უფლის გზაზე
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 13.12
უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე იხსენებს: „მახსენდება ჩემი მსახურება ბათუმში. იმ პერიოდში იღუმენი ვიყავი და ბათუმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში ვმსახურობდი. იმ დროს ჩემთან უკრაინიდან ერთი მღვდელმონაზონი ჩამოვიდა, რომელსაც სასულიერო სემინარიიდან ვიცნობდი. ჩვენ ერთ პერიოდში ვსწავლობდით. მას დიდი გაჭირვება ჰქონდა და სწორედ იმ დროს გვეწვია, როდესაც ტაძარში წმიდა ნიკოლოზის პარაკლისი უნდა აღგვესრულებინა, წმიდა ნიკოლოზის პარაკლისს ყოველ ოთხშაბათ საღამოს აღვასრულებდით. მამა ხარიტონმა მითხრა, სთხოვე პატრიარქს, მეც მიმიღოს წმიდა ნიკოლოზის ეკლესიაშიო. უწმიდესი და უნეტარესი ეფრემ მეორე დიდი გაჭირვებით, მაგრამ მაინც დამთანხმდა მის მიღებაზე. მღვდელმონაზონმა ხარიტონმა დიდი ხანი იმსახურა იქ. სწორედ იმ პერიოდში სიზმარში ვნახე წმიდა ნიკოლოზი – ხელი თავზე დამადო, მეფერებოდა და რაღაცას მეუბნებოდა, ვერაფერი დავიმახსოვრე, რაც მითხრა. მხოლოდ იმას ვგრძნობდი, რაღაც სასიხარულოს მაუწყებდა დამამახსოვრდა მხოლოდ ის, რომ ვკითხე:
– და მამა ხარიტონი?
მან მომიგო:
– მამა ხარიტონი ორმოდან ხომ ამოვიყვანე, მეტი რა გინდა?“
* * *
ღირს გიორგი მთაწმინდელთან მივიდა ერთი დიაკონი, რომელსაც ღვინის სმის მავნე ჩვევა ჰქონდა და ამის გამო სიძვის ვნება ძლიერად ებრძოდა.
ღირსმა გიორგიმ მას უთხრა:
– შვილო, ღვინის სმა აიკრძალე, რათა გათავისუფლდე ამ ბრძოლისგან.
დიაკონმა თავი იმართლა:
– მამაო, ჭაობიანია ეს ქვეყანა და უფრო მეტად ის ადგილი, სადაც მე ვიმყოფები. რომ არ მივიღო ღვინო, ვაითუ სნეულებამ დამცეს?
ბერმა უთხრა:
– შვილო, მე ვიქნები ღვთისა და შენ შორის შუამდგომელი. თუ ჩემს დარიგებას შეასრულებ, აღარ შეგემთხვევა არც სულიერი სნეულება, არც ხორციელი.
ღირსი მამის სენაკიდან დიაკონი ისეთი მხნე, თავისუფალი და მხიარული გამოვიდა, თითქოს ბრძმედში გაევლო. ამ დროიდან მან აიკრძალა ღვინო, რამდენიმე ხნის განმავლობაში წმიდა საიდუმლოთა ზიარების გარდა ღვინოს გემოს არ უსინჯავდა. ბოროტის ბრძოლისგან გათავისუფლდა. იმ ჭაობიან ადგილას, ღვინის მსმელებზე ჯანმრთელი შეიქმნა.
ასეთი შუამდგომელი იყო ღირსი გიორგი ღმერთსა და კაცთა შორის, სარწმუნოებით განმატკიცებდა ყველას, ვინც მიებარებოდა.
* * *
ღირსმა შიო მღვიმელმა მონასტრის მიდამოებიდან ყველა ცხოველი გაისტუმრა, რადგან ისინი მომლოცველებისა და ბერების სახედრებს ჭამდნენ. მხოლოდ ერთი მგელი დაიტოვა და ძმების სახედრების მწყემსვა დაავალა. ექვსი წელი ემსახურა მონასტერს მხეცი. ერთ დღეს კი ასეთი რამ მოხდა. დილით ჩვეულებისამებრ, წაიყვანა სახედრები საძოვრად. როგორც მათ იციან, ერთმანეთს დაეჭიდნენ და ერთ-ერთი ბერის სახედარი კლდეზე გადაჩეხეს. საღამოს დროზე ადრე მოიყვანა მგელმა სახედრები და ძალზედ მწუხარე იყო, წკმუოდა და ტიროდა. როცა გაიგო ბერმა კორონმა, რომ მისი სახედარი არ დაბრუნდა, შეწუხდა და მგელს წაეჩხუბა – ამან შეჭამაო. მერე ის წავიდა ღირს შიოსთან და უსაყვედურა:
– ოდითგან არსად გაგონილა, რომ მგელი სახედრის მწყემსი ყოფილიყოს და ეს გააკეთე შენ, მამაო, რითაც ჩემი სიბერის ნუგეშინისმცემელი და ასევე, სხვა ძმების სახედრები ამ მგელს შეაჭამე.
მგელი კი თავს იმართლებდა, წკმუოდა ბერის წინაშე და ტიროდა. შემდეგ ბერი კორონის კვერთხს ჩაეჭიდა და თავისკენ მიიზიდა. ღირსმა შიომ უთხრა გაჰყოლოდა მგელს.
კორონმა კი მიუგო:
– რა შეუბრალებლობაა, გინდა ჩემი სულიც დაღუპო? რატომ გძულვარ ასე, რომ ჩემი სახედარი ამ მგელს შეაჭამე და ახლა გინდა, მეც შემჭამოს?
ასე იძახდა ხმამაღლა და სწყევლიდა კიდეც ღირს შიოს. ის არ განრისხებულა, კორონს ორი ძმა გააყოლა და მგელმა ისინი იმ ადგილას მიიყვანა, სადაც გადაჩეხილი სახედარი იყო. უკან მობრუნებულებმა ღირს მამას მოახსენეს ყოველივე, თან კორონმა შენდობა სთხოვა ბერს შეუფერებელი სიტყვებისთვის. ნეტარმა შიომ მოიხმო მგელი და უთხრა:
– მხეცო, საკმარისია, რაც იმსახურე, მე მადლობელი ვარ შენი. წადი შენნაირებთან, ხოლო მათ თვითონ მოძებნონ ისეთი მწყემსი, როგორიც სურთ, რომ კიდევ რაიმე არ დამაბრალონ შენ გამო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან