უფლის გზაზე
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 06.12
იოსებ ნინოწმინდელისა და სერაპიონ გარეჯელის შეხვედრას ასე მოგვითხრობს წმიდა გაბრიელ მცირე:
ერთ დღეს წმიდა სერაპიონს გოდრით სკორე მიჰქონდა ვენახისთვის. ამ დროს ცხენით მიმავალი იოსები შეხვდა. მეუფე იოსები ცხენიდან ჩამობრძანდა და ღირს მამას მიმართა:
– ნუ შრომასა შეიმთხვევ, მამაო წმიდაო.
ხოლო მან უპასუხა:
– რად არ მოვკვდები ქუეშე ფერხთა შენთა, ყოვლად ნეტართა, მახარებელთა მშვიდობისათა, წმიდაო მეუფეო?
ასე დიდი კრძალვით ამბორი უყვეს ერთმანეთს. შემდეგ წმიდა სერაპიონმა აიკიდა გოდორი და თავის გზაზე წავიდა, ხოლო მარტო დარჩენილი მეუფე განაქიქებდა თავს:
– ჰოი, უბადრუკო ჩემო თავო, ზვავო და ამპარტავანო, შენ ამხედრებული იყავი ცხენზე, ხოლო ჩემი სანატრელი მამა სკორეს მტვირთველი შრომობს, რომლისთვისაც იგი სასუფევლამდე ამაღლდება, ხოლო შენ ამპარტავნებისთვის ჯოჯოხეთში ჩავარდები. ეს სიმდაბლე მეუფეს სიკვდილამდე გაჰყვა. შემორჩენილია მისი წერილი იოსებ ნეკრესელისადმი, რომელიც მისი სულიერი შვილი იყო.
* * *
იოსებ ნინოწმიდელმა თავის ღრმა სიმდაბლის გამო წინამძღვრობა თავის სულიერ შვილს დაუთმო, თვითონ კი როგორც უბრალო მღვდელმონაზონი, ისე ცხოვრობდა გარეჯში. წლების ტვირთდამძიმებული მეუფე ძმებს ვეღარ ეხმარებოდა სამორჩილო საქმეებში.
„მონასტერში ბევრი ხარჯისა და უდებების, ნაყროვანების მეტი ვერა ვქმენ რა... მე უღირსი და ცოდვილი ამ საქმისთვის შემიწყალეთ, თქვენი ტკბილი მამაშვილობისა და ძმობის გაყრილი, საუკუნოდ განშორებული და დატყვევებული, ამიერ სოფლით წარსრული არღარა სადა მოქცევადი შემიწყალეთ, შემიწყალეთ საუკუნოდ, ამინ!“
* * *
1950-იან წლებში საშინელი გვალვა დადგა იმერეთში. გაუჭირდა, გადახმა ნათესები. შეწუხებულმა მრევლმა საშველად მეუფე გაბრიელს (ჩაჩანიძე) მიმართა. მღვდელმთავარმა ხალხი დაამშვიდა და მეორე დილით ელიაობის (ელია წინასწარმეტყველის ხსენების დღე) წირვაზე დაიბარა.
დილიდან მართლაც უამრავი ხალხი მოაწყდა ტაძარს. მრევლში მრავლად იყვნენ საერო ტანსაცმელში გამოწყობილი ჩეკისტები, რომლებიც მოუთმენლად ელოდნენ წირვის დამთავრებას, რათა გაწბილებული მრევლი აბუჩად აეგდოთ. 2 აგვისტოს დილიდან საშინელი ხვატი იდგა და ცაზე არათუ საწვიმარი, ღრუბლის პატარა ფთილაც არ ჩანდა.
მეუფემ ჩვეული გულმოდგინებით დაიწყო წირვა. მოხდა სასწაული: როგორც კი წირვის დამთავრებისას მრევლმა ერთხმად წარმოთქვა „ამინ“, მოწმენდილ ცაზე გაისმა ქუხილის ხმა და მოულოდნელად გაჩენილი სქელი ღრუბლიდან მართლაც წამოვიდა წვიმა, მაგრამ ისეთი ძლიერი, რომ ადიდებულმა რიონმა ჩეკისტების კანტორა წაიღო. დაბნეულმა ჩეკისტებმა თბილისში ცნობა აფრინეს: „მიტროპოლიტმა გაბრიელმა კანტორა დაგვინგრია, ილოცა და ისეთი წვიმა მოიყვანა, სახელმწიფო ქონება გაანადგურა. ნება მოგვეცით, დავიჭიროთ და პასუხისგებაში მივცეთ“.
დედაქალაქში დაფიქრდნენ და მიხვდნენ, რომ ეს სარჩელი ღმერთის აშკარა აღიარებამდე მიიყვანდათ და სასწრაფოდ გააუქმეს.
ასეთი ღრმა სიმდაბლე ჰქონდა ღვაწლმოსილ მღვდელმთავარს.
* * *
არქიმანდრიტი თორნიკე მოსეშვილი იხსენებდა: 1947 წელს, მცხეთობას, სამთავროს მონასტერს ვეწვიე. იქ ღვთისმშობლის დაუჯდომელი წაიკითხეს. როდესაც დასასვენებლად მოვიცალე, ხილვა მქონდა: ოთახში შესულმა მოოქროვილ ტახტზე მჯდომი ქრისტე და დედა ღვთისა დავინახე. მან მითხრა:
– ეს არის, შვილო, მაცხოვარი, ვის კვალსაც გინდა, რომ გაჰყვე.
შემეშინდა. ქრისტემ ხელი ხელზე მომკიდა და მითხრა:
– ძალიან მძიმე და რთულ გზაზე დგახარ, სულ ეკლით არის მოფენილი, ბევრი განსაცდელი და დევნა გელის, მაგრამ ბოლო კარგი გაქვს. მე შენთან ვარ ყოველ ნაბიჯზე.
დედებთან ატირებული დავბრუნდი. ერთ-ერთმა მითხრა, რომ ისინი ქრისტეს ჩემს ბედნიერებას ევედრებოდნენ და ამიტომაც მოხდა გამოცხადება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან