უფლის გზაზე
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 12.09

ყველაფრისთვის იქნება საზღაური, რასაც აქ ჩავიდენთ
არ უნდა ვიფიქროთ, რომ საქმენი ჩვენნი მხოლოდ აქ დარჩება, არამედ ვირწმუნოთ, რომ ყველაფრისთვის, რასაც აქ მოვიმოქმედებთ, უეჭველად იქნება სამსჯავრო და საზღვარი... ასე რომ არ ყოფილიყო, მაშინ ღმერთი რად განაგებდა ამგვარად, რიღასთვის განართხავდა ასეთ დიდებულ ცას, დაამყარებდა დედამიწას, განავრცობდა ზღვას, განფენდა ჰაერს – რა საჭირო იქნებოდა ეს ყველაფერი, თუკი მას ბოლომდე არ ჰქონდა განზრახული ჩვენზე ზრუნვა? მაგრამ ხედავ, ვინც კი სათნოდ ცხოვრობდა, რაოდენ ბევრმა დაითმინა მრავალრიცხოვანი უბედურება და ისე გავიდა ამ სოფლიდან, არანაირი სიკეთე არ მიუღიათ; სხვები კი – პირიქით, ფრიად უკეთურად ცხოვრობდნენ, სხვის ქონებას ეპატრონებოდნენ, ძარცვავდნენ და ავიწროვებდნენ ქვრივ-ობლებს, ტკბებოდნენ სიმდიდრით ფუფუნებითა და აურაცხელი სიკეთით და წავიდნენ ამქვეყნიდან ისე, რომ მცირედი ბოროტებაც კი არ შემთხვევიათ? მაშ ასე, თუკი საქმენი ჩვენნი ამ ცხოვრებაშივე სრულდება, როდისღა მიიღებენ ჯილდოს სათნოებისათვის პირველნი და როდისღა დაისჯებიან უკეთურებისთვის მეორენი? თუ ღმერთი არსებობს, როგორც სინამდვილეში არსებობს, მაშინ თითოეული იტყვის, რომ იგი სამართლიანია; ხოლო თუკი სამართლიანია, უნდა დავეთანხმოთ, რომ ერთსაც და მეორესაც ღირსებებისდა მიხედვით მიუზღავს, ხოლო თუ ღმერთს განუზრახავს, თითოეულს ღირსებებისდა მიხედვით მიაგოს, აქ კი არავის მიუღია, ერთს – სასჯელი ცოდვისთვის, მეორეს კი – ჯილდო სათნოებისთვის, მაშინ ცხადი ხდება, რომ კიდევ იქნება დრო, როდესაც ერთნიც და მეორენიც შესაფერის საზღაურს მიიღებენ, რისთვისღა დაადგინა ღმერთმა ჩვენს სულში ეს განუწყვეტლივ ფხიზელი მსაჯული? მხედველობაში მაქვს სინდისი. რამეთუ ადამიანებში არ მოიძებნება არცერთი მსაჯული, ასე რომ ფხიზლობდეს, როგორც ჩვენი სინდისი. გარეგანი მსაჯულები ფულითაც შეიძლება, მოქრთამონ, მლიქვნელობითაც მოალბონ, შიშითაც მიანებებინონ თავი და კიდევ ბევრი სხვა საშუალება არსებობს, რითაც მათი მსჯავრის სამართალი ირღვევა. მაგრამ სინდისის სამსჯავრო არაფერს ასეთს არ ექვემდებარება: ქრთამს შესთავაზებ თუ ლიქნას დაუწყებ ან დაემდურები, ან რამეს სხვას მოიმოქმედებ, იგი ცოდვიან გულისთქმებზე მაინც სამართლიან განაჩენს წარმოთქვამს და ცოდვის ჩამდენი, სხვამ რომც არ ამხილოს, თავად განიკითხავს საკუთარ თავს. და სინდისი ამას იქმს არა ერთხელ და ორჯერ და მრავალგზის, არამედ მთელი ცხოვრება. და დიდი დრო რომც გავიდეს, იგი არასოდეს ივიწყებს ჩადენილს, არამედ ძლიერ გვამხილებს ჩვენ, როგორც ცოდვის ჩადენისას, ასევე შემდგომად ცოდვისა და განსაკუთრებით კი, ცოდვის ჩადენის შემდეგ.
მანკიერი ადამიანის მდგომარეობა აწინდელ ცხოვრებაში
როგორც ღამით თვალისთვის სულერთია ხე, ტყვია, რკინა, ვერცხლი ან ოქრო, ანდა ძვირფასი თვალი, რადგანაც ამ საგნების განმასხვავებლად არაა საკმარისი სინათლე, ასევეა არაწმინდა ცხოვრების მიმდევანი მანკიერი ადამიანიც, ვერც უბიწოების სათნოებას სწვდება და ვერც სიბრძნისმეტყველების მშვენიერებას, რამეთუ სიბნელეში, როგორც ვთქვი, ძვირფასი ქვებიც ვერ აჩენენ თავიანთ სილამაზეს – არა თავისთავად, არამედ მათი არცოდნის გამო, ვინც სიბნელეში იყურება. მაგრამ, როცა ცოდვებში ვცხოვრობთ, ერთი ეს უბედურება არ გვეწვევა ხოლმე, ჩვენ ასევე გამუდმებულ შიშში ვიმყოფებით. როგორც უმთვარო ღამეში მიმავალი გრძნობს შიშს, რომც არაფერი იყოს საშიში, ასევე ცოდვილებსაც არ შეუძლიათ კადნიერება ჰქონდეთ, სულაც რომ არ ამხილებდეთ ვინმე, მაგრამ, გრძნობენ რა სინდისის ქენჯნას, ყველაფერს უფრთხიან. ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებენ, ყოველივე შიშს ჰგვრით, ყველაფერი აკრთობთ. გავერიდოთ ასეთ მტანჯველ ცხოვრებას. ამგვარ ტანჯვას კი სიკვდილიც მოჰყვება, სიკვდილი უკვდავია.
ყველაფერს ღვთის სადიდებლად უნდა ვიქმოდეთ
როგორც სახლის მაშენებელნი, ვიდრე კედელს ამოაშენებდნენ, კუთხიდან კუთხეში ლარს გაჭიმავენ და მერეღა ამოჰყავთ შენობა, ისე, რომ მისი ზედაპირი სავსებით არაა უსწორმასწორო, ჩვენც ზუსტად ასევე ვიქმთ, ოღონდ ლარის ნაცვლად გამოვიყენებთ ასეთ ნათქვამს: „ამრიგად, ჭამთ, სვამთ თუ სხვა რამეს აკეთებთ. ყველაფერი ღვთის სადიდებლად აკეთეთ“ (1 კორინთელთა 10,31). ვლოცულობთ თუ ვმარხულობთ, ვამხილებთ თუ შევუნდობთ, ვაქებთ თუ ვკიცხავთ, შევდივართ თუ გამოვდივართ, ვყიდით თუ ვყიდულობთ, ედუმვართ თუ ვმეტყველებთ თუ რაიმე სხვას ვაკეთებთ, ყველაფერი ღვთის სადიდებლად ვაკეთოთ. ხოლო რაც ღვთის დიდებას არ ემსახურება, მას ნურც გავაკეთებთ და ნურც ვილაპარაკებთ და ამ გამონათქვამს დიდებული რამ კვერთხის ნაცვლად, ნაცვლად ჭურისა და ფარისა, აურაცხელი საგანძურის მაგივრად ვატარებთ ყოველგან, აღვბეჭდავთ რა მას გონებაში, რათა ვაკეთებთ თუ ვლაპარაკობთ რაიმეს, ყველაფერს ღვთის სადიდებლად ვიქმოდეთ, მისგან რომ მოვაღოთ დიდება აქაც და აქედან განსვლის შემდეგაც.
იოანე ოქროპირი
სიახლეები ამავე კატეგორიიდან