რელიგია

უფლის გზაზე

№46

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 22.11

რელიგია
დაკოპირებულია

ტალანტები

იფხიზლეთ, რადგან არ იცით დღე, არც ჟამი, როცა ძე კაცისა მოვა. რადგან იგი იქნება, როგორც კაცი, რომელმაც წასვლისას მოუხმო თავის მონებს და მისცა მათ თავისი ქონება. რომელიღაცას მისცა ხუთი ტალანტი, რომელიღაცას – ორი, ხოლო რომელიღაცას – ერთი, თითოეულს – თავისი ძალის მიხედვით და მაშინვე წავიდა. და ვინც ხუთი ტალანტი მიიღო, წავიდა და ასარგებლა იგი და შეჰმატა სხვა ხუთი ტალანტი; ასევე, ვინც ორი მიიღო, შეჰმატა სხვა ორიც; ხოლო, ვინც ერთი მიიღო, წავიდა, ამოთხარა მიწა და დაფლა თავისი ბატონის ვერცხლი.

დიდი ხნის შემდეგ მოვიდა იმ მონების ბატონი და პასუხი მოსთხოვა მათ. და წარუდგა, ვინც ხუთი ტალანტი მიიღო, და მიართვა სხვა ხუთი ტალანტი და უთხრა: ბატონო, ხუთი ტალანტი მომეცი მე, აჰა, სხვა ხუთი ტალანტი შევმატე მას. უთხრა მას მისმა ბატონმა: კარგი, მონავ კეთილო და სარწმუნო, მცირედზე სარწმუნო იყავი, მრავალზე დაგადგენ შენ. შედი შენი ბატონის სიხარულში. მოვიდა ისიც, ვინც ორი ტალანტი მიიღო და უთხრა: ბატონო, ორი ტალანტი მომეცი მე. აჰა, სხვა ორი ტალანტი შევმატე მას. უთხრა მას ბატონმა: მონავ კეთილო და სარწმუნო, მცირედზე სარწმუნო იყავი, მრავალზე დაგადგენ შენ. შედი შენი ბატონის სიხარულში. მოვიდა ისიც, ვინც ერთი ტალანტი მიიღო და უთხრა: ბატონო, ვიცოდი, რომ სასტიკი კაცი ხარ შენ – იმკი, სადაც არ დაგითესავს და კრებ, სადაც არ დაგიბნევია. და შემეშინდა, წავედი და დავმალე შენი ტალანტი მიწაში. აჰა, შენი შენთან არის. მიუგო მისმა ბატონმა და უთხრა მას: ბოროტო მონავ და ზარმაცო, იცოდი, რომ ვიმკი, სადაც არ დამითესავს და ვკრებ, სადაც არ დამიბნევია, ამიტომ უნდა მიგეცა შენ ჩემი ვერცხლი ვაჭრებისთვის და, როცა მოვიდოდი, ავიღებდი ჩემსას მონაგებითურთ. წაართვით მაგას ეგ ტალანტი და მიეცით, ვისაც აქვს ათი ტალანტი, რადგან ყველას, ვისაც აქვს, მიეცემა და მიემატება, ხოლო ვისაც არა აქვს, რაც აქვს, წაერთმევა. და ეგ ურგები მონა გააგდეთ ბნელ გარესკნელში! იქ იქნება ტირილი და კბილთა ღრჭენა.

მათე 25,13-30.

* * *

„ვისაც აქვს, მას მიეცემა და მიემატება, ხოლო ვისაც არა აქვს, წაერთმევა ისიც, რაც აქვს“. აქ საუბარია, უპირატესად, მომავალ ცხოვრებაში მისაგებელზე: ვინც ამ ცხოვრებაში სულიერად მდიდრდებოდა, ის მომავალში კიდევ უფრო გამდიდრდება, და პირიქით, ზარმაცი ადამიანი იმ მცირედსაც დაკარგავს, რასაც ადრე ფლობდა. გარკვეული სახით ამ სიტყვების სამართლიანობა ყოველდღიურად დასტურდება, ვინც თავის უნარს არ ავითარებს, ის ამ უნარს თანდათან კარგავს. მაძღარი და უმოქმედო განცხრომისგან ადამიანს თანდათან უბლაგვდება გონება, ეკარგება ნებისყოფა, უქრება გრძნობები და ეცლება სულისა და სხეულის მთელი ძალები. ის უკვე ყოვლად გამოუსადეგარი ხდება, მხოლოდ იზრდება მსწრაფლწარმავალი და მალეჭკნობადი ბალახივით.

ეპისკოპოსი ალექსანდრე (მილოეანტი)

* * *

ალექსანდრიის პატრიარქ იოანე მოწყალის მონათხრობი:

ერთი კვიპროსელი ტყვე სპარსეთში ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჰყავდათ. მის მშობლებს კვიპროსში შეატყობინეს, თითქოს ის მოკვდა და მათაც ის მკვდრად გამოიტირეს. წელიწადში სამჯერ ეკლესიაში მისი სულის საცხონებლად შესაწირი მიჰქონდათ და საღვთო ლიტურგიას უკვეთავდნენ. ოთხი წლის შემდეგ მათი შვილი ტყვეობიდან გამოიქცა და სახლში დაბრუნდა. მშობლებმა რომ დაინახეს, იფიქრეს, მკვდრეთით აღსდგაო და დიდად გაიკვირვეს.

მერე, როცა ყველანი დაწყნარდნენ და გაიგეს, რაშიც იყო საქმე, ვაჟს უამბეს, თუ როგორ უკვეთავდნენ მის სახელზე წირვას წელიწადში სამჯერ: ღვთის გაცხადების, აღდგომისა და სულთმოფენობის დღესასწაულებზე. ტყვედყოფილმა გაიხსენა ის დღეები და მშობლებს უთხრა:

– ყველა ამ დღესასწაულზე ჩემთან, საპყრობილეში, ვიღაც დიდებული კაცი მოდიოდა ანთებული ლამპრით. მაშინ ფეხებზე ბორკილი მეხსნებოდა და მეც მთელი დღე თავისუფალი დავდიოდი ქალაქში, ყველასგან შეუმჩნევლად. სხვა დღეებში კი, როგორც ტუსაღი, კვლავ ბორკილდადებული ვიყავი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა