რელიგია

უფლის გზაზე

№43

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 01.11

რელიგია
დაკოპირებულია

ცის სასუფევლის კართან რიგი დგას. მამაკაცი ხვდება მიწიდან მოსულ მიცვალებულებს.

– შენ ვინ ხარ? – ეკითხება იგი მორიგ მომსვლელს.

– მე კათოლიკე ღვთისმეტყველი ვარ.

– იესო ქრისტეს იცნობ?

– რა შეკითხვაა, მე ხომ ღვთისმეტყველი ვარ.

– აჰა... წადი მაშინ მარცხნივ.

მოდის შემდეგი.

– შენ ვინ ხარ?

– პროტესტანტი მღვდელი.

– იესო ქრისტეს იცნობ?

– რა თქმა უნდა, მე ხომ მღვდელი ვარ, ის ჩემი უახლოესი მეგობარია.

– აჰა... წადი მარცხნივ. შემდეგი!

მოდის მოხუცი დედაკაცი.

– ვინა ხარ?

– მართლმადიდებელი ვარ, მთელი ცხოვრება საეკლესიო გუნდში ვგალობდი.

– იესო ქრისტეს იცნობ?

– შემიწყალე, უფალო, შენ ვინ არ გიცნობს?!

* * *

ერთმა წარმართმა მეფემ ქრისტიან ეპისკოპოსს სარწმუნოებისგან განდგომა მოსთხოვა.

– არ შემიძლია! – იყო პასუხი.

– რატომ? განა არ იცი, რომ შენი სიცოცხლე ჩემს ხელშია? ხელის ერთი აქნევა და ცოცხალი აღარ იქნები!

– ვიცი, – უპასუხა წამებულმა, – მაგრამ წარმოიდგინე, რომ შენი ერთგული მსახური შენს მტრებს ჩაუვარდა ხელში... მას აიძულებენ, გიღალატოს, მაგრამ ის შეუდრეკელი რჩება. ვერც წამება და ვერც დაცინვა ვერ ტეხს მის სიმტკიცეს. ყველა მეთოდი ამაოა მის წინააღმდეგ. ყოველივე ამის შემდეგ, როცა ის შენთან გალანძღული, გალახული და სამოსშემოძარცვული დაბრუნდება, განა არ დაასაჩუქრებ მას დიდებითა და ღირსებით და არ შემოსავ ძვირფასი სამოსლით?

– რატომ მეკითხები ამას?

– მეფეო, შენ ძალგიძს, გამხადო ამქვეყნიური სამოსელი ან წამართვა სიცოცხლე, მაგრამ უფალი ახალ, უკეთეს სამოსელში გამომაწყობს. ის საკუთარი, დაუსრულებელი სამეფოს წიაღში მარადიულ ცხოვრებას მიბოძებს.

* * *

ქალაქის ქუჩაში ერთი ახალგაზრდა მიდიოდა. მოულოდნელად ძირს დაგდებული პატარა ზომის წიგნი შენიშნა. დაინტერესდა, აიღო, გზა განაგრძო და გზადაგზა მისი ფურცვლა და კითხვა დაიწყო. ამ დროს ქუჩაში ყვირილი გაისმა, თავზარდაცემული და თავგზააბნეული ხალხი ტროტუარზე, აქეთ-იქით აწყდებოდა: დასანგრევად გამზადებული სახლი საშინელი ხმაურით ჩამოშლილიყო და ახლომყოფ ადამიანებს სასიკვდილო საფრთხეს უქმნიდა. ახალგაზრდაც იქვე ახლოს იდგა და ჩამოვარდნილმა კედელმა ლამის ქვეშ მოიყოლა, მაგრამ ის კითხვაში იყო გართული და არ შეუნიშნავს, როგორ საფრთხეს გადაურჩა.

გზაჯვარედინს მიუახლოვდა თუ არა, მაშინვე მუხრუჭების ღრჭიალი გაისმა. ლამაზი, სპორტული ავტომობილი ტროტუარზე ავარდა და ახალგაზრდა კაცისკენ გაქანდა. წამიც და მანქანა გასრესდა, მაგრამ ბოლო წამს ბეტონის ბოძს დაეჯახა, ამოტრიალდა და გაჩერდა. ახალგაზრდა გადარჩა. მაგრამ, წიგნის კითხვაში გართულმა, ეს ვერც კი შეამჩნია.

ამის შემდეგ ქუჩის კუთხეში ახალგაზრდა მრავალსართულიან შენობას მიუახლოვდა. ამ დროს მაღლიდან გრუხუნი გაისმა: მშენებარე სახლის ხარაჩოები ჩამოინგრა. ყველას საფრთხე ემუქრებოდა, ვინც კი შენობასთან იმყოფებოდა. ხალხი სირბილით გაიფანტა. ახალგაზრდა კაცის ირგვლივ ხმაურით ცვიოდა რკინა და ფიცრები, მაგრამ წიგნის კითხვაში გართულს არაფერი ესმოდა და ვერაფერს ხედავდა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. სასწავლებელთან მისულმა ახალგაზრდამ დაამთავრა წიგნის კითხვა, უინტერესო მოეჩვენა და მხრები აიჩეჩა. წიგნის სახელწოდება იყო: „სამი ჩინებული მეთოდი სიკვდილისგან თავის დასაღწევად“

„ვერც რასა სცნობთ და არც რა გესმით? ნუთუ გაქვავდა თქვენი გული“ (მარკოზი 8,17).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა