უფლის გზაზე
ავტორი: „თბილისელები“ 22:00 30.11
წმიდა გაბრიელ მცირე ჰყვებოდა: ღირსი დოდო გარეჯელის ხსენების დღეს მის საფლავზე წავედით თორმეტი ბერი. ცისკარი ვილოცეთ და წირვაც აღვასრულეთ. როცა საფლავს მივუახლოვდით, იქიდან დიდად საამო კეთილსურნელება გამოვარდა. ზოგი ამბობდა, რომ ეს სურნელება ჰგავს იმ სურნელებას, რომელიც დამარხულ და ნაპოვნ ძველ ჭერმარიტს ჰქონდაო. ავანთეთ სანთლები, გადავიხადეთ პარაკლისი, სამი ჟამი ვიყავით იქ, მაგრამ კეთილსურნელებას არ დავუტოვებივართ. სხვა დროსაც ბევრჯერ ვყოფილვართ იქ, მაგრამ ასეთი სურნელება აღარ გვიგრძნია.
* * *
მანვე თქვა: წარმართებს მრავალი ქრისტიანი შეეპყროთ და ხელბორკილები დაედოთ. ერთი მათგანი მიხვდა, რომ დავით გარეჯის მონასტერთან იყვნენ. იმავე ღამეს მხურვალედ ილოცა. ლოცვისას ხელთაგან ბორკილები დასცვივდა. ტყვემ ისე გამოიარა მტრის ჯარი, რომ ვერავინ შენიშნა. კაცი გამოიპარა და მონასტერში მადლობა შესწირა უფალს.
* * *
ერთხელ ერთ მღვდელს ღამის გათევა კათოლიკოს ბესარიონ ორბელიშვილის სენაკში მოუწია. მას გაგონილი ჰქონდა მისი სიწმინდის შესახებ. ღამით თავი მოიმძინარა და დაინახა, თუ როგორ ადგა ნეტარი მამა, წიგნის კითხვა დაიწყო, შემდეგ სანთელი ჩააქრო და დიდი ხანი შემუსვრილი გულითა და ცრემლიანი თვალებით ილოცა. ბოლოს სანთლის კვლავ ანთება მოისურვა. მას არც ცეცხლი აუღია და არც კვეს-აბედი, მაგრამ სანთელი უცებ აინთო. ამის მნახველი მღვდელი განკვირდა. როცა გათენდა და მღვდელმა ნახა, რომ ბუხარში მარტო ნაცარი იყო. მიხვდა, რომ ცეცხლი კათოლიკოსს ჯვრის გადასახვით აენთო.
* * *
როცა ალავერდელი მიტროპოლიტი ზენონი გარდაიცვალა, ერთ-ერთმა მკერავმა თქვა:
„ამ ღამით ვიხილე მე, ვითარცა შარავანდედი რაიმე დიდი ლამპრისა, მისი სენაკის სახურავიდან ზეცამდე აღმავალი. მაშინ ვიფიქრე, დიდი სანთელია-მეთქი, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ანგელოზებს მიჰყავდათ მისი წმიდა სული“.
მეუფე ზენონი დაკრძალეს ნათლისმცემლის მონასტერში. 14 წლის შემდეგ მისი საფლავის გვერდით ვიღაც დიდებულის საფლავს კვეთდნენ. იარაღი მოუხვდათ მის კუბობზე. გატყდა ფიცარი და კუბოდან კეთილმშვენიერი სურნელება ამოვარდა:
„ვერა განვძღებოდით სუნნელებითა მით საკვირველითა ჰამოითა“, – ჰყვებოდა გაბრიელ მცირე.
* * *
ღირსი გიორგის (მხეიძე) შესახებ ჰყვებიან: „ერთხელ საკუჭნაოში თაგვები შემოგვეჩვივნენ. მამა გიორგის შევჩივლე, მივიდა საკუჭნაოში და თაგვებს იქ შესვლა აუკრძალა. ამის შემდეგ ერთი ცურცლიც აღარ გვინახავს იქ“.
* * *
დილით წირვის აღსავლენად რომ შევიდოდით, უამრავი მწერი შემოფრინდებოდა ხოლმე. მამა გიორგი წყნარად იტყოდა:
– აბა, დატოვეთ ტაძარი და წირვაში ხელი არ შემიშალოთ.
ამის თქმა იყო და რამდენიმე წამში ერთი მწერიც აღარ ჩანდა სადმე. ჩვენს კითხვაზე, მწერი წირვაში როგორ უშლიდა ხელს, გვიპასუხა:
– ბარძიმში ჩაფრენა იციან. ამიტომ, ეს რომ არ მოხდეს, მოყვასო, დიაკონი სჭირდება სამწერობლით, რომ ბარძიმს ზემოდან უნიავოს.
ამის საშუალება კი სად იყო?! სულ ორნი ვიყავით.
* * *
წმიდა იოსებ კათოლიკოსი დოდოს მონასტერში მოღვაწეობდა. იგი „მრავალთა მისთა სათნოებათათვის“ მღვდელმთავრად დაადგინეს რუსათვის კათედრაზე. წმიდა იოსები სასწაულებს ახდენდა. ერთხელ მისი დიაკონი მუცლის სიმსივნით დაავადდა. ავადმყოფობა ისე გართულდა, რომ სიკვდილი გარდაუვალი იყო. როდესაც მღვდელმთავარი სნეულთან შევიდა, მას არც სუნთქვა შეეძლო და არც ლაპარაკი. წმიდა იოსებმა იხილა ეს და ძლიერ შეწუხდა. დატოვა სნეული და სალოცავად სამლოცველოში განმარტოვდა. მხურვალე ლოცვის შემდეგ ის დიაკონთან შევიდა და რადგან კაცთაგან განდიდებას ერიდებოდა, ჩვეულებრივად თქვა, რომ ასეთი სნეულების დროს წამალი თხილის ჯოხის ნახშირის მიღება იყო. თავისი თხილის ჯოხის კვერთხი ცეცხლში შეაგდო, ნაცარი წყალში გაურია, ჯვარი გადასახა და სნეულს დაალევინა. სიმსივნე იმ წუთშივე დაცხრა, მესამე დღეს კი სნეული საბოლოოდ გამოჯანმრთელდა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან