიმდიდრე?

იოანე ოქროპირი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №39

29 სექტემბერი-5 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა