უფლის გზაზე
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 02.05

ცხონებულ ბებიაჩემს სასთუმალქვეშ ყოველთვის ედო რვეული და ფანქარი, ის მუდამ ღვთისაგან რაღაც უწყებისა თუ გამოცხადების მოლოდინში იყო. მას სწამდა, რომ ადამიანს ღვთისგან დროდადრო ეუწყება მისთვის საჭირო სწავლება თუ მითითება, რაც უმეტესად ძილში ხდებოდა. ამიტომ, რომ არ გამორჩენოდა და დავიწყებოდა ღვთისგან უწყებული, ჩასაწერად რვეული და ფანქარი ჰქონდა მომარჯვებული. ამის შესახებ ჩვენს ოჯახში არავინ არაფერი იცოდა, სანამ ბებიაჩემი მხნედ იყო და შეეძლო, მიეხედა თავისთვის. მაგრამ მას შემდეგ, რაც მოუძლურდა და მისახმარი შეიქნა, რვეულისა და ფანქრის ამბავი მხოლოდ მაშინღა გახდა ჩვენთვის ცნობილი. ის მაშინაც, უძლურებაშიც კი, ცოცხლობდა ზეციური უწყების მოლოდინით და ამისთვის საწერი მოუცილებლად ჰქონდა სიახლოვეს.
ეს ცხონებული ბებიაჩემისთვის ისეთი რამ იყო, რის გაცხადებასაც სხვებთან ყოველთვის გაურბოდა, იმიტომ კი არა, რომ ეს მისთვის დიდ საიდუმლოს წარმოადგენდა, არამედ ფიქრობდა, რომ მას სხვები ვერ გაიგებდნენ და მისთვის სათუთი და მნიშვნელოვანი საცინელი და განსაკითხი გახდებოდა. არადა, ეს იყო მისი რწმენა, ამით ცოცხლობდა ბებიაჩემი, ეს ასულდგმულებდა მას და ამას ესასოებოდა ბოლომდის. ახლა ვხვდები, რა ძნელი იქნებოდა ამ მოლოდინის ტარება ან გაცხადება სხვებთან, მაშინ კი მეც ბევრი რამ არ მესმოდა, ზოგიერთი მისი რწმენა-წარმოდგენები ჩემთვისაც გაუგებარი და ზოგჯერ ღიმილის მომგვრელი იყო. მიუხედავად იმისა, მე ბებია გამორჩევით მიყვარდა და მცველად და დარაჯად მეგულებოდა ჩემი რწმენისა და სულიერი ცხოვრებისთვის, ბევრი რამ მეც არ გამეგებოდა მისი, ზოგი მისი საქციელი ჩემთვისაც ძნელად მისაღები იყო.
როცა მე პირველად ვკითხე მას რვეულისა და ფანქრის შესახებ, ჩემთვის სინამდვილე არ დაუმალავს, მითხრა, თუ რისთვის უნდოდა ის, მაგრამ შევატყვე, რომ გაუჭირდა ამის გარეთ გამოტანა, ძალიან ემძიმებოდა მისი გაცხადება ჩემთანაც კი, მაგრამ სინამდვილის დამალვას მაინც მოერიდა, რადგან ტყუილის თქმა არ შეეძლო, არასოდეს იტყუებოდა. შიშობდა, რომ მისი რწმენა და მოლოდინი განკითხვისა და გაკიცხვის საგანი არ გამხდარიყო გარეშეთათვის, რასაც მართლა ვერ აარიდა თავი. ამიტომაც, რაც უნდა გვეთქვა ან გვეკითხა ამასთან დაკავშირებით, საერთოდ აღარ იღებდა ხოლმე ხმას. ბოლოს, თავის რწმენა-წარმოდგენებთან სრულიად მარტო დარჩა. როცა ადამიანებში ვეღარ პოულობდა სულიერ თანაგრძნობასა და ნუგეშს და ახლობლებისთვისაც კი შეიქნა გაუგებარი, მან მთელი თავისი ყურადღება და მზერა მიაპყრო ზეცას, რათა თავად უფალს ეცა სულის ნუგეში მისთვის. ახლა ვხვდები, როგორი მარტო იყო მაშინ ცხონებული ბებიაჩემი, როგორ იყო ის ადამიანთაგან სულიერ თანადგომასა და ნუგეშს მოკლებული, როგორი გაუგებარი და არასასურველი იქნებოდა მისი შეხედულებანი გარეშეთათვის და ამიტომ ზევიდან ნუგეშისა და თანადგომის მომლოდინედ იქცა. სწორედ ამიტომ მიაქცია მან მთელი თავისი ყურადღება, გონება და გული ღვთისკენ. მისგან სულიერი ნუგეშის, დარიგების, მითითების ან, უბრალოდ, თბილი სიტყვის მოსმენის მოლოდინი დაეუფლა, რასაც იგი მოკლებული იყო და რაც მართლა სჭირდებოდა მას.
და მაინც, რა უწყების მოლოდინში იყო ცხონებული, სნეულებისგან ლოგინს მიჯაჭვული? შეიძლება, ღვთისგან გამოჯანმრთელებასა და ფეხზე დადგომას მოელოდა სასოებით, მაგრამ იქამდე, ვიდრე უკეთესად იყო, რას ელოდა ღვთისგან, რისი გაგონებისა და მოსმენის მოსურნე უნდა ყოფილიყო ის? მე ვფიქრობ, რომ ბებიაჩემისთვის ნებისმიერი, არამიწიერი უწყება თუ ცნობა იყო ნუგეში. ქვეყნიური ცხოვრებისთვის გაუცხოებულს, სიხარულად ექცეოდა სიტყვა თუ საქმე, ზეციდან უწყებული. ადამიანთაგან ვერ იღებდა რა სიკეთეს, სურდა იქიდან მაინც რაღაც სანუგეშო ეუწყებინათ მისთვის. მის ამ სურვილს, აბა, როგორ გაიგებდნენ ქვეყანისანი, თავის დროს მეც ხომ ძნელად მესმოდა მისი, ახლა კი ის ჩემთვისაც შეიქნა ნაცნობი და სასურველი.
არ ვიცი, რატომ ვახსენე ასე მონატრებით ბებიაჩემი და ჩვეულება მისი? იქნებ იმიტომ, რომ ბოლო ხანს ღვთიური სიტყვა ადამიანთაგან მეც ნაკლებად მესმის და ამიტომ სული ჩემი მუდამ არის იმ ღვთიური ნუგეშის მოლოდინში. როგორ თანდათან გამიწიერდა ჩვენი ცხოვრება, როგორ დაშორდა ღვთიურ აზროვნებასა და ქცევას ადამიანი? სული კი მოუკლებლად ისევ იმ ღვთიური ნუგეშის ძებნაში არის, ელის მას და ქვეყნად ძნელად უპოვია იგი. ბავშვობისას ტკბილ სიზმრებს მისურვებდნენ ხოლმე ძილის წინ ახლობლები, ახლა კი ვისურვებდი, მეტი ღვთიური სიბრძნე და სიკეთე გაემეტებინათ ჩემთვის. ამას ვუსურვებ ხოლმე ჩემს თავს და ამ რწმენით მივუყვები ჩემი ცხოვრების გზას იმედით. ეს არის ჩემი მიზანი და ჩემი სიხარული.
მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი)
სიახლეები ამავე კატეგორიიდან